"ცეცხლოვანი სამიტი": „ჰამასთან“ ბრძოლის საბაბით ისრაელი იტოვებს უფლებას მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქი დაბომბოს? - დაარტყამს თუ არა "ცახალი" მოსკოვს ან ანკარას?!
9-10 სექტემბრის ღამეს ნატოს წევრ პოლონეთის საჰაერო სივრცეში არანაკლებ 19 რუსული დრონის შეჭრის ფაქტმა თითქმის გადაფარა 9 სექტემბის დილას მომხდარი, არანაკლებმნიშვნელოვანი ფაქტი - ისრაელის ავიაციამ საჰაერო დარტყმები მიაყენა ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერებს და ამაში არაფერი იქნებოდა გასაკვირი, რომ ეს შეტევები...კატარის დედაქალაქ დოჰაში არ მომხდარიყო!
შუამავლის სახით კატარი დიდ როლს ასრულებს „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმების შედეგად მძევლად აყვანილი ისრაელის მოქალაქეების განთავისუფლების პროცესში.
ისრაელისთვის ამ საშინელ დღეს „ჰამასის“ შეიარაღებულმა წევრებმა ღაზის სექტორის მომიჯნავე ებრაულ კიბუცებში 1 200-მდე ადამიანი (მათგან 779 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის 38 ბავშვი იყო) მოკლეს, 3 400-მდე ადამიანმა სხვადასხვა დონის დაზიანება მიიღო, ხოლო 252 კი მძევლად აიყვანეს და ღაზის სექტორში გადამალეს.
განვლილ, თითქმის ორ წელში მოხერხდა 141 მძევლის განთავისუფლება და 37 მძევლის ცხედრის დაბრუნება ღაზის სექტორიდან, სამი მძევალი კი შეცდომით თავად ისრაელის სამხედროებს შემოაკვდათ, როდესაც ღაზის სექტორის შენობების ნანგრევებსა და მიწისქვეშა გვირაბებში მძეველების განთავისუფლების ოპერაციას ახორციელებდნენ.
და სწორედ მძეველების განთავისუფლების პროცესში უდიდესია კატარის როლი, რომელიც თავის დედაქალაქში საშუალებას აძლევდა „ჰამასისა“ და ისრაელის მხარის წარმომადგენლებს მოლაპარაკებები გაემართათ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების განთავისუფლების თემებზე-ღაზის სექტორში ჯერ კიდევ რჩება 48 მძევალი, თუმცა მათგან ცოცხალი შეიძლება მხოლოდ ოციოდე თუ იყოს...
და ასეთ დროს, ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავები კატარის დედაქალაქ დოჰაში რამდენიმე სარაკეტო დარტყმას აყენებენ იმ შენობას, რომელშიც იმყოფებოდა „ჰამასის“ მომლაპარაკებელთა ხუთკაციანი ჯგუფი...
ისრაელის ოფიციოზმა იჩქარა განეცხადებინა საჰაერო ოპერაცია „ცეცხლოვანი სამიტის“ წარმატების თაობაზე ,როდესაც გაიგო, რომ დაბომბილი შენობიდან ხუთი ცხედარი გამოასვენეს, თუმცა ისინი დამხმარე პერსონალი აღმოჩნდნენ, ხოლო „ჰამასის“ ხუთივე სამხედრო-პოლიტიკური ლიდერი კი გადარჩა...
ისრაელის ეს ძალისმიერი ქმედება, რა თქმა უნდა დიდი ხნით ჩაშლის მოლაპარაკების გზით მძეველების განთავისუფლების შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო კრიტიკულად განაწყობს ამ მძეველების ახლობლების დამოკიდებულებას ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიმართ.
თავის მხრივ, კატარიც იძულებული გახდება „გააცივოს“ ურთიერთობები ისრაელთან ან საერთოდ საპასუხო ნაბიჯებზეც კი იფიქროს...
კატარი, რომელსაც სურს რეგიონში მომრიგებლის როლი შეასრულოს, ამისთვის ისჯება და იბომბება:ჯერ იყო და ისრაელ-ირანის 12 დღიანი ომის დროს ირანული ბირთვული ობიექტების ამერიკული დაბომბვის საპასუხოდ თეირანმა აშშ-ის „დასჯა“ სწორედ კატარის აეროდრომისკენ, სადაც ამერიკული საჰაერო ბაზა არის განთავსებული, 14 ბალისტიკური რაკეტის გაშვებით სცადა, ახლა კი ისრაელს „ჰამასის“ ლიდერების განადგურება კატარის დედაქალაქის შუაგულში მოუნდა...
ასევე დაგაინტერესებთ: პუტინი სულ გაგიჟდა?! ეს უკვე პოლონეთზე შეგნებული საჰაერო თავდასხმაა - მძიმე საათები ევროპისთვის და რას იზამს ნატო
"შურისძიების დივერსია" - ბუჩას ტრაგედიის მომწყობებს შორეულ ხაბაროვსკში მიაგნეს და...
პენტაგონის "ნათლიმამა" ანუ "მომგვარეთ ომის მინისტრი!" - რას უპირებს ტრამპი პუტინის ძმაკაც მადუროს?!
მართალია, ისრაელის მიერ კატარის დოჰაში განხორციელებული საჰაერო დარტყმები დაგმო გაერომაც და მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ლიდერმაც, მაგრამ თავად აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა „ალიბი“ გამოიყენა-ისრაელს აშშ-ისთვის წინასწარ არ შეუტყობინებია, რომ კატარის დედაქალაქზე საჰაერო შეტევას აპირებდა და ამერიკულმა რადარებმა ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავები თავად აღმოაჩინეს, კატართან მიახლოების შემდეგო...
ამ ყველაფერში კი უმთავრესი სულ სხვაა - ისრაელი თავის თავს უფლებას აძლევს,რომ „ჰამასს“, „ჰეზბოლას“, ირანს თუ კიდევ სხვა მის მტერს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეებრძოლოს...
ათწლეულების განმავლობაში პერიოდულად ეს ისედაც ხდებოდა, მაგრამ მხოლოდ ისრაელის სპეცსამსახურების დონეზე, როდესაც „მოსადი“, „შაბაკი“თუ „ამანი“ მორიგ არაბ ტერორისტს საწამლავს ჩაუყრიდნენ ან ააფეთქებდნენ ევროპისა და აზიის რომელიმე ქალაქში.
მაგრამ, სულ სხვაა, როდესაც ისრაელი ასე ღიად ბომბავს უკვე არამარტო სირიის, ლიბანის, ირანისა და იემენის დასახლებულ პუნქტებს, არამედ ნეიტრალური კატარის დედაქალაქზეც ბედავს საჰაერო დარტყმების მიყენებას...
ვინ იცის ხვალ, „მოსადმა“ „ჰამასის“ რომელიმე წევრი თბილისშიც რომ აღმოაჩინოს, ჩვენც ისრაელის რაკეტების მოულოდნელი „სტუმრობა“ გველოდება?
ისე კი, ძალიან მწიფდება ისრაელ-თურქეთის პოლიტიკური დაპირისპირება,იმის ფონზეც, რომ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ხვდება „ჰამასის“ წარმომადგენელებს, რაც განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მთავრობაში და თელ-ავივი ვითომ იგივეს გაუბედავს ანკარას,რაც მან კატარის დოჰაში განახორციელა?
თუკი ისრაელი მართლაც ნადირობს „ჰამასის“ წევრებზე მსოფლიოს სხვდსხვა ქვეყნის ქალაქებში, მაშინ პირველ რიგში რუსეთის დედაქალაქს უნდა დაარტყას, რადგან სწორედ მოსკოვში დიდი ზარზეიმით ხვდება „ჰამასის“ ლიდერებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი...
მაგრამ, ეს არ მოხდება,რადგან სხვა ქვეყნების ქალაქების დაბომბვის ხელწერაში მოსკოვი და თელ-ავივი, ისევე როგორც ვაშინგტონი,პარიზი თუ ლონდონი.ერთმანეთს წააგავენ...