"მე გადავწყვეტ, ვის ავახიო ფული და მერე ვის დავურიგო": ჩვენ ვნახეთ, რა მოუტანა ამ პრინციპმა ქვეყანას" - რატომ მიიჩნევს ირაკლი მელაშვილი, რომ "ნაცმოძრ - კვირის პალიტრა

"მე გადავწყვეტ, ვის ავახიო ფული და მერე ვის დავურიგო": ჩვენ ვნახეთ, რა მოუტანა ამ პრინციპმა ქვეყანას" - რატომ მიიჩნევს ირაკლი მელაშვილი, რომ "ნაცმოძრაობამ" ჭკუა ვერ ისწავლა?!

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ ირაკლი მელაშვილის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 28 ივლისის ნომერში გამოქვეყნდა.

- ოპოზიციური პარტიები კი ისევ იმაზე დავობენ, უნდა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა თუ არა... "სტრატეგია აღმაშენებლის" პატიმრობაში მყოფმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაავრცელა წერილი, რომელშიც 8-პუნქტიან გეგმას ასახელებს და მის შესასრულებლად გაერთიანების მნიშვნელობაზე საუბრობს.

- ოპოზიციის ნაწილის ლიდერი მიხეილ სააკაშვილია, რომლის პოზიციაც დაახლოებით ასეთია, თუ მე არ ვიქნები პოლიტიკური პროცესების ცენტრში, წყალსაც წაუღია ყველაფერიო. ვინაიდან ვერ მოხერხდა შეთანხმება, რომ მისი გათავისუფლების საკითხი იქნებოდა მთავარი თემა მომავალი არჩევნებისთვის, ყველაფერი გააკეთა, რომ ოპოზიციური ერთობა არ შემდგარიყო.

ამით ის აჩვენებს თავის ძალას, რომ მას შეუძლია ნებისმიერი პოლიტიკური პროცესის ჩაშლა... ის, რომ ოპოზიციას გაერთიანების შემთხვევაში შეეძლო თბილისის მოგება, რაც მნიშვნელოვნად შეცვლიდა პოლიტიკურ ლანდშაფტს ქვეყანაში, იდიოტი უნდა ყოფილიყავი, რომ ვერ დაგენახა.

არჩევნების ბოიკოტით შედეგი მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები ვერ ჩატარდება, რაც ჩვენი კანონმდებლობით სრულიად შეუძლებელია, რადგან მარტო კობახიძეც რომ მივიდეს ურნასთან, არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება. მოკლედ, უტოპიას გვისახავენ მიზნად. აქედან გამომდინარე, ჩემთვის მტკნარი სიცრუეა იმაზე ლაპარაკი, რომ ისინი ბოიკოტის რეჟიმს უზრუნველყოფენ; ან

რომ გვეუბნებიან, ერთობა ნებისმიერ ფასადო, ესეც უტოპიაა. ერთობა უნდა შედგეს კარგი საქმისთვის და არა სისულელისთვის. კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას: როგორ აპირებენ ბოიკოტით შედეგის მიღებას? ბოიკოტით გამარჯვება ნიშნავს არჩევნების არჩატარებას, არჩევნები კი აუცილებლად გაიმართება.

- "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ამ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს მოუწოდა 4 ოქტომბრის არჩევნების გამო გაერთიანდნენ, ხოლო ის სამართალდამცავები, რომლებიც "იარაღს არ ისვრიან", ჯილდოდ 200 000 დოლარს მიიღებენ.

- თქვენი ყურადღება მის სხვა ფრაზასაც მინდა მივაპყრო: "საიდან მოვიტანთ ამ ფულს? გადახედეთ, კაცო, რიჟვაძე, ლილუაშვილი, გომელაური...". უბედურება ის არის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერაფერი ისწავლა. ჩვენ უკვე ვნახეთ, რა მოუტანა საქართველოს პოლიტიკოსთა საქციელმა პრინციპით: "მე გადავწყვეტ, ვის ავახიო ფული და მერე ვის დავურიგო".

ვინმეს თუ მოკლე მეხსიერება აქვს, ეს მისი პრობლემაა. როგორც ჩანს, ამ პარტიაში დღესაც ვერ ხვდებიან, რომ 2012-ში მათი მარცხის, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში ენმ-ის კატეგორიული მიუღებლობის, მათდამი ზიზღის უმთავრესი მიზეზი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ პარტიის ლიდერთა მსგავსი აზროვნება იყო.

ასევე დაგაინტერესებთ: რა გეგმას სთავაზობს გია ხუხაშვილი ოპოზიციას?! - "საარჩევნო უბანთან­ 500 კაცი რომ დადგება, როგორ­ გაბედავენ ძველი ბიჭებითა და ნარკუშებით გაყალბებას, ამასაც ვნახავთ"

გადამწყვეტი შემოდგომა საქართველოსთვის?! - ირაკლი მელაშვილის ანალიზი: "აფეთქდება" თუ არა ახალი ძალით კრიზისი

რევოლუცია მოდის?! სა­ხალ­ხო აჯან­ყე­ბა?! - უსაფრთხოების ექსპერტის სკანდალური პროგნოზი: "ოპოზიციური ლიდერები ისე აქტიურად ალაპარაკდნენ რევოლუციურ სცენარებზე და რეგიონში ისეთი ვითარებაა, რომ..."

"საქართველოს გეოპოლიტიკური კატასტროფა ემუქრება, კრიტიკული მომენტი დგება..." - მირიან მირიანაშვილის ანალიზი: რა "განაჩენს" გამოუტანს ევროპა თბილისს?!

გარდა ამისა, ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ამგვარი განცხადებებით ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამენ წყალს. ზოგჯერ მეეჭვება, მართლაც ფული ხომ არ აქვთ აღებული... როცა ამას ამბობ, ის ხალხი, რომელიც უკმაყოფილოა ივანიშვილის ხელისუფლებით და ფიქრობს, რომ აღარ მისცეს "ქართულ ოცნებას" ხმა, ისევ უიმედობაში ვარდება და ისევ "ქართული ოცნების" გარშემო კონსოლიდირებაზე იწყებს ფიქრს. თანაც, მმართველ პარტიაში ეროზიაა დაწყებული, ასეთი განცხადებებით კი ამ ეროზიას ადუღაბებ ისევ. მთელი პოლიტიკური კლასის პრობლემა ერთია - ყველა ცდილობს ერთპიროვნული მმართველობა შეინარჩუნოს. ვინმესგან გაგიგონიათ ლაპარაკი, რომ თვითმმართველობის გაძლიერებაა საჭირო? არაერთხელ გამოიცვალა მართვის სისტემა ქვეყანაში, ყველა შემთხვევაში გვეუბნებოდნენ, ახლა იქნება ნამდვილი დემოკრატიაო, საბოლოოდ კი ყველა ხელისუფლება ავტორიტარიზმამდე მივიდა. აღარ დარჩა მართვის სისტემა, რომელიც არ მოვსინჯეთ, არ ვიცი, აწი აბსოლუტურ მონარქიას თუ გამოვაცხადებთ. არაფრის გაგება არ უნდა ჩვენს პოლიტიკურ ელიტას. პოლიტიკური სპექტრი ჩხუბობს მეორეხარისხოვან საკითხებზე, რადგან პირველხარისხოვანზე ჭკუა არ ჰყოფნით.

წაიკითხე ვრცლად