უყვიროდნენ თუ არა ერთმანეთს ტრამპი და ზელენსკი: რა ხდებოდა პრეზიდენტების დახურულ შეხვედრაზე - "ბუდაპეშტის სამიტი, სავარაუდოდ, ევროკავშირისთვის კოშმარად გადაიქცევა"
„გასულ პარასკევს თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრამ დასავლურ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ფართო რეზონანსი გამოიწვია“, - ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - „ბიბისის” (BBC) მიერ მომზადებულ პრესის მიმოხილვაში, სათაურით: „რას წერს დასავლეთის მასმედია დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის მოლაპარაკების შესახებ“. „ექსპერტები და დამკვირვებლები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები გაოცებულნი არიან იმით, თუ როგორ შეძლო ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ დონალდ ტრამპის დარწმუნება, გადაწყვეტილების შეცვლაში“, - ნათქვამია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ამერიკული გამოცემის „აქსიოსის“ (Axios) წყაროების თანახმად, ორი პრეზიდენტის შეხვედრა თეთრ სახლში ძალიან მძიმედ წარიმართა. მართალია, ისინი ერთმანეთს ყვირილით არ ელაპარაკებოდნენ, მაგრამ დონალდ ტრამპის ტონი „მკაცრი“ იყო, დრო და დრო კი მისი საუბარი „ემოციურ ხასიათს“ იძენდა. ამერიკის ლიდერმა თავის უკრაინელ კოლეგას უთხრა, რომ „ტომაჰავკის“ რაკეტებს არ მისცემს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც, თუმცა იგი გასული კვირის დასაწყისში, თითქოსდა, მზად იყო მსგავსი შესაძლებლობის განსახილველად.
გერმანული ჟურნალის - „შპიგელის“ (Der Spiegel) შეფასებით, პრეზიდენტების შეხვედრის დროს ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობდა, რომ დონალდ ტრამპის ყურადღება მიეპყრო და მისი კეთილგანწყობა დაემსახურებინა: „თავდაპირველად უკრაინელი ლიდერი ხშირად ამბობდა მადლობას, თუმცა მისი მადლობები ისეთი დონის არ იყო, როგორსაც დონალდ ტრამპია მიჩვეული.
შესაძლოა, ინგლისურ ენაზე ზელენსკი მადლიერებას კარგად ვერ გამოხატავდა ან, უბრალოდ, მას მოკრძალების გამოსავლენად ტალანტი არ ჰყოფნის. იმ დროს, როცა მსოფლიო ლიდერები აშშ-ის ლიდერის მიმართ მაამებლობის გამოხატვის ოსტატები არიან, უკრაინელ პრეზიდენტს ქება-დიდების გამოთქმა უჭირს“, - ნათქვამია სტატიაში.
დონალდ ტრამპის წინადადებამ, „რუსეთს და უკრაინას - ორივეს შეუძლია თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს“ და „გაჩერდეს იქ, სადაც ამჟამად არისო“, „შპიგელის“ სტატიის ავტორის აზრით, მიამიტურად და უპერსპექტივოდ გაიჟღერა: „თითქოსდა, საკითხი მეზობლების უაზრო დავას ეხება, რომლის მოგვარება შუამავალს სულ უფრო ნაკლებად ადარდებს“.
ამერიკული გაზეთის - „ნიუ-იორკ ტაიმსის“ (The New York Times) თანახმად, ის საკვანძო მოვლენა, რომელმაც პარასკევის შეხვედრის მსვლელობა შეცვალა, ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის ფაქტი იყო, რომლის დროსაც პუტინმა ტრამპს უკრაინისათვის „ტომაჰავკების“ მიწოდება გადაათქმევინა. გაზეთის აზრით, ეს იყო იმის ნათელი დადასტურება, თუ როგორ იცვლის დონალდ ტრამპი თავის პოზიციას ვლადიმერ პუტინთან პირადი საუბრის შემდეგ.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლია თუ არა ვლადიმერ პუტინს თავისი მიზნების მისაღწევად დონალდ ტრამპის გამოყენება, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია: „მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ მოვტყუვებივარ, ბევრჯერ ცდილობდნენ ჩემს გამოყენებას, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებული მაინც მე გამოვდიოდი... ასე რომ, შესაძლებელია, კრემლიც ცდილობს, ჩემით ისარგებლოს, თუმცა ვთვლი, რომ ასეთ საკითხებში კარგად ვერკვევი. ვფიქრობ, რომ მას გარიგების დადება სურს“.
კიდევ ერთი ამერიკული გაზეთი - „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) კონსტატირებს, რომ დღემდე რუსეთი წარმატებით აკავებს დონალდ ტრამპს, რათა მან დამატებითი ანტირუსული სანქციები არ მიიღოს ან უკრაინას უფრო ძლიერი იარაღი არ გაუგზავნოს. კრემლი ისეთნაირად მოქმედებს, რომ, ერთი მხრივ, ტრამპს სამშვიდობო იმედებს უღვიძებს, მეორე მხრივ კი -შეტევებს აფართოებს. „გასულ კვირაში, ზელენსკისთან შეხვედრის წინ, ტრამპსა და პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი იმის მორიგი მაგალითია, თუ როგორ ცდილობს რუსი ლიდერი, გადაავადოს ან შეარბილოს თავისი ამერიკელი კოლეგისაგან მოსალოდნელი მკაცრი ზომები და ამ მიზნით სხვადასხვა მოგებიან სავაჭრო გარიგებებს სთავაზობს“, - ნათქვამია სტატიაში.
„ის, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ბუდაპეშტში ახალი სამიტის გამართვაში დაეთანხმა, რუსეთის ლიდერისათვის ერთგვარ ბონუსს წარმოადგენს. ტრამპს ისევ გაუჩნდა იმედი, რომ იქნებ ომი შეწყდეს. სამწუხაროდ, პრეზიდენტების საუბარში ლაპარაკი არ ყოფილა უკრაინის ენერგოობიექტების დაბომბვის შეჩერებაზე, რაც ზამთრის მოახლოების დროს უკრაინისთვის მძიმე საკითხი ხდება“, - აღნიშნავს გაზეთი და იქვე შედარებას აკეთებს: „ანალოგიური მომენტი იყო ალასკის სამიტის დროს: ტრამპმა უარი თქვა კრემლისადმი ზეწოლაზე, პუტინმა კი შეტევები გააქტიურა“.
ასევე დაგაინტერესებთ: "ვიქტორ ორბანი საოცარი კაცია" ანუ ტრამპი და პუტინი ბუდაპეშტში ევროკავშირს დაამცირებენ?! - The Daily Telegraph
"პუტინი აქ არ დამანახოთ!.." - რატომ "მოტეხეს" რუსეთის პრეზიდენტი ეგვიპტის ისტორიული სამიტიდან?!
გაიყინება თუ არა უკრაინა ზამთარში?! - ექსპერტის საგანგაშო პროგნოზი
კრემლის ფორმულირებები ისეთია, რომ რუსეთი თავის საკვანძო მოთხოვნებზე უარს არ ამბობს და მათ მხოლოდ „ალამაზებს“, ცდილობს თავის გამართლებას, რომ სიტუაცია რთულია და მისი სწრაფი გადაწყვეტა ვერ მოხერხდება. კრემლი დროს აჭიანურებს და სიტუაციით სარგებლობს. დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ ვლადიმერ პუტინი ტაქტიკური სვლების მთელ არსენალს იყენებს, რომ ამერიკელი ლიდერი თავის მხარეს გადახაროს, დრამატული მომენტების ჩათვლით - გადაწყვეტილების გაჭიანურებით, ყოყოჩობით, ყალბი ნარატივებით, რუსეთის გამარჯვების რწმენით, კომპლიმენტებით ტრამპის ცოლის - მელანიის მიმართ“, - აღნიშნავს გაზეთი.
ესპანური გაზეთი „ელ პაისი“ (El Pais) აქცენტს აკეთებს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე ბუდაპეშტში და აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით: „უკრაინა იარაღის გარეშე დარჩა“. მასში ნათქვამია, რომ ბუდაპეშტის არჩევა სამიტის ადგილად „ევროპისადმი გაწნულ სილას“ ნიშნავს. „ევროკავშირის ლიდერები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას, მაგიდასთან ადგილი ამჯერადაც ვერ მიიღეს. ისინი სამიტის შემდეგ მხოლოდ მაგიდას ასუფთავებენ და ანგარიშს იხდიან. მართალია, ბრიუსელი აცხადებს, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა შეიძლება სასარგებლო იყოს ომის შესაწყვეტადო, არაოფიციალურად ბუდაპეშტის სამიტი, სავარაუდოდ, ევროკავშირისათვის პოლიტიკურ კოშმარად გადაიქცევა. ყოველ შემთხვევაში, ასე თვლიან გაზეთის ანონიმი წყაროები.
„ბუდაპეშტი სამიტის ადგილად წინასწარგანზრახულად არის შერჩეული: ის მოგებიანია რუსეთისათვის. ვიქტორ ორბანი, რუსეთის მომხრე უნგრელი პრემიერ-მინისტრი, ევროკავშირში არსებულ ბზარებს გააფართოვებს“, - განუცხადა გაზეთს ერთ-ერთმა ცნობილმა ევროპელმა დიპლომატმა.
„პუტინისა და ტრამპის შეხვედრა ბუდაპეშტში ნიშნავს უნგრეთის, როგორც ევროკავშირის ყველაზე სუსტი რგოლის, სტრატეგიულ გამოყენებას გეოპოლიტიკურ არენაზე. სამიტი ასევე დემონსტრირებს ვიქტორ ორბანის „დაუზარებლობას“ - მოგებიანად ისარგებლოს აშშ-ისა და რუსეთის კეთილგანწყობით. იგი მოსკოვისაგან და ვაშინგტონისაგან ერთგვარ საჩუქარს იღებს საკუთარი პოლიტიკური მომავლის გადასარჩენად“, - ამბობს „ელ პაისთან“ საუბარში ალბერტო ალემანო, მკვლევარი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან.
მოამზადა სიმონ კილაძემ