შეეშინდა თუ არა პუტინს ტრამპის ულტიმატუმის ანუ კრემლის "პასუხი" თეთრ სახლს
„რუს ჩინოვნიკებს არანაირი მინიშნება არ გაუკეთებიათ იმაზე, რომ მოსკოვი მზად არის, კურსი დონალდ ტრამპის ზეწოლით შეცვალოს“, - აღნიშნულია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „რუსეთს, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის ულტიმატუმი სულ... არ ადარდებს“ (ავტორი - პოლ სონი). გამოკითხული ექსპერტების აზრით, ვლადიმერ პუტინის პოზიცია ისევ ძველი რჩება და მას დონალდ ტრამპთან „კარგი ურთიერთობის“ შენარჩუნებისათვის არ შეცვლის.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი ოდნავადაც არ არის შეშფოთებული პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ულტიმატუმით, რომლის თანახმად, თუ მოსკოვი 50 დღის განმავლობაში ცეცხლს არ შეწყვეტს უკრაინაში, მის სავაჭრო პარტნიორებს ანუ ვისგანაც რუსეთი შემოსავალს იღებს, მკაცრი სანქციები ემუქრებათ - ტარიფების ზრდა 100%-ით და მეტით. გარდა ამისა, აშშ უფრო მეტ იარაღს მიაწოდებს უკრაინას. მართალია, თავდაპირველად კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ნეგატიურად შეაფასა დონალდ ტრამპის განცხადება, მაგრამ მოგვიანებით მას ამ საკითხზე არაფერი უთქვამს.
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გამოსულმა კომენტატორებმა ეჭვი შეიტანეს ტრამპის გეგმებში და განაცხადეს, რომ ამერიკა რამდენ იარაღსაც უნდა შეჰპირდეს უკრაინას და თუნდაც მისცეს კიდეც, ეს ბრძოლის ველზე არსებულ რეალიებს ვერ შეცვლის. ზოგიერთებმა ვარაუდი გამოთქვეს, რომ ტრამპს არ შეუძლია რუსული ნავთობის მყიდველების დასჯა - იმიტომ, რომ დასასჯელად ამერიკა იძულებული გახდება, ნავთობის მსოფლიო ფასი ასწიოს, მაგრამ ეს ამერიკასაც დააზარალებს და მის დასავლელ მოკავშირეებსაც.
„არ ვფიქრობ, რომ ტრამპის განცხადებამ რუსეთზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა", - ამბობს ალექსანდრე გაბუევი, კარნეგის ფონდის ევრაზიული ცენტრის დირექტორი ბერლინში, - „ჯერჯერობით, ანდაზის მიხედვით, „ძაღლი უფრო მეტად ჰყეფს, ვიდრე -იკბინება“.
როგორც იგი აცხადებს, კრემლის გათვლები უცვლელი რჩება: მოსკოვი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის, უწყვეტი ტერიტორიული დანაკარგების, ცოცხალი ძალის მწვავე დეფიციტისა და დასავლეთის მხარდაჭერის შემცირების ფონზე, დრო კვლავ რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს. კრემლი ძველებურად ცდილობს, მიაღწიოს უკრაინის კაპიტულაციას და კიევს ფართო მოთხოვნებს უყენებს, მათ შორის - ტერიტორიულ კომპრომისებსაც, არმიის რიცხვის შემცირებას და სამხედრო ალიანსებში მონაწილეობას.
ასევე დაგაინტერესებთ: ვიქტორ ორბანის განსაცდელი: მტრად ქცეული მეგობრის ამბავი - ვინ არის პეტერ მადიარი, რომელმაც შესაძლოა, უნგრეთში ორბანის ეპოქა დაასრულოს?
"როგორ იყენებს დონალდ ტრამპი „სიგიჟის თეორიას“ მსოფლიოს შესაცვლელად" - რას წერს BBC?
კრემლთან დაახლოებული წყაროების თქმით, ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია გამარჯვებაში და, შესაბამისად, არ გაჩერდება, სანამ უკრაინა სერიოზულ დათმობებზე არ დათანხმდება. რაც შეეხება უშუალოდ თვითონ პუტინის თვალსაზრისს, რუსეთის მიმართ ტრამპის პოზიციების გამკაცრებაზე, მას საჯაროდ ჯერ არაფერი უთქვამს.
„მოსკოვს სურს გაიგოს, თუ რა დგას ტრამპის სიტყვების მიღმა, 50-დღიანი პაუზის თაობაზე, უკრაინასთან მიმართებით“, - განაცხადა სამშაბათს სერგეი ლავროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან, ასევე, გაიხსენა სხვა ვადებიც, რომლებიც დონალდ ტრამპს არა ერთხელ დაუთქვამს: „ხომ გახსოვთ, რომ ადრე იგი 24 საათზე ლაპარაკობდა, იყო აგრეთვე 100-დღიანი ვადაც... ეს ყველაფერი ჩვენ უკვე გავიარეთ. გვინდა გავიგოთ, თუ რა ამოძრავებს, რის მიღწევა სურს აშშ-ის პრეზიდენტს სინამდვილეში“, - თქვა რუსული დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა.
რუს პოლიტიკურ კომენტატორებს სოციალურ ქსელებში და სახელმწიფო ტელევიზიების ეთერში შეშფოთება საერთოდ არ გამოუხატავთ. ერთნი ამბობენ, რომ რუსეთი ბრძოლას უყოყმანოდ გააგრძელებს. მეორენი ვარაუდობენ, რომ დონალდ ტრამპი ბლეფობს. მესამენი თვლიან, რომ ტრამპს თავისი განცხადებით უკრაინის წინაშე რაიმე ვალდებულება არ აუღია.
როგორც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კარტაპოლოვი აცხადებს, თვითონ დონალდ ტრამპის კომენტარებიდან გაუგებარია და ჯერჯერობით ზუსტად არ არის გარკვეული, თუ რა ტიპის იარაღს მისცემს უკრაინას აშშ და - რა რაოდენობით. რუსეთის ტელევიზიის პროგრამა „60 წუთში“ გამოსვლისას რუსმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ტრამპის მიერ დასახელებული „პეტრიოტის“ სარაკეტო კომპლექსები ძალიან ძვირია, მისი კონსტრუქცია რთულია, მის აწყობას დიდი დრო სჭირდება და ის მოწყვლადია რუსეთის დარტყმების მიმართ (თუმცა, როგორც ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა აცნობეს „ნიუ-იორკ ტაიმსს“, ტრამპის მიერ დაპირებული სხვა იარაღი მზადაა ევროპაში გასაგზავნად).
იმავე ტელეპროგრამის ეთერში გამოსვლისას კონსტანტინე სიმონოვმა, რუსეთის ერთ-ერთი ანალიტიკური ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს არ აინტერესებს ომის მთავარი მიზეზები: „აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია მარტივია: მოდი, სწრაფად შეწყვიტეთ ბრძოლა, დანარჩენს შემდეგ მოვაგვარებთ. ჩვენ კი გვინდა, რომ სანამ ცეცხლს შევწყვეტთ, მანამდე უნდა ვიცოდეთ მომდევნო ნაბიჯები“.
კონსტანტინე სიმონოვი დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპი საბოლოოდ მაინც დაამტკიცებს ანტირუსულ სანქციებს, თუმცა ეჭვი შეიტანა იმაში, რომ ამერიკა გაამწვავებს თავის დამოკიდებულებას ჩინეთთან, რომელიც რუსული ნავთობის (და გაზის) ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელია და პეკინის მიმართ დამატებით ხისტ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
რუსმა ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს, რომ ისინი მზად არიან უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებები გააგრძელონ, მაგრამ ამ მხრივ ამერიკელ ჩინოვნიკებს სხვა აზრი აქვთ: მათი თქმით, მოლაპარაკებებს კონკრეტულად მშვიდობის მიღწევაში რაიმე არსებითი პროგრესი არ მოუტანია (თუმცა მხრეები ტყვეთა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზე შეთანხმდნენ).
რუსეთის საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსი ფეოდორ ლუკიანოვი, რომელიც კრემლს კონსულტაციას უწევს ხოლმე, ამბობს, რომ მოსკოვი [ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ] ვარაუდობდა, რომ აშშ უკრაინას მხარს ისე აქტიურად აღარ დაუჭერდა, როგორც ჯო ბაიდენის დროს იყო. „გასაგებია, რომ დონალდ ტრამპსაც მოსწყინდა [მუდმივი მცდელობები], მისი გაღიზიანება სრულიად გულწრფელია. მაგრამ უკან არც ვლადიმერ პუტინი იხევს და როგორც ჩანს, თავის ამერიკელ კოლეგასთან კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად იგი რაიმე დათმობაზე არ დათანხმდება“, - ასკვნის ფეოდორ ლუკიანოვი.
მოამზადა სიმონ კილაძემ