"არც ვიცი, როგორ უნდა გადავრჩეთ ქართველები, ტერიტორიების დაბრუნებას ვინ ჩივის, რაც გვაქვს, ნეტავ იმის შენარჩუნება მოვახერხოთ" - გიორგი გობრონიძის საგანგაშო პროგნოზი
გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ გიორგი გობრონიძის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 26 მაისის ნომერში გამოქვეყნდა.
- რუსებს კარგად გამოსდით რევერსული პოლიტიკა და ინჟინერია - ვერაფერს ქმნიან, მაგრამ ყველაფერს "გადასარევად" აფუჭებენ. პუტინმა კარგად დაინახა დასავლეთში არსებული განხეთქილების მასშტაბები, რომელიც ამ დრომდე ასე თვალში საცემი არ იყო. ამერიკა-ევროკავშირის ურთიერთობას რომ თავი დავანებოთ, თავად ევროკავშირიც არ არის ერთიანი რუსეთის საკითხზე. აგერ, პოლონეთში გამოჩნდა საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც ამბობს, რომ არ დაუშვებს უკრაინის ნატოში გაწევრებას. დიდი ხანია ვიცით უნგრეთისა და სლოვაკეთის პოზიციაც ამ საკითხზე. არც ესპანეთი და პორტუგალია იკლავენ თავს აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე პროცესების მოგვარებაზე. ცალკე თავსატეხია გერმანელი მემარჯვენე პოლიტიკოსის ალის ვაიდელის პოზიცია, რომელიც ძალიან დიდი საფრთხეა ევროპული უსაფრთხოებისთვის. იტალიასაც განსხვავებული პოზიციები აქვს... ამ დრომდე გსმენიათ რომელიმე ამერიკელ ლიდერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის ანექსიაზე ესაუბროს?
ტრამპმა ეს ძალიან მარტივად გააკეთა - ნატოს წევრი მეზობელი ქვეყნის შეერთებაზე ილაპარაკა. ცალკე პრობლემაა ტრამპის ილუზიები, რომ პუტინთან რაიმეზე შეთანხმება შესაძლებელია. ევროპა უკვე დგას ძალიან დიდი რისკის წინაშე და ამას ძალიან კარგად ხვდება პუტინი. მისი უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ევროკავშირის ლიდერების მსჯელობა უკრაინის უზრუნველყოფაზე დაემსგავსა საუბარს იმის შესახებ, თუ რამდენი ანგელოზი დაეტევა ნემსის წვერზე. გასაგებია, რომ ევროპული და ამერიკული დახმარების გარეშე დღეს უკრაინული სახელმწიფო აღარ იარსებებდა, მაგრამ იცით, პრობლემა რაშია? დასავლურმა დახმარებამ უკრაინას არსებობა კი გაუხანგრძლივა, მაგრამ გამარჯვების შესაძლებლობა არ მისცა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ პუტინის უკან მდგარ ჩინეთს დიდი ტექნოლოგიური რესურსი აქვს იმისთვის, რომ რუსეთის უზრუნველყოფა შეძლოს დასავლური სანქციების მიუხედავად.
რა თქმა უნდა, რუსეთს ამისთვის აუცილებლად მოუწევს ფასის გადახდა და მის ტერიტორიაზე ჩინეთის გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ ეს მხოლოდ რუსეთის კი არა, მთელი მსოფლიოს პრობლემა გახდება.
ეს ახალი მოცემულობა მსოფლიოს ახალ ბიპოლარულ წესრიგში შეიყვანს. თუ "ცივი ომის" დროს ორი პოლუსი იყო - მოსკოვი და ვაშინგტონი, ამიერიდან იქნება პეკინი და ისევ ვაშინგტონი. როგორც არ უნდა დასრულდეს ახლა უკრაინის ომი, ჩვენ უკვე მაინც ორპოლუსიანი მსოფლიო გვექნება.
- როდემდე შეძლებს რუსეთი დროის გაყვანას?
- მანამდე, სანამ ამერიკელები არ დარწმუნდებიან, რომ პუტინის ნდობა არ შეიძლება. ერთი პუტინის პოზიციიდანაც შეხედონ სიტუაციას - ამერიკა ეხმარება უკრაინას და უცებ ამბობს, რომ განზე გადგება. მართლა გიჟი ხომ არ არის, რომ რამე დათმოს? ერთი საინტერესო ფაქტორია - ტრამპი რუსეთს არ განიხილავს ბოლომდე ანტიამერიკულ მთავრობად და საქართველოს შესახებ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, არავინ იცის.
- თავად უკრაინა როდემდე გაძლებს ასეთი მოკავშირეების იმედად?
- საზოგადოდ, ომის ჭრილობების გადატანა იმ ქვეყნებს უფრო უჭირთ, რომელთათვისაც საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე ძვირფასია.
რუსეთს საკუთარი ხალხი არ აინტერესებს, თუ დასჭირდა ხორცსაკეპ მანქანაშიც დაუფიქრებლად შეყრის. სწორედ ასეთი დამოკიდებულების ხარჯზე იგებდა ყოველთვის ომებს.
პუტინი ამბობს, რომ ბოლო უკრაინელამდე იბრძოლებს. მისი მოსახლეობა 140 მილიონს შეადგენს, უკრაინა კი 40 მილიონს ითვლის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რამდენი კაცი გავიდა ომის განმავლობაში უკრაინიდან, ადამიანური რესურსის გამოფიტვის საფრთხის წინაშე უკრაინა გაცილებით ადრე დადგება, ვიდრე რუსეთი.
- ფაქტია, ტრამპს რუსეთის ბოლომდე დასუსტება არ უნდა, თუნდაც იმიტომ რომ ჩინეთის წინააღმდეგ ბრძოლაში პარტნიორად გაიხადოს. თქვენ როგორც რუსეთის სპეციალისტს, რისი თქმა შეგიძლიათ, შეძლებს ტრამპი პუტინის დაყოლიებას თანამშრომლობაზე?
- გამორიცხულია, თუმცა პუტინი ტრამპის ამ მცდელობას მანამდე გამოიყენებს, სანამ ტრამპი ამას არ მიხვდება. არც ვიცი, რა უნდა დავარქვა ტრამპის პოზიციას, როდესაც ზელენსკის დიქტატორი ეძახა. მერე იუარა, ასეთი არაფერი მითქვამსო. ასეთ არასერიოზულ განცხადებებს ვერაფრით ავხსნი.
არც ვიცი, როგორ უნდა მოვახერხოთ ასეთ რთულ და გაუგებარ ვითარებაში ქართველებმა გადარჩენა. ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია იმდაგვარად გადავრჩეთ, ტერიტორიების დაბრუნებას ვინ ჩივის, რაც გვაქვს, ნეტავ იმის შენარჩუნება მოვახერხოთ.