აფხაზების ახალი „კანონი“ ქართველების წინააღმდეგ - "სოხუმში დადის ჭორი, რომ თბილისი აფხაზეთის დაბრუნებისთვის ემზადება და..." - კვირის პალიტრა

აფხაზების ახალი „კანონი“ ქართველების წინააღმდეგ - "სოხუმში დადის ჭორი, რომ თბილისი აფხაზეთის დაბრუნებისთვის ემზადება და..."

აფხაზი სეპარატისტები ქართველების კიდევ მეტად შესავიწროებლად "კანონს" ამკაცრებენ - ე.წ. სამოქალაქო კოდექსში შეიტანეს ცვლილება, რის მიხედვითაც აიკრძალება,­ რომ ქართველმა აფხაზეთში უძრავი ქონება ანდერძით ან მემკვიდრეობით მიიღოს. მსგავსი ტიპის აკრძალვა ადრეც არსებობდა, თუმცა ჩანაწერში საუბარი იყო მხოლოდ იმ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე, ვინც იბრძოდა ან რაიმე ფორმით ეხმარებოდა ქართულ არმიას 1992-93 წლებში. ამჯერად ნორმა გამკაცრდა და ჩაიწერა, რომ პირი ვერ მიიღებს ქონებას, თუკი მისი ოჯახის რომელიმე წევრი "აფხაზეთის სუვერენიტეტის"­ წინააღმდეგ ქმედებებსა თუ განცხადებებში იქნება შემჩნეული.

დე ფაქტო პარლამენტში მიღებულ ახალ კანონში აღნიშნულია, რომ "გამოირიცხება­ უძრავი ქონების ანდერძით ან მემკვიდრეობით გადაცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მოქალაქეობის არმქონე პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, თუ ისინი: მონაწილეობდნენ ან მონაწილეობენ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაში; მონაწილეობდნენ აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ომის დაგეგმვაში, მომზადებასა და წარმოებაში; მონაწილეობდნენ საქართველოს შეიარაღებულ ფორმირებებში სახელმწიფო საბჭოს მიერ აფხაზეთის ოკუპაციის დროს 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში ან სხვა ფორმით უწყობდნენ ხელს. სეპარატისტული ხელისუფლების განცხადებით, "ცვლილება მიზნად ისახავს რესპუბლიკის მტრულად განწყობილი პირებისთვის ყველა ხვრელის ამოვსებას".

1992-93 წლების ომის შედეგად აფხაზეთი 200 000-ზე მეტმა ქართველმა იძულებით დატოვა. მათ მთელი უძრავი ქონება ჩამოართვეს და სეპარატისტულმა აფხაზეთმა გამოაცხადა, რომ ქართველების ქონების ნაციონალიზაცია მოახდინა. იყო შემთხვევები, როცა ქართველები ცდილობდნენ უძრავი ქონების დაბრუნებას ან გაყიდეს, ან ფორმალურად სხვა ეროვნების ახლო ნათესავს გადაუფორმეს. იყო რამდენიმე პრეცედენტი, როდესაც საკუთრების დადგენაზე ქართველმა იჩივლა და დავა მოიგო როგორც აფხაზურ, ისე რუსეთის სასამართლოში. აფხაზების განცხადებით, სწორედ ამგვარი შემთხვევების შეჩერებას ისახავს მიზნად "ახალი კანონი", რომელიც აფართოებს იმ პირთა ჩამონათვალს, ვისთვისაც მემკვიდრეობით მიღების უფლება იზღუდება.

"დევნილების ხმა არც ერთ ხელისუფლებას არ ესმის"

ნუკრი ნოდია, "მოძრაობა აფხაზეთისთვის" თავმჯდომარე: - აფხაზეთში ქონების­ დაზღვევისთვის პრევენცია იქნებოდა, რომ ჩვენს ხელისუფლებას მიეღო "რესტიტუციის კანონი". ჩვენი უძრავი ქონება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გვაქვს, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ არის, არა გვაქვს ოფიციალური საბუთი, რომ ეს ქონება ჩვენ გვეკუთვნის. მხოლოდ დევნილის მოწმობაში წერია მისამართი, სხვა არაფერი. ჩვენ კი გვინდა საბუთი, სადაც ეწერება, რა მიწის ნაკვეთს და რა ფართობის სახლს ვფლობდით. ეს საერთაშორისო სასამართლოში ქვეყანას დამატებით ბონუსად წაადგებოდა. დოკუმენტები მომზადებულია, პოლიტიკური­ ნებაა საჭირო, რომ საბუთები გვქონდეს. არაოფიციალურად კანონის არმიღების არგუმენტია, რომ როგორც კი დევნილები დაიკანონებენ უძრავ ქონებას და ეს რეესტრში გატარდება, დაბრუნების იმედის უქონლობის­ გამო მასობრივად გაყიდიან ქონებას და შემდეგ აფხაზებს ექნებათ სათ­ქმელი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავად გაყიდეს ქონება და ოფიციალურად წამოვიდნენ აფხაზეთიდანო. თუკი ეს საფრთხე არსებობს, შესაძლებელია დაკანონების დროს დაადო აკრძალვა, არ გაიყიდოს, სანამ არ დავბრუნდებით. დაბრუნების შემდეგ­ კი თავის ქონებას ვინ რას უზამს, ეს უკვე მისი ნება იქნება. არაერთხელ გვქონდა დევნილებს რესტიტუციის მოთხოვნით აქციები იუსტიციის სამინისტროსთან, მაგრამ დევნილების ხმა არც ერთ ხელისუფლებას არ ესმის.

afxazetisaxlebi4-2019-06-07-vaxz0t1kxjwko6-1753636558.jpg

"სეპარატისტულ ხელისუფლებაში ყაჩაღები და ბანდიტები არიან "

ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: - ქართვ­ელების მიერ სახლების გაყიდვის ერთეული შემთხვევები იყო. ასევე ერთეული­ შემთხვევები იყო, როცა მემკვიდრეობით რამდენიმე პირმა დაიბრუნა ბინა სასამა­რთლო წესით. მათ ნათესავი აფხაზები ეხმარებოდნენ და იქაურმა ე.წ. სასამართლომ ქართველის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. საუბარია ძირითადად რუსეთში მცხოვრებ რამდენიმე ქართველზე.­ სწორედ ამის აღსაკვეთად მიიღეს ეს ახალი შესწორება ე.წ. სამოქალაქო კოდექსში,­ რომ ეს ერთეული შემთხვევა ასეულ შემთხვევად არ გადაქცეულიყო. ქართველების 99% სახლებს არ ყიდის და სწორადაც­ იქცევიან. ძალიან დიდია რწმენა, რომ დაბრუნდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ: ახალი აფხაზურ-რუსული სკანდალი, რომელიც ისევ ქართველებს დააბრალეს - "არიქა, რუსი ტურისტები გვიპყრობენ!.."

"დოშირაკის" სკანდალი აფხაზეთში - აფხაზებს ღარიბი რუსი ტურისტები არ მოსწონთ, რუსები კი აფხაზებს დასცინიან

„პრეზიდენტ“ გაგლოევის ვენდეტა - რატომ დაიწყო დიდი საკადრო წმენდა ცხინვალში

რუსული ეფ-ეს-ბე „თაღლით“ აფხაზ მრავალშვილიან დედებს დაერია

ეს ახალი "კანონი" ბევრს არაფერს შეცვლის, ახლა გაფართოვდა სია და ჩაიწერა, რომ საკუთრებას ვერ მიიღებს არა მხოლოდ ის, ვინც იბრძოდა, არამედ ვინც საქართველოს თანაუგრძნობდა და თანაუგრძნობს ახლაც. თუმცა ქართველებს საკუთრების უფლებას იქ დღესაც არავინ აძლევდა. გალში ქართველს არ აქვს უფლება ახალი სახლი თუ მიწა იყიდოს ან საკუთარი გაყიდოს, რადგან ისინი აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეებად არ ითვლებიან. საქართველო და მსოფლიო თანამეგობრობა არ აღიარებს­ აფხაზეთის დე ფაქტო კანონებს და ის უკანონო და ბათილია, როგორც ჩვენი, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით. ვინც იმ სახლებს ყიდულობს, მან იკითხოს. როდესაც პრობლემა მოგვარდება, მას ჩამოერთმევა უკანონოდ მითვისებული სახლი... რესტიტუციის კანონის მიღებას ითხოვენ დევნილები, მასალები იუსტიციის სამინისტროს განკარგულებაშია,­ მაგრამ პრობლემების გამო საქმე ვერ დაიძრა, რადგან ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის მასალები. თუმცა დოკუმენტი აუცილებლად იქნება.

chanba84-small-1753636558.jpg

"არ იქნება ურიგო, თუ რუსეთში მცხოვრები დევნილი ქართველები თავის ქონებაზე რუსეთში საჩივრებს შეიტანენ"

მამუკა არეშიძე, კონფლიქტოლოგი: - ეს გუნბას დე ფაქტო მთავრობის პიარსვლაა, რათა ეჭვი გაუფანტონ აფხაზ საზოგადოებას, რომ ოფიციალური თბილისიდან მიმდინარეობს აფხაზეთის დაბრუნებაზე მოლაპარაკება. ასეთი ჭორი აფხაზეთში ნამდვილად დადის ყარაბაღის მოვლენების შემდეგ და განსაკუთრებით გაძლიერდა შარშან დე ფაქტო არჩევნების წინ, რასაც ხელს უწყობდა რუსეთიდან კულუარულად მოსული ინფორმაცია. მაშინ რუსეთში­ ექსპერტების ჯგუფი საჯაროდ ამბობდა, რომ დადგა დრო, ქართულ-აფხაზური ამბავი გადაიხედოს ქართულ-რუსული ურთიერთობის ცვლილების კონტექსტში.

გასული წლის ივლისში სოხუმში ოპოზიციის წევრებმა გამოაცხადეს, აპარტ-ოტელების მშენებლობის გეგმის უკან ქართველები დგანან, ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთში მცხოვრები რამდენიმე მდიდარი­ ქართველის მიზანია აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვაო. შემდეგ პოლიტიკური კლიმატის მიხედვით დაიწყეს ბრალდებები, რომ კრასნოდარის ყოფილ გუბერნატორ ტკაჩოვსა და რუსი ოლიგარქების ნაწილს სურს აპარტ-ოტელების მშენებლობა. იგივე­ პიარსვლაა ახლა, გუნბას "მთავრობას" სურს დაამტკიცოს, რომ ქართველებთან­ დამოკიდებულებაში მკაცრები არიან, თორემ­ ქართველებს საკუთრების უფლება ისედაც აკრძალული ჰქონდათ. აფხაზეთში რუსებ­საც წაართვეს ბინები ომის შემდგომ. 5 ათასამდე საჩივარი იყო შესული აფხაზურ სასამართლოებში და ვერც ერთმა ქონების დაბრუნება ვერ მოახერხა. საარბიტრაჟო­ კანონის მიხედვით, თუ რუსეთის მოქალაქე­ საჩივარს შეიტანს რუსეთის საარბიტრაჟო­ სასამართლოში, გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულო ხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამიტომ ამ კანონის მიღების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა უკვე დაიწყეს საჩივრების შეტანა.

ჯერჯერობით რუსეთის მოქალაქე­ ქართველები არ აქტიურობენ, თუმცა­ აფხაზეთში დარწმუნებული არიან, რომ ერთ დღეს ქართველებსაც მიუშვებს მოსკოვი სასამართლოებში საჩივლელად და შეიძლება­ ერთ მშვენიერ დღეს რუსეთში მცხო­ვ­რებმა აფხაზეთიდან დევნილმა­ ქართველმა, ქონების დაბრუნებაზე ჩივილი დაიწყონ და აფხაზური სასამართლო იძულებული იქნება მათი საჩივარი დააკმაყოფილოს, ქონება დაუბრუნოს.

დღეს აფხაზეთში ქართველების სახლების­ ნაწილი განადგურებულია, ნაწილი კი აფხაზებმა მიისაკუთრეს. გამოაცხადეს, რომ ქართველების ქონების ნაციონალიზაცია მოახდინეს. როცა ბოლოს ვიყავი­ აფხაზეთში­, ჩემი თვალით მაქვს ნანახი ქართველების სახლზე ომის შემდეგ მიწერილი, რომ ეს სახლი ეკუთვნის ვიღაც აფხაზს, ჩეჩენს, ჩერქეზს. როგორც ომის ალაფი, ისე დაისაკუთრეს ქართველების სახლები. უმეტესად ლაპარაკია სახლებზე სოხუმში, გულრიფშის რაიონის ნაწილში, გაგრაში. აქეთ დასასახლებლად მაინცდამაინც არ იკლავენ აფხაზები თავს, ტყვარჩელის რაიონში საკუთარი სახლები აქვთ მიტოვებული, არათუ ქართველების. გალში კი ქართველებს აფხაზური ე.წ. კანონით საკუთრება დაკანონებული არა აქვთ. გალის რაიონს მთელი­ რიგი სოფლები ჩამოაჭრეს და ოჩამჩირეს და ტყვარჩელს მიუერთეს. ქართულად სწავლება შეიზღუდა და ახლა წამოვიდა თაობა, რომელიც მხოლოდ მეგრულად და რუსულად ლაპარაკობს. ეს კანონი წარმოუდგენელია ცივილიზებულ სამყაროში, მაგრამ ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში "ყველაფერი მოსულა".

არ იქნება ურიგო, თუ მოვახერხებთ და რუსეთში მცხოვრებ დევნილ ქართველებს გავააქტიურებთ, რათა თავიანთ ქონებაზე საჩივრები შეიტანონ რუსულ სასამართლოებში. მაინცდამაინც დღეს შეიძლება არ იყოს შესაბამისი დრო, თუმცა რბილი ძალის ამოქმედებაზე მუშაობა აუცილებელია.

400px-zaniato-karabakh-1753636558.jpg

"გალში არც ერთ ქართველს არა აქვს ქონება რეგისტრირებული"

გალის მცხოვრები: - გალში ქართველებს საკუთარი ქონების გაფორმება და შეძენა დღესაც არ შეგვიძლია. ამის უფლებას არ იძლევა ე.წ. ბინადრობის მოწმობა. უფლებას გვაძლევდა "აფხაზური პასპორტი", რომელიც 2008 წლიდან რამდენიმე წელი გაიცემოდა და მერე თავად აფხაზებმა გააპროტესტეს, თქვეს, ქართველებს და აფხაზებს თანაბარი უფლებები არ უნდა ჰქონდეთო, ამიტომ პასპორტები გააუქმეს და მოგვცეს "ვიდ ნა ჟიტელსტვო", რომელიც მხოლოდ ენგურის ხიდზე გადასასვლელად გამოიყენება. გალის იქით ქართველები ისედაც არ ცხოვრობენ, მათი სახლები აფხაზებს,­ ჩეჩნებს თუ სომხებს აქვთ დასაკუთრებული.

ქართველებით დასახლებულია მხოლოდ გალი და ტყვარჩელის ნაწილი. ხალხს აქვს სახლები, მიწები, მაგრამ ოფიციალურად, ე.წ. აფხაზური კანონით, მათ საკუთრებად გაფორმებული არ არის. ჩვენთან სახლები მიტოვებულად არ ითვლება, ვიღაც ზაფხულის­ სეზონზე აუცილებლად ჩამოდის ან ვინც ვერ ჩადის, მეზობლები უვლიან ქონებას, უგროვებენ თხილის მოსავალს სანახევრო გაყოფით. ვინმემ რომ მიწა ოფიციალურად გაიფორმოს, ასეთი არ მსმენია. თუ აფხაზს ქრთამს გადაუხდი, შეიძლება­ გააფორმო ქონება, მაგრამ ეს 3.000 დოლარამდე ჯდება და ვის აქვს აქ ამდენი ფული. თანაც, არავინ იცის, ხვალ რა მოუვათ აფხაზებს თავში, შეიძლება გაგვყარონ კიდეც. უბრალოდ, აქ ყველამ იცის, ვის რომელი მიწის ნაკვეთი აქვს შემოსაზღვრული და სხვა ხელს არ ახლებს. აქა-იქ სახლებიც იყიდება. 5 ათას დოლარადაც გაყიდულა და 20 ათასადაც. ჩემს სამეზობლოშიც გაყიდეს, ოღონდ ნდობის საფუძველზე, ნოტარიუსთან აფორმებენ, რომ ფული გადაიხადეს, სხვა დოკუმენტი ხელში არ გიჭირავს. იყო შემთხვევა, როდესაც ერთმა გაყიდა სახლი, მყიდველმა მიალაგა, მოაწესრიგა და ორ წელიწადში პატრონი დაბრუნდა, ჩემს სახლში ცხოვრება მინდაო, და დაიბრუნა ქონება. ჩვენი­ სახლი ბაბუაჩემის აშენებულია. მისგან ვიცი, რომ მიწა გვერდზე მეზობლის ბაბუის ნაჩუქარია და ახლა რომ დავფიქრდი, ჩვენც სხვის მიწაზე გვაქვს სახლი. უბრალოდ, სოფელში ყველამ იცის, რომ ეს სახლი ბაბუაჩემის აშენებულია, ეკუთვნის მამაჩემს და სტერეოტიპულად მემკვიდრეობა გადაეცემა ოჯახის უმცროს ბიჭს. არა მგონია, რაიმე­ საბუთი არსებობდეს, რომელიც ჩვენ ამ სახლზე საკუთრების უფლებას გვაძლევს. უბრალოდ, მამაჩემი შეგუებულია იმ რეალობას, რომ დროებით ცხოვრობს ამ სახლში.

გალში არცერთ ქართველს არა აქვს ქონება რეგისტრირებული და რაც არ უნდა გაამკაცრონ "კანონი", ჩვენთვის არაფერს ცვლის. რაც შეეხება ომში მონაწილე პირს, ასეთი აფხაზეთში ისედაც ვერ იცხოვრებს. აფხაზებს აქვთ ბაზა, სადაც ომში მონაწილე­ების სახელები აქვთ და ხიდზე გადასვლის დროს მკაცრად აკონტროლებენ. როცა საბუთებს ამოწმებენ, აუცილებლად ამოაგდებს, რომ ომის მონაწილეა. ასეთი ადამიანები­ არც ეკარებიან აფხაზეთს, არა მარტო უშუალოდ მონაწილეები, შვილები და შვილიშვილებიც სამუდამო შავ სიაში არიან, მით უმეტეს, ქონებაზე პრეტენზია წარმოუდგენელია.

ეკატერინე ბასილაია