საგანგაშო ამბავი უკრაინიდან - რატომ გაუჭირდათ უკრაინელებს ამერიკული „პეტრიოტებით“ რუსული „ისკანდერების“ მოგერიება?! - კვირის პალიტრა

საგანგაშო ამბავი უკრაინიდან - რატომ გაუჭირდათ უკრაინელებს ამერიკული „პეტრიოტებით“ რუსული „ისკანდერების“ მოგერიება?!

რუსეთი განაგრძობს უკრაინის ყოველღამისეულ საჰაერო დაბომბვებს, რისთვისაც, ძირითადად, იყენებს კამიკაძე-დრონებს, ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს...

თუკი დაბალ სიმაღლეზე და მცირე სიჩქარით მფრენი კამიკაძე-დრონების ჩამოგდება მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევების ჯერებით, ხოლო ფრთოსანი რაკეტების კი - ავტომატური საზენიტო ქვემეხებითა და მცირე რადიუსის მოქმედების საზენიტო რაკეტებითაც შეიძლება, რუსული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად უკრაინის დამცველების განკარგულებაში მხოლოდ ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები -„პეტრიოტებია“ (ფრანგულმა „მამბამ“ ვერ გამოიჩინა თავი რუსული „ისკანდერების“ ჩამოგდებით...).

1-rada-1759916551.jpg
უკრაინული ქალაქების მაცხოვრებლებს რუსული „ისკანდერებისგან“ თავდაცვის იმედად მხოლოდ ამერიკული „პეტრიოტები“ თუ დარჩათ და - მათაც რომ უმტყუნონ?

რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტები სამი ტიპისაა - სახმელეთო ბაზირების „ისკანდერ-მ“-ი, „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის „კინჟალი“ (რომელიც „ისკანდერის“ საჰაერო მოდიფიკაციას წარმოადგენს) და ჩრდილოკორეული KN-23 (ის, ფაქტობრივად, რუსული „ისკანდერის“ კლონია).

მათ წინააღმდეგ საბრძოლველად განკუთვნილია საზენიტო „პეტრიოტის“ განსაკუთრებული ანტირაკეტა PAC-3, რომელიც აქამდე რუსული ბალისტიკური რაკეტების 37%-ს იგერიებდა, მაგრამ გასულ სექტემბერში მხოლოდ 6% „ისკანდერის“ ჩამოგდება თუ შეძლო, რაც უკვე ძალზე საგანგაშოა უკრაინელი მეზენიტეებისთვის, რადგან თითოეული ჩამოუგდებელი რუსული „ისკანდერი“ ნიშნავს მორიგ აფეთქებულ კორპუსს რომელიმე უკრაინულ ქალაქში და, შესაბამისად, მსხვერპლს - მშვიდობიან მოსახლეობაში, რადგან რუსი ოკუპანტები ამ მძლავრ რაკეტებს (რომლის საბრძოლო ნათლობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართული გორის ცენტრის თავზე განახორციელეს), როგორც წესი, ფრონტის ხაზიდან ღრმა ზურგში უმიზნებენ...

რას შეიძლება გამოეწვია იმ ამერიკული „პეტრიოტების“ საბრძოლო ეფექტიანობის ასე დაცემა, რისი იმედიც აქვთ უკრაინელებს რუსული ბალისტიკური რაკეტების შეტევების მოსაგერიებლად?

2-rada-1759916551.png
რუსული „ისკანდერის“ გარანტირებულად მოსაგერიებლად უკრაინელმა მეზენიტეებმა „პეტრიოტის“ არანაკლებ ორი ანტირაკეტა მაინც უნდა გაუშვან, მაგრამ აქვთ კი ამ ძვირადღირებული ანტირაკეტების საჭირო მარაგი?

„ისკანდერი“ და „კინჟალიც“ ტრადიციულ ბალისტიკურ რაკეტებს არ წარმოადგენენ, ისინი კვაზიბალისტიკური ანუ „ცრუბალისტიკური“ ტრაექტორიით მიფრინავენ და მიზანთან მიახლოებისას შეუძლიათ მკვეთრი საჰაერო მანევრის ჩატარება ანტირაკეტების „მოსატყუებლად“.

მაგრამ, „ისკანდერი“ ასეთივე იყო თავიდანვე, ამ ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე და უკრაინელები „პეტრიოტების“ ანტირაკეტებით მაინც ახერხებდნენ მათ გაუვნებელყოფას, მაშ რა შეიცვალა?

პირველი -ერთ-ერთი ვერსიით რუსმა ინჟინრებმა განახორციელეს „ისკანდერისა“ და „კინჟალის“ მართვის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის კორექტირება, რის შემდეგაც ისინი მიზანს უფრო მკვეთრი ტრაექტორიით ისე უტევენ, რომ „პეტრიოტის“ კომპლექსის „ელექტრონულ ტვინს“ ბევრად ნაკლები დრო რჩება რეაგირებისთვის და ანტირაკეტების ზუსტად გამოყენებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ: პუტინს დაბადების დღე ციმბირის დაბომბვით „მიულოცეს“ - ახალი რეკორდი: უკრაინული დრონები 2 ათასი კილომეტრით დაშორებულ რუსულ ტიუმენსაც მისწვდნენ

პუტინის მწარე რეაქცია ტრამპის შერქმეულ სახელზე - არ ვართ „ქაღალდის ვეფხვი“! თუ მაგრები არიან, ნატო შეგვებრძოლოს რუსეთს

პუტინს მეორე ჩერნობილის მოწყობა სურს?! - რა საშინელება ემუქრება ევროპას

ტრამპმა მსოფლიოში უძლიერესი ავიამზიდი და ბომბდამშენები ახლო აღმოსავლეთისკენ დაძრა - დაარტყამენ ჰუსიტებს თუ გაუმეორებენ ირანს?!

მეორე - რუსმა კონსტრუქტორებმა „ისკანდერები“ აღჭურვეს რადიოელექტრონული ბრძოლის ახალი და უფრო მძლავრი საშუალებებით, რომლებიც აქტიურად ზემოქმედებენ მათკენ გაშვებული „პეტრიოტის“ ანტირაკეტების დამიზნების სისტემის შეცდომაში შესაყვანად...

მესამე - რუსეთის გენერალიტეტმა შეცვალა „ისკანდერებისა“ და „კინჟალების“ სამიზნეები და ბოლო დროს მათ უფრო ისეთ ობიექტებს უმიზნებს, რომლებსაც „პეტრიოტები“, უბრალოდ, ვერ იცავენ, რადგან უკრაინელი მეზენიტეების განკარგულებაში „პეტრიოტების“ მხოლოდ 7-8 დანაყოფია, მაშინ, როდესაც დამატებით კიდევ ათი ან უფრო მეტია საჭირო და ამიტომაც ეს „პეტრიოტები“, ძირითადად, დედაქალაქ კიევის გარშემოა განთავსებული.

3-rada-1759916550.jpg
„პეტრიოტისთვის“ ბოლო დროს შექმნილი ახალი რადიოლოკატორი LTAMDS-ი, რომელსაც საჰაერო სივრცის 360 გრადუსით გაკონტროლება შეუძლია, სამი ფაზირებული ანტენით, მაგრამ თავად ამერიკელებს ჯერ მხოლოდ ექვსი ასეთი გაუმჯობესებული რადარი აქვთ და ვინ მისცემს მათ უკრაინელებს...

მეოთხე - წმინდა ბანალური სიტუაცია: როგორც წესი, მეზენიტეებს საბრძოლო დავალებაში უწერიათ, რომ ერთ საჰაერო სამიზნეზე არანაკლებ ორი საზენიტო რაკეტა უნდა გაიხარჯოს, მეორე რაკეტა აუცილებელია დუბლირებისთვის, რომ ჩამოგდება გარანტირებული იყოს...უკრაინელ სამხედროებს კი, უბრალოდ, არ ჰყოფნით „პეტრიოტის“ ძვირადღირებული ანტირაკეტები და იძულებული არიან, მხოლოდ ერთი მათგანის გაშვებით შემოიფარგლონ ან კრიტიკულ მომენტში სიმწრით თვალები დახუჭონ, როდესაც ეს ანტირაკეტები სულ უთავდებათ...

რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბალისტიკური და მით უმეტეს - კვაზიბალისტიკური რაკეტების მასობრივი საჰაერო შეტევების ასპროცენტიანი მოგერიება პრაქტიკულად შეუძლებელია, გარდა იმ სიტუაციისა, როდესაც საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და თავად ანტირაკეტებიც თავზესაყრელადაა და სამხედროები არ არიან შეზღუდულები მათ გახარჯვაში. თუმცა 12 დღიანი ისრაელ-ირანის ომის დროს ამერიკულმა მხარემ ისრაელის საჰაერო საჰაერო სივრცის დასაცავად თელ-ავივის დახმარებისას, ასევე, 14 ირანული რაკეტის კატარში ამერიკულ საჰაერო ბაზაზე შეტევის მოგერიებისას, იმდენი საზენიტო რაკეტა მიახარჯა, რომ პენტაგონს „პეტრიოტების“ საზენიტო რაკეტების მარაგი... 75%-ით შეუმცირდა და ამასთან, რამდენიმე ირანულმა რაკეტამ მაინც „ჩააღწია“ ისრაელამდეც და კატარამდეც...

P.S. მეხუთე მიზეზს, რის გამოც უკრაინის ცაში დაეცა ამერიკული „პეტრიოტების“ საბრძოლო ეფექტიანობა, ჩვენი მხრიდანაც დავამატებთ: პირველი „ცივი ომის“ დროს, 1982 წელს, შეიარაღებაში მიღებული „პეტრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის AN/MPQ-53 ტიპის მრავალფუნქციურ ფაზირებულანტენიან რადიოლოკატორს (რომელიც დაფიქსირებულ მდგომარეობაში მუშაობს) საჰაერო სამიზნეების აღმოჩენა მხოლოდ 90-გრადუსიან სექტორში შეუძლია, ხოლო საზენიტო რაკეტის მიზანზე გაყვანა კი - 120 გრადუსის სექტორში ანუ ამ რადიოლოკატორის ანტენა არ ბრუნავს 360 გრადუსით და, შესაბამისად, ის ვერ ხედავს, თუ რა ხდება მის „ზურგსუკან“, ამიტომაც რუსულმა „ისკანდერებმა“ „ისწავლეს“ ფრენის ტრაექტორიის ბოლო მონაკვეთზე მკვეთრი მანევრით გასვლა იმ სექტორებში, რომლებსაც „პეტრიოტის“ ძველი რადიოლოკატორი ვეღარ სწვდება...

ამას ამერიკელი სპეციალისტები აქამდეც მიხვდნენ და ამიტომაც შექმნეს ახალი რადიოლოკატორი Tier Air and Missile Defense Sensor (LTAMDS), რომელსაც „ზურგზეც“ ორი დამატებით ანტენა დაუმაგრეს, კონკრეტული კუთხეებით, ისე, რომ უკვე სამი ფაზირებული ანტენით აღჭურვილ „პეტრიოტის“ ახალ რადიოლოკატორს საჰაერო სივრცის გაკონტროლება 360 გრადუსით შეუძლია, რაც გამორიცხავს „ზურგიდან მიპარვის“ შესაძლებობას...