სკანდალი მოსკოვში - რუსებმა აღიარეს თალიბების ხელისუფლება, რომლის ნახევრად ოფიციალურ ჰიმნში „რუსულ საფლავებსა და თავის ქალებზე“ აღტაცებით მღერიან
2025 წლის 3 ივლისს რუსეთის ფედერაციამ აღიარა ავღანეთის ისლამური საემირო ანუ თალიბების ის ხელისუფლება, რომელმაც 2021 წლის 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულზე და მას შემდეგ მართავს ამ მრავალტანჯულ ქვეყანას.
არადა, ჯერ კიდევ 2025 წლის 17 აპრილამდე რუსეთი თალიბანს საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად თვლიდა, მაგრამ პრეზიდენტ პუტინის სპეციალური დავალებით, სასწრაფო რეჟიმში ჯერ რუსეთის გენპროკურატურამ გააუქმა თალიბანთან დაკავშირებული აკრძალვები და 1 ივლისს უკვე თალიბების ელჩიც კი გამოჩნდა მოსკოვში...
კრემლის ასეთი აჩქარება უკავშირდება ავღანეთის ფაქტორის თავის ინტერესებში გამოყენებას, მათ შორის - ამერიკელების ჯიბრზეც, თუმცა თალიბების ხელისუფლების ასე სწრაფად ოფიციალურად აღიარებამ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები დიდი კონფუზის წინაშე აღმოაჩინა...
როგორც ირკვევა, თალიბების ნახევრად ოფიციალურ ჰიმნში, რომელიც მუსიკის გარეშე სრულდება და ჰქვია „ეს გულადების სახლია“, არის ასეთი სიტყვები -„ჩემო მშვენიერო მდელო, მე ჩემი სიცოცხლე შენთვის გავწირე! გახდა თავისუფალი ინგლისელებისგან, იქცა რუსების სასაფლაოდ... შეხედე თავის ქალების გროვას, აი, რა დარჩა რუსებისგან!“
რუსი სენატორები მოითხოვენ, რომ თალიბებმა სასწრაფოდ შეცვალონ ეს ჰიმნი, რაზეც ავღანეთის ისლამური საემიროს საელჩოდან უპასუხეს, რომ მათ ხელისუფლებას არ მიუღია ოფიციალური ჰიმნი და ეს მხოლოდ სიმღერაა, წლების წინ გავრცელებული თალიბებს შორის.
თუმცა 2013 წელს, როდესაც კატარის დედაქალაქ დოჰაში თალიბანის მოძრაობა თავის პოლიტიკურ ოფისს ხსნიდა, სწორედ ეს სიმღერა ჟღერდა „რუსული საფლავებისა და თავის ქალების“ თაობაზე...
რუსი დეპუტატების გაღიზიანება შემდეგმა გარემოებამაც გამოიწვია- თუკი თალიბები თავის ნახევრად ოფიციალურ ჰიმნში ინგლისელებსა და რუსებს ახსენებენ, რატომ ავიწყდებათ ამერიკელები, რომლებიც ასევე, ოცი წელი იარაღით ხელში იყვნენ ავღანეთის მიწაზეო...
ასევე დაგაინტერესებთ: ბომბავდნენ თუ არა კახეთიდან ავღანეთს?
პუტინს უკრაინელმა დრონებმა მშობლიურ ქალაქში მიაკითხეს - როგორ ჩაუშხამეს კრემლის ბინადარს დიდი ზეიმი
რა ჩაიფიქრა პუტინმა სომხეთში გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე?
ამის ახსნა არსებობს - ეს სიმღერა, რომელსაც მამაკაცის ხმა მუსიკის გარეშე ასრულებს, 1990-იან წლებშია დაწერილი, როდესაც ჯერ კიდევ ახალი იყო ის მძიმე ტკივილი, რაც 1979-89 წლებში ავღანეთში საბჭოთა არმიის მოქმედებამ მიაყენა ადგილობრივებს, მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული ამერიკული სამხედრო ოპერაცია, რომელიც 2001 წლიდან ამოქმედდა ავღანეთის ტერიტორიაზე და არანაკლები მსხვერპლი გამოიწვია ავღანელებში...
გასაგებია, რომ როდესაც ავღანელები იხსენებენ „რუსების საფლავებს“ მათ მიწაზე, აქ მარტო კონკრეტულად რუსები არ იგულისხმებიან (თუმცა ავღანელებისთვის ყველა „შურავი“ იყო), არამედ საბჭოთა კავშირის 15-ივე რესპუბლიკის, მათ შორის საქართველოს ის წარმომადგენლებიც, რომლებსაც საბჭოთა სისტემა ორწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში იწვევდა და მათდა დაუკითხავად აგზავნიდა ავღანეთის მიწაზე საომრად, მაგრამ რისთვის დაიღუპა 15 ათასზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი ავღანეთის მიწაზე?
საბჭოთა დაჩაჩანაკებული პარტიული ლიდერებისა და გენერლების იმ მოჩვენებითი შიშის გასაქარწყლებლად, რომ ავღანეთში, თუკი საბჭოთა ჯარს არ შეიყვანდნენ, იქ თურმე ამერიკელები გადასხდებოდნენ და რაკეტებს დააყენებდნენ?
დღეს იგივე შიშები ხომ არ აწუხებს ბრეჟნევზე არანაკლებ მოხუცებულ პუტინს, როდესაც მეზობელ უკრაინას ისევე დაუნდობლად ბომბავს, როგორც კრემლი 40 წლის წინ ამას ავღანეთში აკეთებდა - რუსეთმა თუ არ დაიპყრო უკრაინა, მაშინ იქ ნატო გაიდგამს ფეხსო...
არადა ნატო, რომელმაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე თავის რიგებში წევრობა აღუთქვა საქართველოსა და უკრაინას, თავიდანვე არ იყო ამის შემსრულებელი, მაგრამ სამაგიეროდ - კარგი მიზეზი მისცა კრემლს ჯერ საქართველოსა და შემდეგ -უკრაინაში შეჭრისთვის...