ქართული პოლიტიკის 5 სცენარი - 2 კარგი, 2 ცუდი, 1 საშუალო - "ჯერ თქვეს, რომ ერთიანდებიან, დღეს კი ერთმანეთს ტალახს ესვრიან" - მონაწილეობა - არმონაწილეობა: საკითხავი, აი, ეს არის...
ქართული პოლიტიკა თავის ამპლუაშია. ჯერ თქვეს, რომ ერთიანდებიან, შემდეგ თქვეს, მხოლოდ პრინციპების გარშემო ვერთიანდებითო, დღეს კი ერთმანეთს ტალახს ესვრიან და ხან ვიწროპარტიულ ინტერესებში და ხან ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებენ. ალბათ, მიხვდით, ჩვენს ეროვნულ ოპოზიციას ვგულისხმობთ. რატომ ვამახვილებთ ხოლმე ყურადღება ოპოზიციაზე? იმიტომ, რომ ძლიერი ოპოზიცია აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ძლიერი ოპოზიცია აუცილებელია, რომ ხელისუფლება ზურგში მუდმივად გრძნობდეს ოპონენტის სუნთქვას და არასწორ გზას არ დაადგეს.
გავიხსენოთ ქრონოლოგია
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოთხივე ბარიერგადალახულმა პარტიამ განაცხადა, რომ არ ცნობდნენ არჩევნების შედეგებს და ერთიანად აპირებდნენ მოქმედებას. მაშინ დაებადა მამუკა ხაზარაძეს "სახალხო პარლამენტის" იდეა, როგორც ერთიანი პლატფორმის ოპოზიციისთვის. დიდი გამოხმაურება ამას კოლეგა ოპოზიციონერებისგან არ მოჰყოლია - სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ხაზარაძის იდეა იყო.
შემდეგ უკვე იყო სალომე ზურაბიშვილის "წინააღმდეგობის პლატფორმა". მასში ყველა გაერთიანდა - "ნაცმოძრაობა", "ლელო", მელია-გვარამიას პარტია, გახარიას პარტია და სხვა უფრო წვრილ-წვრილი პოლიტორგანიზაციები. ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში კი გაჩნდა აზრი, რომ ეს კარგი კონფიგურაცია იყო - სალომე კოორდინატორი და ოპოზიციის ერთიანი ქმედების საფუძველი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციურ ლიდერებს სალომე ზურაბიშვილზე გადაჭარბებული მოლოდინი ჰქონდათ. გასაგებია, რომ ზურაბიშვილმა დასავლეთთან ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები საკუთარ თავზე აიღო, ლამის მთელი ევროპა მოიარა... თქვენმა მონა-მორჩილმა არ იცის, "ამირანები" გულში რას მღეროდნენ, მაგრამ სავარაუდოდ, იმედი ჰქონდათ - არიქა, მეხუთე პრეზიდენტი ისეთ "მობილიზაციას" გაუკეთებდა დასავლეთს, რომ დაიწყებოდა არნახული ზეწოლა და "ოცნება" ახალ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავდა. ზურაბიშვილისგან, როგორც ჩანს, ელოდნენ რაღაც მითურ გეგმასაც. თუმცა ამაზე ქვემოთ.
პირველი სერიოზული განხეთქილება მოხდა 2025 წლის 31 მარტის აქციაზე, სადაც მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა სიტყვით და მისი არსი ის იყო, რომ ბრძოლა იქნება ხანგრძლივი და მძიმე. აქეთ პაატა ბურჭულაძემ "დაარტყა" მეხუთე პრეზიდენტს, იქით "ნაცმოძრაობამ". დაახლოებით ერთნაირი რაღაც თქვეს - სალომე ზურაბიშვილი არაფრისმაქნისი არ არის, გეგმა არ წარმოუდგენია, სადღეგრძელოები თქვა და ჩვენ ჩვენს გზას გავუყვებითო.
- ასევე დაგაინტერესებთ: "მსოფლიო ლიდერები დიდად ანგარიშს არ გვიწევენ... ხომ ხედავთ, რა ხდება ახლა ტრამპის გუნდში? შეიძლება ითქვას, მასკის ასეთი შეტევა დიფ სთეითის პირველი გამარჯვებაა ტრამპზე"
აქვე ისმის კითხვა - რა გეგმას ითხოვდნენ სალომე ზურაბიშვილისგან?! პარლამენტის შტურმი დაეგეგმა თუ ბრიუსელში ან ვაშინგტონში შიმშილობა გამოეცხადებინა, არიქა, სასწრაფოდ დაანიშნინეთ საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებასო?! თუ ზურაბიშვილს უნდა უზრუნველეყო, რომ საპროტესტო აქციები კი არ დასუსტებულიყო, გაძლიერებულიყო?! ან ეს როგორ უნდა ექნა?! ან პარტიების ლიდერებს ვინ დაუშალა, რომ მისთვის ან ერთმანეთისთვის რაიმე გეგმა შეეთავაზაბინათ.
ზოგადად, ადამიანი მიდრეკილია იმისკენ, რომ თუ რაღაცა არ გამოსდის ან მიზანს ვერ აღწევს, სხვები დაადანაშაულოს. წარმატებას აღწევენ ისინი, ვინც შეცდომებს საკუთარ თავში ეძებენ და მას აანალიზებენ. სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ურთიერთობა დაახლოებით ასე გამოიყურება. ასევე, ცალ-ცალკე რომ ჰკითხო ოპოზიციის ლიდერებს, ყველა ისაუბრებს ერთობის მნიშვნელობაზე (გახარია გამონაკლისია). დიახ, ერთობაზე უარს არ იტყვიან, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ერთობის ცენტრი თვითონ იქნებიან.
მოკლედ, ზურაბიშვილის "წინააღმდეგობის პლატფორმა" "ნაცმოძრაობამ" დატოვა. იქით პაატა ბურჭულაძემ შექმნა ალტერნატიული ოპოზიციური პლატფორმა, სადაც სატელეფონო არჩევნებისა თუ პლებისციტის ჩატარებაზე მსჯელობენ. შემდეგ ზურაბიშვილს გახარიას პარტია გამოეცალა (მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ჩვენება მისცა, კოლეგა-ოპოზიციონერების ბულინგის მსხვერპლი გახდა და ზურაბიშვილის პლატფორმაზე სიარული შეწყვიტა). გვარამია-მელიას პარტიაც რაღაც უჩუმრად გამოვიდა ამ პლატფორმიდან და დარჩა სალომე ზურაბიშვილი "ლელოს" ამარა.
თავის მხრივ, დაიშალა ხაზარაძის კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის". ის ჯერ ლევან ცუცქირიძის "თავისუფლების მოედანმა" დატოვა, შემდეგ კი ანა დოლიძის პარტიამაც. დღეს გვაქვს ასეთი სიტუაცია: აქეთ გვაქვს სალომე ზურაბიშვილის შეცოტავებული პლატფორმა, იქით პაატა ბურჭულაძის უცნაურ იდეებზე მოფიქრალი პლატფორმა და პლუს ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ამ ბოლო დროს უფრო ერთმანეთს ერჩიან, ვიდრე ხელისუფლებას.
"ვიმსჯელოთ კაცო!.."
გახარიას პარტიას გადაწყვეტილი აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. "ლელოს" წარმომადგენლები ასე პირდაპირ არ ამბობენ, თუმცა აცხადებენ, ვიმსჯელოთო. ამას "ნაცმოძრაობისა" და გვარამია-მელიას პარტიისგან "ლელოს" დამუნათების ახალი ტალღა მოჰყვა - არიქა, ეს ხელისუფლებას ლეგიტიმაციას მისცემსო. ტოქშოუების საეთერო დრო სწორედ ამ იწილო-ბიწილოს უკავია - მონაწილეობა-არმონაწილეობა, ვინ ვის უღალატა, ვინ ვის გაურიგდა, ვინ ასხამს ხელისუფლების წისქვილზე წყალს და ა.შ. კი, მაგრამ პოლიტიკურ ლიდერს არა აქვს უფლება ისე მოიქცეს, როგორც საჭიროდ მიაჩნია?! რატომ უნდა იყო დარწმუნებული, რომ შენი აზრია 100-%-იანი ჭეშმარიტება?!
ამ პოლიტიკურ გამიშვი-გამატარეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშიც წამოეწია, რომელიც ძალიან კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ. რაც შეეხება უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, იქ არის ასეთი ჩანაწერი:
"2025 წელს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი ტესტია. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, რაც უკვე დადასტურდა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოში არსებული შემზღუდავი მედია გარემოსა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმების გამო, მათ შორის "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებების გამო, რომლებიც მიუთითებს მათ განზრახვაზე ოპოზიციური პარტიები არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ".
როგორც მოსალოდნელი იყო, "თარგმანის პრობლემა" გაჩნდა და ეს განცხადება ყველამ სათავისოდ გამოიყენა. "ოცნებამ" - დაინახეს ბრიუსელში, რომ აქციებს შედეგები აღარ მოაქვსო. "ლელომ" და გახარიას პარტიამ - აი, ხომ მართლები ვიყავით, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზანშეწონილობაზე ვსაუბრობდითო. გვარამიამ - დიახ, ეს მოწოდება არის, მაგრამ თავისი პირობებითო...
არადა, ტექსტი არის ნათელი და არაორაზროვანი და რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხო, იქ ვერანაირ დათქმებს ვერ იპოვი.
5 სცენარი - 2 კარგი, 2 ცუდი, 1 საშუალო
ვნახოთ, გაითვალისწინებენ თუ არა პოლიტიკოსები ევროპელების მოწოდებას. არჩევნების თარიღამდე ანუ ოქტომბრამდე ხუთი თვეა დარჩენილი. დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვიმსჯელოთ მოვლენების განვითარების ხუთ სცენარზე.
სცენარი პირველი - არჩევნებში მონაწილეობენ "ლელო" და გახარია, დანარჩენი პარტიები კი ბოიკოტს აცხადებენ. ასეთ შემთხვევაში ბოიკოტი არ გამოვა და საარჩევნო ბორტს მიღმა დარჩენილი პარტიები, სავარაუდოდ, მარგინალიზაციის გზას დაადგებიან. "ლელო" და გახარიას პარტია ფორმდებიან, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალები, ექნებათ წარმომადგენლობები საკრებულოებში. ასეთ ვითარებაში პოლიტიკური კრიზისი ბოლომდე არ განიმუხტება, მაგრამ განმუხტვისკენ წავა.
სცენარი მეორე - ოპოზიციის ერთი ნაწილის დამუნათება ჭრის და გახარია და "ლელო" გადაიფიქრებენ არჩევნებში მონაწილეობას ანუ ძირითადი პარტიები ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. რა თქმა უნდა, "ოცნება" არჩევნების ჩატარებას არ გადაიფიქრებს. მოიძებნებიან წვრილ-წვრილი პარტიები, რომლებიც მიიღებენ საარჩევნო პროცესში მონაწილეობას - ანუ არჩევნები იურიდიულად მაინც გაფორმდება, თუმცა პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდება. ასეთ შემთხვევაში, არჩევნები კრიზისის განმუხტვის ინსტრუმენტი აღარ იქნება, ეს კი ქვეყნისთვის სახარბიელო არ არის, რადგან გახანგრძლივებული კრიზისის დროს ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რაც სიტუაციას ააფეთქებს და არჩევნებიც უკან დაგვრჩება და ბევრი სხვა რამეც.
სცენარი მესამე - დამუნათება და ბულინგი მხოლოდ "ლელოზე" ჭრის, გახარია მაინც მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება. დაზარალდება გახარია, რადგან ბოიკოტში დარჩენილი სამი პარტია აუცილებლად დაიწყებს მტკიცებას, რომ ყოფილი პრემიერი "ოცნებას" გაურიგდა. დაზარალდებიან არჩევნების გარეშე დარჩენილი პარტიებიც. ქვეყანაში გაგრძელდება კრიზისი, რომელსაც სახიფათო და ბუნდოვანი მომავალი ექნება.
სცენარი მეოთხე - ოპოზიცია იწყებს კოორდინირებულ მოქმედებას და მიზნად ისახავს, რომ დიდი ქალაქები წაართვას "ოცნებას". თუ ნორმალური კანდიდატები ეყოლებათ, შეიძლება წარმატებაზეც განაცხადონ პრეტენზია. თუ ოპოზიცია ჩაერთო არჩევნებში, პოლიტიკური კრიზისი ავტომატურად განიმუხტება. პროცესი ქუჩიდან საკრებულოების დარბაზებში გადავა.
სცენარი მეხუთე - ახდა სალომე ზურაბიშვილის პროგნოზი და შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ტარდება საპარლამენტო არჩევნები. თუ ოპოზიციამ მონაწილეობა მიიღო, კრიზისი ასევე სრულად განიმუხტება, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ძალთა ბალანსი იქნება დასავლეთში. სავარაუდოდ, დასრულდება თბილისისა და დასავლეთის გაუგებარი ურთიერთობა.
თუმცა თავად სალომე ზურაბიშვილი რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებს ამ პროგნოზს, საინტერესო აი, ეს არის. დასავლური წყაროებისგან აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ითანხმებენ ამ სცენარზე, თუ პროტესტის მონაწილეების გასამხნევებლად ამბობს ამას?!
გიორგი კვიტაშვილი