"დაღლილმა" "ნოვოროსიისკმა", რომელიც შავ ზღვაში არ შემოუშვეს, ლა-მანშთან ამოყვინთა - რატომ დასცინის ნატო პუტინის წყალქვეშა ნავს
მეორე დღეა, ევროპული მასმედია ირონიულ ტონებში აშუქებს რუსული წყალქვეშა ნავის „ნოვოროსიისკის“ ცურვას საფრანგეთის სანაპიროსთან ნეიტრალურ წყლებში...
წყალქვეშა ნავი სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ წყალქვეშ შეუმჩნევლად გადაადგილდეს, მაგრამ როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კუთვნილმა წყალქვეშა ნავმა „ნოვოროსიისკმა“ ლა-მანშის სრუტეში ამოყვინთა, ამას არ შეეძლო არ მიექცია როგორც საფრანგეთისა და ბრიტანეთის,ისე მთლიანად ნატოს ადმირალების, ასევე ჟურნალისტების დიდი ყურადღება.
ევროპულ მასმედიაში, სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით აცხადებენ,რომ რუსულ „ნოვოროსიისკს“ თითქოს სერიოზული ტექნიკური პრობლემები შეექმნა(დიზელის საწვავი ერთ-ერთ ტრიუმში დაიღვარა) და მისი ეკიპაჟი იძულებული გახდა წყალქვეშა ნავი სასწრაფოდ ამოეყვანა წყლის ზემოთ.
ამის საპირისპიროს ამტკიცებენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლობაში-საერთაშორისო საზღვაო წესების მიხედვით ლა-მანშის სრუტე წყალქვეშა ნავმა მშვიდობიან პერიოდში წყალზედა მდგომარეობაში უნდა გადალახოს და ამიტომაც ამოყვინთა „ნოვოროსიისკმაო“, მაგრამ იმას აღარ აკონკრეტებენ, თუ რატომ მიჰყვება უკან ფარვატერში „ნოვოროსიისკს“ ასევე რუსული დამხმარე გემი...
მაგრამ, მთავარი კითხვა სულ სხვაა - რა უნდა ატლანტის ოკეანეში იმ რუსულ წყალქვეშა ნავს, რომლის ბაზირების ადგილი შავი ზღვის ფლოტია, ხოლო რუსი ადმირალები ამტკიცებენ, რომ „ნოვოროსიისკი“ საბრძოლო ამოცანის შესრულების შემდეგ ახდენს გადასვლას ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთ ზღვაში, იქ გეგმიური სარემონტო სამუშაობის ჩასატარებლად?
განა უფრო ლოგიკური არ იქნებოდა, რომ რუსული „ნოვოროსიისკი“ ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში დაბრუნებული, მიწერის პორტში - ანექსირებული ყირიმის სევასტოპოლში?
საქმეც ის არის, რომ რუსული წყალქვეშა ნავი შავ ზღვაში უბრალოდ...არ შემოუშვეს!
დავიწყოთ თავიდან:
რუსეთის შავი ზღვის ფლოტი წყალქვეშა ნავების მხრივ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა 2000-ანი წლების დასაწყისში და მის შეიარაღებაში ერთადერთი დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი „ალროსა“ რჩებოდა, რომელიც დროდადრო მწყობრიდან გამოდიოდა.
2010 წელს დაიწყო 06363 პროექტის ექვსი დიზელ-ელექტრიკული წყალქვეშა ნავის მშენებლობა, რომელთა შორის პირველი სწორედ „ნოვოროსიისკი“ გახლდათ, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა შეიარაღებაში 2014 წელს მიიღო.
იმ პერიოდისთვის 78 მ სიგრძისა და 3 100 ტ წყალწყვის( წყალქვეშა მდგომარეობაში) „ნოვოროსიისკი“ სერიოზულ ძალას წარმოადგენდა, რადგან ექვსი სატორპედო აპარატიდან ტორპედოების გარდა, „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების (ამერიკული „ტომაჰავკების“ რუსული პასუხი) გაშვებაც შეეძლო, რაც ამ პროექტის წყალქვეშა ნავებმა არაერთხელ განახორციელეს და ახლაც აგრძელებენ უკრაინული ქალაქების მიმართულებით...
მაგრამ, ისე მოხდა, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის მომენტისთვის „ნოვოროსიისკი“ ხმელთაშუა ზღვაში იმყოფებოდა და სირიის ტარტუსის პორტში ბაზირებდა.
1936 წლის მონტროს საზღვაო კონვენციის თანახმად, იმის გამო, რომ შავი ზღვის აკავატორიაში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, თურქეთმა ჩაკეტა დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები და აკრძალა შავ ზღვაში სამხედრო დანიშნულების როგორც წყალზედა, ისე წყალქვეშა ხომალდების შემოსვლა, რის გამოც რუსულ „ნოვოროსიისკს“ ჩაეკეტა გზა სევასტოპოლში დასაბრუნებლად...
ასევე დაგაინტერესებთ: აშშ-ის პრეზიდენტი "გაბღენძილი" დადის - "ღაზის ტრიუმფის" შემდეგ ტრამპი პუტინზე ზეწოლას გაზრდის, უკრაინაში ომის შესაჩერებლად..
ტრამპის "მათრახი" პუტინისთვის - მიიღებს თუ არა ზელენსკი "ტომაჰავკებს", რისიც რუსებს ძალიან ეშინიათ?!
ზელენსკის "სიურპრიზი" პუტინს - უკრაინა რუსეთს დიდ დივერსიულ ომს უცხადებს?!
სანამ „ნოვოროსიისკი“ ხმელთაშუა ზღვის სიღრმეში დაცურავდა და ზვერავდა ნატოს ხომალდებს, მისნაირ წყალქვეშა ნავს „როსტოვ-ნა-დონუ“-ს უკრაინელებმა ფრთოსანი რაკეტებით ორჯერ დასცხეს, ჯერ 2023 წლის 13 სექტემბერს სევასტოპოლის საზღვაო ქარხნის მშრალ დოკში (როდესაც სერიოზულად დააზიანეს), ხოლო მეორედ, 2024 წლის 2 აგვისტოს კი სევასტოპოლის სამხედრო ბაზის ნავმისადგომთან ჩაძირეს...
„ნოვოროსიისკი“ კი გადაურჩა უკრაინულ რაკეტებს, მაგრამ სირიაში ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, უნავსაყუდელოდ დარჩა, რადგან სირიის ახალმა ხელმძღვანელობამ რუს სამხედრო მეზღვაურებს ტარტუსის პორტის დატოვება მოსთხოვა...
ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთ ზღვის რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზისკენ მცურავი „ნოვოროსიისკი“ კი შუა გზაზე სავარაუდოდ გაფუჭდა, ნატოს წევრი ქვეყნების სანაპიროსთან, ნეიტრალურ წყლებში ამოყვინთა და შესაბამისად დასავლეთის მასმედიის დასაცინი გახდა...
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ნატო რუსულ სამხედრო ხომალდებს დასცინის - პირველი ამ ათიოდე წლის წინ მოხდა, როდესაც ჩრდილოეთ ზღვიდან ხმელთაშუა ზღვისკენ, სირიისკენ მცურავი ერთადერთი რუსული ავიამზიდი „ადმირალი კუზნეცოვი“(ყოფილი „თბილისი“) ისე „აბოლდა“ ლა-მანშის სრუტეში, რომ კვამლი ლა-მანშის საფრანგეთისა და ბრიტანეთის სანაპიროებიდანაც კი მოჩანდა - ეს ხანძარი არ იყო,უბრალოდ უხარისხო მაზუთს წვავდა „ადმირალ კუზნეცოვის“ ძრავები...
მაგრამ, მიუხედავად ირონიისა, რუსული 06363 პროექტის დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავები და მათ შორის „ნოვოროსიისკიც“ რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ ნატოსთვის, რადგან მათ ბირთვულქობინიან ფრთოსანი „კალიბრების“ გაშვება შეუძლიათ წყალქვეშა მდგომარეობიდან და ამ რაკეტებით ევროპის ნებისმიერი ქვეყნის დედაქალაქამდე მიღწევაც...