"განხეთქილება ოპოზიციაში: "სიტუაცია რთულია და ორი ვარიანტი გვაქვს..." - დავით ზურაბიშვილის პროგნოზი: "თუ თბილისის მერი გახდება ოპოზიციონერი, ეს იქნებ - კვირის პალიტრა

"განხეთქილება ოპოზიციაში: "სიტუაცია რთულია და ორი ვარიანტი გვაქვს..." - დავით ზურაბიშვილის პროგნოზი: "თუ თბილისის მერი გახდება ოპოზიციონერი, ეს იქნება გადატრიალება პოლიტიკაში

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ დავით ზურაბიშვილის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 2 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა

სიტუაცია რთულია. ორი ვარიანტი გვაქვს - ეს პროტესტი და გვყავს პოლიტიკური სპექტრი, რომელიც აბსოლუტურად უიმედოა, თან გვიახლოვდება თვითმმარ­თველობის არჩევნები და პოლიტიკური პარტიების პოზიციები არ არის გამოკვეთილი. უფრო სწორად, არის ერთი, რომ უნდა გამოუცხადონ ბოიკოტი, და არის სხვა პარტიების პოზიცია, რომ მონაწილეობას არ გამორიცხავენ. ამ სიტუაციაში ოპოზიციური­ ბანაკის განხეთქილება კარგ ფორას აძლევს­ ხელისუფლებას. კარგი იქნებოდა, ეს კულუარებში განეხილათ, მაგრამ უკვე გარეთ გამოვიდა.

ცოტა გასაკვირია, რბილად რომ ვთქვათ, ის ისტერიკული­ ტონი, რომელიც აქვთ ამ ბოიკოტის მომხრეებს. საოცრებებს წერენ, რომ ვინც მონაწილეობას ემხრობა,­ ბიძინას მონა და ფულზე გაყიდულია და პირდაპირ გინებაზე გადადიან.

მთავარი მომენტი კი ის აქვთ, რომ არჩევნებს მაინც გააყალბებენ. მე ნამდვილად არ ვამბობ, რომ პოლიტიკაში ყველაფერი მესმის, მაგრამ რაღაც მესმის თეორიულადაც და პრაქტიკიდანაც გამომდინარე და შემიძლია ვთქვა, რომ "მაინც გააყალბებენ" საბავშვო ბაღის დონეა. ყველა არჩევნები გამოწვევაა. შარშან რომ გააყალბა, ამაზე რომ რაღაც ისწავლე, ახლა ამით უნდა დაუპირისპირდე. იქნებ ახლა გამოიყენო საერთაშორისო მექანიზმები, რაღაც სტრატეგია შეიმუშაო და მოიგო. წინასწარ რატომ ხარ დარწმუ­ნებული, რომ წააგებ? ასეთი განწყობით სულ წაგებული იქნები. დღეს ოპოზიციას არა აქვს იმის რესურსი, რომ ბოიკოტით არჩევნები ჩაშალოს. ამას ვერ აკეთებ, პრაქტიკულად გარბიხარ ბრძოლის ველიდან და ამით რას მოიგებ? ვერაფერს, პირიქით, წააგებ, რადგან "ოცნებას" მართლა აღარ დასჭირდება გაყალბება.

ამაზე უარესი ის არის, რომ ოპოზიციაში­ განხეთქილებაა - ნაწილი ბოიკო­ტზე ლაპარაკობს, ნაწილი მონაწილეობას ფიქრობს­. რუსთაველზე­ პროტესტანტთა მნიშვნელოვანი ნაწილი თავის ჭკუაზე ჰყავთ აყოლი­ლი, მაგრამ ეს არ მიკვირს, რადგან პროტესტისთვის რადიკალიზაცია დამახასიათებელია, თუ პოლიტი­კური შემადგენლით არ შეივსო, თუმცა ეს გამოიწვევს იმას, რომ ხელისუფლება­ ისევ მოიგებს და თან ამით ლეგიტიმაციას შეიძენს. მერე ერთნი ეტყვიან, თქვენ რომ მიიღეთ მონაწილეობა, ამით ლეგიტი­მაცია მიეცით "ოცნებასო", ისინი ეტყვიან, თქვენ რომ არ მიიღეთ მონაწილეობა, ამით თქვენ მიეცით ლეგიტიმაციაო, და ეს არ იქნება ­კარგი საერთაშორისო თვალსაზრისით. ჩათვლიან, რომ საქართველოში ოპოზიცია მაინცდამაინც ძლიერი ვერ არის, თუმცა, ვინც ბოიკოტი გამოაცხადა,­ ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ იმათ საერთოდ ჯვარს დაუსვამენ, რადგან­ არასერიოზულ ძალად ჩაითვლებიან.

თუ ეს არასერიოზული ძალა აღმოჩნდება მეტ-ნაკლებად ძლიერი, ვიდრე სერიოზული, ამ სერიოზულ ძალასაც ჯვარს დაუსვამენ, რადგან იტყვიან, რა ვქნათ, გიჟების ქვეყანაა, ერთმანეთს შეეფერებიანო.

მესმის, რომ ეს კარგი მოსასმენი არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასე იქნება. ოპოზიციამ უნდა წარმოაჩინოს თავი როგორც მომწიფებულმა ძალამ, რომელსაც შეუძლია ხელისუფლებისთვის კვალიფიციური­ წინააღმდეგობის გაწევა. თუ ჰგონიათ, გავიდეთ ყოველდღე რუსთაველზე, ამასობაში ამათ გარედან სანქციებით დაანგრევენ, მერე ნანგრევებში შევალთ და დავსხდებითო, ძალიან ცდებიან. ეს ასე ადვილად­ არ მოხდება. ივანიშვილის ხელისუფლების მორალურ-ზნეობრივი ამბავი ერთია და მეორე - გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. არ აწყობს დასავლეთს აქ ნგრევა. არ არის მათთვის რევოლუციური სცენარი ხელსაყრელი, არც ევროკავშირისთვის და არც ამერიკისთვის. ნგრევა და რევოლუცია იწვევს დესტრუქციულ პროცესებს და კაცმა არ იცის, სათავეში ვინ მოექცევა, ის რას გააკეთებს, რუსეთი რას იზამს და ა.შ. ამიტომ, თუ ცვლილებაზეა ლაპარაკი, ამერიკაც და ევროპაც ყოველთვის შეეცდებიან, რომ ეს იყოს ეტაპობრივი, ევოლუციური. ცხადია, ჩვენ გვინდა ყველაფერი დღესვე იყოს, უცბად შეიცვალოს ყველაფერი, მაგრამ ასე მარტივად არ გამოვა. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, უფრო მომწიფებული გონებით შევხვდეთ თვითმმართველობის არჩევნებს. ზოგი ამბობს, თბილისი რომც მოვიგოთ, მერე რაო. რა და, თბილისი თუ მოვიგეთ, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ახალი იერუსალიმი გვაქვს. თუ თბილისის მერი გახდება ოპოზიციის კანდიდატი, ეს იქნება გადატრიალება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ამით სულ სხვა თამაში დაიწყება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაც ბევრად რეალური გახდება, რადგან ამით ოპოზიცია დაამტკიცებს, რომ ის არა უბრალოდ ხელისუფლების ოპონენტია, არამედ რეალური ძალა და ხალხის რეალური მხარდაჭერა აქვს. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამის გაუბრალოება უკვე საბავშვო ბაღის დონეც კი აღარაა.

- კვირის ბოლოს ნიკა მელია წინმსწრებად დააპატიმრეს, ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს სტუდენტ გოგოებს მხოლოდ იმიტომ, რომ "ოცნების" დეპუტატს მოღალატე ეძახეს. რატომ ამწვავებს სიტუაციას "ოცნება"?

- ხელისუფლებამ თავი ჩიხში შეიყვანა. ის ცდილობს პროტესტის გადატეხას, პასუხად კი იღებს მეტ რადიკალიზმს - ხელისუფლება ისეთ სიტუაციაშია,­ რომ არ დაიჭიროს მელია თუ სხვა, ეს უპირველესად თვითონ ხელისუფლებაში იქნება აღქმული ისე, რომ ხელისუფლება გატყდა. ამიტომ გირაოს რამდენიც არ გადაიხდის, იმდენს დაიჭერენ. ეს სიტუაციას უფრო ძაბავს, მაგრამ ხელისუფლებამ თავი თვითონ შეიყვანა ჩიხში და ამრავლებს პოლიტიკურ პატიმრებს. ეს კი საერთაშორისო დონეზე ხელისუფლების რეპუტაციას უფრო შელახავს.

წაიკითხე ვრცლად