ზელენსკი "გამოფხიზლდა"?! - რატომ არ ჰქონდა უკრაინას ყველაზე იაფი და ეფექტიანი იარაღი, რომლითაც პუტინის არმიას საზღვარს სრულად ჩაუკეტავდა - კვირის პალიტრა

ზელენსკი "გამოფხიზლდა?!" - რატომ არ ჰქონდა უკრაინას ყველაზე იაფი და ეფექტიანი იარაღი, რომლითაც პუტინის არმიას საზღვარს სრულად ჩაუკეტავდა

უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ქვეყნის გამოსვლას ოტავას კონვენციიდან, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების წარმოებას, მათ გადაცემასა და გამოყენებას კრძალავს...

ზელენკის ეს ბრძანება შეუმჩნეველი დარჩებოდა იმ რთულ სიტუაციაში, რაშიც დღეს უკრაინა იმყოფება, რომ არა ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი - ბევრად უფრო ძლიერ, აგრესორ რუსეთთან მეოთხე წელია, უთანაბრო საშინელ ომში მყოფ უკრაინის პოლიტიკურ ხელისუფლებას მხოლოდ ახლა ახსენდება, რომ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები საუკეთესო საშუალებაა იმ მტრის მუდმივი იერიშების შესაჩერებლად, რომლებიც შეტევებზე, ძირითადად, ქვეითებს აგზავნიან?

სჯობს თავად უკრაინელმა სამხედრო ექსპერტებმა მისცენ შეფასება ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენი მხრიდან ერთს ვიტყვით - უკრაინის მთავრობა, აჰყვა რა მაშინდელი ევროპელი და კანადელი პოლიტიკოსების, ასევე, გაეროს მოწოდებებსა და შეიძლება ერთგვარ ზეწოლასაც კი, 1999 წლის 24 თებერვალს ხელი მოაწერა ოტავის კონვენციას და აიღო ვალდებულება, მის არსენალში არსებული სხვდასხვა ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების სრულ განადგურებაზე...

არადა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უკრაინის ტერიტორიაზე, სამხედრო საწყობებში დარჩენილი იყო... 6 მლნ-ზე მეტი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, რაც სრულიად საკმარისი იქნებოდა უკრაინა-რუსეთის მთელი სახმელეთო საზღვრის ჩასაკეტად!

ამის ნაცვლად, 2020 წლამდე უკრაინა დიდი გულმოდგინებით ანადგურებდა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების საკუთარ არსენალს და თითოეული ნაღმის მწყობრიდან გამოყვანის საკომპენსაციოდ ნატოსგან იღებდა 1,08 ევროს...

1v241v2-1751270185.jpg
ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები მართლაც საშინელი იარაღია, რომელიც ბავშვის ფეხის დაბიჯებაზეც კი ფეთქდება და ამით სამხედროებზე არანაკლებ, მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდება, საბრძოლო მოქმედებების ზონაში, მაგრამ ამასთანავე, ის წარმოადგენს ყველაზე იაფ და ეფექტიან მოგერიების საშუალებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც თავს იცავენ აგრესორებისგან...

ანუ გამოდის, რომ სწორედ ნატომ განაიარაღა უკრაინა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებისგან... პუტინის რუსეთის თავდასხმის წინ, ისევე, როგორც სწორედ ჩრდილოეთატლანტიკურმა ალიანსმა დააფინანსა უკრაინის სამხედრო საწყობებში „ჭარბი“ 400 ათასი(!) ავტომატისა და ტყვიამფრქვევის გადადნობა და 1 000 ცალი საზენიტო „სტრელასა“ და „იგლას“ აფეთქება...(ამის შესახებ დაწვრილებით იხილეთ „კვირის პალიტრის“ 2025 წლის 9 იანვრის სტატიაში „რატომ დაუჭრა ნატომ კიევს 400 ათასი ავტომატი და ტყვიამფრქვევი?!“).

უფრო მეტიც - გაერომ უკრაინა ოტავის კონვენციის დამრღვევ ქვეყნად გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც 2022 წელს პუტინის არმიის თავდასხმების როგორღაც შესაჩერებლად, უკრაინელმა სამხედროებმა, მეგობარი ქვეყნებიდან დიდი ხვეწნის შემდეგ მიღებული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით დაიწყეს იმ მიმართულებების მეტ-ნაკლებად გადაკეტვა, საიდანაც რუსი ოკუპანტები უტევდნენ...

ასევე დაგაინტერესებთ: უკრაინას მორიგი F-16 ჩამოუგდეს, რუსეთს მორიგი Су-34-ები აუფეთქეს ...

შავი დღე რუსებისთვის: უკრაინული "მოჩვენებების" ტრიუმფი რუსულ "ტრიუმფებზე" - როგორ გაიმეორა უკრაინამ ისრაელის საჰაერო შეტევების ტაქტიკა

პენტაგონის მიერ დაწუნებული ახალი ამერიკული ტანკების ხელში ჩაგდება უკრაინელ გენერლებს სურთ...

პუტინმა დრო იხელთა: შავი დღეები კიევისთვის - გაუძლებენ თუ არა უკრაინელები რუსების მასირებულ შეტევებს?!

პუტინი და შოიგუ უკეთეს ვარიანტს ვერც კი ინატრებდნენ, დასავლეთის მხრიდან ასე „განიარაღებული“ უკრაინის ხილვისას - ნატოს წევრმა ქვეყნებმა, ჰუმანიტარული მოსაზრებით (ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები არაჰუმანური იარაღიაო, რაც სინამდვილეს შეეფერება, მაგრამ ამასთან, იაფი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი ყველაზე ეფექტიანი თავდაცვის საშუალებაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც თავდასხმას ელოდებიან) - უკრაინელი სამხედროები თავდაცვის ასეთი საშუალების გარეშე დატოვეს...

საინტერესოა, რომ თავად რუსეთის ფედერაცია, ისევე, როგორც აშშ, ისრაელი ან თუნდაც ჩვენი მეზობლები-აზერბაიჯანი და სომხეთი, არ შეერთებიან ოტავის კონვენციას, ისევე, როგორც საქართველოც...

კიდევ ერთ მომენტზე შეიძლება ყურადღების გამახვილება - უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთის თავდასხმიდან მეოთხე წელს, ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტა ოტავის კონვენციიდან გამოსვლა, მაგრამ ესეც სავარაუდოდ, მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მანამდე რამდენიმე დღით ადრე ფინეთმა, ლიეტუვამ, ესტონეთმა და პოლონეთმა მიიღეს (არადა წლების წინ ბალტიისპირეთის ქვეყნები როგორ მოუწოდებდნენ საქართველოს ოტავის კონვენციასთან შეერთებას და ქართული არმიის არსენალში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების განადგურებას...) ანალოგიური გადაწყვეტილება...

რუსეთთან საერთო სახმელეთო საზღვრის მქონე პოლონეთისთვის, ფინეთისთვის და ბალტიის სამი ქვეყნისთვის ძალზე აქტუალური გახდა ამ საზღვრების გამაგრება, როგორც ტანკსაწინააღმდეგო, ისე - ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით, ასე რომ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და სამხედრო სარდლობის წლების წინ სტრატეგიულ გათვლებში დაშვებული შეცდომები დღეს იჩენენ თავს, რომელთა გამოსწორებას დიდი რესურსების დახარჯვა დასჭირდება...