სტალინის ქართული "დასვენება" ანუ ვინ გააგიჟა ბელადი?! - რა მოხდა ბორჯომში 1951 წლის ოქტომბერში - კვირის პალიტრა

სტალინის ქართული "დასვენება" ანუ ვინ გააგიჟა ბელადი?! - რა მოხდა ბორჯომში 1951 წლის ოქტომბერში?

საქართველოს საგარეო დაზვერვის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია 1921-1991 წლების პერიოდს, რომელიც თავის მხრივ რამდენიმე ეტაპად უნდა დაიყოს: 1921-1938 წლები - საბჭოთა სპეცსამსახურების ფორმირება; 1938 -1953 წლები - საბჭოთა სპეცსამსახურებში ქართველი ეროვნების „ჩეკისტების“ (უპირველესად, ლავრენტი ბერიას) დიდი როლი და გავლენა; 1953 -1964 წლები - სრული უნდობლობა ქართველი ეროვნების „ჩეკისტების“ მიმართ და 1964 -1991 წლები - ქართველი ეროვნების „ჩეკისტების“ მიერ ძველი პოზიციების ნაწილობრივი აღდგენა. დღეს მეორე ეტაპზე ანუ 1921-1938 წლებზე ვისაუბროთ.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო და რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის არქივების მასალების ანალიზზე დაყრდნობით, რუსმა მკვლევრებმა (მათ შორის აღსანიშნავია ა. კოკურინი, ნ. პეტროვი, ა. კოლპაკიდი, დ. პროხოროვი და სხვ.) გამოაქვეყნეს რამდენიმე საინტერესო წიგნი და პუბლიკაცია 1921-1934 წლებში “ჩკ”-“ოგპუს” (მათ შორის საგარეო დაზვერვის – “ინოს”) ორგანიზაციული სტრუქტურისა და ხელმძღვანელების შესახებ. ამ მასალების შესწავლისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (სადაც თავმოყრილი იყო ყოფილი სუკ-ის არქივებიც) საარქივო სამმართველოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია, 1921-1934 წლებში გასაბჭოებული საქართველოს უშიშროების სისტემის რეკონსტრუქცია მოვახდინოთ.

1921 წლის თებერვალ-მარტში “ბოლშევიკების” მიერ დაპყრობილ საქართველოში სადამსჯელო ორგანოები “დიდი ძმის” - რუსეთის ანალოგიურად შექმნეს. 25 თებერვალს “საგანგებო კომისია” (“ჩეკა”) შეიქმნა, რომლის პირველი ხელმძღვანელიც გიორგი ელისაბედაშვილი (1881-1955 წწ.) იყო. შემდგომ პერიოდში საქართველოს სპეცსამსახურების ორგანიზაციული სტრუქტურა, რიცხობრივი შემადგენლობა და ხელმძღვანელების კანდიდატურები მოსკოვში მტკიცდებოდა. 1921 წელს საქართველოს „ჩეკას” საგუბერნიო “ჩეკა” ექვემდებარებოდა, რომლის ოპერატიულ დაქვემდებარებაში, თავის მხრივ, სამაზრო “პოლიტბიუროები” შედიოდნენ. 1922 წლის 17 იანვარს ფელიქს ძერჟინსკის #35 ბრძანებით ეს “პოლიტბიუროები” ყველგან გაუქმდა, გარდა ამიერკავკასიისა, სადაც 1926 წლის 7 სექტემბრამდე იარსება.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მოსკოვი ბოლომდე არასდროს ენდობოდა სპეცსამსახურების ადგილობრივ სტრუქტურებს, ამიტომ საბჭოთა კავშირის დიდ რეგიონებში, მათ შორის - ამიერკავკასიის სფსრ-ში (ასფსრ არსებობდა 12.03.1922 - 05.12.1936 წლებში) შექმნა სპეციალური საზედამხედველო ორგანო: საკავშირო “ჩეკას” “სრულუფლებიანი წარმომადგენლის” ინსტიტუტი და იქ გაიგზავნა „კრემლისთვის“ სანდო კადრები. 1922 წლის 6 თებერვალს რუსეთის “ჩეკა” გაუქმდა და რსფსრ შინსახკომთან შეიქმნა “სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო” (гпу), რომელიც 1923 წლის 2 ნოემბერს საბჭოთა კავშირის ძირითადი სპეცსამსახური - “გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო” –(огпу) გახდა. რესპუბლიკების гпу გამოვიდა ადგილობრივი შინსახკომების დაქვემდებარებიდან და პირდაპირ საკავშირო – огпу-ს დაექვემდებარა. ეს მდგომარეობა 1924 წელს შეიცვალა, როდესაც საბჭოთა კავშირის კონსტიტუციით, ამ სადამსჯელო ორგანოს სტატუსი საკავშირო-რესპუბლიკურით განისაზღვრა.

მოსკოვიდან დანიშნული საკავშირო “გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტსამმართველოს” სრულუფლებიანი წარმომადგენელი, იმავდროულად, მოკავშირე რესპუბლიკის ან დიდი რეგიონის (მაგ. ამიერკავკასიის) “სახელმწიფო პოლიტსამმართველოს” თავმჯდომარეც იყო. თბილისში, სადაც ამიერკავკასიის სფსრ-ის უშიშროების ორგანოების მთავარი ცენტრი იყო განლაგებული, ერთდროულად მუშაობდა, როგორც მოსკოვიდან გამოგზავნილი “სრულუფლებიანი წარმომადგენლის” აპარატი, ასევე, საქართველოს სსრ “ჩეკა-ოგეპეუ”. ამ ორ სტრუქტურას შორის ხშირი იყო ღია და ფარული დაპირისპირება და შიდაუწყებრივი ქიშპობა.

ამას თან ერთოდა საქართველოს სათავეში მოსული ე. წ. ბოლშევიკ-ნაციონალისტების და უკლონისტების (ბუდუ მდივნის, სერგო ქავთარაძის და ფილიპე მახარაძის) დაპირისპირება ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველ მდივან სერგო ორჯონიკიძესთან. ეს ურთიერთდაპირისპირება განსაკუთრებით მწვავდებოდა “ჩეკა-გეპეუს” ხელმძღვანელების დანიშვნის დროს. თითოეული დაჯგუფება თავის კანდიდატურას უჭერდა მხარს.

საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ ერთი, ძალზე სერიოზული დაპირისპირება 1923 წელს მოხდა. მოსკოვიდან თბილისში “გეპეუს” სრულუფლებიან წარმომადგენლად გამოგზავნილი სოლომონ მოგილევსკის ნაცვლად, ასფსრ-ის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა ამიერკავკასიის “ჩეკას” თავმჯდომარედ პანკრატოვი დანიშნა. მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შეძლო მოსკოვმა ადგილობრივი “ამხანაგების” სიჯიუტის დაძლევა და მოგილევსკის აღნიშნულ თანამდებობაზე დამტკიცება. საინტერესოა, რომ მოგილევსკი მანამდე საბჭოთა კავშირის საგარეო დაზვერვის განყოფილების (“ინო”) უფროსი იყო. ის ახალ თანამდებობაზეც აქტიურად ხელმძღვანელობდა სადაზვერვო ოპერაციებს თურქეთისა და ირანის მიმართულებით, აგრეთვე, საზღვარგარეთ არსებული “მენშევიკების”, “დაშნაკების” და “მუსავატელების” ემიგრანტული ორგანიზაციების წინააღმდეგ. მოგილევსკი დაიღუპა 1925 წელს, თბილისში მომხდარი ცნობილი ავიაკატასტროფის დროს. ამიერკავკასიის სფსრ-ის უშიშროების ორგანოები 1926 წლის სექტემბრის დასაწყისამდე რატომღაც კვლავ ძველებურად – “ჩეკად” იწოდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ ვერ შეიქმნა ქართული "მოსადი"? - ქართველების აგენტი რუსეთის საელჩოში, რომელმაც თბილისს აცნობა, რომ ომი იწყებოდა

"ვისაც ისინი არა აქვს, დაზვერვა ძვირადღირებულ და სახიფათო პოლიტიკურ "სათამაშოს" ან თავის მოტყუებას ემსგავსება"

ქართული უსაფრთხოების სისტემა, რომელიც კატაკლიზმებს აგვარიდებს - რა უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანა მაქსიმალურად დაცული იყოს?!

ქართული "საგანგებო რაზმი", რომელსაც საქართველოსთვის კომუნისტური საფრთხე უნდა აერიდებინა - ისტორია, რომელიც ბევრმა არ იცის

საქართველოს სსრ უშიშროების სისტემის ორგანიზაციული სტრუქტურა огпу-ის ცენტრალური აპარატის სტრუქტურის ანალოგიური იყო და შემდეგი დანაყოფებისგან შედგებოდა: საიდუმლო-ოპერატიული ნაწილი (აერთიანებდა - საიდუმლო; განსაკუთრებულ; კონტრდაზვერვის; ეკონომიკურ; საინფორმაციო-აგენტურულ; სარეგისტრაციო-სტატისტიკურ; ბანდიტიზმთან ბრძოლის და პოლიტიკური კონტროლის ქვეგანყოფილებებს) და საერთო-ადმინისტრაციული ნაწილი (აერთიანებდა - კანცელარიას; კომენდატურას; კადრების სექტორს; კავშირგაბმულობისა და საფინანსო-სამეურნეო ქვეგანყოფილებებს).

ზოგიერთი რეგიონის (შუა აზია, ჩრდილოეთ კავკასია და ამიერკავკასია) სპეციფიკიდან გამომდინარე, საიდუმლო-ოპერატიული ნაწილი, აგრეთვე, გაერთიანებული იყო “აღმოსავლეთის განყოფილებაში”. უნდა აღვნიშნო, რომ საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბებისთანავე დამკვიდრდა ერთი მკაცრი მოთხოვნა, რომელიც საბჭოთა იმპერიის დანგრევამდე ძალაში იყო: საგარეო დაზვერვის ფუნქციებს “ცენტრი” (მოსკოვი) არასდროს უშვებდა ხელიდან და მოკავშირე რესპუბლიკების უშიშროების ორგანოებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და ისიც - მეორეხარისხოვანი სპეცოპერაციების შესრულებაში თუ ახედებდა და ჩართავდა. ეს რეალობა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საქართველოს საგარეო დაზვერვის წარსულის კვლევის დროს.

1920-იანი წლების დასაწყისში საგარეო დაზვერვის სტრუქტურული დანაყოფები (განყოფილება ან ქვეგანყოფილება), ძირითადად, საზღვრისპირა რესპუბლიკებში, მათ შორის - ამიერკავკასიის სფსრ-ში მოქმედებდა. თუმცა საგარეო სადაზვერვო ოპერაციები, როგორც წესი, მოსკოვში მტკიცდებოდა ან იქვე იგეგმებოდა და იქიდან იმართებოდა.

იმ პერიოდში ამიერკავკასიის “ჩეკა-ოგეპეუში” “ცენტრის” სრულუფლებიანი წარმომადგენლის აპარატში არსებულ საიდუმლო-ოპერატიულ ნაწილში (“საზღვარგარეთის განყოფილება” ანუ საგარეო დაზვერვა) “კონტრდაზვერვის განყოფილებაში” იყო გაერთიანებული. ამ განყოფილების უფროსს ორი თანაშემწე (მოადგილე) ჰყავდა: ერთი კონტრდაზვერვით ოპერაციებსა და ბანდიტიზმთან ბრძოლას კურირებდა, ხოლო მეორე - საგარეო დაზვერვას (“ინოს”) ხელმძღვანელობდა. ასე რომ, 1921-1934 წლებში ამიერკავკასიაში (მათ შორის - საქართველოში) სადაზვერვო ოპერაციებს ხელმძღვანელობდნენ:

1. ამიერკავკასიის სფსრ-ის “ჩეკა-ოგეპეუს” თავმჯდომარე;

2. საიდუმლო-ოპერატიულ ნაწილის უფროსი;

3. კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსი;

4. კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსის თანაშემწე (მოადგილე) – “ინოს” უფროსი.

picture3222-1752213541.jpg

გიორგი ელისაბედაშვილი (1881-1955)

სხვადასხვა საარქივო დოკუმენტზე და სპეციალურ ლიტერატურაზე დაყრდნობით, შესაძლებელია, აღვადგინოთ 1921-1934 წლებში ამიერკავკასიის სფსრ-ის, საქართველოს სსრ-ისა და ადგილობრივი ტერიტორიული უშიშროების ორგანოების სტრუქტურა. კერძოდ: I. ამიერკავკასიაში რუსეთის საგანგებო კომისიის სრულუფლებიანი წარმომადგენლობა: სრულუფლებიანი წარმომადგენელი გრიგორი რუსანოვი (03. 1921- 06. 12. 1922 წწ.).

II. ამიერკავკასიის სფსრ-ის საგანგებო კომისია („ჩეკა“), თავმჯდომარეები:

გრიგორი რუსანოვი (04. 1921 - 05. 1922 წწ.); ვასილი პანკრატოვი (01. 1923 - 05. 1923 წწ.); სოლომონ მოგილევსკი (05. 1923 - 22. 03. 1925 წწ.); ზინოვი კანცელსონი (15. 04. 1925 - 30. 03. 1926 წწ.); ივანე პავლუნოვსკი (30. 03. 1926 - 07. 09. 1926 წწ.);

III. გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს („ოგეპეუ“) სრულუფლებიანი წარმომადგენლობა ამიერკავკასიის სფსრ-ში (07.09.1926 - 10.07. 1934 წწ.), სრულუფლებიანი წარმომადგენლები, ამიერკავკასიის სფსრ-ის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარეები: ივანე პავლუნოვსკი (07. 09. 1926 - 1928); ალექსანდრე კაული (1928 - 01.11.1928); სტანისლავ რედენსი (10.11.1928 - 04.1931); ლავრენტი ბერია (04.1931 - 11.1931); ალექსეი აგრბა (11.1931 - 03.1933); ტიტე ლორთქიფანიძე (03.1933 - 10.07.1934).

IV. საქართველოს სსრ საგანგებო კომისია („ჩეკა“) (25.02. 1921 - 07. 09. 1926 წწ.) თავმჯდომარეები: გიორგი ელისაბედაშვილი (25.02.1921- 08.03.1921); ნიკოლოზ ოკუჯავა (09. 03.1921 - 05. 04. 1921); კონსტანტინე ცინცაძე (06.04.1921 - 11.1922); ეპიფანე კვანტალიანი ( 04. 11.1922 - 07.09.1926). V. საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო (07.09.1926 - 10.07.1934) თავმჯდომარეები: ეპიფანე კვანტალიანი (07.08.1926 - 02.12.1926); ლავრენტი ბერია (02.12.1926 - 03.12.1931); ტიტე ლორთქიფანიძე (03.12.1931 - 14.02.1933); დავით კილაძე (14.02.33 - 10.11.1934).

აფხაზეთის ასსრ-ის საოლქო საგანგებო კომისია (06.03.1921 - 7.09.1926) თავმჯდომარეები: ჟვანია (06.03.1921 - 03.1921); მ. ცაგურია (03.1921 - 1921); მ. სოლოვიოვი (1921-1921); ე. დამენია (1921 - 1922); ალექსეი აგრბა (1922 - 01.10.1924); კაპიტონ ნაჭყებია (01.10.1924 - 1925); ნიკოლოზ ბახტაძე (1925 - 03.09.1925); კაპიტონ ნაჭყებია (03.09.1925 - 07.09.1926).

აფხაზეთის ასსრ-ის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო (07.09.1926 - 10. 07.1934), თავმჯდომარეები: კაპიტონ ნაჭყებია (07.09.1926 - 15.01.1929); გ. მალანია (15.01.1929 - 12.1931); აკაკი მიქელაძე (01.1932 - 09.1933); ვ. ამპარი (09.1933 - 14.05.1934); მიხეილ სტეპანოვი (14.05.1934 - 10.07.1934).

აჭარის ასსრ-ის საოლქო საგანგებო კომისია (25. 03.1921 - 07. 09. 1926 წწ.); ბათუმის (1922 წლიდან აჭარის ასსრ) საოლქო საგანგებო კომისია. თავმჯდომარეები: კ.საჯაია (25.03.1921 - 04.04.1921); გ. ქავთარაძე (04.04.1921 - 1922); სევერიან კუხალეიშვილი (1922 - 1922); ი. სტანსკი (1922 - 1923); ნიკოლოზ ბახტაძე (1923 - 15.12.1923); აკაკი ქავთარაძე (12.1923 - 23.01.1925); მიხეილ სტეპანოვი (23.01.1925 - 1926). აჭარის ასსრ-ის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო (07.09.1926 - 10.07.1934 წწ.); თავმჯდომარეები: ვ. მიქელაძე (20.12.1926 - 17.03.1927); ფ. ეჯიბია (17.03.1927 - 1928); დავით კილაძე (17.06.1928 - 04.1930); ვსევოლოდ მერკულოვი (დროებით მოვალეობის შემსრულებელი) - (05.04. 1930- 07.1930); ავქსენტი რაფავა (07.1930 - 12. 1931); ალექსი საჯაია (01. 1932 - 10.07.1934).

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო საგანგებო კომისია (04.1922 - 7.09.1926 წწ.): პოლიტიკური ბიუროს უფროსი ს. გაგლოევი (1921- 1922). შემდეგ: საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს სამხრეთ ოსეთის საოლქო განყოფილება (7.09.1926 - 10.07.1934), განყოფილების უფროსი - ვ. შავლოხოვი (14.07. 1927 - 12.05.1931).

ქუთაისის გუბერნიიის საგანგებო კომისია, თავმჯდომარეები: ტიტე ლორთქიფანიძე (03.1921- 05.1921); ილარიონ ტალახაძე (05.1921 - 09.1921). შემდეგ: საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ქუთაისის სამხარეო განყოფილება, უფროსი: ალექსი საჯაია (15.12.1929 - 1930).

საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს გორის სამხარეო განყოფილება, უფროსი: მ. ისაკაძე (01.03. 1930 - 12. 1930).

picture2222-1752213541.jpg

გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლოზ რუხაძე (1905 - 1955)

ზემოთ მოტანილი საკმაოდ ვრცელი და მშრალი ინფორმაციით რომ არ გადაიღალოთ, ერთ საინტერესო ფაქტს გაგაცნობთ. 1921-1952 წლებში საქართველოს „ჩეკას“ ხელმძღვანელებიდან ყველა დახვრიტეს და მხოლოდ ერთი გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით. ეს ქართლში, სოფელ კავთისხევში დაბადებული გიორგი ელისაბედაშვილი, იოსებ ჯუღაშვილის ბავშვობის მეგობარი (ისინი ერთად სწავლობდნენ გორის სასულიერო სასწავლებელში) იყო. გიორგი ელისაბედაშვილი, რომელიც საქართველოს „ჩეკას“ პირველი ხელმძღვანელი (მართალია, სულ რაღაც ერთი თვე) იყო, არა მარტო გადაურჩა გასული საკუნის 20-30-40-50-იანი წლების რეპრესიებს, არამედ გარდაცვალებამდე საქართველოში მაღალ თანამდებობებს იკავებდა (კარგა ხანს საქართველოს სსრ-ის სოციალური უზრუნველყოფის კომისარი-მინისტრიც იყო) ხოლო 1952 წლის ოქტომბრის დასაწყისში მოსკოვშიც იმყოფებოდა, როგორც სკკპ მე-19 ყრილობის დელეგატი. შეხვდა თუ არა გ. ელისაბედაშვილი იქ თავის სიყრმის მეგობარს, უცნობია. ის კი ცნობილია, რომ 1951 წლის ოქტომბერში, საქართველოში ყოფნისას, სტალინი ბორჯომში შეხვედრია გ. ელისაბედაშვილს და მის მეუღლეს. ის შეხვედრა ბუნებით უკიდურესად ეჭვიანმა სტალინმა ე.წ. მეგრელთა საქმის გასამყარებლად გამოიყენა. იმ შეხვედრის დროს გამართულ საუბარს „შეეწირა“ მაშინდელი ცკ-ის პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანიც.

picture122-1752213540.jpg

აკაკი მგელაძე ( 1910 - 1980)

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ სტალინს ჩვევად ჰქონდა, საქართველოში დასასვენებლად ყოფნისას ბავშვობის და სასულიერო სემინარიისდროინდელ მეგობრები (პეტრე კაპანაძე, მიხეილ ტიტვინიძე, იოსებ ცერაძე და სხვ.) თავის აგარაკზე მიეწვია. სიცოცხლის ბოლო წლებში „დიდ ბელადს“ საბჭოთა უკიდეგანო იმპერიის მოსახლეობასთან სხვა, პირდაპირი კონტაქტები არც ჰქონდა. ამიტომ იყო, რომ ძველ მეგობრებს ყურადღებით უსმენდა და მათგან მიღებულ ინფორმაციას ძალზე ენდობოდა. იმ წელს საქართველოში განსაკუთრებული „სამოგზაურო ტური“ დაგეგმა ბელადმა: ბორჯომი-წყალტუბო-გაგრა-ბიჭვინთა. საინტერესოა, რა მოხდა 1951 წლის ოქტომბერში ბორჯომში?

უკეთესი იქნება იმ მოვლენების უშუალო მონაწილეს, მაშინ საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველ მდივან კანდიდ ჩარკვიანს მოვუსმინოთ (ავტორის სტილი უცვლელია – ბ.ა.): “სტალინს ბოროტი ინფორმაცია ბორჯომშიც მიაწოდეს. აქ ამბის მიმტანის არასაკადრისი როლი პარტიის წევრმა გიორგი ელისაბედაშვილმა და მისმა მეუღლემ იკისრეს... ბიუროს რამდენიმე წევრი სულ ლაფში ამოუსვრიათ – საზოგადოებრივ ქონებას ითვისებენ, მდიდრულად ცხოვრობენო“ (კ. ჩარკვიანი, სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები, 2015წ.). ცოლ-ქმარ ელისაბედაშვილების ინფორმაცია ცკ.-ის მეორე მდივან მ. ბარამიას და ზოგიერთ სამეგრელოს მკვიდრ მინისტრს ( ვ. შონიას - საქართველოს სსრ პროკურორი; ა.რაფავას - საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილე კ. ბზიავას და სხვ.) ეხებოდა. ამას დაემატა საქართველოს მაშინდელი უშიშროების მინისტრის, ნიკოლოზ რუხაძისა და აფხაზეთის ასსრ კომპარტიის პირველი მდივნის, აკაკი მგელაძის საიდუმლო მოხსენებები საქართველოში გამეფებული კორუფციისა და მეგრული კუთხურ-ნაციონალისტური დაჯგუფებების შესახებ.

ბორჯომში შემდგარი საუბრიდან რამდენიმე დღეში კ. ჩარკვიანი სტალინს გაგრაში ეახლა და თავის მართლება სცადა, რამაც ბელადის დიდი გაღიზიანება გამოიწვია. მოსკოვში დაბრუნებიდან მალევე, კერძოდ კი 1951 წლის 9 ნოემბერს, გამოქვეყნდა საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოს სსრ-ში „მეგრულ-ნაციონალისტური ჯგუფის“ არსებობის შესახებ, რომელსაც მ. ბარამია ხელმძღვანელობდა. დაპატიმრებები იმ ღამესვე დაიწყო: „საქართველოს მთავარი ჩეკისტი“ ნ. რუხაძე დავალებებს პირადად სტალინისგან, ტელეფონით იღებდა. 1952 წლის 2 აპრილს სტალინმა კ. ჩარკვიანი გაათავისუფლა თანმდებობიდან და მის მაგივრად ა. მგელაძე დანიშნა (ზუსტად ერთი წლის თავზე, 1953 წლის 14 აპრილს, მასაც მოხსნიან პოსტიდან). „ე.წ. მეგრელთა საქმის გამო, ყველა რეპრესირებული ლავრენტი ბერიას პროტეჟეები იყვნენ. ადვილი მისახვედრი იყო, რომ მთავარი სამიზნე ლ. ბერია გახლდათ.

(მესამე ნაწილის დასასრული)