ლავრენტი ბერიას სისხლიანი გზის დასაწყისი - როგორ მოკლეს სტალინის პირადი მტერი ნოე რამიშვილი? - კვირის პალიტრა

ლავრენტი ბერიას სისხლიანი გზის დასაწყისი - როგორ მოკლეს სტალინის პირადი მტერი ნოე რამიშვილი?

საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის ლავრენტი ბერია, იოსებ სტალინთან ერთად, XX საუკუნის ერთ-ერთი სიმბოლოა: დანაშაულის და კაცთმოძულეობის სიმბოლო. ამ შეფასებას ვერ შეცვლის სტალინისა და ბერიას დამსახურება საბჭოთა და რუსეთის იმპერიის წინაშე. პირიქით, რუსეთის იმპერიის გაძლიერებით მათ ხელი შეუწყეს მისი არსებობის გახანგრძლივებას.

ლავრენტი ბერიას სახელი ათწლეულების მანძილზე საბჭოთა პროპაგანდის მიერ ყველაზე საშინელი ეპითეტებით იყო შემკული: “ხალხის მტერი”, „სამშობლოს მოღალატე“, „ქალებზე მოძალადე“, ერთდროულად საფრანგეთ-ინგლის-აშშ-ის აგენტი“ და მრავალი სხვა. თუმცა ბერიას მთავარ დანაშაულზე: გასული საუკუნის 30-იან წლებში საქართველოში დაუნდობელი რეპრესიების ორგანიზებაზე და მკვლელობებში მონაწილეობაზე ძალზე ცოტა და ისიც - შერჩევით ითქმებოდა და ითქმება. ბერიასთან დაკავშირებით უკანასკნელი წლების მანძილზე რუსეთში ერთი საინტერესო ტენდენცია შეიმჩნევა: წვიმის შემდეგ სოკოებივით მომრავლდა ფსევდოისტორიული წიგნები და სტატიები, სადაც ლ. ბერია მოხსენიებულია, როგორც... „XX საუკუნის საუკეთესო მენეჯერი“, „პირველი საბჭოთა რეფორმატორი“, რომელსაც, თურმე, საბჭოთა იმპერიის „დემოკრატიული გარდაქმნა“ სურდა, მაგრამ არ აცალეს, „ოჯახის მოყვარული და მეუღლის უერთგულესი კაცი“ და ა.შ. ასეა: ერთი უკიდურესობიდან მეორისკენ მივექანებით და კვლავ სუბიექტური დასკვნები სჭარბობს. ლ.ბერიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის თემა იმდენად დიდია, რომ ცალკე ობიექტურ მეცნიერულ შესწავლას მოითხოვს და - არა მარტო ისტორიკოსების.

გასულ წელს შესრულდა ზუსტად 100 წელი მას შემდეგ, რაც ლ. ბერიას აღზევება დაიწყო და დღეს მინდა, მრავალი ათეული წიგნის, სტატიისა და ასეულობით საიდუმლო საარქივო დოკუმენტის გაცნობისა და შესწავლის შემდეგ, რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ ამ ურთულესი ბიოგრაფიისა და ტრაგიკული ბედის პიროვნების შესახებ. მანამდე კი “აგრესიული უმეცრების“ შესახებ მინდა, ვთქვა რამდენიმე სიტყვა. საქართველოში ისტორია (მით უფრო მეოცე საუკუნის) ყველამ „იცის“ (ისევე, როგორც ფეხბურთი, პოლიტიკა, ეკონომიკა და ა.შ.), განსაკუთრებით სტალინისა და ბერიას ბიოგრაფიები აქვთ სულ „ჩაბულბულებული“. ახალი საარქივო დოკუმენტებისა და სერიოზული მეცნიერული კვლევების გაცნობის ნაცვლად (წაკითხვა ეზარებათ?) ამ კატეგორიის ხალხი საუკუნის წინანდელ „წვერებიან ჭორებს“ და ფსევდოისტორიულ პასკვილებში მოგონილ „ფაქტებს“ იჯერებს. თუმცა ესეც არაა მთავარი: რაც უნდათ, ის დაიჯერონ, მათი ნებაა. ყველაზე დიდი უბედურება მათი აგრესიაა: უკიდეგანო უმეცრებაზე აღმოცენებული აგრესია, რომელიც ყოველგვარ ობიექტურ შეფასებას და საღ აზრს სცილდება. სამწუხაროდ, „აგრესიული უმეცრება“ უკვე დიდ ეროვნულ პრობლემად იქცა.

დავუბრუნდეთ ჩვენს ძირითად საკითხს. საქართველოს სსრ საგარეო დაზვერვის ისტორიის მეოცე საუკუნის 20-40-იანი წლების პერიოდი პირდაპირაა დაკავშირებული ლავრენტი ბერიასთან: ის ჯერ, როგორც ახალგაზრდა „ჩეკისტი“, შემდეგ კი, როგორც საბჭოთა საქართველოსა და საბჭოთა კავშირის უშიშროების სისტემის ხელმძღვანელი, უშუალოდ მონაწილეობდა საბჭოთა (საქართველოს) დაზვერვის ოპერაციების დაგეგმვა-განხორციელებაში. როდის და როგორ დაიწყო ლავრენტი ბერიას აღზევება? ამის გასარკვევად ცოტა შორიდან უნდა დავიწყო საუბარი.

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ ეშინოდათ სტალინსა და ბერიას ქართველი ემიგრანტების?! - როგორ "ნერგავდნენ" ჩეკისტებს სამშობლოდან გადახვეწილ თანამემამულეებში

სტალინის ქართული "დასვენება" ანუ ვინ გააგიჟა ბელადი?! - რა მოხდა ბორჯომში 1951 წლის ოქტომბერში?

ქართული "საგანგებო რაზმი", რომელსაც საქართველოსთვის კომუნისტური საფრთხე უნდა აერიდებინა - ისტორია, რომელიც ბევრმა არ იცის

საბჭოთა კავშირის ყოფილი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, შემდეგ კი -საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა, რომ პირველად 1922 წელს ლენინთან ნახა სრულიად ახალგაზრდა ლავრენტი ბერია. ეს, აქამდე უცნობი ფაქტი სხვა დოკუმენტური წყაროებით არ დასტურდება, თანაც იმ პერიოდში როდესაც ეს მოგონებები რუსმა ჟურნალისტმა ფ. ჩუევმა ჩაიწერა, მოლოტოვი უკვე ოთხმოც წელს იყო მიტანებული და, შესაძლოა, მეხსიერება სერიოზულად ღალატობდა.

ლავრენტი ბერიას ბოლშევიკურ-ჩეკისტური თავდადება პირველმა სერგო ორჯონიკიძემ შეამჩნია, გამოიყენა და დააფასა. 1921 წლიდან, ოკუპაციის შემდეგ, პირველ წლებში, სტალინმა საქართველო და მთელი ამიერკავკასია სერგო ორჯონიკიძეს ჩააბარა. ჩემი აზრით, სწორედ მისგან შეიტყო სტალინმა ახალგაზრდა,

picture5-1752819260.jpg

ორი უსამშობლო ბოლშევიკი: სტალინი და ორჯონიკიძე

იმედისმომცემი „ჩეკისტის“ შესახებ, სტალინის „შეფასებათა კრიტერიუმებს“ სრულად რომ აკმაყოფილებდა, რაც ლავრენტი ბერიამ 1924 წელს, "აგვისტოს აჯანყების" ჩახშობის ოპე­რა­ცი­ებ­ში აქტიური მონაწილეობით დაამტკიცა. მაშინ ბერიას "ღვაწლი" დაუფასეს და სერგო ორჯონიკიძის წარდგინებით სსრკ-ის წითელი დროშის ორდენით დაჯილდოვეს. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ლ. ბერიას სერგო ორჯონიკიძე მფარველობდა და ეს ყველასთვის ცნობილი იყო.

ამასთან დაკავშირებით ძალზე საინტერესოა ერთი ამონარიდი აკადემიკოს ალ. ბარამიძის მოგონებების წიგნიდან: "ახლო წარსულიდან" (მხედველობაში მაქვს 1993 წლის გამოცემა, რადგანაც წინა, 1987 წლის გამოცემაში საქართველოს „კომპეტენტური ორგანოების“ ფილიალის, „მთავლიტის“ ცენზურის გამო, ეს ისტორიული ფაქტი ტექსტიდან ამოიღეს): "როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ 1924 წლის აჯანყება საბოლოოდ ჩაახშო, თუმცა რეპრესიები მთელი სიმკაცრით კვლავ გრძელდებოდა, ოპერის თეატრში გაიმართა დიდი თავყრილობა ამ აჯანყების თაობაზე, როგორც პროფკავშირების მუშაკმა, ამ თავყრილობაზე დასასწრები საშვი ვიშოვე... მოხსენებით გამოვიდა სერგო ორჯონიკიძე... დაახლოებით, შუა მოხსენებისას ორჯონიკიძემ სცენის კულისებიდან გამოიძახა ვიღაც, კარგად ჩაცმული, დაბალი ტანის საკმაოდ გამხდარი ახალგაზრდა კაცი, ეს ბიჭი (ასე თქვა) არისო საქართველოს უშიშროების საგანგებო კომისიის ოპერატიული ნაწილის უფროსი ლავრენტი ბერია, რომელმაც მიაგნო აჯანყების შტაბის ბუნაგს შიომღვიმის მონასტერში, შეიპყრო ამ შტაბის ყველა წევრი და მენშევიკურ კონტრრევოლუციურ-ავანტიურისტულ უდღეურ აჯანყებას მოჰკვეთა თავის მურტალი თავიო. გაუმარჯოს ლავრენტი ბერიასო! პათეტიკურად შესძახა ორჯონიკიძემ და "რჩეული" აუდიტორიის ტაშმა იგრიალა" (ციტატის დასასრული).

2022 წლის თებერვლის დასაწყისში 1924 წლის „აგვისტოს აჯანყების“ შესახებ ჩვენს ბლოგში საკმაოდ ვრცელი მასალა დაიბეჭდა და დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გაეცნოს. დღეს კი მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ ჩეკა-გე-პე-უმ ემიგრანტულ ორგანიზაციებში მრავლად შეაგზავნა აგენტები, რომლებმაც მალევე მოიპოვეს ქართული ემიგრანტული ორგანიზაციების ლიდერების ნდობა.

ფართო აგენტურული ქსელის მეშვეობით, ჩეკა-გე-პე-უს წინდაწინ ჰქონდა დაწვრილებითი ინფორმაცია ’’აგვისტოს აჯანყების’’ მზადების შესახებ.

ნოე რამიშვილი პარიზიდან სტამბოლში გაგზავნილ წერილში, რომელიც 1924 წლის 4 თებერვლით თარიღდება, წერს: “ბოლშევიკებმა აქ შექმნეს ჯაშუშთა ძლიერი ორგანიზაცია და კოლონიიდან ყველაფერს იგებენ”. სტამბოლში ჩეკას ოპერაციაში აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდა „ჩეკისტი“, ტფილისში დაბადებული და ქართული ენის კარგად მცოდნე პეტრე ზუბოვი. 1921 წლის 25 თებერვალს ზუ­ბო­ვი წი­თე­ლი არ­მი­ის ნა­წი­ლებ­თან ერ­თად შე­მო­ვი­და თბი­ლის­ში. იმ პე­რი­ო­დი­დან ის სა­ქარ­თვე­ლოს ჩე­კას ოპე­რა­ტი­ულ განყოფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ობდა. 1922 წლის და­საწ­ყის­ში ზუბოვი სა­ქარ­თვე­ლოს ჩე­კას სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის იმ ქვეგანყოფილების უფ­რო­სად და­ნიშ­ნეს, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში მოქ­მე­დი ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ოპე­რა­ტი­ულ-აგენ­ტუ­რულ­ მუ­შა­ო­ბას ეწე­ო­და. საბ­ჭო­თა კავშირის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის დო­კუ­მენ­ტებ­ში განსაკუთრებით ხაზ­გას­მუ­ლია ზუ­ბო­ვის დამსახურე­­ბა 1922-24 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაგეგმი­ლი სამ­ხედ­რო გამოსვლე­ბის ჩახ­შო­ბის ოპერა­ცი­ებ­ში. ირკვევა, რომ ზუ­ბოვს აგენტურა ჰყავდა სტამბოლში, ქართულ ემიგრანტებს შორის და მას

picture4-1752819260.jpg

პეტრე ზუბოვი (1898-1952)

1922 წლის ივ­ნის­ში ხელთ ჩა­უ­ვარ­და სა­ი­დუმ­ლო ინფორმა­ცია, სა­ი­და­ნაც ცნობილი გახდა, რომ საზღვარ­გა­რეთ მყო­ფი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნი­ლი პატ­რი­ო­ტე­ბი სამ­ხედ­რო აჯან­ყე­ბას გეგმავდნენ. ეს ინფორ­მა­ცია გაერთი­ა­ნე­ბუ­ლი სახელმწი­ფო პოლი­ტი­კუ­რი სამმარ­თვე­ლოს თავ­მჯდო­მა­რეს - ფე­ლიქს ძერჟინსკის მოახსე­ნეს. მან კი, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სპეციალური საიდუმლო მოხსენება წარუდგინა ბოლშევიკების უმაღლეს პარტიულ ორგანოს, პოლიტბიუროს, სადაც (როგორც საბჭოთა საგარეო დაზვერვის ისტორიის წყაროებშია აღნიშნული) დამტკიცებული ყოფილა შესაბამისი პოლიტიკური და საორგანიზაციო ზომები.

ასე რომ, უნდა გავითვალისწინოთ: საქართველოში სამხედრო აჯანყების დეტალური გეგმების ხელში ჩაგდების, ქვეყნის შიგნით ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და ემიგ­რა­ცი­ი­დან პარტიების ლიდერების ჩა­მოტ­ყუ­ე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცია მოს­კოვ-ტიფლის­ში 1923 წლის გაზაფხულიდან მუშავდებოდა და 1924 წლის აგ­ვის­ტოს ბო­ლოს ბოლ­შე­ვი­კე­ბის სის­ხლი­ა­ნი გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და.

“აგვისტოს აჯანყების” “ოპერატიული კომბინაციების” მიზნები და განხორციელების მეთოდები ანალოგიური იყო, რაც ჩეკა-გე-პე-უს სხვა ცნობილი სპეცოპერაციების (“სინდიკატისა” და “ტრესტის”) დეზინფორმაციულ-შემოტყუებითი კომბინაციების დროს.

ბოლშევიკებმა 1922 წლის ზაფხულიდან 1924 წლის აგვისტოს აჯანყებამდე გამოავლინეს ანტისაბჭოთა წრეები, – „წითელი არმიის“ ოფიცრები (ქართველი პატრიოტები: რ. მუსხელიშვილი, ი. ყარანგოზიშვილი და სხვ.), უცხოეთიდან შემოიტყუეს ემიგრაციის ლიდერები (ნ. ხომერიკი, ბ. ჩხიკვიშვილი, ვ. ჯუღელი და სხვ.), გამოავლინეს საქართველოში არალეგალურად შემოსვლისა და გასვლის მარშრუტები - ანუ, ფაქტობრივად, ყველა დასახულ მიზანს მიაღწიეს, თუმცა სპეციალურად არ შეაჩერეს სამხედრო აჯანყება (რაც თავისუფლად შეეძლოთ, რადგანაც სრულ ინფორმაციას ფლობდნენ), რათა შემდეგ სასტიკად და სამაგალითოდ გასწორებოდნენ აჯანყებულებსა და მათ თანამოააზრებს.

ზემოთ უკვე ითქვა, რომ საბჭოთა საგარეო დაზვერვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთ არსებული ემიგრანტულ ორგანიზაციებში შეღწევა, მათი "შიგნიდან დაშლა", ლიდერებისა და ყველაზე აქტიური წევრების აგენტად გადაბირება ან ფიზიკური ლიკვიდაცია იყო. ქართული ემიგრაციის "ურჩი" წევრების ფიზიკური განადგურების შენიღბვაც ცნობილი "ჩეკისტური მეთოდებით" ხდებოდა: ვითომ განაწყენებული ემიგრანტები პირად ანგარიშსწორებას ახდენდნენ (თუნდაც რამიშვილის მკვლელის - ჭანუყვაძის "მოტივი" გავიხსენოთ). ზოგჯერ რომელიმე ემიგრანტის ლიკვიდაციას მთლიანად ემიგრაციის წინააღმდეგ ფართო პროვოკაციული ოპერაციის დასაწყებად ახორციელებდნენ (მაგალითად, გრიგოლ ვეშაპელის მკვლელობა მერაბიშვილის მიერ). საბჭოთა აგენტები, რომლებიც ქართველი ემიგრანტების საზღვარგარეთულ ორგანიზაციებში მრავლად იყვნენ, მოსკოვსა და ტფილისში გზავნიდნენ დაწვრილებით ინფორმაციას და "ო-გე-პე-უს" ხელმძღვანელობას (მათგან კი იოსებ სტალინსაც) ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდა მაშინ მთავარი მტრების: ქართველი ემიგრანტების შესახებ. ამიტომ იყო, რომ სტალინმა კარგად უწყოდა, თუ ვინ იყო ემიგრაციაში ყველაზე ავტორიტეტული და ვისი „განეიტრალება“ იყო საჭირო.

picture3-1752819260.jpg

ტიტე ლორთქიფანიძე (1896-1937)

ამიერკავკასიის სფსრ-ში გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენლობის კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსი და, იმავდროულად, საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსი ტიტე ლორთქიფანიძე 1925-1927 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო დაზვერვის ("ინო”) დავალებით, "ცაგარელის" ფსევდონიმით, მივლინებული იქნა პარიზში, ქართველი ემიგრანტების წინააღმდეგ ფარული სპეცოპერაციების ჩასატარებლად. ოფიციალურად ის სსრკ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლად ითვლებოდა, რეალურად კი პარიზში საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტის მოადგილე გახლდათ. "ცაგარელი" სტალინის დირექტივებით მოქმედებდა: ტიტეს უნდა დაერწმუნებინა ნოე რამიშვილი, რომ მას აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა შეეწყვიტა. სხვა შემთხვევაში კი... თუმცა ლორთქიფანიძემ ეს დავალება ვერ შეასრულა.

საბჭოთა დაზვერვის მიზანი ზეწოლითა და შანტაჟით ნოე რამიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობის "მშვიდობიანი" გზით შეწყვეტა, მარცხით დასრულდა. მაშინ კი, როგორც ბოლშევიკების „ბულბულის“, ვლადიმერ მაიაკოვსკის ლექსში "მარცხენა მარში" გაისმის: "Ваше слово, товарищ маузер" ("სიტყვა თქვენზეა, ამხანაგო მაუზერო"), "ჩეკას" "აქტიური მოქმედების" დრო დადგა. 1930 წლის 7 დეკემბერს პარიზში ქართველმა ემიგრანტმა პარმენ ჭანუყვაძემ რევოლვერიდან გასროლით მოკლა ნ. რამიშვილი. საინტერესოა, რომ სტალინმა ემიგრაციის ლიდერებიდან სწორედ რამიშვილის (და არა ნოე ჟორდანიას), როგორც ყველაზე საშიში მოწინააღმდეგის, „განეიტრალება“ ჩათვალა პრიორიტეტულად.

pagenn-1752819260.jpg

ნოე რამიშვილი; პარმენ ჭანუყვაძე

ჩემი აზრით, ეს იყო ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობით დაგეგმილ-ორგანიზებული პოლიტიკური მკვლელობა. ამ მოსაზრებას ამყარებს შემდეგი გარემოებაც. მიუხედავად იმისა, რომ ბერია "ჩეკას" ქართველი პატრიოტების სისხლით მორწყულ "კარიერულ კიბეებზე" თანამიმდევრულად მიიწევდა მაღლა, მისი დაწინაურება მხოლოდ ნ. რამიშვილის მკვლელობის შემდეგ მოხდა.

ლ. ბერიამ ათი წელი (1921-1931 წ.წ.) იმუშავა ამიერკავკასიის და საქართველოს "ჩეკა-ოგეპეუს” ორგანოებში და უშუალოდ ხელმძღვანელობდა ყველა, მათ შორის - ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წინააღმდეგ სადაზვერვო ოპერაციების ჩატარებას. ხუთი წელი იყო ამიერკავკასიის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილე და მხოლოდ 1931 წლის 17 აპრილს, ნოე რამიშვილის მკვლელობიდან სამ თვეში, დააწინაურეს და დანიშნეს თავმჯდომარედ. ჩემი აზრით ეს შემთხვევითი ნამდვილად არ იყო: სტალინმა ბერიას დაუფასა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობის ორგანიზება. ამ პერიოდიდან ბერიას პიროვნებას სტალინი კიდევ უფრო დაკვირვებით ადევნებდა თვალს. ახალგაზრდა ლავრენტიც ცდილობდა "ამხანაგი კობასთვის” პირადი ერთგულებით ესიამოვნებინა. მოლოტოვი იხსენებს, რომ წლების შემდეგ პოლიტბიუროს ვიწრო წრეში სტალინს უთქვამს: "ბერია იმიტომ მომეწონა, რომ მართალ ინფორმაციას მაწვდიდა ამიერკავკასიის შესახებო”. ჩვენ კი ის შეგვიძლია დავამატოთ, რომ ამ "მართალ ინფორმაციას” მრავალი ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა. ნოე რამიშვილის მკვლელობით სტალინმა მიზანს მიაღწია: მოიცილა შეურიგებელი მოწინააღმდეგე, რომელთანაც პოლიტიკური დაპირისპირების გარდა, პირადი შუღლიც ჰქონდა და კიდევ უფრო გააღრმავა განხეთქილება ქართულ ემიგრაციაში.

(მეხუთე ნაწილის დასასრული)