"რუსებს სურთ ამერიკელებმა საქართველოს საკითხი მათთან მოლაპარაკებით გადაწყვიტონ, რუბიო წინააღმდეგია, ტრამპის ოჯახი თანახმა იყო, თუმცა..." - მირიან მირიანაშვილის ანალიზი
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ თანამდებობას ტოვებს აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი. როგორც აშშ-ის საელჩოს "ფეისბუკის" გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ელჩი პენსიაზე გასვლას აპირებს. მისი თქმით, "ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა და გაწვევა მთავრობას არ მოუთხოვია". რობინ დანიგანი საქართველოს ივლისში დატოვებს. შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის თებერვალში წარადგინა. იმავე წლის ივლისში სენატმა მხარი დაუჭირა დანიგანის დანიშვნას. საქართველოში საქმიანობას ის 2023 წლის წლის 12 ოქტომბრიდან შეუდგა. მიუხედავად ელჩის განცხადებისა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, საქართველო-აშშ-ის ბოლოდროინდელი ურთიერთობის გათვალისწინებით, იბადება კითხვა, რეალურად რა შეიძლება იდგეს დანიგანის ამ გადაწყვეტილების უკან? შეგახსენებთ იმასაც, რომ უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს არა ჰყავს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწორედ ამ თემით დავიწყეთ ინტერვიუ ანალიტიკოს მირიან მირიანაშვილთან:
- ჩემი შეფასებით, ამ ორ შემთხვევაში სხვადასხვა მოცემულობა გვაქვს, საქართველოს ელჩის აშშ-ში დანიშვნის საკითხი სულ სხვა რამ არის. როგორც ვიცი, ეს იმიტომ გახანგრძლივდა, რომ დღემდე ამერიკელებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა კანდიდატურაზე. საქმე ის არის, დღემდე აშშ-ში ჩვენი ელჩები ინიშნებოდნენ ამერიკულ მხარესთან ჯერ კულუარული შეთანხმებით და შემდგომ ოფიციალურად. რაც შეეხება აშშ-ის ელჩს საქართველოში, ეს საერთოდ სხვა რამ არის. როგორც მახსოვს, იყო მოლოდინი, რომ დანიგანი კიდევ უფრო ადრე შეეცვალათ. მოგეხსენებათ, ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან ძალიან ბევრი ელჩი ცხელ გულზე გამოცვალა და სავსებით შესაძლებელი იყო, დანიგანიც ამ ტალღაში მოხვედრილიყო. ამ ცვლილებებში აქტიურად მონაწილეობდა ტრამპის სიძის, კუშნერის ოჯახი, რომელიც ძალიან გავლენიანი ჯგუფი იყო ტრამპის პრეზიდენტობის სტარტზე. დღეს ძალთა თანაფარდობა ტრამპის გარემოცვაში დრამატულად შეიცვალა. ჯერ იყო და, კუშნერები გასწიეს განზე და მოძლიერდნენ ილონ მასკისა და რუბიო-გრემის ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთთან სერიოზულად იყვნენ დაპირისპირებული, ამ ორპოლუსიან რეალობას კი ტრამპი მართავდა. ბოლო დროს მასკის ხელისუფლებიდან ჩამოშორება, რაც მალევე მასკი-ტრამპის დაპირისპირებაში გადაიზარდა, გვაფიქრებინებს, რომ ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკურ ოლიმპზე ამ პერიოდისთვის, პრაქტიკულად, სხვა აღარავინ დარჩა, გარდა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სენატორ ლინდსი გრემის ჯგუფისა. როგორც ჩანს, ამ რეალობას ელოდებოდა რუბიო იმისთვის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ელჩებად თავისი კანდიდატურები დაენიშნა. შესაბამისად, კულუარული ინფორმაციაც და ობიექტური რეალობაც იძლევა შესაძლებლობას ვივარაუდოთ, რომ რუბიო საქართველოში თავისი კანდიდატურის დანიშვნის სამზადისშია, რომელიც მისი პროტეჟე იქნება. ვფიქრობ, ეს არის დანიგანის გადადგომის მოტივის ყველაზე საფუძვლიანი ვერსია.
- ამერიკისგან საქართველოს მიმართ როგორი პოლიტიკის გატარებას ელოდებით. ძალოვან სტრუქტურებში ბოლოდროინდელ საკადრო ცვლილებებს ზოგიერთი ექსპერტი ამერიკის ზეწოლის შედეგად აფასებს. თქვენ რას ფიქრობთ?
- ბრმა და ყრუ უნდა იყო, რომ ვერ დაინახო ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის ძირითადი ელემენტები. დამერწმუნეთ, ე.წ. მეგობარი აქტი ვერ გაცოცხლდებოდა, ახალ ადმინისტრაციას ბიძინა ივანიშვილისადმი კარგი დამოკიდებულება რომ ჰქონდეს. სწორედ ბიძინა ივანიშვილი აყალიბებს დღეს ამერიკელების ნეგატიურ დამოკიდებულებას საქართველოსადმი. შესაბამისად, ივანიშვილი ცდილობს რუბიო-გრემის საპირწონედ აშშ-ის შიდაპოლიტიკურ რეალობაში ბალანსი იპოვოს. მან ეს ნაწილობრივ მოახერხა ტრამპის მიერ ყაველაშვილისთვის დამოუკიდებლობის დღის მილოცვით. პრობლემა ის არის, რომ ბერკეტები მაინც გრემი-რუბიოს ჯგუფის ხელშია. შესაბამისად, მეეჭვება, რომ მათ თავისი პოლიტიკური კურსი, რაც კავკასიაში აშშ-ის დომინაციას ნიშნავს, რამეზე გაცვალონ.
ამიტომ საქართველოში ბოლოდროინდელ საკადრო ცვლილებებს, განსაკუთრებით ლილუაშვილისა და გომელაურის გაშვებას, აღვიქვამ როგორც ბიძინა ივანიშვილის ცდას დაანახოს აშშ-ს, რომ თითქოს ხელისუფლებაში აღარ არის.
მისი წარმოდგენით, ამერიკელებმა უნდა წარმართონ პოლიტიკა იმ ჯგუფთან, რომელიც თითქოს მისგან არ იმართება. ის ცდილობს ამით დარტყმები აიცილოს თავიდან, თუმცა მეეჭვება, აშშ-ში ამას ისე აღიქვამდნენ, როგორც ივანიშვილს სურს. ამიტომაც ეჭვი მეპარება, რომ პოლიტიკური ბატალიები საქართველოს ხელისუფლებას ანუ ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ახალ პოლიტიკურ ელიტას შორის ძალიან გადაიდოს. შესაძლოა პატარა პაუზა იყოს მასკისა და ტრამპის დაპირისპირების გამო.
როგორც კი იქ ჩამოყალიბდება ახალი კონსენსუსი, ერთ-ერთი პირველი, რასაც აშშ-ის ხელისუფლება მიადგება, საქართველოს საკითხია. ეს, ფაქტობრივად, უკვე მომზადებულია.
კონგრესსა და სენატში არის სერიოზული პოლიტიკური კონსენსუსი სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობის ჩამოსაყალიბებლად.
რუსეთს სურს ამერიკელებმა საქართველოს საკითხი მათთან მოლაპარაკებით გადაწყვიტონ, გრემი-რუბიოს ჯგუფს კი ეს კატეგორიულად არ სურს. თუმცა ტრამპის ოჯახი, როგორც ამბობენ კულუარულად, ამაზე თანახმა იყო. ბიძინა ივანიშვილსაც სურს, რომ მოლაპარაკებაში რუსებიც ჩაერთონ. ის ამაში პოლიტიკური ბალანსის ჩამოყალიბების შანსს ხედავს. თუ საქართველოს საკითხზე ამერიკულ-რუსული დიალოგი არ გაიმართა, ამით ივანიშვილი დაზარალდება. მაშინ გამოდის, ამერიკელები შიდაპოლიტიკურ რეალობას ანგარიშს არ უწევენ, რაც ნიშნავს, რომ ისინი ანგარიშს არ უწვენ არც ამ რეალობის ავტორსა და ბენეფიციარ ბიძინა ივანიშვილს. ეს კი არსებული ხელისუფლების არსებობას ავტომატურად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. სწორედ ამის აცილებას ცდილობს ივანიშვილი და გრემი-რუბიოს ჯგუფის წინააღმდეგ საპირწონეებს ეძებს ტრამპის ადმინისტრაციაში. დანიგანის შეცვლა, დამერწმუნეთ, მისთვის სერიოზული დარტყმაა. საქმე ის არის, რა პრეტენზიებიც არ უნდა ჰქონოდათ დანიგანთან, ის მაინც გაწონასწორებული და დაბალანსებული პერსონა იყო.