ვაგზალზე მომხდარი მკვლელობის დეტალები: "ძირს ეგდო, საკმაოდ კარგად ჩაცმული მამაკაცი იყო, ჯერ უჩხუბიათ და მერე მოკლა. დამნაშავე დაკავებულიაო"
სადგურის მოედანზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცს ყელი აქვს გამოჭრილი. მათივე თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს უცნობი პირი ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი მოკლა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ. დაკითხვაზე გადაიყვანეს რამდენიმე თვითმხილველი, თავად მამაკაცის ცხედარი ცოტა ხნის წინ პროზექტურაში გადაასვენეს.
შემთხვევის ადგილზე ჩვენი ჟურნალისტი მუშაობს, რომელსაც ქალბატონი უამბობს:
"ჩხუბის ხმა რომ გავიგე, იმ მიმართულებით გავიქეცი, ჩოჩქოლი იყო, მამაკაცის ცხედარი ძირს ეგდო და მის გარშემო რამდენიმე ადამიანი შეკრებილიყო. ვერ გავიგე რატომ მოკლეს, თქვეს, რომ ყელი გამოჭრეს დანითო.
ახლოს მისვლა ვერ გავბედე, როგორც მაქვს ინფორმაცია, მკვლელი უკვე დაკავებულია. მოკლული აქ მომუშავე არ იყო, საკმაოდ კარგად ეცვა, მერე პოლიციამ ცხედარს ნაჭერი გადააფარა. იმის მერე აქ ვდგავარ, მაგრამ ვერაფერი გავიგე".
შემთხვევა ყოფილი სასტუმრო "კოლხეთის" წინ მოხდა. ვინაობა ჩემთვის უცნობია, აქ მისი ახლობელი არავინ მოსულა".
"ჩოჩქოლზე მივედი იქ, ძირს ეგდო მამაკაცი, 50 წლამდე ასაკის. სისხლი უკვე არ სდიოდა, მკვდარი იყო, ეტყობა. სისხლის გუბეში იწვა. მე მას არ ვიცნობ, მაგრამ აქ მომუშავეები ამბობენ, რომ კარგი ადამიანი იყო. რა მოხდა, არ ვიცი, არც ის ვიცი, ვინ არის მკვლელი, ან რატომ მოკლა", - ამბობს კიდევ ერთი ქალბატონი.
„სამი კაცი იყო. აიღო შაურმის დანა და [ყელთან] შეურჭო“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ერთ-ერთი მოვაჭრე ჰყვება:
"როცა მივედი, მამაკაცი უკვე ძირს ეგდო, ახალგაზრდა გოგონა კი ხელოვნურ მასაჟს უტარებდა, ხელები სულ სისხლით ჰქონდა მოთხვრილი და მის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ ამ ბიჭის თვალებს რომ შევხედე, მივხვდი, რომ სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ ჰქონდა.
ნიკაპის ქვემოთ ჭრილობა ჰქონდა, გვერდულად იწვა და სულ სისხლში იყო მოთხვრილი. სასწრაფო დახმარების ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდა.
როგორც გავიგე, აქ მომუშავე ხალხი იცნობდა და მას დადებითად ახასიათებენ, მარტყოფის სოფელ ნორიოდანაა და მესაფლავე ყოფილა.
სანამ გოგონა მის დახმარებას ცდილობდა, მამაკაცის ტელეფონზე ვიღაცამ დარეკა, პოლიციელმა ჯიბიდან ამოუღო და მან უპასუხა, ვინაობა ჰკითხა, გამოკითხა მოკლულის ვინაობა - ემზარი ერქვა, ახლობელს პოლიციელმა უთხრა, ამა და ამ ადგილას მოდითო, თუმცა დაღუპული რომ იყო, ეს არ უთხრა - ცუდად არისო. მერე სასწრაფოც მოვიდა და დააფიქსირეს გარდაცვალება.
მე თვითონ შვილმკვდარი ქალი ვარ და ამ საშინელ ამბავს რომ შევესწარი, ძალიან განვიცადე. ვუსამძიმრებ მამაკაცის ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას", - ჰყვება ერთ-ერთი ქალბატონი.
ერთ-ერთი თვითმხილველი "კვირის პალიტრასთან" ჰყვება, რომ მოკლული მამაკაცი ლუდით ხელში საცხობის წინ მდებარე მაგიდასთან სკამზე ჩამოჯდა, გახსნილიც არ ჰქონდა, დალევა უნდოდა. ამის გამო, საცხობში მომუშავე მამაკაცმა მას შენიშნვა მისცა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, რადგან თუ იქ არაფერს შეიძენდა, ისე დაჯდომის უფლებას არ მისცემდა. მამაკაცი შეპასუხებია, რა მოხდება ცოტა ხანს ვიჯდებიო, რასაც შელაპარაკება მოჰყვა და საცხობის თანამშრომელმა დანით ჭრილობა მიაყენა.
როგორც ჩანს, ტელეფონზე შვილმა დაურეკა, ადგილზე მოვარდა და ყვიროდა, "მამა, მამაო", მერე პრეზექტურაში წაჰყვა. არაადამიანურად ღრიალებდა, დავიწვი მისი საცოდაობით".
სამართალდამცავებმა ლენტი უკვე მოხსნეს, ტერიტორია გადარეცხილია და მოძრაობა აღდგა.
"კვირის პალიტრა" უახლეს ინფორმაციას მოგაწვდით.
(სპეციალურად საიტისთვის)