2026 წლის ზაფხულში რუსეთ-ევროპის ომის დაიწყება?! - "ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი: ეს არის ძირითადი მიმართულება, სადაც შეტევა აუცილებლად მოხდება"
ბრიტანულ "დეილი ტელეგრაფში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით: "ევროპა "პერლ-ჰარბორის მომენტის" წინაშე დგას“- ყოფილი მინისტრი გვაფრთხილებს, რომ პუტინის ტაქტიკა და ნატოს უმოქმედობა მესამე მსოფლიო ომთან გვაახლოებს". ავტორი ლიეტუველ პოლიტიკოსს, გაბრიელიუს ლანდსბერგისს ესაუბრება და რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარე მომენტს განიხილავს. როგორც რესპონდენტი აღნიშნავს, მსოფლიო კვლავ დგას მესამე მსოფლიო ომის წინაშე და პუტინის ჰიბრიდული ომი ევროპას სულ უფრო მეტად უბიძგებს და აახლოებს ახალ სიკვდილის მთესველ "პერლ-ჰარბორის მომენტთან". ექსმინისტრის გაფრთხილება მოჰყვა რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებს, რაც გამოიხატა რუსული დრონებისა და თვითმფრინავების მიერ პოლონეთისა და ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაში. პოლიტიკოსი საყვედურს გამოთქვამს ნატოს მიმართ, რომელიც "თვალს ხუჭავს" და არაფერს აკეთებს რუსეთის კონფრონტაციული პოლიტიკის შესაკავებლად და ამით პუტინს ნებას აძლევს, დასავლეთი სრულმასშტაბიან ომში ჩაითრიოს. რით აიხსნება ნატოს პასიურობა და არის თუ არა მესამე მსოფლიო ომის წინა პირობები მსოფლიოში, ამ საკითხებზე პოლიტოლოგი ლაშა ძებისაშვილი გვესაუბრება:
- ომი უნარჩუნებს პუტინს თავის რეჟიმს. ახლა მისი მიზანია ისე შეინარჩუნოს ხელისუფლება, რომ რუსული პოლიტიკური სისტემის სტრუქტურული ცვლილება არ მოხდეს. სტრუქტურა კი ძირეულად შეიცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ომი დასრულდა და მაშინ ეს შეიარაღებული მასა სამშობლოში დაბრუნდება. ეს ხალხი წლებია ომობს და როცა სახლში ბრუნდება, სულ სხვა ვითარება ხვდება. რუსული ეკონომიკა გადასულია ომის რელსებზე, შესაბამისად, ამ ეკონომიკის დაბრუნება სამშვიდობო კალაპოტში წარმოუდგენელია.
ახლა რუსული ეკონომიკა სწორედ იმის გამო ფუნქციონირებს, რომ სახელმწიფო ასობით მილიარდს ისვრის ჰაერში და აფინანსებს იმ ეკონომიკურ სექტორებს, რომლებიც ამ ომს ასაზრდოებს.
რუსეთის განვითარების ყველა ფაქტორი - ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა გამორიცხავს ომის შეწყვეტას. ის, რომ რუსეთი ვერ აღწევს სტრატეგიულ შედეგს უკრაინაში, სულ უფრო ძნელად ასახსნელი ხდება რუსი საზოგადოებისთვის. იმისათვის, რომ რუსი საზოგადოება უფრო მნიშვნელოვან თემაზე გადართოს, მეტად რომ დაანახოს, რა საშიშროების წინაშეა ქვეყანა, ბუნებრივია, პუტინმა ომის მასშტაბი უნდა გაზარდოს. აქამდე გაიძახოდა, რომ რუსეთი არა უკრაინასთან, არამედ ნატოსთან არის დაპირისპირებული და გაითამაშებს კიდეც ამ ომის დაწყებას ევროპასთან, ნატოსთან და მერე აჩვენებს რუს ხალხს, აი, ხომ გეუბნებოდით, ნატოს უნდოდა ჩვენთან ომის დაწყებაო.
ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი - ეს არის ძირითადი მიმართულება, სადაც შეტევა აუცილებლად მოხდება. რით დამთავრდება ეს და გადაიზრდება ბირთვულ ომში თუ სხვა მსგავსში, აქამდე ლოგიკურად უნდა მივიდეთ. ფარული ომი, საბოტაჟი, რუსეთს კარგა ხანია დაწყებული აქვს, უბრალოდ, ახლა ეს გაცილებით ხილული გახდა, როცა დრონები შეფრინდნენ პოლონეთსა და ესტონეთში, ამას მოჰყვა უცნობი დრონების გამოჩენა დანიაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში.
- რით აიხსნება დასავლეთისა და ნატოს პასიურობა რუსეთის კონფრონტაციული პოლიტიკის მიმართ?
- ჩვენ ისეთ პერიოდში ვართ, როცა ევროპა და დასავლეთი მიუხედავად 2008, 2014 და 2022 წლებისა, მიუხედავად პოლონეთზე თავდასხმებისა, აბსოლუტურად სხვა განზომილებაშია. ეს გამოიხატება პოლიტიკური რეალობის ვერ და არმიღებაში. ერთია, რეალობა აღიქვა, ან ვერ აღიქვა სწორად, და მეორე და მთავარი, გაქვს თუ არა ნება, რომ ამაზე შესაბამისად უპასუხო, მით უფრო, როცა ეს ნება უნდა იყოს გაერთიანებული. ჩვენ ამ შემთხვევაში ორივესთან გვაქვს პრობლემა, ანუ ევროპაში საკმაოდ ბევრ პოლიტიკურ ძალას რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწევს. რეაგირება არის როგორც დაგვიანებული, ასევე შეუსაბამო, არაადეკვატური. პოლონეთში რომ შეფრინდა დრონები, მეორე დღესვე უნდა ჩატარებულიყო ნატოს წევრი სახელმწიფოების საგანგებო სხდომა, ეს ქმედება დაგმობილიყო და რუსეთისთვის ეთქვათ, თუ გაიმეორებ, შემდგომში ყველაფერს ჩამოვაგდებთო. ასევე, სწრაფად უნდა მომხდარიყო ქვედანაყოფების გადასროლა ბალტიისპირეთისა და პოლონეთის მიმართულებით. არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი განათავსა ბელარუსის ტერიტორიაზე, რომელიც რუსული სამხედრო მუშტის ერთ-ერთი გამაძლიერებელია - 120-ათასიანი ბელარუსული არმია იქ ტყუილად არ დგას, მასაც რაღაც ფუნქცია აქვს. ერთობლიობაში ჩვენ დასავლეთის დაგვიანებულ, არაკონსოლიდირებულ, არაადეკვატურ რეაგირებას ვხედავთ. მათ სხვა პრობლემებიც აქვთ - პრორუსული პარტიები შიგნიდან ურევენ ვითარებას, იყენებენ მიგრანტების საკითხს და სხვა. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ რუსეთმა ძალიან ბევრი მიგრანტი შეგზავნა ევროპაში. გვახსოვს, სირიიდან როგორ გადაჰყავდა თვითმფრინავები ბელარუსში, იქიდან პოლონეთში, შვედეთსა და ფინეთში. ეს იყო პერიოდები, რომლებიც რატომღაც ემთხვეოდა წინასაარჩევნო პერიოდს, როცა მთელ ევროპაში ისლამური ქვეყნებიდან წამოსული მიგრანტები რატომღაც ადგილობრივ მოსახლეობას დაერევიან, კლავენ, რაც კიდევ ერთხელ ააგორებს ხოლმე ანტიმიგრანტულ განწყობებს, რაც საბოლოოდ ანტიევროპულ და პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს აძლიერებს (იქნება ეს გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი თუ სხვა). ეს არის დიდი ერთობლივი სპეცოპერაცია, ჰიბრიდული ომი, რასაც რუსეთი აწარმოებს დასავლეთის წინააღმდეგ და, სამწუხაროდ, წარმატებითაც. ამ მიმართულებით. ამ გადმოსახედიდან ჯერ ვერ ვხედავ სერიოზულ ინდიკატორს, რაც პუტინს გააჩერებდა, ომი არ დაეწყო ნატოსა და ევროკავშირის წინააღმდეგ.
ნატოსთვის ბალტიის ქვეყნების და პოლონეთის სამხედრო სისუსტე არ არის სიახლე. იქ განლაგებულია ნატოს ქვედანაყოფები, დაახლოებით 4500-იანი კონტინგენტი დგას ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაშიც. რუსეთს გარდა იმისა, რომ ესკალაციის საფეხური შეუძლია ასწიოს პოლონეთსა და ბალტიისპირეთზე თავდასხმით, მას შეუძლია გამოიყენოს ბირთვული შანტაჟიც - შეუძლია თქვას, მე კი შევუტიე ამ ქვეყნებს, კი დავიკავე რაღაც ტერიტორიები, მაგრამ თქვენ თუ გაბედავთ წინააღმდეგობას, მაშინ მე ბირთვულ იარაღს გამოვიყენებო. დარწმუნებული იყავით, ამისთვის ძალიან ბევრი ევროპელი და ამერიკელი არ იქნება მზად, მით უმეტეს, ტრამპის ხელში.
რუსეთს უნდა შანტაჟით გამოიწვიოს გახლეჩილობა ევროპელებსა და ამერიკელებს შორის და საპასუხოდ მოითხოვოს, მაგალითად, მე გავალ აქედან, სამაგიეროდ, შეეშვით უკრაინასო - ეს არის მისი ამოცანა, რომ დიდი სტრატეგიული წარმატება იქონიოს.
პუტინს რაღაც დიდი სჭირდება, რაც მის მიზანს და იმპერიულ ამბიციას დააკმაყოფილებს და ეს არის ორი რამ: ან ის დაამარცხებს საკუთრივ ნატოს სამხედრო თვალსაზრისით და პირობითად, ბალტიისპირეთს დაიკავებს, სხვებს აიძულებს არ შეეწინააღმდეგონ ამ შემთხვევაში, რადგან ბირთვული იარაღით დააშანტაჟებს - თუ ჩაერევით, დაგარტყამთო, ან იტყვის, ბატონო, ბალტიისპირეთს შევეშვები, მაგრამ სანაცვლოდ, თქვენ უკრაინას ჩამოშორდითო - ეს სავსებით რეალური სცენარია. არ დაგვავიწყდეს, რომ როგორც კი ნატოზე სამხედრო ზეწოლა გაიზრდება, ნატოს ქვეყნებს აღარ ეცლებათ უკრაინის დასახმარებლად, შესაბამისად, ის ფინანსური და სამხედრო რესურსი, რაც უკრაინაში მიდიოდა, თავად დასჭირდებათ. ამ დროს სწორედ უკრაინა წარმოადგენს ნატოსთვის ძირითად ბერკეტს იმისათვის, რომ რუსეთი არა მარტო შეაკავოს, არამედ დაამარცხოს. ჩემი გადმოსახედიდან, დასავლეთმა კიდევ უფრო მეტი იარაღი უნდა მიაწოდოს უკრაინას, რათა მან შეტევა წამოიწყოს რუსეთზე და იმ დაჯგუფებამ, რომელიც ბალტიისპირეთშია შესული, პირიქით, ზურგიდან შემოუაროს და ალყაში მოაქციოს რუსული არმია. ეს შესაძლებელია, უბრალოდ, ამისთვის ევროპას სჭირდება ერთიანობა და ძალიან სწორი სტრატეგიული გათვლა. სამწუხაროდ, ომის მეოთხე წლისთავზეც კი ევროპა სათანადო დახმარებას არ უწევს უკრაინას, რათა მან მნიშვნელოვან გარდატეხას მიაღწიოს ომში. გარდა ამისა, ევროპა თვითონაც არ არის მომზადებული ომისთვის, რათა გაზარდოს თავისი პოტენციალი, რეალური წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს როგორც ჰიბრიდულ, ისე საინფორმაციო სივრცეში.
რუსული მედიები თავისუფლად ოპერირებენ ევროპაში... აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ ამ ომის მეოთხე წლისთავზე, სანქციების და ემბარგოს მიუხედავად, რუსეთი კვლავ ახერხებს ევროპაში ნავთობის და თხევადი გაზის გაყიდვას, დღემდე ძალიან ბევრი ევროპული და ამერიკული ტექნოლოგიური კომპონენტი ახერხებს მაინც შევიდეს რუსეთში და რუსეთმა ეს კომპონენტები თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ასაღორძინებლად, პროდუქციის საწარმოებლად გამოიყენოს. ბუნებრივია, ამ არაადეკვატურობას ლოგიკური შედეგი ექნება, რომელსაც ისევ აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები იწვნევენ.
- მაინც როდის და რა შემთხვევაში გამოფხიზლდება დასავლეთი, სად გადის ნატოს წითელი ხაზები?
- წითელი ხაზები უკვე გადალახულია და ახლა ვუყურებთ იმ პროცესს, როდის დაარტყამს რუსეთი ნატოს და ევროპას. რადგანაც დროის ფანჯარა რუსეთს მაინცდამაინც დიდი არა აქვს, რუსული ეკონომიკა უკან მიდის, სადღაც მომავალი წლის მაის-ივნისია (თუ 2026-ის ზამთარი არა) ის ბოლო დედლაინი, როცა რუსეთს შეუძლია ომი დაიწყოს. პუტინი ხვდება, რაც მეტი დრო გადის, ევროპას დრო ეძლევა აზრზე მოვიდეს, რაც მას ხელს არ აძლევს.