"ადრე პოლიციაში მუშაობდა. საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვა მეგობარმა" - ცნობილია 41 წლის რეინჯერის ვინაობა
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში, 41 წლის გიორგი მიდელაშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.
ამ დრომდე უცნობია მისი დაღუპვის მიზეზი.
ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება და გაირკვევა, თუ რა გახდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი.
ადგილობრივების თქმით, მას არანაირი ძალადობის კვალი არ ეტყობა. ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
"სამწუხარო ფაქტი მოხდა, ამ დილით გიორგი სახლში გარდაცვლილი ნახა მეგობარმა. საკუთარ სახლში, საკუთარ საწოლში ნახეს გარდაცვლილი. ძალიან მძიმე ფაქტია. გიორგი 41 წლის იყო, ძალიან კარგი ადამიანი. მარტო ცხოვრობდა. მამა გარდაცვლილი ჰყავს, გიორგის დედა და საზღვარგარეთ არიან წასულები. მარტო იყო სახლში, წუხელ რამდენჯერმე დაურეკავს თურმე მეგობარს და არ პასუხობდა ზარებს.
მერე ამ დილით მისულა სახლში, რომ გაეგო რა ხდებოდა და ასეთი მძიმე სურათი დახვდა. გარდაცვლილი დახვდა საწოლში. არანაირი ძალადობის კვალი არ ეტყობა. მიზეზი არ ვიცით, ექსპერტიზა დაადგენს.
კარგი ახალგაზრდა იყო, ძალიან კარგი ადამიანი, ჩემი მეგობარია და ძალიან განვიცდი მომხდარს. ადრე პოლიციაში მუშაობდა, მერე იქიდან წამოვიდა. ახლა ერთი წელია დაცულ ტერიტორიებში რეინჯერად მუშაობს. არაფერი სერიოზული დაავადება მას არ ჰქონდა, მართლა არ ვიცით, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. ისე განვიცდი, ვეღარ შევდივარ სამძიმარზე.
დედა და და საზღვარგარეთ არიან და ამ მწარე რეალობის წინაშე დადგნენ. ძალიან ძნელია რაიმე სანუგეშო უთხრა ოჯახს ასეთ დროს. სიცოცხლით სავსე ბიჭი აღარ არის. ჩემთვის გიორგიზე წარსულში საუბარი ძალიან რთულია. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი", - ამბობს ჩემთან საუბარში გიორგის მეგობარი.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
(სპეციალურად საიტისთვის)
ასევე დაგაინტერესებთ: "წუხელ ინტუბირებული თბილისში გადაიყვანეს.. საკვების სახით მიღებულ პროდუქტებზეც არის ეჭვი" - როგორია ქალის მდგომარეობა, რომელიც მეუღლემ უგონო მდგომარეობაში ნახა