დიდი მსოფლიო სკანდალი მწიფდება?! - ტრამპი პუტინზე გაბრაზდა, ზელენსკი კი ამერიკულ იარაღს მიიღებს
ტრამპი ნატოს შეასყიდის უკრაინისთვის განკუთვნილ შეიარაღებას, თუმცა თავადაც გაუგზავნის... პირველად
იმ სკანდალის შემდეგ, როდესაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა, ფაქტობრივად, თავისი გადაწყვეტილებით, მესამედ შეუჩერა (ყოველ შემთხვევაში, თეთრ სახლში კატეგორიულად უარყოფენ, რომ პენტაგონს ეს გადაწყვეტილება მათთან შეთანხმებული ჰქონდა) უკრაინას ჯერ კიდევ პრეზიდენტ ბაიდენის დროს გამოყოფილი სამხედრო დახმარების მიწოდება, კიევისთვის ბევრად სასიკეთო სიტუაცია დგება - ტრამპი იღებს გადაწყვეტილებას, პირველად გამოყოს, დაახლოებით, 300 მლნ-დოლარიანი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის...
საქმე ის არის, რომ დღემდე უკრაინა იღებდა მხოლოდ პრეზიდენტ ბაიდენის პერიოდში გამოყოფილ სამხედრო დახმარებას და ჯერ კიდევ 3,86 მლრდ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობაა დარჩენილი, უკრაინაში გასაგზავნად.
რაც შეეხება აშშ-ის 47-ე პრეზიდენტ ტრამპს, მას ინაუგურაციიდან დღემდე გასულ ნახევარ წელში ერთხელაც არ უსარგებლია პრეზიდენტის სპეციალური უფლებამოსილებით, რომელიც მას ნებას რთავს პენტაგონის არსენალიდან შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის სასწრაფო გადაცემას კონკრეტული უცხო ქვეყნისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ: ამერიკელებო, "პეტრიოტის" ანტირაკეტების მოფრთხილება უკრაინელებისგან ისწავლეთ - ანუ რატომ გახდა დასაცინი ტრამპის მიერ შეპირებული ათი ანტირაკეტა?
ეს შეიძლება განპირობებული იყო იმითაც, რომ ტრამპს მართლაც სჯეროდა პუტინთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვის და რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერების, შესაბამისად, კრემლთან ამ მოლაპარაკებების პარალელურად, უკრაინისთვის რაკეტებისა და ჭურვების ახალი პარტიების მიწოდებას (რომლებიც უკვე არა ბაიდენის, არამედ - მისი ადმინისტრაციის მიერ იქნებოდა გამოყოფილი) არ აპირებდა, რომ პუტინისთვის პროტესტის გამოთქმის საფუძველი არ მიეცა.
ორშაბათს, 14 ივლისს, ტრამპმა დააანონსა რუსეთთან მიმართებაში განსაკუთრებული განცხადების გაკეთება, რომელიც სავარაუდოდ, იქნება ძალზე კრიტიკული პუტინის მიმართ, ამ ომის შეჩერების სურვილის უქონლობის გამო.
თუ ეს ასე მოხდა, გამოვა, რომ ტრამპი სერიოზულად იცვლის მიდგომას რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილეთა მიმართ და თუკი აქამდე ზელენსკის მკაცრად ტუქსავდა (გაიხსენეთ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გათამაშებული სცენა, რაც ისტორიაში შევა), ხოლო პუტინს დაუყვავებდა, ამის შემდეგ ასე აღარ იქნება, თუმცა ბოლომდე ვინ გაუგებს არაპროგნოზირებად ტრამპს...
მეორე კარგი ამბავი უკრაინის დამცველებისთვის კი ის არის, რომ უკრაინის არმიისთვის დასავლური სამხედრო დახმარების შეუწყვეტლად მიღების მექანიზმი იხვეწება - აშშ შეიარაღებას მიჰყიდის ნატოს, ხოლო ალიანსი შემდეგ თავად გადაანაწილებს მას უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის...
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ზელენკის შეთავაზება ტრამპისადმი - უკრაინა ამერიკული შეიარაღების ჩუქებას არ ითხოვს, მისი შესყიდვა სურს, თუნდაც - მსოფლიო ბაზრის ფასებშიო...
მეოთხე წელია, ასეთ ფართომასშტაბიან ომში მყოფ უკრაინას, რა თქმა უნდა, არ აქვს იმის ფინანსები, რომ ოთხ მილიონ დოლარად შეფასებული „პეტრიოტის“ ანტირაკეტები მასობრივად შეიძინოს, თუმცა აქვს დიდი იმედი, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესი ნაწილი ამ შესყიდვებს დააფინანსებს.
თავად ევროპული ქვეყნების ლიდერებიც თანახმა არიან ამაზე, მით უმეტეს, რომ ნაკლებად იხარჯება მათი ქვეყნების ბიუჯეტები და თავიანთ ამომრჩეველს იმითი აწყნარებენ, რომ უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების შესყიდვა ხდება იმ რუსული აქტივებიდან, რომლებიც რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ დაუყადაღეს და ამ აქტივების საერთო ღირებულება 300 მლრდ დოლარს აღემატება...
ანუ ისე გამოვა, რომ პუტინის რუსეთი თავისი ბიუჯეტით უკრაინაში შეჭრილ რუსულ არმიასაც აფინანსებს და მის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინის არმიასაც?!
დაველოდოთ 14 ივლისს, თუ რა განსაკუთრებულ განცხადებას გააკეთებს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი, რის შემდეგაც იმედია, საბოლოოდ გამოჩნდება ტრამპის მხრიდან დაქადნებული „თაფლაკვერისა და მათრახის“ ტაქტიკიდან, დაიწყებს თუ არა თეთრი სახლი „მათრახის“ ამოქმედებას მას შემდეგ, რაც ექვსთვიანმა „თაფლაკვერმა“ კრემლი მაინც ვერ „მოალბო“, ომის შესაწყვეტად...