ომის სკანდალი: რატომ "მოუტეხა" პენტაგონმა უკრაინას პუტინის "შაჰიდებისგან" თავდასაცავად განკუთვნილი 20 ათასი რაკეტა?
უკრაინა ყოველ ღამე ისევ დაუნდობლად იბომბება და უკრაინულ ქალაქებს ძირითადად, ისევ პუტინის კამიკაძე-დრონები - „შაჰიდ/გერანები“ უტევენ, მასობრივად - 500 ერთეულამდეც კი...
აქამდე უკრაინულ მხარეს უკვე გამომუშავებული ჰქონდა ამ რუსულ კამიკაძე-დრონებთან ბრძოლის ეფექტიანი ტაქტიკა - მობილური საზენიტო ჯგუფები, პიკაპებზე დაყენებული პროჟექტორებისა და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევების გამოყენებით აზიანებდნენ და აგდებდნენ დაბალ სიმაღლეზე მფრენ რუსულ „შაჰიდ/გერანებს“, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა მათი ფრენის სიმაღლე 2 კმ-ზე მაღლა ასწიეს, ტყვიამფრქვევებიდან გასროლილი 12,7 მმ კალიბრის ტყვიების საწყისი ენერგია აღარ კმარა რუსული დრონების ფრენის სიმაღლემდე მისაღწევად.

ამასთან, უკრაინას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ძვირად ღირებული საზენიტო რაკეტები გაიმეტოს, მოტოციკლისძრავიანი „შაჰიდების“ ჩამოსაგდებად - ამ ძალზე დეფიციტურ საზენიტო რაკეტებს რუსული ფრთოსანი რაკეტებისა და საბრძოლო თვითმფრინავების ფრენების აღსაკვეთად ინახავენ.
ყოველივე ამის ფონზე გამოჩნდა საინტერესო, პროექტი, სახელად - „ვამპირი“, რომელიც ბევრად იაფი და დიდი მარაგის მქონე „ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტების „მიწა-ჰაერის“ კლასის რაკეტებად გადაკეთების საშუალებას იძლეოდა...

„რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე ორივე დაპირისპირებული მხარე სისტემატურად იყენებს საჰაერო დარტყმის ასეთ ტაქტიკას - შვეულმფრენი, ფრონტის ხაზამდე არმიფრენილი, გადადის კაბრირების რეჟიმში ანუ ცხვირს მაღლა წევს და უნივერსალური ბლოკებიდან უმართავი საავიაციო რაკეტების ზალპს ახორციელებს, რის შემდეგაც მკვეთრი მანევრით უკან მიფრინავს, რათა მოწინააღმდეგის „იგლასა“ თუ „სტინგერის“ მსხვერპლი არ შეიქმნეს...
კაბრირების რეჟიმში, იმ უმართავი საავიაციო რაკეტების გაშვების სიზუსტე, რომლებიც კარგად დამიზნების შემთხვევაშიც კი მიზანს, მაგალითად, ჯავშანმანქანას შეიძლება 20-30 მ-ითაც კი აცდნენ, დიდ კითხვის ნიშანს აჩენს და ძალიან დაბალი საბრძოლო ეფექტიანობით გამოირჩევა.
მაგრამ მეორე დღეა, უკრაინელების მიერ გაშვებული ამგვარი სახის რაკეტები პირდაპირ „გულში“ ხვდება ოკუპანტების ჯავშანტექნიკას, რამაც რუსი სამხედროების გაოცება გამოიწვია, რადგან საბჭოთა წარმოების C-8 ტიპის უმართავ საავიაციო რაკეტებს ასეთი სიზუსტე არასოდეს ახასიათებდათ.
საქმეც ისაა, რომ უკრაინელებმა პირველად დაიწყეს მოდერნიზებული ამერიკული „ჰიდრების“ საბრძოლო გამოყენება, რაც ძალზე წარმატებული აღმოჩნდა, რაზეც გავრცელებული ვიდეოკადრები მეტყველებს - უპილოტო „ბაირაქტარი“ ლაზერის სხივით მონიშნავს რუსი ოკუპანტების სამიზნეს, რომელსაც უდიდესი სიზუსტით, ერთდროულად ორი რაკეტა ხვდება და ფეთქდება...

70 მმ კალიბრის ამერიკული უმართავი საავიაციო რაკეტა Hydra 70 საბჭოთა 80 მმ-იანი C-8-ის ერთგვარ ანალოგს წარმოადგენდა, ჯერ კიდევ პირველი ცივი ომის პერიოდიდან და არც დიდი სიზუსტით გამოირჩეოდა, მაგრამ მისი ჭკვიანური მოდიფიცირების შედეგად, ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებაში გამოჩნდა შედარებით იაფი მართვადი საავიაციო რაკეტა.
თუკი „აპაჩის“ მთავარი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა „ჰელფაერი“ არანაკლებ 150 ათასი დოლარი ღირს, უმართავი „ჰიდრას“ მართვადად გადაკეთების შემდეგ ახალი APKWS II-ის (იშიფრება, როგორც „ლაზერული დამიზნების სისტემა უმართავი რაკეტებისთვის“) ფასმა მხოლოდ 28,5 ათასი დოლარი შეადგინა.
მართალია, მოდერნიზებული „ჰიდრას“ ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები ჩამოუვარდება „ჰელფაერისას“, მაგრამ მისი საშუალებით შვეულმფრენმა მაქსიმალური, 5 კმ-ის სიშორიდან (თვითმფრინავმა 11 კმ-იდან) შეიძლება გასაოცარი, 0,5 მ-ის სიზუსტით დააზიანოს სამიზნე.
რაში გამოიხატა მოდერნიზაციის არსი?
აიღეს უმართავი საავიაციო რაკეტა Hydra 70 და მის შუა ნაწილში ჩაამატეს ახალი ნაკვეთური, რომელსაც სტარტის შემდეგ ოთხი მართვის საჭე ეხსნება, თითეულ მათგანზე კი ლაზერული დამიზნების მინიატურული თავაკია დამონტაჟებული, შესაბამისად, არ გახდა საჭირო „ჰიდრას“ თავში ერთი ძირითადი ლაზერული დამიზნების თავაკის განთავსება, რაც გაართულებდა და გააძვირებდა ამ მოდერნიზაციას.
APKWS II-ის მოქმედების პრინციპი შემდეგნაირია - შვეულმფრენიდან, თვითმფრინავიდან ან სულაც - კატარღის ბორტიდან და პიკაპის საბარგულიდან სტარტის შემდეგ, რაკეტას ეხსნება მართვის საჭეები, ავითარებს დიდ სიჩქარეს და იმართება ინერციული სისტემის მიერ.
მიზანთან მიახლოებისას „მუშაობაში“ ერთვება ოთხ საჰაერო საჭეზე დამონტაჟებული ოთხივე ლაზერული დამიზნების თავაკი, რომლებიც „იჭერენ“ მიზნიდან არეკლილ ლაზერის სხივს და კარგად დაგეშილი ძაღლებივით, რაკეტას ზუსტად მისკენ, სულ რაღაც 50 სმ-ის ცდომილებით მიმართავენ. მიზანში მოხვედრისას ინიცირდება რაკეტის კუმულაციური ქობინი, რომელიც 290 მმ სისქის მონოლითურ ჯავშანს არღვევს, რაც სრულიად საკმარისია ნებისმიერი ქვეითთა საბრძოლო მანქანისა და ჯავშანტრანსპორტიორის ასაფეთქებლად და არც ტანკს დააყრის კარგ დღეს, თუკი კოშკურის სახურავში მოხვდა...

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ვინ უნდა მიმართოს ლაზერის სხივი მიზნისკენ, რომ იქიდან არეკვლის შემდეგ ის „მოდერნიზებული „ჰიდრას“ ლაზერული დამიზნების ოთხმა თავაკმა ჩაიჭიროს?
მიზნის მომნიშვნელი ლაზერული სხივის გაშვება შეუძლიათ თავად იმ შვეულმფრენებსა და თვითმფრინავებს, ვინც ამ ტიპის რაკეტებს გამოიყენებს, ასევე - სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატებს (მაგალითად „ბაირაქტარს“) ან, სულაც, იმ მზვერავებს, რომლებიც მიწაზე შედარებით ახლოს „მიჩოჩდებიან“ სამიზნესთან და მას სპეციალური, კომპაქტური ლაზერული ხელსაწყოდან დაასხივებენ...
გასაგებია, რომ ახალი APKWS II-ების სახით უკრაინის არმიას რუსი ოკუპანტების სახმელეთო და საზღვაო სამიზნეებთან საბრძოლველად ეფექტიანი საშუალება გამოუჩნდა, მაგრამ როგორც ირკვევა, მას თურმე... დრონების ჩამოგდებაც შეძლებია!
მას საკუთარი სახელი - VAMPIRE დაარქვეს, მაგრამ ის იგივე APKWS II-ია, ოღონდ რაკეტას კონტაქტურის ნაცვლად უკონტაქტო ამფეთქი დაუყენეს - პიკაპის ძარაზე განთავსებული გამშვებიდან სტარტაღებული რაკეტა ლაზერული სხივის მეშვეობით ემიზნება მფრინავ დრონს და მასთან მიახლოებისას უკონტაქტო ამფეთქის ამოქმედებით ინიცირდება მსხვრევად-ფუგასური ქობინი, რის შედეგადაც გატყორცნილი რამდენიმე ათასი წვრილი ნამსხვრევი ასეთ საფრენ აპარატს ნაფლეთებად აქცევს...“
სწორედ ეს უკონტაქტო ამფეთქი იქცა იმ საჯილდაო ქვად, რის გამოც აშშ-ის ახლანდელმა თავდაცვის მინისტრმა - პიტ ჰეგსეტმა 2025 წლის ივნისის დასაწყისში მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ვამპირის“ რაკეტების ის 20-ათასიანი მარაგი, რომელიც სპეციალურად უკრაინისთვის მზადდებოდა (ჯერ კიდევ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს დადებული ხელშეკრულების თანახმად), გადასროლილი ყოფილიყო ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტებისთვის...
გასაგებია, რომ ამერიკელი სამხედროებიც უფრთხიან ჰუსიტების მიერ მასიურად გაშვებულ იმავე ირანული წარმოების „შაჰიდების“ კამიკაძე-დრონების თავდასხმებს და უკრაინის ფრონტზე წარმატებულად გამოცდილი „ვამპირები“ მათ ახლო აღმოსავლეთში გამოადგებათ, მაგრამ ამით აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის თავდაცვის მინისტრმა ხომ, ფაქტობრივად, კიდევ უფრო დიდი მსხვერპლისთვის გაწირა უკრაინული ქალაქების ის მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც დასავლეთიდან, პირველ რიგში კი, ამერიკიდან მოელის დახმარების გაზრდას პუტინის მიერ გამოშვებული კამიკაძე-დრონებისგან თავის დასაცავად?
გამორიცხულია, რომ ახლო აღმოსავლეთში განთავსებული ამერიკული სამხედრო ბაზების დასაცავად 20 ათასი „ვამპირის“ რაკეტა იყოს საჭირო და არც ისრაელს სჭირდება ამდენი „ვამპირი“, თუკი ტრამპის ადმინისტრაციაზე დიდი გავლენის მქონე ებრაულმა ლობიმ ფარულად მოახდინა“ ეს „გადამისამართება“ - „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ტერორისტულ დაჯგუფებებს აღარ შესწევთ ისრაელის ქალაქებისკენ კამიკაძე-დრონების მასიურად გაშვება და ამასთან, „ცახალის“ განკარგულებაშია, მართალია, ძვირადღირებული, მაგრამ უფრო დიდი საბრძოლო შესაძლებლობების მქონე საზენიტო „რკინის გუმბათის“ სისტემები...
როგორც ირკვევა, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი - პიტ ჰეგსეტი უკრაინისთვის გამოყოფილი, მარტო „ვამპირების“ „მოტეხით“ როდი შემოიფარგლა - მან განაცხადა, რომ 2026 წელს აშშ-ი უკრაინას ბევრად ნაკლებ სამხედრო დახმარებას გამოუყოფს, რადგან ასეთია პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკაო...
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი, რომელიც დიდი ხანია იმუქრება, რომ რუსეთ-უკრაინის ომის არშეწყვეტის გამო, ის „ტანგოს მოცეკვავე ორივე მხარეს“ მკაცრად დასჯიდა - რუსეთს ახალ მკაცრ სანქციებს დაუწესებდა, ხოლო უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტდა, ასრულებს მხოლოდ ერთ მუქარას - უკრაინის დამცველებს უკეტავს ამერიკული იარაღის მიღების საშუალებებს, ხოლო პუტინის რუსეთს (სწორედ რომელიც არის ამ საშინელი ომის წამომწყები და გამაგრძელებელი), დღემდე ვერ უბედავს ახალი სანქციების დაწესებას...