დაუჯერებელი ისტორია: აიათოლას სადამ ჰუსეინის ცოდვებმა უწია?! - გვემუქრება თუ არა ირანული "ჩერნობილი" - კვირის პალიტრა

დაუჯერებელი ისტორია: აიათოლას სადამ ჰუსეინის ცოდვებმა უწია?! - გვემუქრება თუ არა ირანული "ჩერნობილი"

ისრაელმა ირანულ ბირთვულ რეაქტორს დაარტყა, თუმცა... დაუჯერებელი ისტორიები - მსოფლიოში პირველად ატომური ელექტროსადგური... ირანელებს დაუბომბავთ...

19 ივნისს ისრაელის ავიაციამ მართვადი საავიაციო ბომბებით იერიში მიიტანა ირანის ბირთვულ რეაქტორზე - გავრცელებულ ვიდეოკადრებში (რომლებსაც ისრაელის სადაზვერვო დრონი იღებდა) კარგად ჩანს, თუ როგორც ეცემა ერთ-ერთი ბომბი ქალაქ არაქის სიახლოვეს მდებარე ბირთვული კომპლექსის კონტეიმენტს (ბირთვული რეაქტორის დამცავ გუმბათს) და არღვევს მას, რომლის ქვეშაც მძიმე წყალზე მომუშავე ბირთვული რეაქტორია განთავსებული, რომელსაც საიარაღო პლუტონიუმის გამომუშავება შეუძლია...

თუ რა მოჰყვა ამას, სტატიის ბოლოს დავწერთ, მანამდე კი მკითხველში დაძაბულობას შევინარჩუნებთ...

იცით, ვინ შეუტია პირველად „მშვიდობიან ატომს“ და მსოფლიოს ისტორიაში პირველმა ვინ დაბომბა ატომური ელექტროსადგური?

ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ეს სწორედ... ირანელები გახლდნენ!

1-bir-1750406059.png
ირანში, არაქის ბირთვული კომპლექსი, რომელიც 19 ივნისს ისრაელის ავიაციამ წერტილოვნად დაბომბა...

1980 წლის 30 სექტემბერს ანუ რვა დღის შემდეგ, რაც სადამ ჰუსეინის ერაყი თავს დაესხა მეზობელ ირანს (და დაიწყო რვაწლიანი ერაყ-ირანის ფართომასშტაბიანი ომი), ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების ორმა F-4 „ფანტომის“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენმა დაბალი სიმაღლიდან შეუტია ერაყის პირველ და ერთადერთ ატომურ რეაქტორს - Osirak-ს, რომელსაც ფრანგი სპეციალისტები აშენებდნენ...

ირანული „ფანტომებიდან“ ჩამოყრილი ბომბებიდან ორი უშუალოდ რეაქტორის დამცავ გუმბათს კი მოხვდა, მაგრამ... გუმბათმა ისინი აისხლიტა(!), თუმცა სხვა ბომბების აფეთქებებმა დააზიანეს რეაქტორის წყლით გაცივების სისტემა და თხევადი რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავებისა და შენახვის შენობა.

ეს სწორედ ის ერაყული ატომური რეაქტორია, რომელზეც ერთი წლის შემდეგ,1981 წლის 7 ივნისს უკვე ისრაელის F-16A-ებმა მიიტანეს საჰაერო იერიში - 16 ჩამოგდებული 908 კგ-იანი უმართავი ბომბიდან 14 მათგანი რეაქტორის კომპლექსს მოხვდა და 12 აფეთქდა, რითაც საბოლოოდ დაასამარა სადამ ჰუსეინის ბირთვული გეგმები...

2-bir2-1750414705.png
ისრაელის მართვადმა ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბმა გაარღვია კონტეიმენტი (ბირთვული რეაქტორის დამცავი გუმბათი), მაგრამ საბედნიეროდ, მის შიგნით მომუშავე ბირთვული რეაქტორი არ „დახვდა“...

ისე არ ჩათვალოთ, რომ ერაყელები ხელფეხდაკრეფილნი ისხდნენ და მშვიდად შეჰყურებდნენ, თუ როგორ უბომბავდნენ ატომურ რეაქტორს ჯერ ირანელები და მერე - ისრაელი, სადამ ჰუსეინის ბრძანებით - ერაყ-ირანის ომის დროს ერაყის ავიაციამ ცხრაჯერ(!) დაბომბა ირანის მშენებარე ატომური ელექტროსადგური ქალაქ ბუშერთან, რომელიც სპარსეთის ყურის სანაპიროზე მდებარეობს...

ისრაელ-ირანის ახლანდელი ომის დაწყებამდე ბირთვულ რეაქტორზე ბოლო შეტევა 2007 წლის 6 სექტემბერს განხორციელდა, როდესაც ისრაელის ავიაციამ საჰაერო თავდასხმა განახორციელა სირიის დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში მდებარე ბირთვულ ობიექტზე, თუმცა თელ-ავივს დღემდე ოფიციალურად არ უღიარებია არც ერაყისა და არც სირიის ბირთვულ რეაქტორებზე საჰაერო შეტევების განხორციელება.

როგორც თავად ხედავთ, ბირთვული რეაქტორების დაბომბვა არც თუ უცხო ხილის ყოფილა, მაგრამ მაშინ რატომ არ მოხდა ისეთივე ბირთვული კატასტროფები, როგორიც 1986 წლის 26 აპრილს საბჭოთა ჩერნობილის ატომურ ელქტროსადგურში ან კიდევ 2011 წლის 11 მარტს იაპონიის ფუკუსიმაში?

სრულიად უბრალო ტექნიკური მიზეზის გამო - არც ერაყის, არც ირანისა და არც სირიის ატომური რეაქტორები მათი დაბომბვის მომენტში ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებდნენ, მშენებლობის ეტაპზე იყვნენ და, შესაბამისად, მათში არ იყო ჩატვირთული ბირთვული საწვავი, 3-5%-მდე გამდიდრებული ურან-235...

3-bir1-1750415130.png
ადგილი, სადაც IR-40 ტიპის 40 მეგავატის სიმძლავრის კვლევით ბირთვულ რეაქტორს უნდა ემუშავა. ის საწვავად ჩვეულებრივ ურანს (გამდიდრების გარეშე) გამოიყენებდა, ხოლო რეაქციის შემნელებლის როლი მძიმე წყალს უნდა შეესრულებინა, სამაგიეროდ ეს რეაქტორი წელიწადში 9-10 კგ პლუტონიუმ-239-ს გამოიმუშავებდა, რაც საკმარისი იქნებოდა ერთი-ორი ბირთვული ქობინის დასამზადებლად (90 %-ზე მეტად გამდიდრებული ურან-235-ის 30-40 კგ-ია საჭირო ერთი ბირთვული ქობინის შესაქმნელად)

ბირთვული რეაქტორები მას შემდეგ ხდებიან ძალიან რადიოაქტიურები, როდესაც ბირთვული საწვავის გააქტიურება იწყება და რეაქტორი სამუშაო რეჟიმში გადადის-სითბური ენერგია ელექტროენერგიაში გარდაისახება - რაც უფრო დიდხანს მუშაობს ატომური ელექტროსადგური, მით უფრო საშიში გახდება მისი დაბომბვა, რადგან დაგროვებულია მაღალრადიოაქტიური საწვავის ნარჩენები...

ასე რომ, საბედნიეროდ, ირანის ქალაქ არაქის (რომელიც საქართველოს აღმოსავლეთ საზღვრიდან, დედოფლისწყაროდან ათასი კმ-ითაა დაშორებული) სიახლოვეს მდებარე ბირთვული რეაქტორის დამცავი გუმბათის გუშინ ისრაელის მართვადი ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბით გარღვევის მიუხედავად, დიდი ხიფათი არ არსებობდა, რადგან ირანმა ვერ მოასწრო მისი ამუშავება!

ასევე დაგაინტერესებთ: აიათოლას "საიდუმლო" იარაღი?! - რას წარმოადგენს რაკეტა Sejil, რომელსაც ისრაელისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია

მიწისძვრა, რომელმაც მსოფლიო შეაშფოთა - რა აფეთქდა საქართველოს საზღვრიდან 950 კილომეტრში?!

გველის თუ არა დიდი კატასტროფა, რომელიც საქართველოსაც დაემუქრება?! - ისრაელმა მაინც დაარტყა, ირანი პასუხობს

არადა, ეს ბირთვული რეაქტორი - IR-40 მძიმე წყალზე მუშაობს და წელიწადში 9 კგ-მდე საიარაღო პლუტონიუმის გამომუშავება შეუძლია და ის რომ მუშა მდგომარეობაში ყოფილიყო, დაბომბვის შედეგი ძალზე სავალალო იქნებოდა...

4-bir1-1750414994.jpg
99,996 %-მდე გამდიდრებული პლუტონიუმ-239-ი, რომელიც ბირთვული ქობინების დასამზადებლად გამოიყენება...

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ავიაცია მეშვიდე დღეა, ინტენსიურად ბომბავს ირანის ბირთვულ ობიექტებს (რამდენად ეფექტიანად, უკვე ეჭვს იწვევს, რადგან ფორდოს ბირთვული ობიექტი მთის ქვეშ არანაკლებ 90 მ-ის სიღრმეში მდებარეობს და მას ისრაელის განკარგულებაში არსებული ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბები ბევრს ვერაფერს დააკლებენ), დიდი რადიოაქტიური კატასტროფის საფრთხე ნაკლებადაა, რადგან გამდიდრებული ურან-235 ელემენტებთან ჩვეულებრივი აფეთქება ვერ გამოიწვევს ბირთვული ჯაჭვური რეაქციის დაწყებას - მაქსიმალური რაც შეიძლება მოხდეს, ურან-235-ის ნაწილაკები გაიფანტონ ჰაერში...

სამაგიეროდ, ნამდვილი ბირთვული კატასტროფა მოხდება მაშინ, თუკი ისრაელი გაბედავს და დაარტყამს ირანის ბუშერის მოქმედ ატომურ ელექტროსადგურს, რომლის ერთი, ათასი მეგავატი სიმძლავრის ბირთვული რეაქტორი 12 წელია, მუშაობს და დაგროვებულია მაღალრადიოაქტიური ნარჩენები...

თუმცა ეს ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ბუშერის ატომური ელექტროსადგურზე რუსული წარმოების ბირთვული რეაქტორია დამონტაჟებული და მას რუსი სპეციალისტები ემსახურებიან და ამ ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა, ირანის გარდა, რუსეთზე იერიშის მიტანის ტოლფასად შეფასდება კრემლში, ნეთანიაჰუს კი პუტინთან დაპირისპირება არანაირად არ სურს...