უცხოელი არალეგალები საქართველოში: ქმნიან თუ არა ისინი საფრთხეს და რატომ გახდა მათთვის მიმზიდველი ჩვენი ქვეყანა - სოსო არჩვაძის ანალიზი
პარლამენტმა მხარი დაუჭირა "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებას, რომლის თანახმადაც, არალეგალური მიგრაციის გამოვლენის მიზნით უცხოელის საცხოვრებელი, სამუშაო ადგილი, ან სხვა კერძო საკუთრება შემოწმდება. შესაბამის ბრძანებას საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შსს-ს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს. იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს გადაუდებელი აუცილებლობა და დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურება/გადამალვა, შსს-ს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია დაიწყოს საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს. როგორც ცვლილების ავტორები მიიჩნევენ, პროექტის მომზადების მიზანია საქართველოში უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა და მისი პრევენცია.
ცნობისათვის: 2025 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნის გამო უცხო ქვეყნის 525 მოქალაქე იქნა გაძევებული, რაც 280%-ით აჭარბებს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
რა საფრთხეები ახლავს არალეგალურ მიგრაციას, რამდენად ფართომასშტაბიანი შეიძლება გახდეს და რა გამოწვევების წინაშე გვაყენებს, ამ კითხვებზე ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე უპასუხებს:
- როგორც ეკონომისტს, ეკონომიკის კუთხით მომიწევს აქცენტების გაკეთება, თუმცა ყოველგვარი ეკონომიკური ქმედება-აქტიურობა ითხოვს სამართლებრივ ჩარჩოს და რეგულირებას, რომლის გარეშეც არც პროგრესი იქნება და არც საზოგადოებრივი განვითარების პოტენციალის გამოვლინება. ფაქტია, არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში მიგრანტთა რაოდენობის ზრდა წინ უსწრებს მოსახლეობის ზრდას, რაც სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება: უპირველესად იმდენად სწრაფად ვითარდება სატრანსპორტო-საკომუნიკაციო საშუალებები, რომ ადამიანებს საშუალება აქვთ, დროის შედარებით შემჭიდროებულ ვადებში გადაადგილდნენ. ამის გარდა, როდესაც ტელესაკომუნიკაციო საშუალებებით ხდება საკუთარი მდგომარეობის შედარება უფრო მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან, ადამიანს ექმნება მოტივაცია და უჩნდება უკმარისობის განცდა, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა აღარ არის დამაკმაყოფილებელი და ცდილობს გაცილებით უკეთეს გარემოში მოხვდეს, სადაც დროის ერთეულში მიღებული შემოსავალი უზრუნველყოფს რაც შეიძლება მეტი მიმდინარე და კაპიტალური მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
დღეს შრომითი მიგრანტების რაოდენობა უკვე ასეულ მილიონს აღემატება, მსოფლიოში რეგისტრირებულ მიგრანტთა რაოდენობა დაახლოებით ინდონეზიის მოსახლეობის დონეზეა, ხოლო მათ მიერ სამშობლოში განხორციელებული ტრანზაქციები დაახლოებით 900 მილიარდ დოლარამდეა. ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ეს რიცხვი შეიძლება 3-დან 4 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდოს. ადამიანები ცდილობენ მოხვდნენ შედარებით მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, სადაც საკუთარი ცოდნით, ენერგიით, რისკისა და ჯანმრთელობის ფასად შეძლებენ მეტი დოვლათის შექმნას, მეტი სახსრების გამომუშავებას. გლობალური ეკონომიკის ზრდასთან ერთად, იზრდება მოსახლეობის კეთილდღეობა და მიუხედავად იმისა, რომ შრომითი მიგრანტების ანაზღაურება ჩამორჩება მიმღები ქვეყნის მოსახლეობის შრომის ანაზღაურებას, მიგრაცია მაინც მზარდია.
- რა საფრთხეები ახლავს არალეგალურ მიგრაციას, რამდენად ფართომასშტაბიანი შეიძლება გახდეს ის საქართველოში და რა გამოწვევების წინაშე გვაყენებს?
- უკანონო მიგრაციას აქვს 2 მთავარი გამოწვევა: 1. წმინდა ეკონომიკური და 2. სამართლებრივი. ეკონომიკური მდგომარეობს იმაში, რომ კონკურენციას ქმნიან ქვეყნის შიდა შრომის ბაზარზე, არიან დოვლათის მომხმარებლები, მათ შორის საზოგადოებრივი სიკეთეებისა, რომლებიც პირველ რიგში გათვლილია საქართველოს მოქალაქეებზე, და მათი განუსაზღვრელი რაოდენობით შემოსვლა დისკომფორტს ქმნის ქვეყანაში.
ისინი კონკურენციაში შედიან ადგილობრივ სამუშაო ძალასთან და, ფაქტობრივად, დაბალ ანაზღაურებაზე დათანხმების გამო ხდება ჩვენი მოქალაქეების ჩანაცვლება, რაც ზრდის ჩვენი მოქალაქეების უმუშევრობის დონეს. სხვათა შორის, ვერ ვიტყვი, რომ ეს ერთადერთი მიზეზია, მაგრამ პირველ კვარტალში ჩვენ გვქონდა საკმაო ეკონომიკური ზრდა, გვქონდა უმუშევრობის დონის მატებაც. კონკრეტულ მიზეზებს თუ არ გავითვალისწინებთ, ეს ანომალიაა. ჩვენ უმუშევრობის დონის შესწავლას ვახდენთ საქართველოში შინამეურნეობების მიხედვით, ხოლო ეკონომიკური დოვლათის შექმნაში აგრეთვე მონაწილეობენ არალეგალი მიგრანტები. არ ვამბობ, რომ ეს ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორია, მაგრამ
ის, რომ საქართველოში მათი მონაწილეობით იქმნება მატერიალური დოვლათი, ეს დოვლათი აისახება მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში, მთლიანი შიდაპროდუქტის ზრდაში, ეს ფაქტია, მაგრამ იმავდროულად, ართმევს ადგილს ქვეყნის მოქალაქეებს და ეს სერიოზული გამოწვევაა. რაც შეეხება სამართლებრივ გამოწვევას, მათი საქართველოში ყოფნის ლეგალიზაცია გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული - მაგალითად, იმასთან, რომ შეიძლება ისინი მონაწილეობდნენ ორგანიზებულ დანაშაულებში, ტრანსნაციონალური არხებისა და აკრძალული ნივთიერებების ბრუნვაში, რამაც შეიძლება დამატებითი საფრთხე შეუქმნას ქვეყანას როგორც სახელმწიფოებრივ დონეზე, რეპუტაციული თვალსაზრისით, ისე ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც კი. ამიტომაც ეს შესაბამისი ორგანოების სპეციალური შესწავლისა და ყურადღების საგანი უნდა იყოს.
- დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში რამდენი არალეგალი მიგრანტია? შრომის ინსპექციის მონაცემებით, დარეგისტრირებულ მიგრანტთა რიცხვი 38 117-ს შეადგენს.
- მათი რიცხვის განსაზღვრა ყინულზე ან წყლის ზედაპირზე ფიგურების ხატვას ნიშნავს. ეს უმადური საქმეა, იმიტომ, რომ თვით შსს-შიც არა აქვთ ზუსტი რიცხვი. ფაქტობრივად, საუბარი შეიძლება იყოს რამდენიმე ათეულ ათას არალეგალურ მიგრანტზე.
მიმდინარე სტატისტიკას რომ დავეყრდნოთ, ის გვაძლევს ინფორმაციას, რომ 2014 წლის შემდგომ პერიოდში (თვალსაჩინოებისთვის მოსახლეობის ორ აღწერას შორის პერიოდი გამოდგება) საქართველოში საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 263 700 კაცით შემცირდა, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობა 230 450 კაცით გაიზარდა. ამ სხვა ქვეყნის მოქალაქეებში შეიძლება იყვნენ ეთნიკური ქართველებიც, რომლებსაც ჰქონდათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და მიზეზთა გამო დაბრუნდნენ ისტორიულ სამშობლოში, მაგრამ ფაქტი მაინც დამაფიქრებელი და დრამატულია. 2014 წლის შემდეგ, 2024 წლის ჩათვლით, რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა საქართველოში დაახლოებით 97 ათასით (წლევანდელი წლის მონაცემები ჯერ არ გვაქვს) გაიზარდა, იმავე პერიოდში უკრაინის მოქალაქეთა რაოდენობა საქართველოში 27 200 კაცით გაიზარდა, თურქეთის მოქალაქეებისა -–14 200-ით, ინდოეთის–- 13 300-ით, ირანის - 3 900-ით და ა.შ.
- მაინც რა განაპირობებს უცხოელთა დაინტერესებას და შემოსვლას საქართველოში?
- საქართველოში შემოდიან იმ ქვეყნებიდან, სადაც ჩვენთან შედარებით ან დაბალი ანაზღაურებაა, ან უმუშევრობის შედარებით მაღალი დონე, ან არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება - ცალკეულ პირებს გარკვეული საფრთხე ექმნებათ ფიზიკური ან ეთნიკური ნიშნით და ისინი ცდილობენ შედარებით უსაფრთხო ქვეყანას შეაფარონ თავი. მთავარი მაინც ეკონომიკური ფაქტორია - 2012 წელს, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალო მსოფლიო დონის მხოლოდ 70%-ს შეადგენდა, ამჟამად კი შეადგენს საშუალო მსოფლიო დონის 125%-ს. შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე შევძელით საშუალო მსოფლიო დონისთვის მნიშვნელოვნად გადაგვესწრო, გაუმჯობესდა საქართველოს ადგილიც მსოფლიოში.