ზელენსკის "სიურპრიზი" პუტინს - უკრაინა რუსეთს დიდ დივერსიულ ომს უცხადებს?!
„ზელენსკის ასიმეტრიული“ რუსეთის ტერიტორიაზე „დივერსიული ომის“ გააქტიურებას ნიშნავს?
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებით ახალ „ასიმეტრიულ პასუხებზე“ შეთანხმდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ვასილ მალიუკთან, რაც „სრულიად სამართლიანია, რომ რუსეთმა ომის სრული ფასი იგრძნოს და ამას იარაღის მწარმოებლები უზრუნველყოფენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
რას უნდა ნიშნავდეს პრეზიდენტ ზელენსკის ეს საჯარო განცხადება, თუკი თავის ქვეშევრდომთან და თანაც - სპეცსამსახურის უფროსთან რაიმე მნიშვნელოვანი თემის განხილვა, რაც, როგორც წესი, „სრულიად საიდუმლო“ გრიფის ქვეშ რჩება, ამჯერად სპეციალურად იქნა დაანონსებული ფართო საზოგადოებისთვის?
სავარაუდოდ, ეს არის ოფიციალური კიევის ღია განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინის სპეცსამსახურები აგრესორი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აპირებენ, კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი გახადონ „დივერსიული ომი“...
და ეს „დივერსიული ომი“, რომელიც დროგამოშვებით იჩენს თავს რუსულ სამხედრო აეროდრომებზე, უკრაინული დრონების თავდასხმებით (რომელთა შეტევები სწორედ მალიუკის „ეს-ბე-უმ“ განახორციელა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიიდანვე) ეტყობა, ბევრად „გაშლის ფრთებს“ და გადავა რკინიგზის ხაზების, ხიდების, საწვავის ტერმინალებისა და ყველა იმ მოძრავი და უძრავი ობიექტების (რომლებსაც რუსეთი პირდაპირ ან ირიბად იყენებს უკრაინასთან ომში) ფიზიკური დაზიანება/განადგურების ფორმაში...
დღე არ გავა, რომ რუსეთის „ეფ-ეს-ბემ“ არ დააკავოს მორიგი ახალგაზრდა, რომელსაც სოციალურ ქსელებში უცხო პირები შეჰპირდნენ მდიდრულ გასამრჯელოს, თუკი ის ცეცხლს წაუკიდებდა ქუჩაში მდგარ ელექტროგამანაწილებელ მოწყობილობას ან სამხედროების მანქანას...
შესაძლებელია, რომ სოციალური ქსელებით რუსი ახალგაზრდების ერთგვარ „მეხუთე კოლონად“ გამოყენებას სწორედ მალიუკის უკრაინული „ეს-ბე-უ“ ცდილობს, ისევე, როგორც უკრაინის ქალაქებში, ავტოსადგომებზე სამხედროების მანქანებს წვავენ უკვე უკრაინის მოქალაქე ბიჭები და გოგონები, რომლებსაც ფულს, ასევე, სოციალური ქსელის საშუალებით რუსული „ეფ-ეს-ბე“ თუ „გე-ერ-უ“ დაჰპირდა...
ფართომასშტაბიანი და დროში გაწელილი ომების შემთხვევაში, მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ობიექტებზე თავდასხმები ბრძოლის მიღებული ფორმაა და ის, როგორც დივერსიები, ისე კვალიფიცირდება, თუმცა აქ გადის ერთი მნიშვნელოვანი ზღვარი - თუკი ასეთი აფეთქებების შედეგად დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობა, ეს უკვე დივერსია კი არა, არამედ - ტერორისტული აქტის სახეს მიიღებს.
თუმცა ასეთი სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების დროს ეს პირობითი ზღვარი ხშირად იშლება. ავიღოთ თუნდაც უკრაინის „ეს-ბე-უს“ მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე შთმბეჭდავი დივერსიული აქტი, როდესაც ზუსტად სამი წლის წინ, 2022 წლის 8 ოქტომბერს, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელ ხიდზე დისტანციურად ააფეთქეს ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ტრაილერი, რამაც საავტომობილო ხიდის 250 მეტრის სიგრძის მონაკვეთი ჩაანგრია და გვერდზე გამავალ სარკინიგზო ხიდზე კი საწვავით სავსე შვიდ სარკინიგზო ცისტერნას ცეცხლი გაუჩინა...
ასევე დაგაინტერესებთ: საგანგაშო ამბავი უკრაინიდან - რატომ გაუჭირდათ უკრაინელებს ამერიკული „პეტრიოტებით“ რუსული „ისკანდერების“ მოგერიება?!
პუტინს მეორე ჩერნობილის მოწყობა სურს?! - რა საშინელება ემუქრება ევროპას
ამ დივერსიულ აქტს, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ ყირიმის ხიდის გამოყენებით, დროებით მაინც შეწყვეტილიყო რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო საჭურვლის გადაზიდვა რუსეთის ტერიტორიიდან ანექსირებულ ყირიმში, შეეწირა ხუთი მშვიდობიანი ადამიანიც - ტრაილერის გვერდზე მიმავალ მსუბუქ მანქანაში მჯდომი ოთხი და - თავად ტრაილერის მძღოლიც, რომელიც მისდაუნებურად „შაჰიდად“ იქცა. მან არ იცოდა, თუ რამდენად საშიში ტვირთი გადაჰქონდა...
თუკი უკრაინული სპეცსამსახურები მართლაც იწყებენ რუსეთის ტერიტორიაზე „დივერსიული ომის“ კიდევ უფრო გააქტიურებას, რათა ნაწილობრივ კომპენსირება მოახდინონ ფრონტის ხაზზე შექმნილი რთული სიტუაციისა (როდესაც რუსი ოკუპანტები მძიმე დანაკარგებით, მაგრამ მაინც ნელ-ნელა წინ მიიწევენ), აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ დაგეგმილმა და განხორციელებულმა დივერსიულმა აქტებმა არ გამოიწვიოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო საზოგადოების დიდ ნაწილში უკრაინის მიმართ მხარდაჭერას სერიოზული ბზარი გაუჩნდება...
და ერთიც, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი - უკრაინის სპეცსამსახურების მხრიდან რუსეთში „დივერსიული ომის“ გაძლიერების პროცესში, თუკი ისინი კვლავ ეცდებიან საქართველოს ტერიტორიის სატრანზიტო მარშრუტად გამოყენებას (როგორც ეს რამდენჯერმა უკვე მოხდა, მათ შორის - 2022 წელს, ყირიმის ხიდის აფეთქებისას, როდესაც ორ ათეულ ტონაზე მეტი მასის შენიღბულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ ტრაილერით საქართველოს გზები გაიარა, რუსეთში გადასვლამდე), ეს სრულიად მიუღებელი იქნება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე...