ვინ დაამხობს აიათოლას?! - შაჰის შვილი და სამი ოპოზიციონერი, რომელთაც შესაძლოა, ახალი ირანი ჩაიბარონ - კვირის პალიტრა

ვინ დაამხობს აიათოლას?! - შაჰის შვილი და სამი ოპოზიციონერი, რომლებმაც, შესაძლოა, ახალი ირანი ჩაიბარონ

ბრიტანული გაზეთის - „გარდიანის“ (The Guardian) 20 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით: „ქვეყნის შიგნიდან აფეთქება, კოლაფსი თუ გარდამავალი პერიოდი: როგორ შეიძლება ხელისუფლების შეცვლა ირანში?“ (ავტორი - პატრის ვინტური). პუბლიკაციაში გაანალიზებულია ირანის ხელისუფლების სავარაუდო შეცვლის გზები და განხილულია ქვეყნის ხელმძღვანელთა სხვადასხვა კანდიდატი.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

კანადაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს განსაკუთრებით გამოიკვეთა უთანხმოება ირანში რეჟიმის ცვლილების საკითხის მიმართ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „შვიდეულის“ წევრებს სიფრთხილისაკენ მოუწოდა, როცა საკითხი მთავრობის დამხობას ეხება: „ჩვენ აზრზე არ ვართ, რა მოჰყვება ამას და რა იქნება შემდეგ“. მან აღნიშნა, რომ ირანის მთავრობის სავარაუდო შექმნისათვის დრო არ აქვს და, საერთოდ, თავიანთი მთავრობა ირანელებმა თვითონვე უნდა შექმნან.

„ირანის რეჟიმის შეცვლა სამხედრო საშუალებებით დღეს ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა, რაც ქვეყანას ქაოსში ჩაძირავს. ვინმეს მიაჩნია, რომ 2003 წელს ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა კარგი იდეა იყო? ვინმეს მიაჩნია, რომ ის, რაც ლიბიაში გაკეთდა - მუამარ კადაფის დამხობა - კარგი იდეა იყო? რეჟიმის შეცვლა გეგმის გარეშე - სტრატეგიული შეცდომა იქნება“, - ხაზი გაუსვა ემანუელ მაკრონმა.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა კი პირიქით, განაცხადა, რომ „ირანის რეჟიმი ტერორისტულია და კარგი იქნება, რომ ის ახლავე დაემხოს“. მართალია, კანცლერმა აღიარა, რომ რეჟიმის ცვლილებას ყოველთვის არ მოაქვს სასურველი შედეგები, მაგრამ არსებობს დადებითი პრეცედენტიც, მაგალითად, სირიაში, სადაც ბაშარ ასადის რეჟიმის კრახის შემდეგ ახალი ხელისუფლება ქვეყანაში სტაბილურობის დამყარებას ცდილობს. ამასთან, ფრიდრიხ მერცს არაფერი უთქვამს იმაზე, რომ სირიაში მთავრობის ცვლილებას წინ 9-წლიანი სამოქალაქო ომი უძღვოდა და რომ ხელისუფლების ამგვარ შეცვლას ძალიან ძნელი იქნება, დემოკრატიული გადასვლა ვუწოდოთ.

ხშირად, როცა ავტორიტარული ხელისუფლების დამხობის შემდეგ არენაზე გამოდიან უპროგნოზო პოლიტიკური ძალები, ქვეყანაში არასტაბილური სიტუაცია ყალიბდება და უკონტროლო პროცესები იწყება. დიახ, თავის დროზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ჰქონდა გეგმები ერაყის ომისშემდგომი მოწყობის საკითხში (სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ, „მომდევნო დღისათვის“), მაგრამ, საბოლოო ჯამში, თვით აშშ-მაც კი ვერ აიცილა თავიდან დესტაბილიზაციური პროცესები.

ასევე დაგაინტერესებთ: აიათოლას "საიდუმლო" იარაღი?! - რას წარმოადგენს რაკეტა Sejil, რომელსაც ისრაელისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია

სადამ ჰუსეინი სარდაფიდან ამოათრიეს, ალი ხამენეის ბუნკერიდან თავისით ამოსვლას და კაპიტულაციას სთავაზობენ - გაიზიარებს თუ არა სადამის ტრაგიკულ ბედს აიათოლა?!

მიწისძვრა, რომელმაც მსოფლიო შეაშფოთა - რა აფეთქდა საქართველოს საზღვრიდან 950 კილომეტრში?!

ირანის შემთხვევა კი უფრო უარესია - ირანში მრავალი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, ირანი თეოკრატიული სახელმწიფოა, ენერგეტიკული რესურსებით მდიდარი, რომლის შემოსავლების გადანაწილება კონფლიქტს გამოიწვევს. დასავლეთს ბოლო დროს ირანის რეჟიმის დამხობა საერთოდ დაგეგმილი არ ჰქონია. არ არის გამორიცხული, რომ ქვეყნის ბალკანიზაცია რეალურად მოხდეს. მართალია, ირანი ხელოვნურად შეკოწიწებულ სახელმწიფოს არ წარმოადგენს, ის საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, ამჟამინდელ საზღვრებით, მაგრამ საყურადღებოა, რომ ქვეყნის ძირითადი მოსახლეობა - სპარსელები მხოლოდ 50%-ს შეადგენენ, დანარჩენი კი - სხვა ხალხია: დაახლოებით, 25% - აზერბაიჯანელები, უფრო ნაკლები - თურქები, ქურთები, ბელუჯები, არაბები, ასირიელები, სომხები, ებრაელები... ანუ როგორც კი ცენტრალური ხელისუფლება დაემხობა, თავს იჩენს სეპარატიზმი.

როგორც კი ეთნიკური სეპარატიზმის აფეთქდება, ბაქოს რეჟიმი აზერბაიჯანში და ბევრი ქურთული სამხედრო მოძრაობა თავის უფლებებს გამოაცხადებს, რომელიმე ანკლავის სახით, ირანის ტერიტორიაზე. ისრაელის გაზეთმა Jerusalem Post-მა ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, რომ რადგან ირანის რეფორმირება შეუძლებელი იქნება, მაშინ უმჯობესია, ქვეყნის ფედერალიზება მოხდესო.

ირანში ორგანიზებული ოპოზიცია არ არსებობს, პოლიტიკური პარტიები აკრძალულია, ყველა, მეტ-ნაკლებად ცნობილი ოპოზიციონერი და რეჟიმის მოწინააღმდეგე საპყრობილეშია - ზოგი უშუალოდ საკანში, ზოგიც, იშვიათად - შინაპატიმრობაში. ყოველგვარი დისიდენტობა და სხვაგვარად აზროვნება მკაცრად იდევნება.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნები განადგურდნენ, მაგრამ აიათოლების ხელისუფლებას მაინც აქვს თავდაცვის პოტენციალი. მათგან ყველაზე საშიშია უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ჰამენეი. მისი ლიკვიდაცია შეიძლება ქუჩის საპროტესტო გამოსვლებით ან არმიის დახმარებით. შესაძლოა, გუშაგთა კორპუსში მოიძებნონ საშუალო და უმცროსი დონის უკმაყოფილო ოფიცრები, რომლებიც რეჟიმით უკმაყოფილონი არიან და რომლებიც შეძლებენ გადატრიალების მოწყობას. ამით თავიდან აცილებული იქნება ახალი რევოლუცია და დამყარდება შედარებით ლიბერალური საერო ხელისუფლება.

ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ირანის თეოკრატიული მთავრობის დამხობას ელოდება, რეზა ფეჰლევია - ირანის აწ გარდაცვლილი ბოლო შაჰის - მოჰამედ რეზა ფეჰლევის ვაჟი. იგი 1979 წლიდან დევნილობაში ცხოვრობს. სხვათა შორის, დღეს მონარქისტულ პერიოდს ბევრი ირანელი, განსაკუთრებით - უფროსი თაობა, „ვარდისფერი სათვალით“ იხსენებს - სასმელ-საჭმელი იყო, ქალებს თავისუფლება ჰქონდათ, ქვეყანა ჩაკეტილი და იზოლირებული არ იყო და ა.შ.

რეზა ფეჰლევი ამჟამად აშშ-ის ტელეარხებით გამოდის და აცხადებს, რომ აიათოლების რეჟიმი კრახის პირასაა და დასავლეთს საკუთარ თავს დემოკრატიისაკენ გადასვლის გარდამავალ ეპოქაში ქვეყნის ხელმძღვანელად სთავაზობს. „ირანელი ხალხი ხედავს, რომ მათი უმაღლესი ლიდერი მხდალია და ბუნკერში ვირთხასავით იმალება. მაღალჩინოსნები ირანიდან უკვე გარბიან. მე მაქვს ირანის სამომავლო მმართველობისა და მისი აღდგენის გეგმა“, - აცხადებს შაჰის ვაჟი.

მაგრამ არის ეჭვები, რომ მას არ ესმის ირანის საზოგადოების დღევანდელი ინტერესები, არ იცნობს ქვეყნის შიდამდგომარეობას, რადგან ირანიდან მამამისის გაქცევის დროს იგი მხოლოდ 17 წლის იყო. ყველამ იცის, რომ რეზა ფეჰლევი ახლოს არის ისრაელის მთავრობასთან და ეს გარემოება მისთვის ერთგვარ ლაქას წარმოადგენს. ირანელებში ნეგატიურ ემოციებს იწვევს მისი საზეიმო [პროისრაელური] განცხადებები იმ დროს, როცა ისრაელი მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს და ხოცავს.

ხმები გავრცელდა, რომ, თითქოსდა, საგანგებო მთავრობის ჩამოყალიბება იგეგმება და, თითქოსდა, ამ საკითხის ორგანიზატორები არიან ირანის ორი ყოფილი ლიდერი - ექსპრეზიდენტი ჰასან რუჰანი (2013-2021 წლებში) და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ჯავად ზარიფი. მათ ტანდემს შეიძლება შეუერთდეს ალი ლარიჯანი - პარლამენტის ყოფილი სპიკერი.

ზოგიერთები თვლიან, რომ სამომავლო პოლიტიკურ ფიგურებად შეიძლება დასახელდნენ 2011 წლიდან ამჟამადაც შინაპატიმრობაში მყოფი - მირ ჰუსეინ მოსავი (ირანის ექსპრემიერ-მინისტრი 1981-1989 წლებში) და მისი ცოლი ზაჰრა რაჰნავარდი. ცოლ-ქმარი ისრაელის ლიდერს ბენიამინ ნეთანიაჰუს დამნაშავედ და აგრესორად თვლის, რომელიც „უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლს“, მაგრამ, იმავდროულად, აკრიტიკებენ ირანის დღევანდელ ხელისუფლებას. საყურადღებო ფიგურას წარმოადგენს, აგრეთვე, თეირანის ემინის საპყრობილეში მყოფი მუსტაფა ტაჯზადე, ირანის შინაგან საქმეთა ექსმინისტრი და პრეზიდენტ სეიდ მუჰამედ ჰათამის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი (1997-2005 წლებში), რომელიც დაპატიმრებამდე ხშირად აკრიტიკებდა აიათოლა ალი ჰამენეის: „იგი თვალს ხუჭავს ქვეყნის კატასტროფულ მდგომარეობაზე“. ციხიდან გამოგზავნილ წერილში მუსტაფა ტაჯზადე წერს: „მე ვიცი, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი ისრაელის დაბომბვებს მხარს უჭერს იმ იმედით, რომ როგორმე კლერიკალური მმართველობა დაემხოს. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასე მოხდება, ირანისაგან ნანგრევები დარჩება, გაბატონდება უკანონობა და ქაოსი, არ არის გამორიცხული ქვეყნის დაშლა-დანაწილებაც“.

ირანის მასწავლებელთა პროფკავშირული ასოციაციის საკოორდინაციო საბჭო ალტერნატიული ხელისუფლების კიდევ ერთ პოტენციურ წყაროს წარმოადგენს. მისი განცხადებით, „ჩვენ უარვყოფთ ყოველგვარ პოლიტიკას, რომელიც ომის გაჩაღებისაკენ არის მიმართული - ვინც გინდა ატარებდეს მას, ირანის მთავრობა იქნება ეს თუ ისრაელის მთავრობა. ომი სიკეთის მთესველი და მომავლის მშენებლობის საშუალება კი არ არის, არამედ - უბედურების მომტანია“.

ომის წინააღმდეგ განცხადებები ემინის საპყრობილეში ჩამწყვდეული ქალი ტუსაღების მხრიდანაც ისმის: ნარგეს მოჰამადი, 2022 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, დასავლეთსაც აკრიტიკებს და ირანის რეჟიმსაც: „ომი არავისთვის სასურველი არ არის. ომის გამჩაღებლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ სინდისზე იქნება უამრავი ადამიანის სიკვდილი, ათასობით ირანელი მოქალაქის უსახლკაროდ დარჩენა... მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დემოკრატია, ადამიანის უფლებები და თავისუფლება ომისა და ძალადობის გზით ვერ იქნება მიღწეული“.

მოკლედ, ირანელ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. საბოლოოდ, როცა რეპრესიული სტრუქტურები დასუსტდებიან, ქვეყნის სამომავლო არჩევანი თვითონ ირანელებზე იქნება დამოკიდებული. ვიმეორებთ: ბევრ ირანელს თავიანთი რეპრესიული რეჟიმი სძულს, მაგრამ ასევე სძულთ ისრაელიც და მას ქვეყნის ნგრევაში ადანაშაულებენ. ბევრ ირანელს თავისი მთავრობის მოქმედების მწარე გამოცდილება აქვს, მაგრამ მათ ასევე იციან, თუ რა გაუკეთა ღაზას მოსახლეობას ისრაელმა. ირანელებს არ სურთ, რომ თეირანიც იმავე დღეში აღმოჩნდეს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო