არ ვხუმრობთ, სერიოზულად: „რუსეთის არმიის ჯარისკაცები უკრაინელების წინააღმდეგ ცხენებზე ამხედრებულები იბრძოლებენ“ - The Daily Telegraph - კვირის პალიტრა

არ ვხუმრობთ, სერიოზულად: „რუსეთის არმიის ჯარისკაცები უკრაინელების წინააღმდეგ ცხენებზე ამხედრებულები იბრძოლებენ“ - The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) ორი ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთის არმიის ჯარისკაცები უკრაინელების წინააღმდეგ ცხენებზე ამხედრებულები იბრძოლებენ“ (ავტორი - კირან კელი), რომელშიც საუბარია რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფების მიერ ბრძოლის ახალი ტაქტიკით - საკავალერიო შეტევებით - სარგებლობის თაობაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მას შემდეგ, რაც ბოლო დროს უკრაინაში რუსეთის არმიის წინსვლა მნიშვნელოვნად შენელდა და თითქმის შეჩერდა კიდეც, რუსმა ჯარისკაცებმა ახალ ტაქტიკას მიმართეს - სამხედრო სწავლებებს ცხენებზე ამხედრებულები ატარებენ.

დონბასის ფრონტზე დისლოცირებული რუსეთის 51-ე არმიის მე-9 ბრიგადის ქვედანაყოფ „შტორმის“ მეთაური თავის მებრძოლების მონაწილეობით საკავალერიო-შემტევ ჯგუფებს ქმნის. ეს არის ერთ-ერთი ის სიახლე, რომლის მიხედვით, რუსეთის შეიარაღებული ძალები დაბალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს იღებენ, უკრაინის ჯარების მზარდი წინააღმდეგობის ფონზე, რომელიც დრონების, დანაღმვისა და საარტილერიო დარტყმების გააქტიურებით გამოიხატება.

ფაქტია, რომ სექტემბრის თვეში რუსეთის წინსვლა უკრაინაში მნიშვნელოვნად შენელდა - 20-დან 30 სექტემბრამდე ბრძოლებში რუსებმა უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილი დაიკავეს, სულ რაღაც 11,5 კვადრატული მილი.

როგორც ერთ-ერთი რუსი სამხედრო ბლოგერი სიმონ პეგოვი წერს, „შტორმის“ მეთაური, მეტსახელად „ხანი“, დონეცკის ოლქში ჩატარებული წრთვნების დროს „ცხენებით გადაადგილების ტაქტიკას მიმართავს“. „ტელეგრამ-არხში“ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ რუსი ჯარისკაცები, ცხენებზე ამხედრებულნი დაჯირითობენ ღია მინდორზე, რომელიც „დანაღმულია“, ჰაერში კი დისტანციური მართვით დრონები დაფრინავენ.

ბლოგერის განმარტებით, წრთვნების მიზანია ჯარისკაცებბი და ცხენები ბრძოლის ველს მიეჩვიონ, განსაკუთრებით კი ცხოველები, რათა სროლებითა და აფეთქებებით არ შეშინდნენ. „ცხენები ღამით კარგად ხედავენ, მათ უგზოობა ხელს არ უშლით, ხოლო ინსტინქტით, ნაღმებისათვის გვერდის ავლა შეუძლიათ“, - წერს ბლოგერი, - „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მალე გავხდებით ბრძოლის ველზე რუსული კავალერიის ისტორიული დაბრუნების მოწმენი. ვუსურვოთ „ხანს“ და მის თანამედროვე ცხენოსან „ურდოებს“ წარმატებები - ველოდები ფრონტზე საკავალერიო შეტევების კადრებს“.

რა თქმა უნდა, თანამედროვე სამხედროები ცხენებით ჯერ კიდევ სარგებლობენ, მაგალითად, საზღვრის დაცვისა და პატრულირების დროს. კავალერია გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის დროსაც, მაგალითად, 1941 წელს, მოსკოვის დაცვის დროს, წითელი არმიის მიერ.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ რუსებმა ბრძოლის ველზე მოტოციკლეტებით სარგებლობაც დაიწყეს - შექმნეს სწრაფად მობილური ტაქტიკური რაზმები, რათა თავიდან აეცილებინათ უკრაინული დრონების შეტევები. გარდა ამისა, არსებობს ვიდეოკადრები, როცა რუსი ჯარისკაცები ველოსიპედებითაც გადაადგილდებიან: ჯარისკაცი სრული საბრძოლო აღჭურვილობით ზის ველოსიპედზე, ირგვლივ სასწავლო აფეთქებებია, ის კი ოსტატურად გვერდს უვლის ორმოებს და რიგ სხვა დაბრკოლებებს, ზიგზაგურად მოძრაობს. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ტაქტიკამ არ გაამართლა, რადგან რეალურ ბრძოლის ველზე საკმაოდ ბევრი ველოსიპედისტი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ: „ინვესტიციები აპოკალიფსის დროს: ოქროს ისტორიულად გაძვირებული ღირებულება არასტაბილურ მსოფლიოში ადამიანთა მანკიერებას ადასტურებს“ - Die Zeit

პანიკა რუსეთში: პუტინის დასასრულის დასაწყისი?! - როგორ არყევს საწვავის კრიზისი კრემლის რეჟიმს

სკანდალური სტატია: "ევროპა ჯოჯოხეთისკენ მიექანება!" - "ჩვენი ლიდერები უძლურები არიან, სანამ მოსკოვი ახალ პროვოკაციებს აწყობს... აი, ასე კვდებიან დიდი ცივილიზაციები"

კოშმარი, რომელიც შეიძლება ახდეს: დასავლეთში პოლიტიკური მკვლელობების ეპოქა დადგა?! - "აპოკალიფსური" პროგნოზი

როგორც ჩანს, როცა ტრადიციული მეთოდებით რუსები ფრონტზე წარმატებებს ძველებურად ვეღარ აღწევენ, ისინი არატრადიციულ მეთოდებს მიმართავენ, თუმცა საკმაოდ უშედეგოდ.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, რუსეთის არმიის აგვისტოში დაწყებული აქტიურობის შენელება სექტემბერშიც გაგრძელდა: გასულ თვეში მოსკოვის ჯარებმა საერთო მოცულობით უკრაინის მხოლოდ 447 კვადრატული კილომეტრი (173 კვ.მილი) დაიკავეს. თავდაპირველად, ზაფხულის დასაწყისში, რუსებმა სწრაფ პროგრესს მიაღწიეს, დაიკავეს ათამდე სოფელი, მჭიდროდ მიუახლოვდნენ პოკროვსკისა და სხვა უკრაინული ქალაქების გარეუბნებს და შიგ ქალაქებშიც შეიჭრნენ, მაგრამ შემდეგ შეფერხდნენ - 20-დან 30 სექტემბრამდე მხოლოდ 30 კვ-კმ-ის ტერიტორიის ოკუპირება მოახერხეს.

ზოგადად მიმდინარე წელი რუსეთის არმიისათვის ყველაზე წარმატებული გამოდგა წინსვლის მხრივ. როგორც უკრაინელები აღიარებენ, მათთვის სიტუაცია [ზაფხულში] ძალიან რთული იყო: რუსები აქტიურ შეტევებს ახორციელებდნენ დონეცკის ოლქში ქალაქების პოკროვსკისა და დობროპოლეს დასაკავებლად.

ამჟამად რუსები დონეცკის ოლქის ტერიტორიის 80%-ს აკონტროლებენ, ერთი წლის წინათ კი 64% ჰქონდათ დაკავებული.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო