კოშმარი, რომელიც შეიძლება ახდეს: დასავლეთში პოლიტიკური მკვლელობების ეპოქა დადგა?! - "აპოკალიფსური" პროგნოზი
ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 19 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „დასავლეთში „წითელი ტერორის“ ერა დადგა? პოლიტიკური მკვლელობები ახალი არ არის: უკიდურესი მემარცხენეები ძალადობის მიმართ სიმპათიებს ტრადიციულად გამოხატავენ“ (ავტორი - დევიდ ფროსტი, ყოფილი დიპლომატი, ლორდთა პალატის წევრი).
პუბლიკაციაში განხილულია პოლიტიკური ექსტრემიზმის ფაქტები და მისი პროპაგანდის საშუალებები, წარსულში და თანამედროვე პერიოდში მომხდარი ტერორისტული აქტების გათვალისწინებით. „დიახ, ინტერნეტის სოციალური ქსელები ხელს უწყობს ძალადობის იდეების გავრცელებას, მაგრამ ძალადობა სოციალური ქსელების გარეშეც ვრცელდება, რასაც წარსულში მომხდარი ფაქტები ადასტურებენ“, - ნათქვამია მასალაში.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
ჩარლი კირკის საშინელი მკვლელობა და ზოგიერთების მზადყოფნა, საჯაროდ გაამართლოს მომხდარი ტრაგიკული ფაქტი და სიხარული გამოხატოს, რამდენიმე საგანგაშო კითხვას წარმოქმნის ჩვენს პოლიტიკურ კულტურასთან დაკავშირებით. საინტერესოა, რომ დამნაშავის ძებნისას ყველამ ბრალდებები წაუყენა სოციალურ ქსელებს, რომლებიც, თითქოსდა, პოლარიზაციისა და ექსტრემიზმის ატმოსფეროს ქმნიან და ადამიანებს ძალადობისაკენ უბიძგებენ.
ვფიქრობ, რომ სიტუაცია მთლად ასეთი არ არის. დიახ, უეჭველია, რომ ინტერნეტში მრავლად არის შუღლისა და სიძულვილის გამღვივებელი მასალები, მაგრამ რამდენად არის ეს ყველაფერი დღევანდელი რთული მდგომარეობის მიზეზი ან, უბრალოდ, ავისმომასწავებელი სიმპტომი? მოდი, გადავხედოთ ისტორიას - იყო თუ არა მსგავსი ფაქტები მომხდარი და თუ იყო, იქნებ რეტროსპექტივამ მოგვცეს პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც პერსპექტივაში, ალბათ, უფრო მძაფრ ხასიათს მიიღებს.
კაცმა რომ თქვას, პოლიტიკური მკვლელობების პრობლემა არა მხოლოდ ბოლო წლებში გახდა აქტუალური, არამედ - ის ყოველთვის არსებობდა, უძველესი დროიდან მოყოლებული, რომ არაფერი ვთქვათ ძველ რომში მომხდარ პოლიტიკურ მკვლელობებზე. თუმცა უმჯობესია უახლესი ისტორიის ფაქტებზე ვისაუბროთ.
დღეს თითქმის არავის ახსოვს, მაგრამ მე-19 საუკუნის ბოლოს ევროპას ანარქისტულ-ნიჰილისტური ტერორიზმის ტალღამ გადაუარა: მოკლული იქნა საფრანგეთის მე-5 პრეზიდენტი სადი კარნო, 1894 წლის ივნისში, ლიონის საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლის დროს, იტალიელი ანარქისტის სანტე კაზერიოს მიერ; უმბერტო I - იტალიის მე-4 და უკანასკნელი მეფე, 1900 წელს, თანამემამულის - ანარქისტ გაეტანო ბრეშის მიერ; ელისაბედი - ავსტრია-უნგრეთის დედოფალი -იმპერატორი, 1898 წელს ჟენევაში, ასევე, იტალიელი ანარქისტის, ლუიჯი ლუკენის მიერ. ოკეანის იქით კი, აშშ-ში, მე-19 საუკუნეში, რამდენიმე პრეზიდენტი იქნა მოკლული, დიდი აბრაამ ლინკოლნის ჩათვლით. აშშ-ში და ევროპაში, ანარქისტების მიერ, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოწყობილი აფეთქებების შედეგად, პოლიტიკოსებთან ერთად, უამრავი უდანაშაულო ადამიანებიც იღუპებოდა. იმდროინდელი მოვლენები მხატვრულ ლიტერატურაშიც აისახა - 1907 წელს გამოქვეყნდა ინგლისელი მწერლის, ჯოზეფ კონრადის წიგნი „საიდუმლო აგენტი“, რომლის სიუჟეტის თანახმად, ფრანგი ანარქისტი მარტიალ ბურდენი წარუმატებლად ცდილობს დიდ ბრიტანეთში გრინვიჩის ობსერვატორიის აფეთქებას.
გადმოვიდეთ ჩვენს ეპოქასთან უფრო ახლოს: ბევრს ახსოვს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობა, 1963 წელს, დალასში, მაგრამ საკმაოდ დაივიწყეს 1960-70-იანი წლების პოლიტიკური მკვლელობების ტალღა. მაგალითად, ტერორისტული ორგანიზაციის - The Weather Underground-ის წევრებმა (ე.წ. სინოპტიკოსებმა) მოაწყეს აფეთქებები კაპიტოლიუმში (კონგრესში), 1971 წელს; პენტაგონში - 1972 წელს... გავიხსენოთ იტალიური უკიდურესად მემარცხენე „წითელი ბრიგადები“, რომლებმაც გაიტაცა და მოკლა პრემიერ-მინისტრი ალდო მორო. „გერმანული ‘წითელი არმია“, რომლის წევრები კლავდნენ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს, იურისტებს და პოლიციელებს... ნუ დავივიწყებთ ირლანდიელ ტერორისტებს „ირლანდიის რესპუბლიკური პარტიიდან“, რომლებმაც პარლამენტის წევრები დახოცეს და თვით პრემიერ-მინისტრის მოკვლასაც აპირებდნენ.
ამ ადამიანებიდან არც ერთს არ სჭირდებოდა სოციალური ქსელები, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივაცია გასჩენოდა. მთავარი, რამაც მათ დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგა, იყო ის, რომ გიჟური აზრები ჰქონდათ - თითქოსდა, რომელიმე პოლიტიკოსის და ცნობადი ადამიანის მოკვლით ძირფესვიანად შეცვლიდნენ სიტუაციას. მათ ჰქონდათ დამახინჯებული წარმოდგენები პოლიტიკურ რეალობაზე და საზოგადოების ისტორიაზე. რასაკვირველია, იმ პერიოდშიც მრავლად იყვნენ მათი თანამოაზრეები, რომლებიც მზად იყვნენ, გვერდით დადგომოდნენ ტერორისტებს და მათი მოქმედება გაემართლებინათ ან საერთოდ თვალი დაეხუჭათ სისასტიკეზე.
ასევე დაგაინტერესებთ: "ტერმინატორის" გაფრთხილება: "უფსკრულის პირას არ უნდა მივიდეთ, თუ გადავიჩეხებით, მერე გვიან იქნება დემოკრატიაზე ფიქრი“ - რა თქვა არნოლდ შვარცენეგერმა ჩარლი კირკის მკვლელობაზე
სამწუხაროდ, ერთადერთი დასკვნა, რომელიც ამგვარი მოვლენების ანალიზის შედეგად შეიძლება გაკეთდეს, არის ის, რომ მსგავსი დანაშაულები ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობს. ძალიან ძნელია იმის განჭვრეტა და თავიდან აცილება, როცა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას კონკრეტული პოლიტიკური მკვლელობის ჩადენა აქვს განზრახული. ჩვენ მხოლოდ მისი დაჭერა შეგვიძლია, ცხელ კვალზე და - დასჯა, რათა სხვებს მსგავსი სურვილი გაუქრეთ და თავი შეიკავონ. სოციალური ქსელების შეზღუდვა დიდ შედეგს არ მოგვცემს - ისევე, როგორც წიგნების აკრძალვა, რაც წარსულში ხდებოდა.
მოგვიწევს კიდევ ერთი არასასიამოვნო ფაქტის აღიარება: უკიდურეს მემარცხენე მოძრაობებში არსებობს ე.წ. ინტელექტუალური ვირუსი, რომელიც იწვევს სიმპათიას ძალადობის მიმართ - ერთგვარ რევოლუციურ „დაავადებას“ - კეთილი საზოგადოების შექმნის მიზნით. ასეთები იყვნენ, დაწყებული ფილოსოფოს ფრანც ფანონიდან (1950-იანი წლების რევოლუციონერი კუნძულ მარტინიკიდან, რომელიც საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტში შედის), მაო ძე დუნით და ერნესტო ჩე გევარათი გაგრძელებული და „ჰამასის“ ლიდერებით დასრულებული.
რასაკვირველია, რეალურ ცხოვრებაში ყველაფრის სიღრმისეული გაგება და გაცნობიერება შეუძლებელია, მათ შორის - მემარცხენე მოძრაობისაც. რატომ არ აქვთ მემარჯვენეებს ძალის გამოვლენის ისეთი სურვილი, როგორიც მემარცხენეებს? ვფიქრობ, რომ ჩარლი კირკის მკვლელობის გამო, ამერიკელთა მიერ გამოვლენილი მძაფრი ემოციების მიუხედავად, არავინ ფიქრობს, რომ საპასუხოდ აშშ-ის ქალაქებში მასობრივი ვანდალიზმი მოხდება - როგორც ეს იყო, მაგალითად, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ პროისრაელურად განწყობილი ბრიტანელები არ დაიწყებენ სამეფო სამხედრო-საჰაერო თვითმფრინავების განადგურებას ან ოპონენტების მკვლელობას იმის გამო, რომ დაუნინგსთრითი მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას. ასევე, ჩემი აზრით, არავინ შეუშინებია მემარჯვენეთა მიერ ჩატარებულ ხალხმრავალ მიტინგს ლონდონში, აბორტების წინააღმდეგ, დევიზით - „სიცოცხლისათვის“, მაგრამ ულტრამემარცხენე „ანტიფა“ („ანტიფაშისტები“) და ტრანსგენდერული მოძრაობის წარმომადგენლები ნამდვილად საშიშნი არიან - მათ პოლიტიკურ მეტყველებაში სიძულვილი გამოსჭვივის. ისინი ამართლებენ ძალადობას. სწორედ მემარცხენეები, ვინც არ ეთანხმებიან მათ იდეებს, უწოდებენ ფაშისტებს და ნაცისტებს. სწორედ მემარცხენეები იგონებენ გაუგონარ სიყალბეებს, რომ ჩარლი კირკი თავის თანამოაზრეებს, თითქოსდა, გეების ქვებით ჩაქოლვისაკენ მოუწოდებდა - მაგალითად, ჟურნალისტ ალასტერ კემპბელის ხმამაღალი განცხადებები და შემდეგ მისი ბოდიში ტყუილის თქმის გამო. კემპბელის მსგავსი ადამიანების ცრუ განცხადებები უნდა შეწყდეს, ბოდიშები ყოველთვის არ შველის საქმეს.
ჩვენს პოლიტიკურ კულტურაში ძალადობის შეღწევა რომ შევაჩეროთ, ამისათვის საჭიროა, რომ ის ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა დაგმოს და ვინც ამას არ გააკეთებს, ისინი, უბრალოდ, ნორმალური პოლიტიკური დისკურსის მიღმა უნდა დავტოვოთ - რაიმე ძალადობის გარეშე.
მოამზადა სიმონ კილაძემ