სტალინის საიდუმლო ცხოვრება: დიდი ბელადის აკრძალული წერილები - იყო თუ არა იოსებ ჯუღაშვილი საიდუმლო პოლიციის აგენტი?!
მე-20 საუკუნის დასაწყისში იოსებ ჯუღაშვილის - „კობა“-„სტალინის“ ცხოვრება ძალიან გასაიდუმლოებული იყო. მისი მაშინდელი თანამებრძოლების თქმით, ის ისე კონსპირაციულად ცხოვრობდა და მოქმედებდა, რომ თვეების განმავლობაში არავინ იცოდა მისი ადგილსამყოფელი; არ ჰქონდა მუდმივი მისამართი, მხოლოდ მისი მეტსახელი - „კობა“ იყო ცნობილი. დანიშნულ შეხვედრაზე არასოდეს მიდიოდა დათქმულ დროს - ან ერთი დღით ადრე გამოჩნდებოდა, ეტლით მიდიოდა, ტანსაცმელს იცვლიდა და სწრაფად უჩინარდებოდა. ხშირად ინიღბებოდა, ამხანაგებს ტანსაცმელს უცვლიდა, მუდმივად ქუდით დადიოდა და ა.შ.
ერთი შეხედვით, რა ეჭვი უნდა არსებობდეს სტალინის მიერ მეფის რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ წარმოებულ ღია და ფარულ ბრძოლებში, თუმცა ვერც მომავალი „დიდი ბელადი“ გადაურჩა მეფის რუსეთის „ოხრანკის“ აგენტ-პროვოკატორად გადაბირება-მუშაობის ბრალდებას. ევროპა-ამერიკაში გაქცეული მისი მოწინააღმდეგენი (განსაკუთრებით - ლევ ტროცკი, ქართველი „მენშევიკები“ და საზღვარგარეთ გაქცეული ყოფილი „ჩეკისტი“ ალექსანდრე ორლოვი გამოირჩეოდნენ) ათწლეულების მანძილზე ავრცელებდნენ „ოხრანკის“ დოკუმენტებს იოსებ ჯუღაშვილის გადაბირებისა და 1902-1917 წლებში რუსეთის იმპერიის საიდუმლო პოლიტიკური პოლიციის სასარგებლოდ მუშაობის შესახებ. მათი მტკიცებით ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატი „კობა“ მეოცე საუკუნის დასაწყისში „ოხრანკამ“ გადაიბირა და შემდეგ „ბოლშევიკების“ პარტიაში შეგზავნა, რის შემდეგაც ყველა საიდუმლო ინფორმაცია „ოხრანკისთვის“ წინდაწინ ხდებოდა ცნობილიო. სტალინის ოპონენტები იმასაც ამტკიცებდნენ, რომ მისი ხშირი გაქცევები ციხიდან და გადასახლებებიდან სწორედ „ოხრანკის“ ორგანიზებული იყო, რათა ახალგაზრდა „კობას“ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში ავტორიტეტი გამყარებოდაო.
ქვემოთ მკითხველს გავაცნობ რუსეთის სახელმწიფო არქივსა და აშშ-ის იელის უნივერსიტეტში დაცულ სტალინის პოლიტიკური მოღვაწეობისა და პირადი ცხოვრების ამსახველ ორ დოკუმენტს, რომლებიც, ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს . ესაა სტალინის მიერ „ოხრანკის“ აგენტ რომან მალინოვსკისთვის გაგზავნილი ორი წერილი. 1912 წლის 26 დეკემბერს, მაშინ რუსეთის იმპერიაში შემავალი პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გაიხსნა „ბოლშევიკების“ პარტიის ე.წ. თებერვლის კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ: ლენინი, ზინოვიევი, კრუპსკაია, მალინოვსკი (შეგახსენებთ: „ოხრანკის“ აგენტი-პროვოკატორი), პეტროვსკი, ბადაევი, ლობოვა, მედვედევი, ტროიანოვსკი და „კობა“ (იოსებ ჯუღაშვილი). 1913 წლის იანვრის დასაწყისში ჯუღაშვილი ირჩევს ახალ პარტიულ ფსევდონიმს - „სტალინი“. იმავე წლის იანვრის მეორე ნახევარში იგი ჩადის ვენაში და ლენინის დავალებით წერს ნაშრომს „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი“.

იოსებ ჯუღაშვილი. 1902 წელი.
სწორედ ვენიდან მისწერა სტალინმა წერილი რ. მალინოვსკის სანქტ-პეტერბურგში, რომლის ქართულ თარგმანს ქვემოთ გთავაზობთ :
„მეგობარო, სალამი. მე ისევ ვენაში ვზივარ და... რაღაც სისულელეებს ვწერ. ჩვენ შევხვდებით. გთხოვ, მიპასუხე შემდეგ კითხვებზე: 1. რა ხდება „პრავდაში“; 2. როგორ არის შენი საქმეები ფრაქციაში; 3. როგორ არის ჯგუფი; 4. როგორ არიან ა.შ. და ბი...; 5. როგორ არის ალექსეი; ილიჩმა არაფერი იცის და ღელავს. თუ შენ დრო არ გაქვს, ბ.-მ მომწეროს დაუყოვნებლივ. უთხარი ვეტროვს, რომ „ეროვნ. საკითხი“ კი არ გამოაქვეყნოს, არამედ აქ გამოგზავნოს. მისამართი: ვენა, შენბრუნნერ შლოსსშტრასე, #30, ბ-ნ ტროიანოვსკის. თუ შესაძლებელია, გამოგზავნე სტატია დღესვე. ბ-სგან წერილი მიღებულია ვენაში. გალინა სალამს გიძღვნით ორივეს. გალინა ამბობს, რომ გადასცა ილიჩს წერილი, რომელიც შენ გადასაცემად დატოვე, მაგრამ ილიჩს, ალბათ, უკან დაბრუნება დაავიწყდა. მე მალე ვიქნები ილიჩთან და ვეცდები, გამოვართვა და გამოგიგზავნო. მოკითხვა სტეფანიას და ბავშვებს. შენი ვას...“.
წერილი დათარიღებულია 1913 წლის 20 იანვრით.
გაგზავნიდან მესამე დღეს სტალინის წერილი სანქტ-პეტერბურგის პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურმა განყოფილებამ ჩაიგდო ხელში. სტალინის ეს წერილი ბევრ კითხვას ბადებს, რომლებიც უკვე ას წელზე მეტია, პასუხგაუცემელია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს სტალინის ერთადერთი წერილია, რომელიც მან საზღვარგარეთიდან რუსეთში გაგზავნა.
სტალინი მალინოვსკის ფამილიარულად, შენობით მიმართავდა, როგორც კარგად ნაცნობებს ან მეგობრებს მიმართავენ. სტალინს აუცილებლად უნდა სცოდნოდა, რომ მის წერილს ადრესატთან მისვლამდე ჩაიგდებდნენ ხელში. მან დაწერა ის 1913 წლის 20 იანვარს, წერილი ხელში ჩაიგდეს და გახსნეს სამი დღის შემდეგ, 23 იანვარს და წაიკითხეს სანქტ-პეტერბურგის პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ განყოფილებაში. როდესაც სტალინი კითხულობს: „როგორ არიან ა., შ. და ბი....“, “ოხრანკამ“ იცოდა, რომ „ა“ - ანდრეის ანუ იაკობ სვერდლოვის პარტიული მეტსახელი, „შ“ - დუმის ბოლშევიკ დეპუტატ შაგოვის, ხოლო „ბი...“ - ვერა ლობოვას პარტიული მეტსახელები იყო. „სტეფანია და ბავშვები“, რომელთაც სტალინი მოკითხვას უთვლის, იყვნენ ქალბატონი მალინოვსკი და მისი ორი შვილი. „ოხრანკის“ განყოფილებამ იცოდა, რომ „გალინა“, რომელიც ვერა ლობოვას (ბ.-ს) და მალინოვსკის მოკითხვას უთვლიდა - ელენა როზმიროვიჩის, ტროანოვსკის მეუღლის პარტიული მეტსახელი გახლდათ. კარგადაა ცნობილი, რომ სტალინს კონსპირაციის გრძნობა უკიდურესად ჰქონდა გამძაფრებული და იცოდა, რომ საზღვარგარეთიდან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელისათვის გაგზავნილი წერილი „ოხრანკაში“ გაიხსნებოდა და ყურადღებითაც წაიკითხავდნენ. იმ პირების ვინაობის ინიციალებით ან გვარების პირველი და ბოლო ასოებით შეცვლა, ვისაც მოცემულ წერილში ახსენებს, მათ იდენტობას მიუთითებდა და „ოხრანკას“ ამით ვერ გააცურებდა. მაშინ რატომ გაგზავნა წერილი?
მინდა, მკითხველს სტალინის პოლიტიკური მოღვაწეობისა და პირადი ცხოვრების ამსახველი მეორე საარქივო დოკუმენტი და მისი ანალიზიც გავაცნო. ესაა ტურუხანსკში გადასახლებული „ვასილის“ (იმ დროისთვის სტალინის კარგად ცნობილი პარტიული მეტსახელი) წერილი ბოლშევიკ პეტროვსკისადმი სანქტ-პეტერბურგში, ვინმე „რომანისთვის“ გადასაცემად. ეს წერილიც „ოხრანკას“ ჩაუვარდა ხელში. ქართული თარგმანი ამგვარად იკითხება:
„აგენტურული გზებით მოპოვებული შეკვეთილი წერილის ასლი. მისამართი: სანქტ-პეტერბურგი, კირილოვსკაია 17, კვარტალი 17, გრიგორი ივანეს ძე პეტროვსკის, ტურუხანოკიდან, 28-III-14-დან, ხელმოწერით „ვასილი“.
„ამხანაგო პეტროვსკი, გთხოვთ გადასცეთ რომანს. თქვენ შეგაწუხეთ, რადგან რომანის მისამართი არ ვიცი. ვასილი“.

იოსებ ჯუღაშვილი („კობა“), 1910 წელი.
„ვასილისგან 20 მარტი, 1914 წელი, ენისეის გუბერნია.
ხუთიოდე თვის წინ პიტერიდან ერთი ამხანაგისგან მივიღე შეთავაზება, გადმოვსულიყავი პიტერში. ის ქართველია და შენ მას იცნობ. მწერდა, რომ შეთავაზება მისგან პირადად არ მოდიოდა და თანხმობის შემთხვევაში, მგზავრობის ფულიც იქნებოდა. მე მას პასუხი გავეცი ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ, მაგრამ მისგან პასუხი ჯერ კიდევ არ მიმიღია. არ შეგიძლია ორი სიტყვით ეს გაუგებრობა ამიხსნა? სამიოდე თვის წინ მე მივიღე ღია ბარათი კოსტიასგან, რომელშიც ის მწერდა: „ძმაო, სანამ ცხენს გავყიდი, ასი რუბლი ვისესხე“. ამ ღია ბარათიდან ვერაფერი გავიგე და არანაირი ასი რუბლი არ მინახავს, სხვა მისამართზე კი ამხანაგმა ანდრ.-მა ისინი მიიღო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის ეკუთვნის მას და მხოლოდ მას. მას შემდეგ მე კოსტიასგან არც ერთი წერილი არ მიმიღია. აგრეთვე უკვე ოთხი თვეა არაფერი მიმიღია დაიკო ნადიასგან.
მოკლედ, გაუგებრობების მთელი გროვა. მე ამას შემდეგნაირად ვხსნი: ეტყობა, ხმები დადიოდა პიტერში ჩემი გადმოსვლის თაობაზე, მაგრამ ეს ხმები ხმებადვე დარჩა და კოსტიას არჩევანი სხვაზე შეჩერდა, ანდ.-ზე, რომელსაც გაეგზავნა კიდეც ასი... სიმართლეს არ ვამბობ, ძმაო? მე გთხოვ, მეგობარო, პირდაპირი და ზუსტი პასუხი გამცე. ძალიან გთხოვ დუმილით არ მიპასუხო, როგორც ამას აქამდე აკეთებდი. შენ იცი ჩემი მისამართი“.
ასევე დაგაინტერესებთ: აგენტ-პროვოკატორები, საკრალური თარიღები ქართულ პოლიტიკაში და ისტორიის გაკვეთილები - როგორ ხდება პარტიებში ჯაშუშების შეგზავნა
ეს წერილი რომან მალინოვსკის (რომელიც იმ დროისთვის „ოხრანკის“ განყოფილების აგენტი-პროვოკატორი, ოპერატიული მეტსახელით „მკერავი“ და იმავდროულად - რუსეთის მეოთხე სათათბიროში „ბოლშევიკების“ ფრაქციის ხელმძღვანელი იყო) მეშვეობით აღმოჩნდა რუსეთის პოლიტიკური პოლიციის ხელში. წერილში ნახსენები „ქართველის“ (სავარაუდოდ, სერგო ორჯონიკიძე), „ანდრ“-ის („ანდრეი“ – იაკობ სვერდლოვი), „ნადიას“ (სავარაუდოდ, ნადეჟდა კრუპსკაია, ლენინის მეუღლე) იდენტიფიცირება „ოხრანკას“ არ გაუჭირდებოდა.
სტალინი, ისევე როგორც პირველ წერილში, კვლავ ფამილარულად - „ძმაოთი“ მიმართავს მალინოვსკის.
წერილში კარგად ჩანს „კოსტიას“ შეფარულად კრიტიკაც, რომელმაც შეპირებული ფული „ანდრეის“ (სვერდლოვს) გაუგზავნა და არა - სტალინს. ხმები მალინოვსკის პოლიციის დეპარტამენტთან კავშირზე იმ დროს ფართოდ გავრცელდა და შეუძლებელია, ეს სტალინს არ სცოდნოდა. მიუხედავად ამისა, სტალინი მას წერილებს სწერს და ბევრი პარტიული საიდუმლო სააშკარაოზე გამოაქვს, თანაც სტალინმა მალინოვსკის წერილი ფოსტით, უსაფრთხოებისა და კონსპირაციის ელემენტარული წესების იგნორირებით გაუგზავნა, რაც ბევრ ლოგიკურ კითხვას ბადებს. ფაქტია, რომ სულ მცირე, ორ შემთხვევაში სტალინმა, შეგნებულად თუ შეუგნებლად, უზარმაზარი საფრთხე შეუქმნა თანამებრძოლ „ბოლშევიკებს“.
საინტერესოა, რომ სტალინმა მის სიცოცხლეში გამოცემულ თავისი თხზულებების ოფიციალურ კრებულებში და ავტობიოგრაფიებში, რომლებსაც მისი რედაქტირების გარეშე ვერავინ დაბეჭდავდა, არ შეიტანა და არც კი უხსენებია რომან მალინოვსკისთვის გაგზავნილი ეს წერილები. ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გამოტანა: ისეთი რევოლუციონერი, როგორიც სტალინი იყო, არ წავიდოდა უკვე ეჭვქვეშ მყოფი რომან მალინოვსკისთვის ასეთი ემოციური და გულახდილი წერილების გაგზავნის რისკზე, სერიოზული მიზნის გარეშე. საკამათო არ უნდა იყოს, რომ სტალინი არ იყო ადამიანი, რომელიც არაგონივრულად და ემოციით იმოქმედებდა. იგი ყოველთვის იყო დიდი კონსპირატორი, ახალგაზრდულ წლებშიც და „ბელადობის“ დროსაც. მის ცხოვრებაში წინდაუხედავი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები ძალზე იშვიათია. მაშინ რა უნდა იმალებოდეს სტალინის ამ, ერთი შეხედვით, დაუფიქრებელი ნაბიჯების მიღმა? განვიხილოთ სამი შესაძლო ვერსია.

იოსებ ჯუღაშვილი („კობა“) , 1911 წელი.
ვერსია 1. „მომავალი საბჭოთა დიქტატორი რუსეთის საიდუმლო პოლიციის აგენტი იყო“
სტალინის ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ მისი ხშირი გაქცევები ციხიდან და გადასახლებებიდან „ოხრანკის“ ორგანიზებული იყო, რათა მისი ავტორიტეტი სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გამყარებულიყო.
„მენშევიკების“ პარტიის თბილისის კომიტეტის წევრი ისიდორე რამიშვილი სტალინის ბათუმის ციხიდან გაქცევას ძალზე საეჭვოდ მიიჩნევდა და სტალინს პირდაპირ სდებდა ბრალს „ოხრანკის “ აგენტობაში.
ინგლისელ ისტორიკოსს, ჟურნალისტსა და მწერალს საიმონ მონტეფიორეს წიგნში „ახალგაზრდა სტალინი“ ასეთი ფაქტები მოჰყავს: „სტალინი მისთვის არასასურველი ამხანაგების მისამართებს აძლევდა ჟანდარმებს, - ამტკიცებდა არსენიძე, - ამიტომ ამხანაგებმა მისთვის პარტიული სასამართლოს მოწყობა გადაწყვიტეს... მაგრამ სასამართლოზე ჟანდარმები გამოჩნდნენ და მოსამართლეები და კობა დააპატიმრესო“.
„1909 წელს ბაქოს ბოლშევიკებმა ის შაუმიანის გაცემაში დაადანაშაულეს“, - ამტკიცებდა ცნობილი „მენშევიკი“ გრიშა ურატაძე. ნოე ჟორდანიას მტკიცებით კი, შაუმიანმა პირადად უთხრა მას: „სტალინმა მიღალატა, სხვამ არავინ იცოდა ჩემი სახლის მისამართიო“. ცნობილია, რომ რუსეთის პოლიტიკური პოლიცია გულმოდგინედ ცდილობდა სტალინის გადაბირებას, თუმცა მისი აგენტობის დამამტკიცებელი დოკუმენტი ჯერჯერობით მოძიებული არ არის. თუ სტალინი თანამშრომლობდა „ოხრანკასთან“, მაშინ ამ ორი წერილის შინაარსი და ადრესატი ლოგიკურ ახსნას იძენს.
ვერსია 2. „სტალინი იყენებდა „ოხრანკას“
ისტორიკოსების აზრით, კავკასიის საიდუმლო პოლიცია, რუსეთის სხვა გუბერნიების პოლიციასთან შედარებით, უფრო კორუმპირებული იყო, რითაც სარგებლობდა სტალინი. აღიარებული ფაქტია, რომ სტალინი ადამიანების სისუსტეთა კარგი მცოდნე იყო, ამიტომაც ბევრს მიაჩნია, რომ ის იოლად პოულობდა კორუმპირებულ პოლიციელებს, რათა თავის აგენტებად ექცია. XX საუკუნის დასაწყისში მან სახელი გაითქვა, როგორც პოლიციის მოსყიდვისა და ინფორმატორების ამოცნობის უბადლო ოსტატმა.
ერთ-ერთი ინფორმაციით, ჟანდარმერიისაა და „ოხრანკის“ აგენტებისგან თავის დასაღწევად სტალინმა პოლიციის აგენტის მოწმობა იშოვა და მოგვიანებით თითქოს ტრაბახობდა, რომ ციმბირის ერთ-ერთ სადგურზე, როცა ნამდვილი აგენტი აედევნა, ის ჟანდარმთან მივიდა, თავისი ყალბი მოწმობა უჩვენა და იმ აგენტზე მიუთითა, როგორც გაქცეულზე. პოლიციელმა დააპატიმრა „ოხრანკის“ აგენტი, სტალინი კი მშვიდად ჩაჯდა კავკასიისკენ მიმავალ მატარებელშიო. ზოგიერთი ავტორის (მაგ. მონტეფიორე) აზრით, თუკი სტალინი მართლა იყო „ოხრანკის“ აგენტი, მაშინ ამ ისტორიას საერთოდ არ მოყვებოდა. მონტფიორე სხვადასხვა რევოლუციონერის მოგონებებზე დაყრდნობით წერს: „ჯუღაშვილს „ოხრანკის“ კორუმპირებულ ოფიცრებთან საიდუმლო კავშირი ჰქონდა და ძალიან დიდ ინფორმაციას იღებდა. ერთხელ სტალინი ბაქოს ქუჩებში სეირნობდა, ამხანაგთან ერთად, როცა მათ „ოხრანკის“ პოლიციელი მიუახლოვდა და უთხრა: „ვიცი, რომ რევოლუციონერი ხარ. აქ არის თქვენი ამხანაგების სია, რომელთაც უახლოეს მომავალში დააპატიმრებენო“.
სტალინის კონტაქტები „ოხრანკასთან“ ლოგიკურად ჩაითვლება, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ „ბოლშევიკების“ პარტიაში დაზვერვა-კონტრდაზვერვის საქმეს თავიდანვე სტალინი ხელმძღვანელობდა და მას ევალებოდა „ოხრანკის“ ოფიცრების გადაბირება, შეგზავნილი აგენტების გამოვლენა, პოლიციის რეიდების შესახებ ცნობების მოპოვება და დაპატიმრებული ამხანაგების გათავისუფლების ორგანიზება.
ამ ვერსიის თანახმად, სინამდვილეში სტალინი კი არ გასცემდა, არამედ იღებდა ინფორმაციას „ოხრანკისგან“. ამ შემთხვევაში მისი აშკარა კონტაქტი აგენტ მალინოვსკისთან შეიძლება ერთგვარ კონტრდაზვერვით ოპერაციად და ოპერატიულ თამაშად ჩაითვალოს, რომლის მიზანი ამ აგენტის მხილება იყო.
ვერსია 3. „რუსეთის საიდუმლო პოლიტიკური პოლიცია სტალინს იყენებდა თავისი მიზნებისთვის“
ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, „ოხრანკა“ სტალინის ეჭვიან ხასიათს იყენებდა და მას უდანაშაულო „ბოლშევიკების“ ვინაობებს აწვდიდა, როგორც აგენტებისას, რათა ნამდვილი აგენტები გადაერჩინა. აგენტ მალინოვსკისთან სტალინის მეგობრობაც „ოხრანკის“ საიდუმლო ოპერაციის ერთ-ერთი ნაწილი იყოო. ამ ვერსიას თუ ვირწმუნებთ, მაშინ „ოხრანკას“ სტალინი ჰყავდა ოპერატიულ თამაშში ჩათრეული: ვითომდა, საიდუმლო ინფორმაციის სახით „ოხრანკის“ ვითომდა, მოსყიდული ოფიცრები სტალინს ცრუ ინფორმაციას აწვდიდნენ და სტალინისავე ხელით მათთვის არასასურველ ბოლშევიკებს თავიდან იცილებდნენ.
ს. მონტეფიორეს აზრით, შესაძლოა, ამით აიხსნება ის, რომ ბაქოში სტალინის მიერ დასახელებულ „მოღალატეთა“ უმეტესობა უდანაშაულო იყო და 1909 წელს მისი ბრძანებით ბევრი მოკლეს, „ოხრანკის“ აგენტობის ბრალდებით, მაშინ, როცა პოლიციის ნამდვილ აგენტებზე ეჭვი არავის მიუტანია.
ეს სპეცსამსახურების უძველესი და შედეგიანი მეთოდია, რომელსაც ამჟამადაც იყენებენ მრავალი ქვეყნის სპეცსამსახურები.
ჩემი აზრით „ოხრანკის“ აგენტ-პროვოკატორ მალინოვსკისთვის გაგზავნილი ეს ორი წერილი სტალინისა და რუსეთის პოლიტიკური პოლიციის დღემდე ბოლომდე აუხსნელი ურთიერთობების კონტექსტში უნდა განვიხილოთ. უნდა აღვნიშნო, რომ სარწმუნო დოკუმენტური მასალის უქონლობის გამო, ზემოაღნიშნული სამი ვერსიიდან უპირატესობის რომელიმესთვის მინიჭება ურთულესი ამოცანაა და ამ შემთხვევაში აჩქარება გამართლებული არ იქნება. ცნობილია, რომ რუსეთის პოლიტიკური პოლიცია გულმოდგინედ ცდილობდა სტალინის გადაბირებას, თუმცა მისი აგენტობის დამამტკიცებელი დოკუმენტი ჯერჯერობით მოძიებული არ არის. ამიტომ ობიექტურობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ოპონენტების მიერ სტალინის „ოხრანკის“ აგენტობის დამადასტურებელი დოკუმენტების უტყუარობა ყოველთვის ეჭვს იწვევდა. დღესაც, სანდო საარქივო მასალების ნაკლებობის პირობებში, უდანაშაულობის პრეზუმპციის ნორმები უნდა გავითვალისწინოთ.
(მეორე ნაწილის დასასრული)