"დოშირაკის" სკანდალი აფხაზეთში - აფხაზებს ღარიბი რუსი ტურისტები არ მოსწონთ, რუსები კი აფხაზებს დასცინიან - კვირის პალიტრა

"დოშირაკის" სკანდალი აფხაზეთში - აფხაზებს ღარიბი რუსი ტურისტები არ მოსწონთ, რუსები კი აფხაზებს დასცინიან

ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში გადავიდა და დაიწყო­ აფხაზების რუსი ტურისტებით უკმაყოფილება, რუსებისა კი აფხაზების სიზარმაცესა თუ უმადურობაზე გამოხმაურებების მთელი სერია. ამჯერად უკმაყოფილების ეს ახალი ტალღა "დოშირაკის" სკანდალმა გამოიწვია. ივლისის მიწურულს სოხუმში ტურიზმის­ პრობლემებისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ შეკრებაზე აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აფხაზეთს არ სჭირდება ღარიბი ტურისტი, რომელიც ყიდულობს "დოშირაკს" (სწრაფი მომზადების იაფ სუპს) და ქუჩაში­ ფულს არ ხარჯავს. ეს განცხადება სოცქსელებში ვირუსულად გავრცელდა. აღშფოთებული რუსების დასაშოშმინებლად განცხადების ავტორი თანამდებობიდან გაუშვეს, ხოლო განცხადების გავრცელებისთვის აფხაზი ჟურნალისტები დასავლეთის აგენტობასა და ქვეყნის წინააღმდეგ განზრახ აგორებულ მავნებლობაში დაადანაშაულეს.

"ის ტურისტი, რომელიც ჩამოდის 300 რუბლით, გარწმუნებთ, არაფერს იყიდის. ის სასტუმროში რიგში ჩადგება, რომ ერთი ჭიქა წყალი ან წვენი მისცენ, მაგრამ ქუჩაში არაფერს იყიდის. ისინი ჩამოდიან და "დოშირაკს" ყიდულობენ, მაპატიეთ, მაგრამ ჩვენ გვინდა ისინი ყიდულო­ბდნენ სუვენირებს, ჩვენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას და ა.შ. ჩემი აზრით, ჩვენ ასეთი ტურისტი არ გვჭირდება", - განაცხადა დე ფაქტო ტურიზმის სამინისტროს ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კრისტინა ლაკერბაიამ.

ჩინოვნიკის ამ განცხადების ვიდეოჩანა­წერი ოპოზიციურმა არხმა "აბაზა ტვ"-მ გაავრცელა, შემდეგ კი ის მთელ ინტერნეტს მოედო და 2 კვირაზე მეტია უკვე დიდი განხილვის საგანია.

სკანდალის აგორების შემდეგ დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ კაბინეტში დაიბარა "ტურიზმის მინისტრი" და იმავე დღეს განცხადების ავტორი კრისტინა ლაკერბაია თანამდებობიდან გაუშვეს. "დოშირაკზე" განცხადებას შეეწირა "მინისტრის" ერთი მოადგილე, ასტამურ ბარციციც, რომელიც შეკრებას ესწრებოდა და ლაკერბაიას პოზიციას იზიარებდა.

ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუს ტურისტებს მოუბოდიშა, განაცხადა, რომ სტუმრებზე ასეთი ლაპარაკი მიუღებელია: "მე, ისევე, როგორც აფხაზეთის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, აღშფოთებული ვარ სამინისტროს თანა­მშრომლის ამ განცხადებით. მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა ვუპასუხო სიტუა­ციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტს ლახავს... სტუმართმოყვარეობა არის ის, რაც საუკუნეების განმავლობაში გამოარჩევდა ჩვენს ხალხს, აფხაზეთში სტუმრები არ იყოფიან მათი სიმდიდრის დონის მიხედვით".

"დოშირაკზე" ნათქვამი განცხადების შემდეგ ინტერნეტი უარყოფითი შეფასე­ბებით გაივსო. როგორც რუსული მედია­ წერს, ლაკერბაიას განცხადებამ რუსები­ აღაშფოთა, რომ აფხაზეთში პრობლემაა­ მომსახურების ხარისხი, მოძველებული ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის ნაწილი­ კეთილგანწყობილი არ არის რუსი ტურის­ტების მიმართ და იქ კვებაც არ არის უსაფრთხო.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატო­რმა ოლგა ეპიფანოვამ "გაზეტა. რუ"-სთან ინტერვიუში განაცხადა,­ რომ რუსები ხშირად ჭამენ "დოშირაკს" შვებულე­ბაში ინფექციების თავიდან ასაცილებლად,­ რადგან "სასადილოებსა და კაფეებში ნაწლავური ინფექციის მუდმივი რისკია".

როგორც რუსი ტურისტები სოცქსელებში წერენ, აფხაზეთში მხოლოდ ბუნებაა კარგი, მომსახურება უვარგისია, ამიტო­მაც მდიდარი ტურისტი იქ არ ჩავა: "ყველგან იტყუებიან - საზღვარზე, გზებზე, კაფეებში, ყველა ცდილობს მეტი ფული წაგართვას"; "აფხაზები ზარმაცები­ არიან, ინფრასტრუქტურისა და მომსახურების განვითარება არ უნდათ, მხოლოდ რუსული ფული უნდათ"; "კარგად დაფიქრდით, სანამ იქ დასასვენებლად წახვალთ.­ მერწმუნეთ, მათ ტურისტები არ უყვართ. როგორ გვიყურებენ, აგერ სახეშიც მოგვახალეს ეს"; "აქ ვერსად გაერთობი, კლუბები არა აქვთ, ღამით­ გარეთ დალევას შეიძლება პრობლე­მები მოჰყვეს"... აფხაზებს ასევე წამოაძახეს, რომ მათ "რუსეთი ინახავს" - "გაუთიშეთ აფხაზეთს ელექტროენერგია", "შეუწყვიტეთ­ დაფინანსება ამ უმადურებს". "ტიკ-ტოკზე" აქვეყნებენ მიმებსა­ და გაშარჟებულ ვიდეოებს "დოშირაკითა" და 300 რუბლით და ქილიკობენ, აფხაზეთში წასასვლელად ვემზადებითო.

აფხაზურმა ოპოზიციურმა მედიამ გათა­ვისუფლებული "ჩინოვნიკების" მხარე­ დაიჭირა. "ნუჟნაია გაზეტას" რედაქტორი იზიდა ჭანია წერს, რომ ის ხალხი დასაჯეს და გაუშვეს სამსახურიდან, ვინც ეროვნული ტურიზმის ინდუსტრიისა და აფხაზი მეწარმეების დაცვას ცდილობდა მსხვილი სასტუმროების მფლობელი რუსი ბიზნესმენების დემპინგური ფასების გამო.

როგორც ოპოზიციური მედია იუწყება,­ აფხაზეთის კურატორმა სერგეი კირიენკომ ბადრა გუნბას ჩინოვნიკების გათავისუფლება სწორედ იმიტომ მოითხოვა, რომ "აფხაზმა ჩინოვნიკმა" დემპინგის პრობლემებზე საუბარი გაბედა. "როგორც ჩანს, აფხაზეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ახლა უკვე კურატორის დავალებებით გადაწყდება", - წერს ტელეარხი "რესპუბლიკა".

წაიკითხე ვრცლად