ექვსი ნახევრად ალყა უკრაინის ფრონტზე - საგანგაშო მდგომარეობა უკრაინის არმიისთვის
რუსეთ-უკრაინის ომის 1 245 დღეს ფრონტის ხაზზე ოპერატიული მდგომარეობა კვლავ დაძაბულია - რუსი ოკუპანტები აგრძელებენ მცირერიცხოვანი მოიერიშე ჯგუფებით მრავლობით შეტევებს, ხოლო უკრაინის დამცველებს ისევ მათი მუდმივი მოგერიება უწევთ...
მართალია, პუტინის აგრესორი არმია ვეღარ ახდენს ერთ შეტევაში კილომეტრებზე წინ გაჭრას, როგორც ეს ომის დასაწყის ეტაპზე ხდებოდა, მაგრამ ყოველდღიურად მაინც წინ მიიწევს და იპყრობს უკრაინის მიწის რამდენიმე კვადრატულ კილომეტრს...
ამასთან რუსი ოკუპანტები განიცდიან ძალიან დიდ მსხვერპლს, რადგან იერიშებზე, ძირითადად, მოტოციკლებითა და ელექტროველოსიპედებით გადადიან, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიუახლოვდნენ უკრაინელების თავდაცვის ზღუდეს და ვინც გადაურჩება უკრაინელების ცეცხლს, ჩასანგრდებიან, დაელოდებიან ახალი მოიერიშე ჯგუფებიდან გადარჩენილებს და მერე გაერთიანებული ძალებთ ისევ შეტევაზე გადადიან...
რუსეთის არმიის ასეთი ტაქტიკა ძალიან დიდ დანაკარგს იწვევს მათ რიგებში, დაჭრილებისა და დაღუპულების სახით და ასე ბრძოლა მთელ მსოფლიოში ეტყობა მხოლოდ რუსებსა და ჩრდილო-კორეელებს თუ შეუძლიათ, რადგან ნორმალური ქვეყნების გენერლები თავის ჯარისკაცებს მეტ-ნაკლებად მაინც უფრთხილდებიან.
მაგრამ ძალზე მზარდი საბრძოლო დანაკლისი, როგორც სამხედრო ტექნიკაში, ისე - პირად შემადგენლობაში, რუსეთის გენერალიტეტსაც აიძულებს, შეცვალოს უკრაინული ქალაქების დაპყრობის სქემა და პირდაპირ, შუბლა იერიშებზე აღარ გადავიდეს, როგორც ამას ომის დასაწყისში აკეთებდა.
უკრაინული დასახლებული პუნქტების ფლანგებიდან შემოვლა, მათი ნახევრად ალყაში მოქცევა და დალოდება - თუკი უკრაინელი სამხედროები ალყის შეკვრის შიშით უკან დაიხევენ, რუსი ოკუპანტები ამ სოფლებსა და ქალაქებს შედარებით ნაკლები ბრძოლებით დაიპყრობენ, ხოლო თუკი უკრაინის დამცველები გაჯიუტდებიან და ბოლომდე დარჩებიან ქალაქის დაცვაში, პუტინის არმია ნახევრად ალყის სრულ ალყად გადაქცევას და „ტომარისთვის“ ყელის შეკვრას შეეცდება, რაც უკრაინისთვის, სამწუხაროდ, უკვე არა ერთხელ მომხდარა...
დღეისთვის, 2025 წლის 23 ივლისისთვის, უკრაინის ფრონტის აღმოსავლეთ ნაწილში შეიქმნა მართლაც რომ ძალზე საგანგაშო სიტუაცია, როდესაც პუტინის არმია ერთდროულად არანაკლებ ხუთი ნახევრად ალყის სრულ ალყად გადაქცევას ლამობს, ხოლო ჩრდილოეთ ფრონტზე ანალოგიური სიტუაცია იქმნება სუმის მიმართულებაზეც.
ასევე დაგაინტერესებთ: კოლაფსი რუსეთში და პარალიზებული მოსკოვი - "ეს რა შარში გაგხვია პუტინმა..."
როგორ აგიჟებს ილჰამ ალიევი პუტინს - აზერბაიჯანის მოწოდება უკრაინელებისთვის და... ქართველებისთვისაც
უკრაინული ინტერნეტრესურსის DeepStateMAP-ის ოპერატიული რუკის თანახმად, რუსეთ-უკრაინის ფრონტის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, შექმნილია ხუთი ნახევრად ალყა.
პირველი ნახევრად ალყა კუპიანსკთანაა, რომლის დაკარგვა ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს უკრაინის გენშტაბს, რადგან რუსი ოკუპანტები ეცდებიან, აღმოსავლეთიდან გააგრძელონ იერიშები, ხარკოვის მიმართულებით და, ასევე, შეურთდნენ ჩრდილოეთიდან, ვოვჩანსკთან შემოჭრილ თანაოკუპანტებს.
მეორე ნახევრად ალყა კუპიანსკის ქვემოთ, ბოროვასთან გამოისახა, საიდანაც რუსული შეტევა აღმოსავლეთით, იზიუმისკენ განვითარდება.
უკვე ოკუპირებული ლისიჩანსკიდან აღმოსავლეთით, ლიმანის მიმართულებით იკვრება მესამე ნახევრად ალყა.
ჩასოვ-იარიდან და ტორეცკიდან რუსი ოკუპანტები მეოთხე ნახევრად ალყის განვითარებით კონსტანტინოვკის სრულ ალყაში მოქცევას შეეცდებიან, რითაც კარგი პოზიციები გაუჩნდებათ პუტინის ერთ-ერთი მთავარი თავსატეხის გადასაწყვეტად - კრამატორსკსა და სლოვიანსკზე გადამწყვეტი შეტევების დასაწყებად. ეს ორი, შედარებით დიდი უკრაინული ქალაქი რჩება უკვე ნაწილობრივ ოკუპირებული დონეცკის ოლქის დაუპყრობელ ნაწილად, რომლის გარეშეც რუსეთის ფედერაციაში „მიღებული“ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ კრემლისთვის არასრულფასოვანი რჩება...
უფრო ქვემოთ, სამხრეთისკენ კი წარმოქმნილია მეხუთე ნახევრად ალყა, პოკროვსკთან, რომლის დაპყრობას რუსი ოკუპანტები ერთი წელია, ცდილობენ, რადგან სწორედ პოკროვსკიდან გადის ძირითადი კომუნიკაციები უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქების, პავლოგრადისა და დნიპროს მიმართულებით, რომელთა დაპყრობაც ასევე შედის კრემლის გეგმებში.
მეექვსე ნახევრად ალყა კი შექმნილია ჩრდილოეთ ფრონტზე, საზღვრისპირა რაიონში, ნოვომიკოლაევკასთან, ქალაქ სუმიდან 20-25 კმ-ში და ის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, სუმისკენ შეტევების გაფართოების სახით.
ფრონტის ხაზის გასწორებას ნებისმიერ ომში დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ძნელი ბრძოლა მაშინ, როდესაც ფლანგებზე შენივე არმიის დანაყოფები გეგულება და იქ მათ ნაცვლად, მოულოდნელად მტრის მოიერიშე ჯგუფები გამოჩნდებიან...
რამდენად ოპერატიულად მოახერხებს უკრაინის გენშტაბი ამ ექვსი და შეიძლება კიდევ სხვა ნახევრად ალყების „გამოსწორებას“, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს...