"აჰა, ტანკები, "გრადები", ჰაუბიცები, სასწრაფოდ წაიღეთ, სასწრაფოდ!.." - როგორ იწყებოდა ომი: თვითმხილველის მოგონებები, რომელიც შემდეგ "კვირის პალიტრის" - კვირის პალიტრა

"აჰა, ტანკები, "გრადები", ჰაუბიცები, სასწრაფოდ წაიღეთ, სასწრაფოდ!.." - როგორ იწყებოდა ომი: თვითმხილველის მოგონებები, რომელიც შემდეგ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი გახდა

აგვისტოს ომებიდან პირველი 1992 წელს იყო...

ყოველი წლის აგვისტოს დადგომისთანავე ძალაუნებურად ომის ასოციაცია ჩნდება და არა მარტო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამო...

2004 წლის აგვისტოშიც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა ცხინვალის რეგიონში და 19 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება რომ არ დადებულიყო, ალბათ როკის გვირაბიდან რუსული ჯავშანტექნიკის არმადების ქართულ მიწაზე შემოჭრა აგვისტოს ომამდე ოთხი წლით ადრე მოხდებოდა...

მაგრამ, აგვისტო პირველ რიგში მაინც 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომის დაწყების დღეს გვახსენებს, რომლიდანაც დღეს 33 წელი შესრულდა...

ამ ბლოგის ავტორი სამივე ამ ომის მონაწილე და უშუალო თვითმხილველია (ისევე, როგორც 1992 წლის ცხინვალის ომისა და 1998 წლის გალის მოვლენების) და ბევრი რამ აქვს გასახსენებელი, მაგრამ ამჯერად 1992 წლის 13-დან 14 აგვისტოს პერიოდზე შევჩერდები, რომლის უშუალო მონაწილეც გახლდით და რაც ირიბად თუ პირდაპირ უკავშირდება 33 წლის წინ აფხაზეთის ომის დაწყებას...

1-omi-1755158722.png

ისტორიული ფოტო - ჩვენ მიერ ჩაყენებული დანაღმული ვაგონებით ჩახერგილი სარკინიგზო ხიდი სოხუმთან, მდინარე გუმისთაზე,რამაც მოწინააღმდეგის იმპოვიზირებული ჯავშანმატარებლის სოხუმში შემოჭრის საფრთხე მოხსნა…

1992 წლის ივლისიდან, როგორც ყოველკვირეული გაზეთის „7 დღის“ სამხედრო კორესპონდენტი ვიმყოფებოდი ცხინვალის რეგიონში, ქართულ სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც ზემო ნიქოზთან, ყოფილი საბჭოთა საშვეულმფრენო პოლკის ტერიტორიაზე იყო განთავსებული. აგვისტოს ერთ დღეს პოლკოვნიკ კარლენ კალანდაძესთან ერთად, რომელიც გამოცდილი მენაღმე-ინჟინერი გახლდათ, 4 კაცი "უაზით" ცხინვალიდან ახალციხეში გავემგზავრეთ რუსებისგან შეიარაღების მისაღებად.

მაშინ ახალციხეში ყოფილი საბჭოთა მე-10 კადრირებული მოტომსროლელი დივიზია იყო დისლოცირებული და საქართველოს სახელმწიფო საბჭომ მოსკოვთან მიაღწია შეთანხმებას ამ დივიზიის შეიარაღების ახალჩამოყალიბებული ქართული არმიისთვის გადმოცემის შესახებ.

ახალციხეში, დივიზიის შტაბის შენობის წინ, დაუჯერებელ დიალოგს შევესწარი. დივიზიის მეთაური რუსი გენერალი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, პოლკოვნიკს, რუსული "ფოლკლორული" გამონათქვამების გამოყენებით "ესაუბრებოდა": "აჰა, ტანკები, "გრადები", ჰაუბიცები, სასწრაფოდ წაიღეთ, სასწრაფოდ".

გაკვირვება ვერ დავმალე - ზუსტად ორი თვით ადრე, 13 ივნისს გორში სატანკო ნაწილის ტერიტორიაზე მომხდარი შეტაკების შემდეგ რუსებმა ტანკები ქალაქში გამოიყვანეს და მანქანებს გადაუარეს, მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცეს, არადა, ტანკების ქართული მხარისთვის გადმოცემა ნაწილის მეთაურთან თითქოს შეთანხმებული იყო.

ამ ტრაგიკული ეპიზოდის შესახებ ჩემთვის დაწვრილებით აქვს მონაყოლი საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ გია ყარყარაშვილს, რაც მან კარგად აღწერა თავის ახალგამოსულ წიგნში „სამშობლოს ამარა“ და მის წაკითხვას სამშობლოზე შეყვარებულ ყველა იმ ადამიანს ვურჩევ, ვისაც აინტერესებს გაერკვეს საქართველოს მიერ 1991 წლიდან გადატანილ ომებში, რადგან გია ყარყარაშვილი ძალზე თვითკრიტიკულად აღწერს იმდროინდელ მოვლენებს...

ასევე დაგაინტერესებთ: პრიგოჟინამდე შოიგუ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა აჯანჯღარა

"რუსული ჯავშანკოლონა აღმოვაჩინეთ და 18 ცალი 500 კგ-იანი ბომბი დავაყარეთ" - რას ჰყვება ქართველი პილოტი, რომელმაც აგვისტოს ომში რუსებს ჯოჯოხეთი მოუწყო

"ჩემს ტანკს ზედიზედ სამჯერ მოხვდა და გონება დავკარგე..." - ქართველი ტანკისტის გადარჩენის საოცარი ისტორია

„ომის ღმერთის“ ქართველი პოლკოვნიკი - "მე ტყვია ვერ მომკლავს, ჩემი მოკვლა მარტო "გრანატამიოტით" თუ შეიძლებაო"

რა მოხდა ისეთი, რომ გორის ტრაგედიიდან ორი თვის თავზე რუსი გენერლები აქეთ გვეხვეწებოდნენ, სასწრაფოდ წაიღეთ ტანკები და სხვა შეიარაღებაო? - ეს კითხვა ახალციხიდან სოფელ კლდემდე გზაში მოსვენებას არ მაძლევდა, მაგრამ როდესაც ამ სოფელთან საინჟინრო საწყობში შევედით, ენა ჩამივარდა - რუსები 25 ათას ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს გვაძლევდნენ! თითოეულ ყუთში ხუთი ნაღმი იდო. წარმოიდგინეთ ხუთი ათასი ერთმანეთზე დაწყობილი ყუთი, რომლებიც უზარმაზარ პირამიდას ქმნიდა!

2-omii-1755158784.jpg
აფხაზეთში ომის დაწყების წინა დღეს ახალციხის რუსული დივიზიიდან 25 ათასამდე ასეთი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი მივიღეთ, რომლებიც ხუთი ათას ყუთში იყო ჩაწყობილი...

ძალიან გვიხაროდა - ამდენი შეიარაღება მანამდე არც ქართულ გვარდიას და არც ახალჩამოყალიბებულ არმიას არც კი დასიზმრებია.

იმავე დღეს აბასთუმნის შესასვლელთან სამხედრო-საინჟინრო ტექნიკის სამხედრო ნაწილიც გადმოვიბარეთ, სადაც განაღმვითი სამუშაოების ჩასატარებელი სპეციალური საინჟინრო ჯავშანტექნიკა იდგა, რომელიც ასე გვჭირდებოდა ცხინვალის რეგიონში დანაღმულ ქართულ სოფლებთან მიმავალი გზების გასანაღმავად.

სამხედრო ტექნიკის ნაწილის გადმოცემა დილამდე გაჭიანურდა. მშვენიერი დილა გათენდა - 1992 წლის 14 აგვისტო. უკან, ცხინვალისკენ, გახარებული ვბრუნდებოდით - მალე სულ გავნაღმავდით სოფლების გზებს და აღარავინ აფეთქდებოდა.

შუა გზაში რადიოთი შევიტყვეთ, რომ აფხაზეთში შეიარაღებული შეტაკება დაიწყო და მაშინვე მივხვდით, რომ რუსების მიერ ასე "დიდსულოვნად" გადმოცემულ ნაღმებს მალე საქმე გამოუჩნდებოდათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ 14 აგვისტოსვე გუდაუთაში გათამაშდა რუსულ სამხედრო ნაწილზე აფხაზების ვითომდა თავდასხმის სცენარი, რის შემდეგაც მოწინააღმდეგეს ხელში ათასზე მეტი ავტომატი და ტყვიამფრქვევი ჩაუვარდა.

უდავოა, ქართველებსაც და აფხაზებსაც რუსი გენერლები იარაღს ერთი მიზნით გვაძლევდნენ - გეყოთ ერთმანეთის კეტებით ცემა, აი, "კალაშნიკოვები", ტყვიამფრქვევები, ტანკები, ჰაუბიცები და ხოცეთ ერთმანეთი უფრო მონდომებით და მრავლადო!..

და ახალციხის დივიზიიდან მიღებული ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები მალე მართლაც ძალიან გამოგვადგა-1992 წლის ოქტომბრის დასაწყისში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარემ-აფხაზმა სეპარატისტებმა, ჩრდილოკავკასიელმა დაქირავებულებმა და რუსმა სამხედროებმა, ერთდროულად შემოგვიტიეს გაგრა-განთიადის მონაკვეთზე და მოახერხეს მისი დაპყრობა, ადგილობრივი ქართული მოსახლეობის გენოციდის განხორციელებით, გაჩნდა იმის დიდი საფრთხეც,რომ შეტევები შეიძლება სოხუმზეც დაწყებულიყო ეშერის მხრიდან, მდინარე გუმისთაზე გადებული ორი, სავტომობილო და სარკინიგზო ხიდების გამოყენებითაც.

3-omi-1755158825.png
ბლოგის ავტორი 1992 წლის აგვისტოში, აფხაზეთში ომის დაწყების წინ...ფოტოზეც ჩანს ახალბედობა და გამოუცდელობა-თითი ავტომატის სასხლეტზე მიდევს...

ამიტომაც კარლენ კალანდაძის მენაღმეთა ჯგუფი, რომელსაც მეც ვახლდი, სასწრაფოდ გაემგზავრა ცხინვალის ქართული სამშვიდობო ბატალიონიდან ჯერ თბილისში და შემდეგ სოხუმში გადაფრინდა.

სოხუმში ჩავიტანეთ ორივე დანიშნულების ნაღმები, რომელთა გამოყენებითაც სოხუმის სარკინიგზო ვაგზალზე დაინაღმა მატარებლის სატვირთო და სამგზავრო ვაგონების შემადგენლობა. შემდეგ ეს რამდენიმე დანაღმული ვაგონი თბომავალმა გუმისთისკენ წაიყვანა და მისი საშუალებით ჩახერგა გუმისთის სარკინიგზო ხიდი, რითაც მოიხსნა იმის საფრთხე, რომ მოწინააღმდეგე იმპროვიზირებული ჯავშანმატარებლის გამოყენებით შეეცდება რკინიგზით გამოჭრილიყო სოხუმისკენ...

ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით დავნაღმეთ მდინარე გუმისთის მარცხენა სანაპიროს გარკვეული მონაკვეთებიც, რომ მოწინააღმდეგეს გასჭირვებოდა მდინარის ფონის გამოყენებით დესანტირება, რისი შედეგიც კიდეც იწვნია მწარედ მტერმა თავის თავზე 1993 წლის 16 მარტის სოხუმზე შემოტევისას, როდესაც დიდი დანაკლისი განიცადა ჩვენი ნაღმებისა და არტილერიის ზემოქმედების შედეგადაც...