"თუ ირანი დაიშალა, საქართველო ორ თურქეთს შორის აღმოჩნდება..." - მირიან მირიანაშვილის სკანდალური პროგნოზი: რამდენი დღე დარჩა აიათოლას?!
ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის განცხადებას, რომელშიც ის ამბობს, რომ თეირანი „არასდროს დანებდება“. ტრამპმა მოკლედ უპასუხა: „წარმატებები“. ჟურნალისტების შეკითხვაზე, ამოიწურა თუ არა მისი მოთმინება ირანის მიმართ, ტრამპმა განაცხადა: „ის უკვე ამოიწურა - სწორედ ამიტომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ“. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის ყოველდღიურად ესაუბრება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ამჟამად მიმდინარეობს განხილვა, თუ როგორი იქნება ვაშინგტონის მომდევნო ნაბიჯი რეგიონში მიმდინარე მოვლენების მიმართ. როგორც მან აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ამ საკითხს ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ერთად განიხილავს. გაეროს უშიშროების საბჭო ხვალ საგანგებო სხდომას გამართავს ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე დაპირისპირებაზე. სხდომა ინიცირებული იყო ირანის, რუსეთის, ჩინეთის, პაკისტანისა და ალჟირის თხოვნით. შეხვედრას დაესწრება ისრაელის წარმომადგენლობაც. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ორივე მხარეს მოუწოდა დეესკალაციისკენ და განაცხადა, რომ ნებისმიერი დამატებითი სამხედრო ქმედება შესაძლოა, სერიოზულ შედეგებზე აისახოს, არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ - საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. პროცესების შესაძლო განვითარებასა და საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გვესაუბრება:
- აიათოლა ხამენეის განცხადება მოსალოდნელი იყო. არსებული რეალობა ასეთია: ისრაელი თეირანს ყოველგვარი პოლიტიკური წინაპირობის გარეშე ბომბავს. ერთადერთი ლიდერი, რომელიც ირანს რაიმე ფორმით ესაუბრება, დონალდ ტრამპია და ისიც - მხოლოდ ფაქტობრივად, კაპიტულაციის პირობებზე. თეირანის რეჟიმისთვის კი ასეთ მოლაპარაკებებზე დაჯდომა შიდასტაბილურობის რისკია. ირანის ხელისუფლება დიდი ხანია, მხოლოდ ძალაზე დგას. ამ ძალის საჯაროდ დაკარგვა, მათ შორის, როგორც საკუთარი მოსახლეობის, ასევე - რეგიონის მოთამაშეების თვალში გამორიცხულია....
დასავლური სანქციებისა და ემბარგოებიდან გამომდინარე, ირანს ავიაცია, ფაქტობრივად, არ ჰყავს. ქვეყანას ჯერ კიდევ შაჰის დროიდან შემორჩენილი ამერიკული F-14 გამანადგურებლები და რუსული МиГ-29-ები ჰყავს, თუმცა ორივე ტექნოლოგიურად მნიშვნელოვნად მოძველებულია. თეირანი ცდილობდა, ტექნოლოგიური ჩამორჩენილობის კომპენსირება საკუთარი და რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით შეევსო, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომმა ნათლად აჩვენა ამ სისტემების შეზღუდული შესაძლებლობები. დღეს ირანში განმეორდა ის, რაც ისრაელმა "ჰესბოლას" დაჰმართა. ისრაელმა გაანეიტრალა ირანული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები: რაკეტები ბრძანების ღილაკზე ხელის დაჭერისთანავე დანადგარებშივე ფეთქდებოდნენ. ირანი მზად არ აღმოჩნდა თანამედროვე ტექნოლოგიური ომისთვის. თეირანი, ტრადიციულად, დაბალი ინტენსივობის კონფლიქტს ელოდა - სარაკეტო შეტევებისა და საჰაერო დარტყმების გაცვლით. სინამდვილეში კი მიიღო ღია და მასშტაბური ომი, რომელშიც თავად აღმოჩნდა ტექნოლოგიური და სტრატეგიული უპირატესობის გარეშე.
გარდა ამისა, ირანი საერთაშორისო ასპარეზზე, პრაქტიკულად, მარტო დარჩა. რუსეთი, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევდა, განზე გადგა. ეს მოსალოდნელიც იყო, თუმცა თეირანში სხვაგვარი მოლოდინი ჰქონდათ.
უცნაურია, მაგრამ რუსეთის ყველა სტრატეგიულ მოკავშირეს ჰგონია, რომ რუსეთი სხვებს გადააგდებს, მაგრამ მათ არავითარ შემთხვევაში არ მოექცევა ამგვარად. მოსკოვმა სტრატეგიული პარტნიორები ჯერ შუა აზიაში გაყიდა, ჩინეთზე, შემდეგ - ყარაბაღის სომხური ელიტა მიატოვა, ახლა კი ირანიც იმავე გზას გაუყენა.
რუსეთის დღევანდელი მდგომარეობა (უკრაინის ომით დასუსტებული, რესურსგამოცლილი და ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი) არც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ირანს ეფექტიანი მხარდაჭერა გაუწიოს. ამის მტკიცებულებაა ის ფაქტიც, რომ ირანი დღეს რუსეთს სთხოვს, დაუბრუნოს "შაჰიდები" და ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც ჯერ არ გამოუყენებია უკრაინაში, მაგრამ მოსკოვი უარს ეუბნება. საბოლოოდ, ირანი აღმოჩნდა მარტო, ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი და დიპლომატიურად იზოლირებული. ამ ომმა მხოლოდ ირანის ძალის გამოფიტვა არ აჩვენა, რუსეთიც სრულად გაიშიფრა - როგორც ძალაუფლება დაკარგული აქტორი გლობალურ პოლიტიკაში.
- ასევე დაგაინტერესებთ:
- აიათოლას "საიდუმლო" იარაღი?! - რას წარმოადგენს რაკეტა Sejil, რომელსაც ისრაელისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია
- აიათოლას საბოლოო განაჩენი გამოუტანეს?! - ისრაელის თავდაცვის მინისტრი განცხადებას ავრცელებს
- ესღა აკლდა მსოფლიოს: ვითარება კორეაშიც დაიძაბა - "კიმ ჩენ ინმა 10-ზე მეტი რაკეტა ისროლა"
- სადამ ჰუსეინი სარდაფიდან ამოათრიეს, ალი ხამენეის ბუნკერიდან თავისით ამოსვლას და კაპიტულაციას სთავაზობენ - გაიზიარებს თუ არა სადამის ტრაგიკულ ბედს აიათოლა?!
- ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს მიმართა: "ჩვენ არ გებრძვით თქვენ, ჩვენ ვებრძვით სასტიკ დიქტატურას, რომელიც 46 წლის განმავლობაში გჩაგრავთ". თქვენი აზრით, როგორი გამოხმაურება მოჰყვება ირანელ ხალხში ამ მიმართვას?
- ირანში საკმაოდ დიდხანს ვიცხოვრე და ამ საზოგადოებას შიგნიდან ვიცნობ. ირანელი ხალხი მეტად ვესტერნიზებულია, სხვა აზიური ქვეყნების მოსახლეობასთან შედარებით. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ირანის მმართველ რეჟიმს დღემდე სერიოზული რესურსი გააჩნია ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ამიტომ ირანის სამხედრო სტრუქტურის სერიოზულად დაზიანების მიუხედავად, შიდარღვევები ჯერ მოსალოდნელი არ არის. რეალურად, თეირანის რეჟიმის შესარყევად და დასამხობად საჭირო ზეწოლის რესურსი მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. ისრაელს ნამდვილად შეუძლია, თეირანი საჰაერო იერიშებით მიწასთან გაასწოროს, მაგრამ მხოლოდ ამის საფუძველზე ირანის რეჟიმი არ დაემხობა. ხელისუფლების შეცვლისთვის საჭირო ბერკეტები - პოლიტიკური, ეკონომიკური, სტრატეგიული და რეგიონული ზეწოლის სრული კონტური - ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ვაშინგტონს აქვს ხელთ.
- ტრამპმა განაცხადა, რომ ყოველდღიურად ესაუბრება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, და მისი გზავნილი რეგიონული დაძაბულობის ფონზე ასეთია: „განაგრძეთ“. მიგვანიშნებს თუ არა ეს პოზიცია მოვლენების შესაძლო განვითარებაზე?
- დღეს ირანი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ლოგიკურად არ ჩანს, რატომ უნდა გაჩერდეს ისრაელი. სწორედ ასე უყურებს ამას ტრამპიც და, დიდი ალბათობით, გაგრძელება იქნება...
- რეგიონში კონფლიქტების ასეთი მასშტაბის ესკალაცია საქართველოს წინაშე რა გამოწვევებს აყენებს?
- ირანის დასუსტება, რაც შესაძლოა ამ პროცესებს მოჰყვეს, ჩვენთვის, ქართველებისთვის არასასურველია. ასეთ შემთხვევაში, კავკასიაში თურქულ-აზერბაიჯანული ტანდემის როლი კიდევ უფრო გაიზრდება.
ირანი მრავალი ეთნოსის კონგლომერატია - სპარსები, ანუ ფარსები მოსახლეობის 30%-საც არ შეადგენენ. მათ გარდა ირანში ცხოვრობენ ხორასანელები, ლურები, მაზანდერელები და სხვა ერები, მათ შორის აზერბაიჯანელებიც, რომლებიც შესაბამის მომენტს ელოდებიან. განსაკუთრებით ისინი, ვინც სპარსეთის ყურის მიმდებარედ ცხოვრობენ - ტერიტორიებზე, სადაც ნავთობისა და გაზის საბადოებია. ჩრდილოეთ ირანში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის, დაახლოებით, 80% ცხოვრობს და მსხვილი ქალაქებიც მდებარეობს, ენერგორესურსები არ მოიპოვება. შესაბამისად, ჩრდილოეთი ირანი, ფაქტობრივად, სამხრეთის რესურსებზეა დამოკიდებული - რაც ადგილობრივებს არ მოსწონთ და მომენტს ელიან. ჩრდილოეთ ირანში ცხოვრობს, დაახლოებით, 30 მილიონი აზერბაიჯანელი. თუ ირანი დეზინტეგრაციას დაექვემდებარა, მაშინ ჩრდილოეთ და სამხრეთ აზერბაიჯანის ერთ სახელმწიფოში გაერთიანება, პრაქტიკულად, გარდაუვალი გახდება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ორ თურქეთს შორის აღმოვჩნდებით - დასავლეთით და აღმოსავლეთით. ეს იმგვარი პროცესია, რომელიც დიდ თურანიზმის იდეას ახალ სიცოცხლეს სძენს.
- თუმცა ამ იდეას ამერიკის შეერთებული შტატები არ იზიარებს.
- დიახ, საბედნიეროდ, არც ანგლოსაქსური სამყარო უჭერს მხარს ამ იდეას. იმედი უნდა გვქონდეს, რომ ვაშინგტონი კვლავაც დარჩება ირანის დეზინტეგრაციის წინააღმდეგ, რადგან ირანის რეჟიმის ჩამოშლა სწორედ ამას გამოიწვევს. ამიტომ მგონია, რომ დღეს რეჟიმის ჩამოშლა დღის წესრიგში არ დგას.
- რა მოხდება, თუ ისრაელის ავიაციამ მსხვილი ქალაქების მასობრივი დაბომბვა დაიწყო?
- თეირანში 12-დან 14 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და ეს ქალაქი საქართველოსთან უფრო ახლოს მდებარეობს, ვიდრე - ანკარასთან. ასევე, ჩვენთან უფრო ახლოსაა ოთხმილიონიანი თავრიზიც. თუ ისრაელის ავიაცია მსხვილ ქალაქებზე მიიტანს შეტევას, ძალიან რთული ვითარება შეიქმნება. ბოლო ორი დღის განმავლობაში თეირანიდან უკვე გამოვიდა მილიონი ადამიანი. ჯერჯერობით ჩრდილოეთით მნიშვნელოვანი დევნილთა ნაკადი არ ფიქსირდება, რადგან თავრიზი და სხვა მსხვილი ქალაქები ისე ინტენსიურად არ იბომბება, როგორც თეირანი და ის ტერიტორიები, სადაც სამხედრო ინფრასტრუქტურაა განლაგებული.
თუ საჰაერო დაბომბვის მასშტაბები გაიზარდა და ვითარება ღაზის სცენარის მსგავსად განვითარდა, მდინარე არაქსს (რომელიც ამიერკავკასიას ირანისგან გამოჰყოფს) შესაძლოა, 3-4 მილიონი ადამიანი მოადგეს.
ძალიან მეეჭვება, რომ სომხეთის ხელისუფლებამ საზღვარი გახსნას. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლება თურქეთთან კონსულტაციებს აწარმოებს ამ საკითხზე. თურქულ პრესაში გამოჟონილი ცნობებით, ბაქო საზღვარს არ გახსნის, თუმცა მზად არის, მიიღოს ნახევარი მილიონი ადამიანი. ერევანი კი მაქსიმუმ 200,000 დევნილს მიიღებს. ანუ აზერბაიჯანი და სომხეთი, დაახლოებით, ნახევარ მილიონზე ოდნავ მეტი ადამიანის მისაღებად არიან მზად, მაშინ როცა შესაძლოა მათკენ ოთხი მილიონი ადამიანი დაიძრას. არ ვიცით, ამ ადამიანებს რა ბედი ეწევათ.დღეს და ხვალ, სანამ საჰაერო შეტევა პროვინციებზე არ გავრცელებულა, ჩვენ უშუალო საფრთხის წინაშე არ ვდგავართ, მაგრამ თუ კონფლიქტი გაგრძელდა, ადრე თუ გვიან, ისრაელი გადაერთვება პროვინციული ქალაქების დაბომბვაზე. სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურების შემდეგ აუცილებლად დაიწყებს წინააღმდეგობის კერების განადგურებას. ამ შემთხვევაში, მოსალოდნელია ღაზის სცენარის განვითარება, რაც ჩვენთვის კატასტროფულად არასასურველია. იმედია, საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფრისთვის მზად არის.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)