აგენტ-პროვოკატორები, საკრალური თარიღები ქართულ პოლიტიკაში და ისტორიის გაკვეთილები - როგორ ხდება პარტიებში ჯაშუშების შეგზავნა - კვირის პალიტრა

აგენტ-პროვოკატორები, საკრალური თარიღები ქართულ პოლიტიკაში და ისტორიის გაკვეთილები - როგორ ხდება პარტიებში ჯაშუშების შეგზავნა

ყველა ადამიანს აქვს საკრალური თარიღები, როგორც მიჯნა/ზღვარი, რომელიც რუტინულ დღეთა დინებას კარდინალურად ცვლის. ეს დღე ახალი ათვლის წერტილი ხდება, რადგანაც მის შემდეგ მოვლენები სულ სხვაგვარად ვითარდება. საკრალური თარიღები ქვეყნებსაც აქვთ, განსაკუთრებით - ჩვენსავით მუდმივად აფორიაქებულ და არასტაბილურ ქვეყნებს. საქართველოსთვის ესაა: „9 აპრილი“; „26 მაისი“; „2 სექტემბერი“ (1991 წლის 2 სექტემბრის მრავალმხრივი პროვოკაცია „კინოს სახლთან“, რასაც ჯერ პოლიტიკური დაპირისპირება, ხოლო იმავე წლის 22 დეკემბერს ძმათამკვლელი ომი მოჰყვა), „8 აგვისტო“, „2007 წლის 7 ნოემბერი“; „2009 წლის 5 მაისი" („მუხროვანის ამბოხი“); „2011 წლის 26 მაისი“; „2019 წლის 20 ივნისი" („გავრილოვის ღამე“)“; „2024 წლის 16 ივლისი“; „2024 წლის 26 ოქტომბერი“.

ბუნებრივია, ეს ჩამონათვალი არასრულია: დიდი და მცირე გავლენა/მნიშვნელობის საკრალურ თარიღებს რა დალევს თუნდაც საქართველოს უახლეს ისტორიაში! რა თქმა უნდა, ზემოთ აღნიშნულ და კიდევ მრავალ თარიღს, რომელიც კონკრეტულ მოვლენებს უკავშირდება, არაერთგვაროვანი გავლენა ჰქონდა ქვეყნის მომავალზე. ისტორია თავად ანიჭებს „საკრალურობის ხარისხს“ და „საეტაპო მნიშვნელობას“ კონკრეტულ მოვლენა-თარიღს. ხშირად „შარშანდელი თოვლივით“ დავიწყებას მისცემია თავდაპირველად „განსაკუთრებულად" აღქმულ/მიჩნეული პოლიტიკური მოვლენა, ზოგჯერ კი -საპირისპირო შედეგიც დამდგარა.

სულ ახლახან მორიგი განსაკუთრებული თარიღი შეემატა ჩვენი ქვეყნის მძიმე და ბობოქარ აწმყოს: „ 4 ოქტომბერი“. 2025 წლის 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები, განსაკუთრებით კი - მისი წინმსწრები ღია და ფარული დინებები (სანდო ინფორმაციის ნაკლებობის პირობებში) ჯერ კიდევ სათანადოდ არაა შესწავლილ/გაანალიზებული, რაც მოსალოდნელი შედეგების პროგნოზსაც ართულებს. ერთი რამ, რაც შეიძლება დანამდვილებით ითქვას: „4-მა ოქტომბერმა“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოლიტიკა დილეტანტებისა და „მიამიტი პოლიტიკოსების“ საქმე არაა, ასევე, ისიც კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ სპეცსამსახურების მეთოდები ისეთივე ძველია, როგორც ჩვენი სამყარო. ვინ მოთვლის რამდენჯერ გაბმულან „მიამიტი პოლიტიკოსები“ სპეცსამსახურების მიერ მომართულ „ხაფანგში“: ასე იყო, ასე არის და მერწმუნეთ - კვლავ ამგვარად იქნება!

ამ „ხაფანგს“ ძალზე საინტერესო „კონსტრუქცია“ აქვს: მის შექმნაში სხვადასხვა დანაყოფის („ოტო“, გარეთვალთვალის და სხვ.) მრავალი ოპერატიული თანამშრომელი და აგენტი მონაწილეობს, თუმცა განსაკუთრებული ფუნქცია აგენტ-პროვოკატორს აკისრია, რომელსაც აგენტურულ აპარატში გამორჩეული ადგილი უკავია. აგენტი-პროვოკატორი არის ​​სპეცსამსახურის აგენტი, რომელიც ამ სამსახურების სახელით აქეზებსა და წარმართავს ოპერატიული დაინტერესების ობიექტებს ისეთი ქმედებებისკენ, რომლებიც მიზნად ისახავს მათ დასუსტებას, კომპრომეტირებას ან/და დაპატიმრებას. პოლიტიკურ პარტიებში „ჩანერგილი“ აგენტი-პროვოკატორი მოქმედებს სპეცსამსახურში დაწერილი სცენარის მიხედვით. მას უქმნიან შესაბამის პირობებს, რათა მაქსიმალურად ბუნებრივად „შეერწყას“ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას და დაუახლოვდეს მის ლიდერებს. საინტერესოა ისიც, რომ ხშირად ყველაზე რადიკალური მოთხოვნა-მოწოდებებითა და პოლიტიკური აქტიურობით სწორედ აგენტი-პროვოკატორები გამოირჩევიან. მრავალი ოპერატიული უნარ-ჩვევებიდან აგენტ-პროვოკატორს გარდასახვისა და მანიპულირების ნიჭი აუცილებლად უნდა გააჩნდეს. „მტრის ზურგში“ მოქმედი აგენტი-პროვოკატორები მართლაც რომ „ბეწვის ხიდზე“ დადიან, ამიტომაც მათი კარიერა (ხშირად სიცოცხლეც) საკმაოდ ხანმოკლეა, რაშიც ქვემოთ დარწმუნდებით.

საინფორმაციო საშუალებებით თუ პირად საუბრებში ხშირად გაიგონებთ: ეს და ეს ამა და ამ პოლიტიკურ პარტიაში შეგზავნილია და კონკურენტი პარტიის (ან ხელისუფლების) სასარგებლოდ ჯაშუშობსო. საინტერესოა, აქვს თუ არა საფუძველი ამგვარ მოსაზრებას და, ზოგადად, რამდენად ხშირია აგენტურის „ჩანერგვა“ პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში? მკითხველისთვის ასევე საინტერესო უნდა იყოს სპეცსამსახურების აგენტურის პოლიტიკურ პარტიებში შეგზავნის ისტორიული პარალელები.

რუსეთის იმპერიის პოლიტიკური პოლიცია, რომლის სრული დასახელება (“საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის განყოფილება” - охранка - „ოხრანკა“) მხოლოდ საზოგადოებისათვის კეთილშობილური მიზნების განხორციელების შთაბეჭდილებას ტოვებდა, ძალზე აქტიურ ოპერატიულ-აგენტურულ მუშაობას ეწეოდა რუსეთის ლეგალურ თუ არალეგალურ პოლიტიკურ პარტიებში. განსაკუთრებით საინტერესოა ორი აგენტი-პროვოკატორის ისტორია.

ევნო აზეფი (1869-1918 წწ.) რუსეთის სოციალისტურ-რევოლუციური პარტიის (“ესერების”) ერთ-ერთი ლიდერი და იმავდროულად - “ოხრანკის” აგენტი-პროვოკატორი (ოპერატიული ფსევდონიმი “რასკინი”) იყო. “ესერები” ცნობილნი იყვნენ რუსეთის იმპერატორის მოხელეებზე ტერაქტების მოწყობით. აზეფს იმდენად ეშინოდა გაშიფრვის, რომ რამდენიმე ტერაქტი “ოხრანკის” მალულად მოაწყო, რითაც თანაპარტიელების სრული ნდობა მოიპოვა. იმავდროულად კი ის “ოხრანკას” გადასცემდა ინფორმაციას “ესერების” მთავარი “ბოევიკებისა” და დაგეგმილი ტერაქტების შესახებ. ამის შედეგად თავიდან იქნა აცილებული თავდასხმა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-სა და რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ დურნოვზე. 1908 წელს აზეფის დაჟინებული მოთხოვნით “ესერებმა” დაიწყეს ფულის შეგროვება იმპერატორზე ვითომდა თავდასხმის მოსაწყობად, საჭირო თვითმფრინავისა და წყალქვეშა ნავის შესაძენად. აზეფს ძალზე აფასებდნენ “ოხრანკაში”, სადაც მისი ყოველთვიური ანაზღაურება იმ დროისათვის კოლოსალურ თანხას - 1000 მანეთს შეადგენდა.

evno-azepi-1760684146.jpg

ევნო აზეფი

თუმცა მუდმივი არაფერია და 1908 წლის თებერვალში „ესერებმა“ შეიტყვეს, რომ მათი ყველაზე რადიკალური და „სისხლისმსმელი“ ლიდერი, რომელსაც რუსეთის იმპერიის „დაუძინებელ მტრად“ მოჰქონდა თავი, სინამდვილეში „ოხრანკის“ აგენტი იყო. პარტიის საიდუმლო სხდომაზე აზეფის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. თუმცა „ოხრანკამ“ მოასწრო თავისი აგენტის გაფრთხილება და ევნო აზეფმა რუსეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ყალბი პასპორტით გერმანიას შეაფარა თავი, სადაც ალექსანდრე ნოიმარის გვარით ცხოვრობდა. 1915 წლის ივნისში გერმანიის პოლიციამ აზეფი, როგორც ყოფილი რუსი საიდუმლო აგენტი, დააპატიმრა და მხოლოდ 1917 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს. ციხეში დაავადებული ევნო აზეფი 1918 წლის 24 აპრილს გარდაიცვალა.

სანამ სპეცსამსახურების ისტორიაში კარგად ცნობილი “ოხრანკის” მეორე აგენტის შესახებ ვისაუბრებთ, აუცილებლად მიმაჩნია რუსეთის იმპერიის პოლიტიკური პოლიციის მუშაობის სპეციფიკურ დეტალებზე მოვუთხრო მკითხველს.

ასევე დაგაინტერესებთ: "მაქსიმ გორკის გარდაცვალებისა და მისი არქივის ყველაზე საიდუმლო ნაწილის ხელში ჩაგდების შემდეგ, იოსებ სტალინს ხელ-ფეხი გაეხსნა: მას უკვე ჰქონდა საკმაო კომპრომატი პოლიტიკურ ოპონენტებზე და გორკიც აღარ იყო ცოცხალი, მისთვის, რომ "კოჭი ეგორებინა"

"კონტრაქტი ეშმაკთან": როგორ "მოათვინიერა" სტალინმა ინტელიგენცია - ლამაზი ქალი, როგორც სპეცსამსახურების მძლავრი იარაღი

"რკინის ქალი": ავანტიურისტი მურა, რომელიც სამი ქვეყნის აგენტი იყო - როგორ აქცია საქართველომ მაქსიმ გორკი მაწანწალიდან ლიტერატორამდე

"ყურადღება! გიწვევთ სამუშაოდ დაზვერვაში!" - რა უნდა ისწავლონ ქართულმა სპეცსამსახურებმა უცხოელი კოლეგებისგან

XX საუკუნის დასაწყისში „ოხრანკის“ ყველაზე შედეგიანი ტაქტიკა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაში აგენტების შეგზავნა იყო. მას ყველა პოლიტიკურ პარტიაში ჰქონდა აგენტურული ქსელი. ამ დროს რისკი დიდი იყო: საიდუმლო პოლიციის ინფორმატორი და აგენტი-პროვოკატორი მეორე მხარისთვის მოღალატეებს წარმოადგენდნენ და გამოაშკარავების შემთხვევაში, სიკვდილი ემუქრებოდათ. მიუხედავად ამისა, ფულის და შანტაჟის წყალობით, აგენტურა ეფექტიანად მუშაობდა. „ოხრანკის“ ხელშეწყობით, აგენტები არა მარტო აქტიურად მონაწილეობდნენ რევოლუციური ორგანიზაციების მუშაობაში, არამედ - ხშირად პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც კი ხდებოდნენ. ამას ადასტურებს თუნდაც რომან მალინოვსკის თავბრუდამხვევი კარიერა „ბოლშევიკების“ პარტიასა და რუსეთის IV სათათბიროში. რომან მალინოვსკი (1876-1918 წწ.), რომელიც “ბოლშევიკების” ერთ-ერთი რიგითი წევრი გახლდათ, 1910 წელს გადაიბირა “ოხრანკამ” და მაქსიმალურად შეუწყო ხელი მის კარიერულ წინსვლას ამ პარტიაში. მისი ოპერატიული მეტსახელი “მკერავი” იყო. სულ მალე მალინოვსკი ვლადიმერ

malinovski-1760684166.jpg

რ. მალინოვსკი (ცენტრში) მე-4 სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრებთან ერთად

ლენინს ისე დაუახლოვდა, რომ “ბოლშევიკების” ყველა საიდუმლოზე მიუწვდებოდა ხელი. ამ აგენტ-პროვოკატორს ძალზე აფასებდნენ და მისი ხელფასი წელიწადში 6000-8400 რუბლს შეადგენდა, მაშინ როცა თავად პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ხელფასი 7000 რუბლი იყო. ლენინის თანამოაზრეები მალინოვსკიზე ეჭვობდნენ, თუმცა ლენინი მუდმივად იცავდა მას. მალინოვსკი პოლიციას ეხმარებოდა ფარულად მოქმედი “ბოლშევიკების” სტამბების ადგილმდებარეობის დადგენაში, აწვდიდა ინფორმაციას საიდუმლო შეხვედრებისა და თავდასხმების მომზადების შესახებ და ა.შ. არსებული ინფორმაციით, რომან მალინოვსკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, „ოხრანკამ“ დააპატიმრა ნიკოლაი ბუხარინი (1910 წელს), სერგო ორჯონიკიძე (1912 წელს), იაკოვ სვერდლოვი (1913 წელს ), იოსებ სტალინი (1913 წელს) და სხვ. თავად მალინოვსკის პოლიტიკური კარიერა კი სულ „მაღლა და მაღლა“ მიდიოდა: 1912 წელს ის რუსეთის IV სახელმწიფო სათათბიროს წევრი გახდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ - უკვე „ბოლშევიკების“ ფრაქციის ხელმძღვანელი იყო. 1914 წლის დასაწყისში მალინოვსკის პროვოკატორობაში პირველად მიიტანეს ეჭვი, თუმცა ლენინმა თანაპარტიელი დაიცვა. 1914 წლის 1 ნოემბერს გაზეთ „სოციალ-დემოკრატში“ გამოქვეყნდა ვლ. ლენინისა და გ. ზინოვიევის წერილი მალინოვსკის შესახებ, სადაც ავტორები აღნიშნავდნენ: „რსდმპ ცენტრალური კომიტეტის მიერ დანიშნული კომისია, საფუძვლიანი გამოძიებისა და არა ერთი მოწმის დაკითხვის შემდეგ, ერთხმად მივიდა აბსოლუტურ და ურყევ დასკვნამდე, რომ რომან მალინოვსკი პოლიტიკურად პატიოსანი ადამიანი იყო და პროვოკაციის ლეგენდა ცილისმწამებლების მიერაა შექმნილი“.

roman-malinovski-1760684180.jpg

რომან მალინოვსკი

პარტიულმა სასამართლომ მალინოვსკი „პროვოკატორობის საქმეში“ კი გაამართლა, თუმცა პარტიული დისციპლინის დარღვევის გამო, „ბოლშევიკების“ პარტიიდან გარიცხა. 1917 წელს რუსეთის დროებითი მთავრობის განსაკუთრებულმა საგამოძიებო კომისიამ მალინოვსკი გამოააშკარავა, როგორც „ოხრანკის“ აგენტი. 1918 წლის 20 ოქტომბერს აგენტი-პროვოკატორი რომან მალინოვსკი პეტროგრადში „ბოლშევიკების“ პარტიულ სასამართლოზე წარდგა, რის შემდეგაც დააპატიმრეს და მოსკოვში გადაიყვანეს. ის საჩქაროდ გაასამართლეს და რსფსრ ცაკ-თან არსებული უზენაესი ტრიბუნალის განაჩენით, 6 ნოემბერს, გამთენიისას, კრემლის მიმდებარე ტერიტორიაზე დახვრიტეს. ცხადი იყო, რომ „ოხრანკაში“ მუშაობის წლებში მალინოვსკის საქმიანობის გამოძიება „ბოლშევიკების“ ინტერესებში არ შედიოდა და მათ თავიდან აიცილეს თავის რიგებში “ოხრანკის” სხვა აგენტების გამჟღავნება.

(პირველი ნაწილის დასასრული)