"მესამე მსოფლიო ომი გვიახლოვდება!" - სკანდალური სტატია: ევროპული "პერლ-ჰარბორის" საფრთხე ანუ როდის "გაიღვიძებს" ნატო?!
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია ჟურნალისტ იონ კლივის სტატია სათაურით: „ევროპა „პერლ-ჰარბორის მომენტის“ წინაშე დგას - ყოფილი მინისტრი გვაფრთხილებს, რომ პუტინის ტაქტიკა და ნატოს უმოქმედობა მესამე მსოფლიო ომთან გვაახლოებს“. ავტორი ლიეტუველ პოლიტიკოსს, გაბრიელიუს ლანდსბერგისს ესაუბრება და რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარე მომენტს განიხილავს. როგორც იგი აღნიშნავს, მსოფლიო კვლავ დგას მესამე მსოფლიო ომის წინაშე და დღეს მთავარი ამოცანა მისი თავიდან აცილებაა. სამწუხაროდ, ბირთვული ომის პარანოიდალურ იდეებს მხარს ბევრი უჭერს.
გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:
ლიეტუვას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გვაფრთხილებს, რომ ვლადიმერ პუტინის ჰიბრიდული ომი ევროპას სულ უფრო მეტად უბიძგებს და აახლოებს ახალ სიკვდილის მთესველ „პერლ-ჰარბორის მომენტთან“.
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, რომელმაც ქვეყნის მთავარი დიპლომატის პოსტი შარშან, დეკემბერში დატოვა, განაცხადა, რომ ნატო არაფერს აკეთებს რუსეთის კონფრონტაციული პოლიტიკის შესაკავებლად და ამით ვლადიმერ პუტინს ნებას აძლევს, დასავლეთი სრულმასშტაბიან ომში ჩაითრიოს.
ექსმინისტრის გაფრთხილება გაჟღერდა რუსეთის პროვოკაციული ქმედებების შემდეგ, რაც გამოიხატა რუსული დრონებისა და თვითმფრინავების მიერ პოლონეთისა და ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაში. უკრაინაში ბრძოლები გრძელდება. ასეთ პირობებში დრონების გუნდი ხელს უშლის აეროპორტების ნორმალურ მუშაობას და ჯაშუშურ დაკვირვებას ახდენს ინფრასტრუქტურაზე, კრემლის „ჩრდილოვანი ომის“ ჩარჩოებში.
გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, „ვაღიარებთ თუ არა იმ რეალობას, რომ ჩვენ შეიძლება უკვე ვართ ომის მდგომარეობაში? თუ ჯერ კიდევ გვჯერა, რომ, თითქოსდა, ვაკონტროლებთ სიტუაციას? ჩვენ თვალს ვხუჭავთ სულ უფრო და უფრო მეტ ესკალაციაზე და მას უპასუხოდ ვტოვებთ. თუ ასე გავაგრძელებთ, მოგვიწევს, ველოდოთ „ევროპულ პერლ-ჰარბორს“, როცა ესკალაციის იგნორირება უკვე შეუძლებელი იქნება. ვფიქრობ, ეს დასავლეთის გაღვიძებასაც გამოიწვევს“.
პოლონეთის საჰაერო სივრცეში მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია ნატოს წესდების მე-4 პუნქტის ამოქმედება, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნების დაუყოვნებლივ მოლაპარაკებას გულისხმობს. ნატოს თვითმფრინავებისა და რუსული დრონების შეტაკება გახდა პირველი პირდაპირი სამხედრო შეტაკება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და მოსკოვს შორის.
გაბრიელიუს ლანდსბერგისი შიშობს, რომ შემდგომ მსგავს ინციდენტებს შეუძლიათ ნატოს მეხუთე პუნქტის ამოქმედება, რომლის თანახმად, მესამე მხარის შეიარაღებული თავდასხმა ნატოს რომელიმე წევრზე ყველაზე თავდასხმას ნიშნავს. საქმე თუ აქამდე მივა, მაშინ უკვე გვიანი იქნება, რადგან ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკვე რუსეთთან ომში ჩამული აღმოჩნდება.
ზოგადად, ლიეტუვას ექსმინისტრი ნატოს პირველად არ აკრიტიკებს. ამას წინათ მან „იქს-ქსელში“ გამოქვეყნებულ სარკასტული ხასიათის პოსტში ასე განაცხადა: „ჩნდება დამამშვიდებელი აზრი, რომ როცა მესამე მსოფლიო ომის პირველი სარაკეტო გასროლები დაიწყება, ჩვენ გვექნება დრო, ერთმანეთს შევხედოთ და პატიოსნად ვთქვათ: „ძალიან ვცდილობდით, რომ რაც შეიძლება მეტხანს შეგვენახა რუსეთის ფული, რომელსაც უკრაინას არ ვაძლევდით“.
ლიეტუვის გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც ნატოს აღმოსავლეთის ფლანგზე იმყოფება, ნიშნავს, რომ გაბრიელიუს ლანდსბერგისი საღად და პრაგმატულად აფასებს იმ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც ევროპა აღმოჩნდა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს. ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა: „მე იმ დროსაც ვამბობდი, რომ ნატომ რეაგირება უნდა მოახდინოს-მეთქი, მაგრამ არავინ მისმენდა. ახლაც იგივეს წინაშე ვდგავართ: ხდება ომის აშკარა ესკალაცია, ჩვენ კი არაფერს ვაკეთებთ, უმოქმედოდ ვართ“.
ყოფილმა მინისტრმა ასევე საეჭვოდ მიიჩნია ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორიცაა „ჰიბრიდული ომი“ და „რუხი ზონა“ - პირველი ასახავს მოწინააღმდეგის მიერ წარმოებულ „შეჯვარებულ“ ომს ანუ ერთობლივ სამხედრო მოქმედებებს სხვადასხვა ფორმით, ხოლო მეორე - მოწინააღმდეგის მოქმედებას გაურკვეველ სივრცეში, კონფლიქტსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. ლანდსბერგისი ამბობს, - „მე ვსარგებლობ სიტყვებით „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ რუსული გაგებით - იმიტომ, რომ ის დაგეგმილია რუსი სამხედროების მიერ, აქვს მკაფიო სამხედრო და პოლიტიკური მიზნები და ითვლება რუსეთის ანტიდასავლური სტრატეგიის ნაწილად“.
ნატოს ანალიტიკოსები და ოფიციალური პირები გამაფრთხილებლად ამბობენ, რომ დრონებით სარგებლობის რუსული ტაქტიკა (რომელიც მეზობელი ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევას ითვალისწინებს) განკუთვნილია ალიანსის მზადყოფნისა და გაბედულების შესამოწმებლად - ანუ იმის გასაგებად, თუ სად გადის ნატოს „წითელი ხაზები“ და რამდენად შეიძლება ამ „წითელი ხაზების“ გადაწევა.
ასევე დაგაინტერესებთ: ზელენსკი დიდ სკანდალში ეხვევა: რისთვის იხარჯება იარაღის საყიდელი ფული?! - The New York Times
„სწორედ ამიტომ თამაშობს რუსეთი - კრემლი ნიადაგის მოსინჯვით არის დაკავებული. ვლადიმერ პუტინმა კარგად იცის, რომ 20-მდე დრონის შეჭრა ნატოს წევრი პოლონეთის საჰაერო სივრცეში აუცილებლად გამოიწვევდა წესდების მე-4 პუნქტის ამოქმედებას (ანუ ერთობლივ კონსულტაციებს, როცა ერთ-ერთი წევრი ჩათვლის, რომ მის ტერიტორიულ მთლიანობას ან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება), ხოლო ესტონეთის საჰაერო სივრცეში რუსული ავიაგამანადგურებლების 12-წუთიანი ყოფნა არ გამოიწვევდა წესდების მე-5 პუნქტის ამოქმედებას (ანუ თავდასხმად არ იქნებოდა აღქმული). ამიტომაც კრემლმა უკვე იცის, რომ თუ მსგავს მოქმედებას გაიმეორებს, ის მაინც დაუსჯელი დარჩება. ესე იგი, ნატო იძულებული იქნება, თავისი „წითელი ხაზები“ გადასწიოს“, - თქვა ექსმინისტრმა „დეილი ტელეგრაფის’ კორესპონდენტთან საუბარში.
ბრიუსელში გამართული განხილვების შედეგად, ნატომ რუსეთი გააფრთხილა, რომ ალიანსი მზად არის, „ყველა სამხედრო საშუალებით ისარგებლოს“, თუ მის საჰაერო სივრცეში რუსული ავიაცია შეიჭრება, თუმცა ნატოს მაინც არ მოუნიშნავს მკაფიო „წითელი ხაზები“, რომელთა გადალახვის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ იმოქმედებს.
ექსმინისტრი განმარტავს: „ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სტრატეგიული კომუნიკაცია, მაგრამ არ არის სტრატეგიული მოქმედება“. მისი თქმით, არსებობს „წითელი ხაზების“ დემონსტრირების რამდენიმე შესაძლებლობა. კერძოდ, რუსეთს უნდა ვუთხრათ, რომ თუ მოსკოვი კიდევ დაარღვევს ნატოს საჰაერო სივრცეს, მაშინ უკრაინას გერმანული ფრთოსანი რაკეტები - „ტაურუსები“ გადაეცემა ან ამერიკული „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტები, რომლებსაც ფრენის დიდი სიშორე აქვთ. ეს იარაღი რუსეთს საკმაოდ შეაფიქრიანებს, რადგან ისინი კიევიდან მოსკოვს ნამდვილად მისწვდებიან.
მართალია, ამგვარი იარაღის მიწოდების შესაძლებლობა, ალბათ, ნაკლებსავარაუდოა, მაგრამ მე იმის თქმა მსურს, რომ ნატომ თავისი „წითელი ხაზები“ მკაფიოდ უნდა მონიშნოს და ამით რუსეთს აჩვენოს, რომ ალიანსი ერთიანია და კრემლის მოქმედებას მკაცრი პასუხი გაეცემა“, - აცხადებს ექსმინისტრი.
ბრიუსელში გამართულ განხილვების დროს დანიის პრემიერმა მატე ფრედერიკსონმა, რომელიც შეშფოთებული ქვეყნების ხელმძღვანელთა რიგს მიეკუთვნება, მკაცრად აღნიშნა, რომ ევროპაში ყველაზე სახიფათო პერიოდი დადგა, მეორე მსოფლიო ომის დროიდან. ზოგიერთმა ლიდერმა თავშეკავება გამოხატა, მაგალითად, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, რომლის თქმით, ნატო მოსკოვის „ესკალაციურ ხაფანგში არ უნდა მოხვდეს“.
გაბრიელიუს ლანდსბერგისი ხაზს უსვამს ნატოს პასიურობას და ასეთ სიტუაციას, ერთ-ერთი ფილმის მსგავსად, „მრავალჯერ განმეორებულ „ზაზუნას დღედ“ თვლის. ექსმინისტრის აზრით, „იმ კითხვის ნაცვლად, გავრისკოთ თუ არა მესამე მსოფლიო ომის დაწყებით, საჭიროა სხვა კითხვა დავსვათ: იქნებ სჯობდეს, რომ გავრისკოთ და მესამე მსოფლიო ომი თავიდან ავიცილოთ?“.
მოამზადა სიმონ კილაძემ