ხაბეიშვილის "რევოლუცია" და პაატა ბურჭულაძის "მშვიდობიანი დამხობის გეგმა" - "ამ განცხადებებით მოგებული რჩება მხოლოდ ხელისუფლება და არა  ოპოზიცია" - კვირის პალიტრა

ხაბეიშვილის "რევოლუცია", პაატა ბურჭულაძის "მშვიდობიანი დამხობის გეგმა" და შეშფოთებული ოპოზიცია - "ამ განცხადებებით მოგებული რჩება მხოლოდ ხელისუფლება"

„ბიძინა დავამარცხოთ-თქო, პროტესტი გავააქტიუროთ-თქო, მგელს პირში ვუვარდები და აქეთ „ოპოზიციურ" ველზე გამოჩნდნენ ნოსტრადამუსები...“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაწერა, რაც მის ინიციატივას: "4 - რიცხვი დიდი პროტესტისა და აქტიური შეტევის შესახებ" ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა, მათ შორის -„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თიკა ბოკუჩავამ გააკრიტიკა. „რევოლუციის თარიღი ხელოვნურად არ იკიდება და წინსწრებად არ ანონსდება - ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს და საზოგადოების მოლოდინის არასწორი მართვა სრულიად გაუმართლებელია“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

„4 რიცხვი არ „დავკიდოთ“, ივანიშვილის დამარცხება არ ვთქვათ, აქტიური შეტევა და პროტესტი არ ვახსენოთ, ბიძინას დავამხობთ არ ვთქვათ... აბა, რა გინდათ?! რას ეწვალებით?!“ - სვამს კითხვას ხაბეიშვილი და დასძენს, რომ როგორც კი ბიძინა ივანიშვილს „ცეცხლს უხსნის“, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მაშინვე მასზე თავდასხმები იწყება. რა ხდება ოპოზიციაში და კონკრეტულად „ნაციონალურ მოძრაობაში“, ამის გარკვევას ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძესთან ვცდილობთ.

- მართალია თინა ბოკუჩავა. ოპოზიციამ თავი უნდა შეიკავოს მყვირალა, საფუძველს მოკლებული განცხადებებისგან. როდესაც ლევან ხაბეიშვილი საჯარო განცხადებებს აკეთებს, განსაკუთრებით კი იმასთან დაკავშირებით, რა, როგორ და როდის უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა – არის თუ არა ეს განცხადება შეთანხმებული პარტიასთან? ხაბეიშვილი რიგითი პარტიის წევრი არ არის, ის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეა. პარტიული გადაწყვეტილებები კი კოლექტიური პასუხისმგებლობის საგანია. როცა ის აცხადებს, რომ 4 ოქტომბერი გადამწყვეტი უნდა იყოს ან როცა წინა ხაზზე გამოდის რადიკალური მოწოდებებით, საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს: ეს პარტიის შეთანხმებული პოზიციაა თუ მისი პირადი ინიციატივა? გასაგებია, რომ მსგავსი ტიპის გზავნილებია პაატა ბურჭულაძის მხრიდან, მაგრამ ხაბეიშვილი პარტიის შიგნით მნიშვნელოვანი თანამდებობის პირია და მისი ნაბიჯები უფრო მაღალი პასუხისმგებლობის ქვეშ უნდა იყოს მოქცეული.

მეორე პრობლემა ის არის, რომ ხაბეიშვილის მსგავსი განცხადებები ხელს აძლევს სწორედ იმ ხელისუფლებას, რომლის წინააღმდეგაც იბრძვის. ადვილი იყო იმის პროგნოზირება, რომ ამ ფორმის განცხადებებს მოჰყვებოდა მმართველი გუნდის პიარული შეტევები და პროპაგანდისტული ნარატივი – „ნაციონალები რევოლუციას აანონსებენ“. ასეთ შემთხვევაში, მოგებული რჩება მხოლოდ ხელისუფლება, არა ოპოზიცია.

ასევე დაგაინტერესებთ: "მე გადავწყვეტ, ვის ავახიო ფული და მერე ვის დავურიგო": ჩვენ ვნახეთ, რა მოუტანა ამ პრინციპმა ქვეყანას" - რატომ მიიჩნევს ირაკლი მელაშვილი, რომ "ნაცმოძრაობამ" ჭკუა ვერ ისწავლა?!

რა გეგმას სთავაზობს გია ხუხაშვილი ოპოზიციას?! - "საარჩევნო უბანთან­ 500 კაცი რომ დადგება, როგორ­ გაბედავენ ძველი ბიჭებითა და ნარკუშებით გაყალბებას, ამასაც ვნახავთ"

რევოლუცია მოდის?! სა­ხალ­ხო აჯან­ყე­ბა?! - უსაფრთხოების ექსპერტის სკანდალური პროგნოზი: "ოპოზიციური ლიდერები ისე აქტიურად ალაპარაკდნენ რევოლუციურ სცენარებზე და რეგიონში ისეთი ვითარებაა, რომ..."

"საქართველოს გეოპოლიტიკური კატასტროფა ემუქრება, კრიტიკული მომენტი დგება..." - მირიან მირიანაშვილის ანალიზი: რა "განაჩენს" გამოუტანს ევროპა თბილისს?!

- თუ გავითვალისწინებთ თინა ბოკუჩავას განცხადებას იმის შესახებ, რომ თარიღებზე მიბმული რევოლუციური მოლოდინების ხელოვნურად შექმნა სწორი არ არის, შეიძლება ვიფიქროთ, ხაბეიშვილმა პარტიასთან შეუთანხმებლად გააკეთა ეს განცხადება?

- თუ ეს ყველაფერი პარტიასთან შეუთანხმებლად გაკეთდა, მაშინ სერიოზული პოლიტიკური კითხვა ჩნდება: უნდა რჩებოდეს თუ არა ლევან ხაბეიშვილი პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე? მის განცხადებებს რეაქცია მოჰყვა არა მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“, არამედ - თავად ოპოზიციის შიგნითაც. ამ ფონზე ბუნებრივად ისმის კითხვა: ხაბეიშვილს რა უფლება აქვს სხვა ამუნათოს, როცა თვითონ იღებს ყველაზე არათანმიმდევრულ და პოტენციურად საზიანო ინიციატივებს? ის ამბობს – მგლის ხახაში ვვარდები. საინტერესოა: მარტოა ამ გზაზე თუ ჰყავს მიმდევრები? ბოკუჩავას განცხადება ნამდვილად ქმნის განცდას, რომ ის ირიბად გაემიჯნა ხაბეიშვილის სტრატეგიას, რაც პარტიის შიგნით უთანხმოებაზეც მეტყველებს.

ეს ამბავი აუცილებლად უნდა გაირკვეს პარტიის შიგნით და გაითვალისწინონ, რომ ბურჭულაძისა და ხაბეიშვილის რადიკალური განცხადებების ფონზე, ხელისუფლება უკვე ცდილობს, საზოგადოებაში დანერგონ შიში, რომ თითქოს 4 ოქტომბერს რაღაც საშინელება მოხდება, რომლის ინიციატორი ოპოზიციაა. ეს კი მათ საშუალებას აძლევს, საჭირო მომენტში საარჩევნო უბნებზე იმოქმედონ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან და საზოგადოებაც ნორმად მიიღებს ამას.

სწორედ ამიტომ არის ხაბეიშვილის განცხადებები არაპროგნოზირებადად საზიანო. მიუხედავად იმისა, რომ ბოკუჩავას პოზიცია გამიჯვნის მცდელობას ჰგავს, მხოლოდ რევოლუციური თარიღების მიმართ სკეპტიციზმის გამოხატვა საკმარისი არ არის. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი სტრატეგია: უჭერს თუ არა მხარს რადიკალიზაციას, კონკრეტული თარიღების გამოცხადებას და ძალისმიერი წინააღმდეგობის გზას.

- ბოკუჩავამ, ასევე, განაცხადა, რომ არ დაუშვებს სუს-ის მიერ პარტიაში ინფილტრაციას, რომელიც „ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად...

- ზოგადად, ვიტყვი - ვინაიდან ივანიშვილს სჩვევია ადამიანების მოსყიდვა, არც ის არის გამორიცხული, რომ ოპოზიციაშიც მოიძებნოს ადამიანი, რომელიც მის ინტერესებს მოემსახურება. ოპონენტების მოსყიდვა, საქართველოს მსგავს ქვეყანაში კი არა, ცივილურ სახელმწიფოებშიც აპრობირებული მეთოდია. პოლიტიკას სჩვევია ასეთი რამ და, რა თქმა უნდა, არც საქართველოშია გამორიცხული.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)