მოთმინების ფიალა აევსო და დღე-დღეზე დაარტყამს - ფეთქებადსაშიში სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში - რაზე მიუთითებს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი და რას მოიმოქმედე - კვირის პალიტრა

მოთმინების ფიალა აევსო და დღე-დღეზე დაარტყამს - ფეთქებადსაშიში სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში - რაზე მიუთითებს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი და რას მოიმოქმედებს აშშ?

ისრაელი დაარტყამს, ირანი უპასუხებს ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმით? ამერიკა ახლო აღმოსავლეთიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს...

მოთმინების ფიალა აევსო და დღე-დღეზე დაარტყამს...

სწორედ ასე შეიძლება დახასიათდეს ის ფეთქებადსაშიში სიტუაცია, რაც დღეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სუფევს და რაზეც მიუთითებს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი:

პირველი - აშშ-ი იწყებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას...

მეორე - პენტაგონმა უკრაინისთვის განკუთვნილი „ვამპირის“ სისტემის 20 ათასი ახალი საზენიტო რაკეტა კიევის ნაცვლად სასწრაფოდ ახლო აღმოსავლეთში გადაამისამართა, სწორედ ის რაკეტები, რომლებმაც აქამდე თავი გამოიჩინეს უკრაინის ცაში ირანული წარმოების „შაჰიდის“ კამიკაძე-დრონების ჩამოგდებით (რის შესახებაც ვრცლად ვწერდით ამავე ბლოგის სტატიაში „ომის სკანდალი: რატომ "მოუტეხა" პენტაგონმა უკრაინას პუტინის "შაჰიდებისგან" თავდასაცავად განკუთვნილი 20 ათასი რაკეტა?“ და რასაც დიდი ნახვა ჰქონდა სოციალურ ქსელებში). ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მორიგი სამშვიდობო ინიციატივის (რაც ირანის ბირთვული პროგრამის მოლაპარაკებებით შეჩერებას ითვალისწინებდა) ასევე მორიგი ფიასკო, რუსეთ-უკრაინის ომისა და ღაზას სექტორის პრობლემების მოუგვარებლობის ფონზე...

ხუთიოდე თვის წინ, როდესაც ტრამპმა მეორედ მოირგო თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის საპრეზიდენტო სავარძელი, იყო იმის დიდი მოლოდინი, რომ ის დაჰყვებოდა ამერიკაში ძალზე გავლენიანი ებრაული ლობისა და პირადად ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს „დიდ ზეწოლას“ და ისრაელს „მწვანეს აუნთებდა“ ირანის ბირთვულ ობიექტებზე მასშტაბური საჰაერო შეტევების განხორციელების დასაწყებად, რაშიც ამერიკულ სტრატეგიულ ავიაციასა და ატომურ ავიამზიდებსაც კი მიახმარდა...

დონალდ ტრამპის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან გაუძლო ასეთ „ზეწოლას“ და მთავარი აქცენტი მაინც ირანთან მშვიდობიან მოლაპარაკებებზე გააკეთა - ირანი სრულიად აჩერებს ურანის გამდიდრების ტექნიკურ პროცესს, ხოლო ირანის ატომური ელექტროსადგურების მუშაობისთვის საჭირო ბირთვულ საწვავს გამოიმუშავებს ირანის, საუდის არაბეთისა და აშშ-ის ერთობლივი რეგიონალური კონსორციუმი, რომელიც გააკონტროლებს, რომ არ მოხდეს ურან-235-ის გამდიდრება 3-5%-ზე მეტად, რაც სრულიად საკმარისია ატომური ელექტროსადგურების მუშაობისთვისო.

1-ira-1749711248.png
ისრაელს მოთმინების ფიალა აევსო და აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის თანხმობის გარეშეც შეიძლება დღე-დღეზე მიაყენოს საჰაერო დარტყმები ირანის ბირთვულ ობიექტებს...

დასავლეთის შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ირანს უკვე დაუგროვდა 408 კგ-მდე, 60 %-მდე გამდიდრებული ურან-235-ი, რომლის შემდგომი გამდიდრება 90 %-მდე მხოლოდ ირანის ხელისუფლების სურვილისა და დროის ფაქტორზეა დამოკიდებული, არადა სწორედ 90%-ზე მეტი შემცველობის ურან-235 გამოიყენება ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად...

თეირანი მუდმივად აცხადებს, რომ ის არ აპირებს ბირთვული იარაღის შექმნას, მაგრამ, ამასთან, არასოდეს დაუშვებს, რომ მას წაართვან ის უნიკალური ტექნიკური შესაძლებლობები, რაც ატომური ელექტროსადგურებისთვის საჭირო ბირთვული საწვავის თავად გამომუშავების პოტენციას ეხება.

თელ-ავივში კი თეირანის მარტო სიტყვებს არ ენდობიან, რადგან კარგად მოეხსენებათ (თუნდაც თავად ისრაელის მაგალითზეც) - ვინც დედამიწაზე ფლობს ბირთვულ იარაღს, ის ხელშეუხებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისი ბირთვულქობინიანი რაკეტებით შეუძლია, სრულიად გაანადგუროს არაბირთვული მოწინააღმდეგე სახელმწიფო...

2-ira-1749711248.png
ათასობით ასეთი ცენტრიფუგა გაუჩერებლად მუშაობს ირანის ბირთვულ ობიექტებზე, ურან-235-ის შემდგომი გამდიდრებისთვის, მაგრამ ისინი ღრმად მიწისქვეშ არიან განთავსებულნი და ჩვეულებრივი ბომბებით მათი მწყობრიდან გამოყვანა ურთულესია - გაბედავს კი ისრაელი ირანის მიწისქვეშა ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად თავისი ბირთვული იარაღის გამოყენებას?

იქიდან გამომდინარე, რომ ირანი თავის უმთავრეს მტრად ისრაელს მიიჩნევს (მიუხედავად იმისა, რომ საერთო საზღვრები არ აქვთ) და მხარს უჭერს (მათ შორის, ფინასებითა და შეიარაღებით) „ისრაელის ხმელთაშუა ზღვაში გადაგდების“ პალესტინურ „ოცნებებს“, ლოგიკურია, რომ ისრაელი ყველაფერს იღონებს, რომ ირანს არაფრის დიდებით არ გაუჩნდეს ბირთვული იარაღი...

შესაბამისად, თავად ბირთვულიარაღიანი ისრაელი, იმ ფონზე, როდესაც ტრამპის სამშვიდობო ინიციატივა ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე კრახს განიცდის, შეეცდება, დაარტყას ირანის ბირთვულ ობიექტებს, სულაც ამერიკელების სამხედრო მხარდაჭერის გარეშეც კი, რადგან დრო ახლა ისრაელის წინააღმდეგ მუშაობს...

ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე ღიად აცხადებს, რომ თუკი მოლაპარაკებები პრეზიდენტ ტრამპთან ჩაიშლება და ამის ფონზე ისრაელი ეცდება, დარტყმები მიაყენოს ირანის ბირთვულ ობიექტებს, თეირანი საპასუხოდ შეუტევს არა მარტო თავად ისრაელს, არამედ - ახლო აღმოსავლეთის რეგიონში განთავსებულ აშშ-ის სამხედრო ბაზებსაცო...

ამერიკული სამხედრო ბაზები ახლო აღმოსავლეთში განთავსებულია ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ყატარში, ქუვეითსა და ბაჰრეინში, საიდანაც აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებისა და ამერიკული საელჩოების პერსონალის ნაწილის სასწრაფო ევაკუაცია დაიწყო.

3-ira-1749711247.png
სწორედ ასეთი და სხვა ბალისტიკური რაკეტებით ირანი წვდება ახლო აღმოსავლეთში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს...

დაიწყო იმიტომ, რომ ირანი სიტყვებს ჰაერში არ ფანტავს და როდესაც 2024 წლის ოქტომბერში ისრაელმა საჰაერო დარტყმები პირველად მიაყენა უშუალოდ ირანის ტერიტორიას, ვალში არც თეირანი დარჩა და ისრაელისკენ ასობით ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, ასევე, კამიკაძე-დრონი გაუშვა...

ისე კი, ტრამპს ძალიან მწარედ ემახსოვრება თავისი პირველი პრეზიდენტობის პერიოდში 2020 წლის 8 იანვარი, როდესაც ირანმა ბალისტიკური რაკეტებით შეტევა მიიტანა ერაყში, აინ-ალ ასადის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, მას შემდეგ, რაც სწორედ პრეზიდენტ ტრამპის თეთრი სახლიდან გაცემული ნებართვით, 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში ამერიკული დრონიდან გაშვებული მართვადი რაკეტებით გაანადგურეს ცნობილი ირანელი გენერალი - ქასემ სულეიმანი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ირანს შეუძლია შურისძიების პასუხის დაბრუნება და ირანის თავდაცვის მინისტრის ღიად დამუქრება იმასთან დაკავშირებით, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის თავდასხმის შემთხვევაში, თუნდაც ამერიკელები სულაც განზე დადგნენ, ირანი საპასუხო დარტყმებს მაინც მიაყენებს ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ბაზებს...