"კონტრაქტი ეშმაკთან": როგორ "მოათვინიერა" სტალინმა ინტელიგენცია - ლამაზი ქალი, როგორც სპეცსამსახურების მძლავრი იარაღი - კვირის პალიტრა

"კონტრაქტი ეშმაკთან": როგორ "მოათვინიერა" სტალინმა ინტელიგენცია - ლამაზი ქალი, როგორც სპეცსამსახურების მძლავრი იარაღი

ყველა ავტორიტარულ/დიქტატორულ რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნების ერთი, საუკუნეების მანძილზე აპრობირებულ/გამოცდილი მეთოდი აქვს: მოსახლეობის ყველა ფენის მორჩილებაში ყოლა, - ზოგის ტერორითა და ზოგის - მოსყიდვით. არც საბჭოთა დიქტატურა იყო გამონაკლისი. „პროლეტარიატის დიქტატურის“ მოძღვრებით გათვალისწინებული ყველა ზღვარგადასული სიავე და ბოროტება ლენინ-სტალინმა და მათმა დამქაშებმა ზედმიწევნით შეასრულეს, ზოგჯერ - გადაჭარბებითაც კი. „ბოლშევიკ-კომუნისტებმა“ თავიდანვე იცოდნენ, ვინ იყო მათი მომხრე (უტოპიური თეორიებით გაბრუებული მუშა-გლეხობა) და ვინ არასანდო ელემენტი: მეცნიერები, პოეტ-მწერლები და ზოგადად განათლებულ-მოაზროვნე ადამიანები, რომელთაც „ბოლშევიკ-კომუნისტები“ ზიზღით/აგდებით - „ინტელიგენციად“ მოიხსენიებდნენ. განათლებული ადამიანი "ერის ტვინი" და მომავალია, თუმცა დიქტატორებისთვის, რაც უფრო განათლებულია ადამიანი, მით უფრო საშიშია. თუ ადრე "ბოლშევიკ-კომუნისტები" ორგანულად ვერ იტანდნენ "ბურჟუაზიულ ელემენტებს" - ინტელიგენციას, დღეს შინაგანი ზიზღი ყველა ჭკვიანი და გონიერი ადამიანისადმი, ყველა „ფერის“ დიქტატორისთვის დამახასიათებელი თვისებაა.

საბჭოთა იმპერიის მთავარი ნიშანი ყოველთვის იყო მტრების ძიება. საზღვრებს გარეთ ესენი “საზიზღარი იმპერიალისტები”იყვნენ. შინაურ მტრებში, რომლებიც ბუნებრივია, უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ იყვნენ “მოსყიდულნი”, პირველ ადგილს პოლიტიკური ოპონენტები, საბჭოთა მეცნიერები, მწერლები და, საერთოდ – ინტელიგენცია იკავებდა.

გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან საბჭოთა ხელისუფლებამ „ დიდი ტერორი“ დაიწყო, ინტელიგენციის წინააღმდეგ. 1922 წლის იანვარში მოსკოვის უმაღლესი ტექნიკური სკოლის პროფესორებმა უარი თქვეს სტუდენტების სწავლებაზე მანამ, სანამ რუსეთში ადრე არსებული უნივერსიტეტის ავტონომია ისევ არ აღდგებოდა. რა რეაქცია ჰქონდა "მსოფლიო პროლეტარიატის დიდ ბელადს"? 1922 წლის 21 თებერვალს ლენინმა წამოაყენა წინადადება: " 20-40 პროფესორი აუცილებლად გაათავისუფლეთ. მოემზადეთ და ძლიერად დაარტყით". ყველაზე "რბილი" ეპითეტები, რომლებითაც ვლადიმერ ილიჩი "ამკობდა" ინტელიგენციას, ამგვარია: "რუსი ინტელიგენცია ნაგავია", "ძველი რუსეთის ინტელიგენციის დიდი ნაწილი საბჭოთა ხელისუფლების დაუძინებელი მტერია", "ჩვენ არასოდეს დავეყრდნობით ინტელიგენციას, არამედ დავეყრდნობით მხოლოდ პროლეტარიატის ავანგარდს" და ა.შ. ლენინს მიაჩნდა, რომ დემოკრატიულად მოაზროვნე ინტელიგენცია ბურჟუაზიის მოკავშირეა. მისი დავალებით ”ჩეკა“ მუდმივად უთვალთვალებდა ძველ პროფესურასა და სპეციალისტებს. „ჩეკას“, ასევე, უნდა გამოევლინა ინტელიგენციის შესაძლო კავშირი საზღვარგარეთის სპეცსამსახურებთან.

ლენინის გადაწყვეტილებით, 1922 წლიდან მასობრივად დაიწყო საბჭოთა კავშირიდან "ძველი ინტელიგენციის" იძულებითი გასახლება საზღვარგარეთ. 1922 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე იძულებით 225 ადამიანი გაასახლეს. ლენინის გარდაცვალების შემდეგ ინტელიგენციის ფიზიკური განადგურების "ესტაფეტა" სტალინმა გადაიბარა. დღემდე უცნობია რეპრესირებული საბჭოთა მეცნიერების, მწერლების, რეჟისორების თუ მსახიობების ზუსტი რიცხვი. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: "დიდი დიქტატორის" ზეობის პერიოდში საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის 100-მდე წევრი და წევრ-კორესპონდენტი იყო რეპრესირებული, მათგან 44 დაიღუპა, 23 დახვრიტეს, 13 პატიმრობაში, ხოლო 8 - გადასახლებაში გარდაიცვალა. დანარჩენი კი საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკებში უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ამავე დროს იოსებ სტალინმა „შემოქმედებითად განავითარა“ ინტელიგენციის წინააღმდეგ ბრძოლის ფილოსოფია: „მაუზერსა“ და „ტეტეს“ ხშირად ინტელიგენციის მოსყიდვა/ცდუნების დიდი არსენალით ცვლიდა.

ძალზე სასიამოვნოა, მზის რბილი სითბო და ნაზი შუქი. ჩრდილში დარჩენილებს შურთ შენი და ყოველნაირად ცდილობენ, "მზის ორბიტიდან" ამოგაგდონ, თავად დაიკავონ შენი ადგილი და უხვად მიიღონ მზის სითბო-სინათლე. მშიერსა და ძვალ-რბილ გაყინულს დაკარგული აქვს ზომიერების შეგრძნება და სულ ახლოს და ახლოს მიილტვის მზისკენ, თუმცა, რაც უფრო ახლოს ხარ მზესთან, მით უფრო მაღალია ტემპერატურა და სიკვდილის ალბათობაც... ამგვარი "მზის შარავანდედი" ადგათ იმ საბჭოთა მწერლებს, რომლებმაც სხვებს დაასწრეს და "მზეს" - „ბოლშევიკ-კომუნისტებს“ ახლოს მიუცუცქდნენ. საბჭოთა რეჟიმიც ახალისებდა ამ ლტოლვას: სატყუარა - ნუგბარი ყველა "ბელადს" საკუთარი ჰქონდა. რაც უფრო მძიმე გაჭირვება იყო, - სატყუარაც უფრო "პრიმიტიული" გახლდათ: სტალინის დიქტატურისას "მწერლების მოთვინიერება" (აკაკი ბაქრაძის მოსწრებული შეფასება) პირველ ეტაპზე (გასული საუკუნის 20-30-იან წლებში) სიკვდილ-სიცოცხლის "ბეწვის ხიდზე" გადიოდა. ვინც ბოლშევიკებთან არ იყო, დახვრეტა ან ხანგრძლივი პატიმრობა-გადასახლება არ ასცდებოდა, ხოლო ვინც "ბოლშევიკურ მზეს" მიუცუცქდებოდა - "სპეცმაღაზიებიდან" საკვების, ტანსაცმლის და საყოფაცხოვრებო ნივთების დაბალ ფასში შეძენის, ასევე, საკუთარი თხზულებების დიდი ტირაჟით გამოცემის ბედნიერება (და დიდი შემოსავალი!) გარანტირებული ჰქონდა!

შერისხულ მწერლებს კი, თუ დაპატიმრებას გადაურჩებოდნენ, სრული შემოქმედებითი იზოლაცია ელოდათ: არც ძველ და არც ახალ ნაწარმოებს არ უბეჭდავდნენ, ამით შემოსავლის წყაროს უსპობდნენ და ასე ცდილობდნენ მათ "მოთვინიერებას". უნდა ვაღიაროთ: "აღზრდის" ეს მეთოდი უმეტესობაზე ჭრიდა!

"ბოლშევიკურ მზის სისტემაში" დიდ-პატარა "პლანეტები" მრავლად იყო. ის საბჭოთა მწერლები, რომლებმაც "ეშმაკთან კონტრაქტი" დადეს და ხშირად "ძველ ბოლშევიკებზე" უფრო მეტად რადიკალურ-მემარცხენე განცხადებებს აკეთებდნენ, ცდილობდნენ, ამ "პლანეტების" თანამგზავრები გამხდარიყვნენ და ისე მიახლოვებოდნენ კრემლიდან ამომავალ "უდიდეს მზეს". მწერლების საუბედუროდ, "ბოლშევიკური მზის სისტემა" სტაბილური არ იყო, ძალზე ხშირად იცვლებოდა და "კომუნისტურ ცაზე" გუშინ მოკაშკაშე "პლანეტა", მეორე დღეს უსწრაფესად იწვოდა, იფერფლებოდა და თან „თანამგზავრი მწერლებიც" მიჰყავდა. ამიტომ საბჭოთა მწერლების არა მარტო კეთილდღეობის, არამედ - სიცოცხლისთვისაც, მთავარი იყო, სწორი არჩევანი გაეკეთებინათ სათავეში მყოფ ბოლშევიკებსა და დაჯგუფებებს შორის.

საბჭოთა რეჟიმი, როგორც კი მოძლიერდა, "ბოლშევიკურ მზესთან" ახლოს მისვლისა და "მიფიცხებისთვის", საბჭოთა (მათ შორის ქართველ) მწერლებს შორის დაუნდობელი ბრძოლები გაჩაღდა. გასული საუკუნის 20-იანი წლების დასასრულიდან ზღვარგადასული ურთიერთკრიტიკა და დასმენა-დაბეზღებები ყოველდღიურ მოვლენად იქცა. გუშინდელი მეგობრები და ნათელ-მირონები ერთმანეთის შემოქმედებაში "ანტიბოლშევიკურ გამოვლინებებს" ეძებდნენ და „ჩეკაში" აბეზღებდნენ. სტალინი თავად წარმართავდა და ახალისებდა "ბოლშევიკურ მზესთან" ახლოს ადგილის მოსაპოვებლად საბჭოთა მწერლებს შორის წარმართულ "გლადიატორულ ბრძოლებს“. ამავე დროს მას სჭირდებოდა მსოფლიოში ცნობილი მწერალი, რომლის ავტორიტეტსა და საზღვარგარეთ ფართო კავშირებს დიდი რეპრესიების შესანიღბად და „საბჭოთა სამოთხის“ რეკლამირებისთვის გამოიყენებდა. მაქსიმ გორკი, რომელიც ხუთჯერ იყო ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ნომინანტი (1918, 1923 წლებში, ორჯერ - 1928 წელს და 1933 წელს) იდეალურად შეეფერებოდა „ახალი საბჭოთა სამოთხის ტრუბადურის“ როლს.

picture3-1760081115.jpg

აბელ ენუქიძე, იოსებ სტალინი და მაქსიმ გორკი კრემლის კიბეებზე

მაქსიმ გორკის ’’დიასახლისები’’

ცალკე უნდა აღინიშნოს მაქსიმ გორკის ცხოვრების ერთი პიკანტური თავისებურების შესახებ: ის დიდი მექალთანე იყო და ოფიციალურ მეუღლესთან, ეკატერინე პეშკოვასთან განშორების შემდეგ, წლების მანძილზე, სამოქალაქო მეუღლეებთან (მსახიობ მარია ანდრეევასთან, ვარვარა ტიხონოვასა და მურასთან) ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა. ხდებოდა ისეც, რომ ისინი ერთად, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ. ეს იყო პატარა, ერთგვარი ’’კომუნისტური კომუნა’’, სადაც ’’დუკა’’ (ასე ეძახდნენ გორკის მისი ’’დიასახლისები’’) ’’არაბი შეიხივით’’ ნებივრობდა, დანარჩენები კი მის სურვილს ასრულებდნენ. ბოლშევიკების ბელადებმა კარგად უწყოდნენ მაქსიმ გორკის ამ „ცელქობების“ შესახებ, თუმცა თვალს ხუჭავდნენ: იმიტომ, რომ ის ჯერ კიდევ სჭირდებოდათ.

ისიც უნდა ითქვას, რომ არც გორკის "დიასახლისები“ გამოირჩეოდნენ მისდამი დიდი ერთგულებით: სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ’’მეგობარი’’ მამაკაცები არც ეკატერინე პეშკოვასა და არც მარია ანდრეევას აკლდათ. ლენინის მიერ პეტროგრადის თეატრების კომისრად დანიშნულ მარია ანდრეევას იმ პერიოდში თავის თანამშრომელთან, 17 წლით უმცროს პეტრე კრუჩკოვთან ჰქონდა რომანი.

ასევე დაგაინტერესებთ: "რკინის ქალი": ავანტიურისტი მურა, რომელიც სამი ქვეყნის აგენტი იყო - როგორ აქცია საქართველომ მაქსიმ გორკი მაწანწალიდან ლიტერატორამდე

"ყურადღება! გიწვევთ სამუშაოდ დაზვერვაში!" - რა უნდა ისწავლონ ქართულმა სპეცსამსახურებმა უცხოელი კოლეგებისგან

"სრულიად საიდუმლოდ": სტალინის აგენტების ჩავარდნის საქმე - ცოლ-ქმრის ტრაგიკული აღსასრული, რომლებიც საბჭოთა დაზვერვაზე მუშაობდნენ

დიდი "სტალინური რეპრესიების" დაწყების ზუსტი თარიღი ცნობილია? - "იპოვეთ და გაანადგურეთ ჯაშუშები და კონტრრევოლუციონერები!" - თანდათანობით საბჭოთა მოქალაქეები ერთმანეთზე მონადირე "ჩამშვებ კილერებად" იქცნენ და ურთიერთდასმენა ყოველდღიურ მოვლენად იქცა"

თოთხმეტი წელი მაქსიმ გორკისთან ერთად

ასაკოვან მაქსიმ გორკის უცბად შეუყვარდა ახალგაზრდა და ენერგიული მურა, თუმცა მათი ურთიერთობა საკმაოდ თავისუფალი იყო და მკაცრ მორალურ პრინციპებს არ ითვალისწინებდა. მაქსიმ გორკის სხვა ’’დიასახლისების’’ მსგავსად, არც მურა გამოირჩეოდა ერთგულებით, თუმცა მისი ყველა სხვა რომანიც (მაგ. ბრიუს ლოკარტთან და ჰერბერტ უელსთან), ჩემი აზრით, „ჩეკას“ მიერ დაგეგმილ ოპერატიულ-სადაზვერვო მიზნებს (სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინფორმაციის მოპოვება) ემსახურებოდა.

მ. გორკის, რომელიც მუდმივად ეჭვიანობდა მურაზე, სულ მალე სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. 1920 წლის სექტემბერში მოსკოვში ცნობილი ინგლისელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ჰერბერტ უელსი (1866-1946) ჩავიდა. ის პეტროგრადსაც ეწვია და, რადგანაც მაშინ სასტუმროები არ მუშაობდა, სტუმართმოყვარე გორკის ბინაში გამოუყვეს ოთახი. იქ შეხვდა ჰერბერტ უელსი მურას, რომელსაც იგი ლონდონიდან იცნობდა. პეტროგრადში მურა, უელსის თარჯიმნის მოვალეობას ასრულებდა. ჰ. უელსის სამშობლოში გამგზავრების წინ მოხდა ისე, რომ უელსმა და მურამ ერთად გაატარეს ღამე...

picture2-1760081134.jpg

ჰერბერტ უელსი, მაქსიმ გორკი და მურა

1921 წელს, საბჭოთა კავშირში არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალ-პოლიტიკური ვითარების გამო, მაქსიმ გორკი იძულებული გახდა, ევროპაში გამგზავრებულიყო, იმავე წლის შემოდგომიდან კი ის იტალიაში, ქალაქ სორენტოში დასახლდა. მურა იქ უკვე ’’მთავარი დიასახლისის’’ ფუნქციებს ასრულებდა. ამის შემდეგ, 1933 წლამდე, მურას მ. გორკისთანაც ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა და ამავე დროს ხვდებოდა ბრიუს ლოკარტს და ჰერბერტ უელსს. იმავე წლიდან მურა ჰერბერტ უელსის (რომელიც მასზე 26 წლით უფროსი იყო) სამოქალაქო ცოლი გახდა. მურა ლონდონში ცხოვრობდა და ინგლისის მაღალ სამხედრო-პოლიტიკურ წრეებთან ჰქონდა ურთიერთობა. მას ბრიუს ლოკარტთანაც არ შეუწყვეტია რომანი. გასული საუკუნის 30-40-იან წლებში ლოკარტი ჟურნალისტიკას, დიპლომატიასა და დაზვერვას ერთდროულად უხდიდა ხარკს. მურა კი ორივე ბრიტანელთან იყოფდა სარეცელს და იყენებდა რა თავის კავშირებს ევროპაში, ლოკარტის (ანუ ინგლისის დაზვერვის) დავალებებს ასრულებდა (ბუნებრივია, ეს ინფორმაცია საბჭოთა დაზვერვისთვისაც ხდებოდა ცნობილი).

პარალელურად, მოსკოვი მურას იყენებდა დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების მაღალ ფენებში იმ ინფორმაციის (რეალურად კი დეზინფორმაციის) გავრცელებისთვის, რაც სტალინს აძლევდა ხელს. ასეთი იყო მოსკოვში გასული საუკუნის 30-იან წლებში მიმდინარე სასამართლო პროცესების ’’სამართლიანობის’’ ახსნა ევროპელებისთვის. ისინი ბარონესა ბუდბერგს უსმენდნენ, ბევრს სჯეროდა კიდეც მისი მონაყოლის: იმის, რომ გორკი სტალინით აღფრთოვანებულია, საბჭოთა კავშირი ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა, „ტროცკისტები“ კი სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდნენ და ა.შ. ამგვარი დეზინფორმაციის შედეგი იყო, რომ გასული საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა კავშირს სტუმრობდნენ ცნობილი ევროპელი მწერლები: ჰერბერტ უელსი, რომენ როლანი, ლიონ ფოიხტვანგერი და სხვ. ისინი აუცილებლად ხვდებოდნენ მაქსიმ გორკის, რომელიც ’’საბჭოთა სამოთხის’’ შესახებ ლეგენდებით კიდევ უფრო მეტად აბრუებდა უცხოელ სტუმრებს. თუმცა ეს ყველაფერი შემდეგ მოხდა, მანამდე კი საჭირო იყო ’’რევოლუციის ბულბულის’’ საბჭოთა კავშირში შემოტყუება. უნდა ითქვას, რომ მ. გორკი მთლიანად იყო დამოკიდებული საბჭოთა ხელისუფლების დაფინანსებაზე: 1922-1928 წლებში ემიგრაციაში მყოფი მ. გორკი საბჭოთა კავშირში თავისი წიგნების გამოცემისთვის ყოველთვიურად 100 ათას გერმანულ მარკას და 320 დოლარს იღებდა, თუმცა სტალინს მაქსიმ გორკი საბჭოთა კავშირში სჭირდებოდა!

საქმეში გორკის გარემოცვაში ჩანერგილი „ოგეპეუს“ აგენტურა, მათ შორის - მურაც, ჩაერთო. მათ დაარწმუნეს რუსი მწერალი, რომ ემოგზაურა საბჭოთა კავშირში და ენახა, თუ როგორ შეიცვალა ქვეყანა წლების განმავლობაში. სტალინის პირადი მიწვევით, 1928 წლის 28 მაისს მ. გორკი პირველად დაბრუნდა ემიგრაციიდან საბჭოთა კავშირში. მას მოსკოვში დიდი პომპეზურობით დახვდნენ, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრანდიოზული ტურიც მოუწყვეს. 1928 წლის ზაფხულში

picture1-1760081152.jpg

მაქსიმ გორკი საქართველოში. ფოტოზე: ალ. აბაშელი, ტ. ტაბიძე, პ. ინგოროყვა, ნ. მიწიშვილი, მ. ორხელაშვილი, მ. გორკი, ს. თოდრია, შ. რადიანი, გ. რუხაძე. დგანან: პ. კეშელავა, კ. კალაძე, ვ. ასირბეკოვი, მ. ჯავახიშვილი, გალაკტიონ ტაბიძე და სხვები. თბილისი 1928 წელი.

მ. გორკი საქართველოშიც იმყოფებოდა, სადაც დიდი პატივით მიიღეს და „ვერის ბარში“ ბანკეტიც მოუწყვეს კახური ღვინითა და ქართული ცეკვა-სიმღერით. 1928 წლის ზაფხულში მოგზაურობის დროს მწერალს სპეციალურად მომზადებული ქარხანა- ფაბრიკები აჩვენეს, სადაც მას „სოციალიზმის მიღწევები“ უნდა ენახა. თუმცა შედეგი საპირისპირო გამოდგა: გორკი ისევ იტალიაში დაბრუნდა.

(მეორე ნაწილის დასასრული)