"მსოფლიო ლიდერები დიდად ანგარიშს არ გვიწევენ... ხომ ხედავთ, რა ხდება ახლა ტრამპის გუნდში? შეიძლება ითქვას, მასკის ასეთი შეტევა დიფ სთეითის პირველი გამ - კვირის პალიტრა

"მსოფლიო ლიდერები დიდად ანგარიშს არ გვიწევენ... ხომ ხედავთ, რა ხდება ახლა ტრამპის გუნდში? შეიძლება ითქვას, მასკის ასეთი შეტევა დიფ სთეითის პირველი გამარჯვებაა ტრამპზე"

"ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი და შიდაპოლიტიკური დინამიკა ისე უნდა შევაფასოთ, როგორც საუკუნეების წინ ხობისწყლის პირას შეყრილი ჩვენი წინაპრები, რომლებიც ბიზანტიასა და ირანს შორის აკეთებდნენ არჩევანს, დღეს ჩვენი არჩევანი კი დასავლეთსა და ჩინეთს, ან ჩინეთ-დასავლეთსა და რუსეთს შორისაა", - ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე.

მისი თქმით, ქვეყანაში ბოლო 6 თვეა არაფერი შეცვლილა და არც უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი რადიკალური ცვლილება. ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს ქართველ საზოგადოებაში გამოჩენილ ჯგუფზე, რომელიც მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს.

"დიალოგის იდეის უარყოფა არასწორი იქნება, თუმცა ის დღევანდელი პირობებით შეუძლებელია - სანამ რუსეთი არ გადახედავს თავისი აგრესიული პოლიტიკის შედეგებს და უკან არ გაიწვევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას", - დასძენს ის და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საკუთარ ვერსიებს გვთავაზობს.

- ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია რუსი დიპლომატის, სერგეი ლავროვის, ბოლო განცხადება, რომელშიც ის აფხაზეთსა და ცხინვალთან ერთად უსაფრთხოების ერთიანი სივრცის შექმნის ინიციატივით გამოდის. ლავროვი წარმოშობით თბილისელი სომეხია, გვარად ქალანთაროვი (სხვათა შორის, მან ამის შესახებ თავად ისაუბრა ერევანში სტუმრობისას) და კარგად იცნობს როგორც რეგიონის პოლიტიკურ კონტექსტს, ისე რუსეთის საგარეო პოლიტიკის შიდა მექანიზმებს.

- როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლება ლავროვის ამ გზავნილს კრიტიკული განცხადებით არ გამოეხმაურა?

- ამის მიზეზი ის არის, რომ დასავლეთი გადაიქცა არაერთგვაროვან სივრცედ როგორც აზრობრივად, ისე პოლიტიკურად. გაიყო ის ვექტორი, რომელიც აქამდე ერთი მიმართულებით მიდიოდა - განვითარების, პროგრესისა და დასავლური დემოკრატიის გზით. ისეთი პატარა ქვეყნის ხელისუფლებისათვის, როგორიც საქართველოა, მარტივი არ არის ზესახელმწიფოს პრეზიდენტისთვის ინიციატივის შეთავაზება. ჩვენი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მიუხედავად, მსოფლიო ლიდერები დიდად ანგარიშს არ გვიწევენ. შესაბამისად, ჯერ თავად ისინი უნდა გაერკვნენ, რა უნდათ საქართველოსგან - საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს სალაპარაკო თემის გამონახვას. თუმცა ხომ ხედავთ, რა ხდება ახლა ტრამპის გუნდში?

- პრეზიდენტ ტრამპისა და მისი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, თესლა-ს აღმასრულებელი დირექტორის ილონ მასკის დაპირისპირებას გულისხმობთ?

- დიახ, მასკმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის იდეას ეთანხმება. უკვე რამდენიმე დღეა, რაც დონალდ ტრამპი და ილონ მასკი სოციალურ ქსელში ერთმანეთს აკრიტიკებენ. მასკმა ისიც კი თქვა, რომ მის გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა. მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ეპშტაინის ფაილებშია" და ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც ეს ჩანაწერები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა. შეიძლება ითქვას, მასკის ასეთი შეტევა დიფ სთეითის პირველი გამარჯვებაა ტრამპზე.

- დაახლოებით ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა რუსმა ულტრანაციონალისტმა იდეოლოგმა ალექსანდრ დუგინმაც, რომ "ეშმაკურად გამძლე" დიფ სთეითი უკვე მოქმედებს და მზადაა გავლენა მოახდინოს აშშ-ის პრეზიდენტზე. მისივე მტკიცებით, დონალდ ტრამპს უფრო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიღება სჭირდება და თუ არ გააქტიურდება, შესაძლოა სისტემური წინააღმდეგობა შეხვდეს.

- რადგან დუგინმა სიმართლე თქვა, მე იმის შიშით არ უნდა გავიმეორო, რომ რუსეთუმეობა არ დამწამონ? ზვავსა და მეწყერს წაუღია რუსეთის ყველა იდეოლოგი. შეიძლება დუგინმაც და პუტინმაც თქვან ხანდახან სიმართლე. თუმცა ეს მათი მოღვაწეობის ხასიათსა და თანამედროვე რუსეთის აგრესიულ ბუნებას არ ცვლის. სიმართლე გითხრათ, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჩემი განცხადებები რუსეთის სპეცსამსახურებმა გამოიყენონ, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ დიფ სთეითმა სერიოზული გამარჯვება მოიპოვა ტრამპზე. ის, ვინც მისი საყრდენი იყო, ვინც ბევრი მილიარდი დააბრუნა ქვეყნის ბიუჯეტში, ახლა პრეზიდენტს დაუპირისპირდა. ამ დრომდე თავად ტრამპის გამარჯვება იყო მასკის, ცუკერბერგისა და ბეზოსის გადაბირება არჩევნების პერიოდში, ახლა კი ერთ-ერთი მათგანი თავად მას დაუპირისპირდა. სწორედ ამ დაპირისპირებით მოაპოვებინა დიფ სთეითს მასკმა გამარჯვება. თუ ტრამპმა თავად არ შექმნა საპირწონე მხარდამჭერების სერიოზული წრე როგორც ამერიკაში, ისე მის გარეთ, წყალში ჩაეყრება ის, რაც აქამდე იშრომა. მხოლოდ ხალხის მხარდაჭერა არ ეყოფა თავისი ჩანაფიქრებისა და პრინციპების რეალიზებისთვის. აუცილებლად დამარცხდება და მოუწევს დაუთმოს ასპარეზი ისევ ლიბერალ-დემოკრატებს, რომლებიც, თავის მხრივ, ისე ვერ დაიკავებენ ტრამპის ნიშას, თუ არ ტრანსფორმირდნენ.

- დავაზუსტებ, ბატონო ვაჟა, თქვენს ვერსიაში მასკი დიფ სთეითის ბრმა იარაღია თუ ერთ-ერთი მათგანი?

- მე შეთქმულების თეორიების მოყვარული ნამდვილად არა ვარ, მაგრამ მასკი, ცუკერბერგი, ბეზოსი, გეითსი და ბევრი სხვა მდიდარი და გავლენიანი პირები წარმოადგენენ გაერთიანებას, რომლებიც გლობალური პრობლემების აღმოფხვრაზე ფიქრობენ და არა სხვადასხვა ერის დამონებასა და გაქრობაზე. მე არ ვეთანხმები ჩემთვის ერთობ პატივსაცემი ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილის ამ ვერსიას, კაცობრიობას ახლა გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს მოსაგვარებელი, ვიდრე პატარა ერების გაქრობა. თუმცა იმაში კი ვეთანხმები, რომ ფხიზლად უნდა ვადევნოთ თვალი დიდ სახელმწიფოებში არსებულ ვითარებას და ამის იქით არ უნდა წავიდეთ. არ უნდა დაგვავიწყეს, რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, რომელსაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა აქვს დასაცავი.

ხათუნა ბახტურიძე