გველის თუ არა დიდი კატასტროფა, რომელიც საქართველოსაც დაემუქრება?! - ისრაელმა მაინც დაარტყა, ირანი პასუხობს
სამწუხაროდ, ჩვენი გუშინდელი პროგნოზი, გამოთქმული ამავე ბლოგის სტატიაში "მოთმინების ფიალა აევსო და დღედღეზე დაარტყამს - ფეთქებადსაშიში სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში - რაზე მიუთითებს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი და რას მოიმოქმედებს აშშ?" სრულიად გამართლდა და 2025 წლის 13 ივნისის გამთენიისას ისრაელმა ფართომასშტაბიანი საჰაერო შეტევა განახორციელა ირანის ბირთვულ და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე...
ისრაელის მიერ დაწყებულ საჰაერო ოპერაციაში, სახელწოდებით - „აღმავალი ლომი“, მონაწილეობა მიიღო ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების 200-მდე სამხედრო და საბრძოლო თვითმფრინავმა, რომლებმაც ირანის ტერიტორიაზე არსებულ 100-ზე მეტ სამიზნეს 330-ზე მეტი მართვადი რაკეტითა და ბომბით შეუტიეს...
ისრაელის საჰაერო თავდასხმის სამიზნეების სიაში აღმოჩნდა ირანის ბირთვული ობიექტები ნათანზში, ფორდოში და თეირანში, ასევე, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ბაზები, საზენიტო-სარაკეტო ბატარეები, სამხედრო აეროდრომები და ა.შ.
უკვე ცნობილია, რომ ისრაელის ავიაციის წერტილოვანი საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულები არიან ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სარდალი, გენერალ-მაიორი გოლამ-ალი რაშიდი, ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაგრი და ირანელი მეცნიერები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ - ფერეიდუნ აბასი-დავანი და მოჰამად მეჰდი ტეხრანჩი.
ასეთი „სიზუსტე“ შეიძლება იმას მიუთითებდეს, რომ ისრაელის ავიაციის საჰაერო დარტყმების პარალელურად, ირანის დედაქალაქში დივერსიული აქტები განახორციელეს თეირანში ფარულად მოქმედმა „მოსადის“ აგენტებმაც, ზემოხსენებული ირანელი მნიშვნელოვანი ფიგურების სალიკვიდაციოდ...
„ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მიზანმიმართული სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნე იმ საფრთხის შემცირებაა, რომელიც ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის გავრცელებას უკავშირდება. ეს ოპერაცია გაგრძელდება იმდენი დღის განმავლობაში, რამდენიც საჭირო იქნება გავრცელების აღმოსაფხვრელად. ბოლო თვეებში ირანმა გადადგა ნაბიჯები, რომლებიც აქამდე არასდროს გადაუდგამს, ნაბიჯები გამდიდრებული ურანით იარაღის შესაქმნელად. თუ არ შეჩერდება, ირანს შეუძლია ძალიან მოკლე დროში შექმნას ბირთვული იარაღი. ეს შეიძლება ერთ წელიწადში მოხდეს, ეს შეიძლება რამდენიმე თვეში მოხდეს, ერთ წელზე ნაკლებ დროში. ეს აშკარა და რეალური საფრთხეა ისრაელის გადარჩენისთვის“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, წინასწარ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ისრაელი ირანზე დარტყმებს განახორციელებდა და ეს მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა - „ირანს არ შეიძლება ბირთვული ბომბი ჰქონდეს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავბრუნდებით, ვნახოთ. ხელმძღვანელობაში რამდენიმე ადამიანია, რომლებიც აღარ დაბრუნდებიან“, - აღნიშნა ტრამპმა.
ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები მის „საშინელ ბუნებას“ ავლენს.
„ისრაელმა საკუთარ თავს მწარე ბედი მოუმზადა, რომელსაც აუცილებლად მიიღებს“, - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.
ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა, რადგან ირანმა უკვე გაუშვა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი კამიკაძე-დრონი, რომლებსაც ოთხ საათამდე სჭირდებათ ისრაელამდე მისაღწევად (რაც ამ სტატიის დაწერის დროს ხდება) და რომლებსაც ჰაერში, ეტყობა, ბევრად უფრო სწრაფად მფრენი ირანული ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებიც „წამოეწევიან“, რათა ისრაელზე ერთდროული ფართომასშტაბიანი კომბინირებული შურისძიების საჰაერო დარტყმა განხორციელდეს...
ომი ახლო აღმოსავლეთში მაინც დაიწყო და ახლა მთელი მსოფლიო და მათ შორის - ახლო აღმოსავლეთის მეზობელი სამხრეთ კავკასიაც მხოლოდ იმაზე უნდა ლოცულობდეს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიყენებული დარტყმების შედეგად ატმოსფეროში არ გამოჟონოს მაღალრადიაქტიური ურან-235-ის ნაწილაკებმა და ისინი ქარმა არ გაფანტოს სხვა რეგიონებშიც, მათ შორის ირანიდან სულ რაღაც 160-იოდე კმ-ით დაშორებულ საქართველოსკენაც...
და კიდევ უფრო უარესი პროგნოზი - ირანის საპასუხო ფართომასშტაბიანი დარტყმის ან დარტყმების შემდეგ ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა დგამს ბოლო ნაბიჯს და ირანს „პასუხის პასუხად“... ბირთვულქობინიანი რაკეტებით დარტყმებს აყენებს...