პანიკა კრემლში: ხოდორკოვსკი პუტინის დამხობას აპირებს?! - რუსეთს დიდი კატასტროფა უახლოვდება - კვირის პალიტრა

პანიკა კრემლში: ხოდორკოვსკი პუტინის დამხობას აპირებს?! - რუსეთს დიდი კატასტროფა უახლოვდება

ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) საკვირაო გამოშვებაში - „სანდეი ტელეგრაფში“ (The Sunday Telegraph) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით - „კრემლში პანიკაა: ვლადიმერ პუტინს სახელმწიფო გადატრიალების შიში აქვს, კოზირები უმთავრდება, დონალდ ტრამპი კი ქანჩებს უჭერს“ (ავტორი - მელისა ლოუფორდი), რომელშიც გაანალიზებულია რუსეთის ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა. „მთავარი არგუმენტი, რითაც დონალდ ტრამპი უკრაინაზე ზეწოლას ცდილობდა, იყო ის, რომ „რუსეთი ძლიერია და ომს აუცილებლად მოიგებს: „თქვენ კოზირები არ გაქვთ“, - ეუბნებოდა იგი ვოლოდიმირ ზელენსკის. ახლა, როგორც ჩანს, კოზირები ვლადიმერ პუტინსაც აღარ აქვს, რადგან რუსული ეკონომიკა კრიზისის წინაშეა“, - ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როცა 2003 წლის ოქტომბერში ციმბირში, კერძო თვითმფრინავში მჯდომი მიხეილ ხოდორკოვსკი რუსეთის „სპეცნაზმა“ იარაღის გამოყენების მუქარით დააპატიმრა, ამით ვლადიმერ პუტინის რეჟიმის მმართველობის პირველ წლებში გარდატეხა მოხდა.

მიხეილ ხოდორკოვსკი, რომელიც იმ დროს ნავთობგაზის კომპანია „იუკოსს“ ფლობდა, რუსეთის ყველაზე მდიდარ ადამიანს წარმოადგენდა და პრეზიდენტს ღიად აკრიტიკებდა. იგი პირველი ოლიგარქი გახდა, რომელიც საპყრობილეში აღმოჩნდა. ვლადიმერ პუტინმა მკაცრად დაიწყო „სხვაგვარად აზროვნების“ მქონე ადამიანების დევნა. „იუკოსის“ განადგურება კი რუსეთში საბაზრო ეკონომიკისა და გამჭვირვალობის დასასრულის დასაწყისად იქცა.

ზუსტად 22 წლის შემდეგ დღევანდელი რუსეთი ტოტალიტარულ სახელმწიფოს წარმოადგენს და, როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი ისევ თვლის მიხეილ ხოდორკოვსკის რეჟიმისათვის საფრთხედ: მიმდინარე თვეში რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) ყოფილი პატიმარი, რომელიც დევნილია და ამჟამად ლონდონში ცხოვრობს, ასევე, „ომის მოწინააღმდეგე რუსული კომიტეტის“ 22 წევრი, სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში დაადანაშაულა. ФСБ-ის მონაცემებით, კომიტეტი, რომელიც გმობს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ამჯერად „ძალაუფლების ხელში ჩაგდებასა და საკონსტიტუციო წყობის დამხობას გეგმავს“. თავის მხრივ, მიხეილ ხოდორკოვსკი ამ ბრალდებას სიცრუედ თვლის, კრემლოლოგები ამბობენ, რომ რუსეთის მმართველს მოწყვლადობის ახალი შეგრძნება გაუჩნდა. რაშია საქმე?

ზოგადად, ვლადიმერ პუტინს შეშფოთების ბევრი მიზეზი აქვს: რუსეთის ეკონომიკის განვითარების ტემპები კლებულობს; სახელმწიფო სესხების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა; მაღალი საპროცენტო განაკვეთები ბიზნესს დიდ ზიანს აყენებს. ეკონომიკის მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ „ქვეყნის ეკონომიკა რეცესიის ზღურბლზე დგას“. უკვე გაჩნდა მცირე პროტესტების სიმპტომები - ამას წინათ ასობით ადამიანი შეიკრიბა სანქტ-პეტერბურგში, მოედანზე და აკრძალული სიმღერა დაიწყო, პრეზიდენტის დამხობის მოწოდებით.

ამასობაში კი უკრაინა აგრესიულად უტევს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, მათ ანგრევს და აზიანებს, რითაც ქვეყანაში საწვავის - ბენზინისა და დიზელის მწვავე დეფიციტი იქმნება. თავის მხრივ, დონალდ ტრამპიც „ქანჩებს უჭერს“: აშშ-ის პრეზიდენტი იმედგაცრუებულია ვლადიმერ პუტინის შეუვალი პოზიციით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პირობების მიმართ და ახლა რუსული ნავთობის ექსპორტს სანქციებს უცხადებს. ინდოეთმა და ჩინეთმა, რომლებიც ციმბირული ნავთობ-გაზის ძირითადი მყიდველები არიან, იმპორტი შეამცირეს ანუ კრემლი მნიშვნელოვანი შემოსავლების გარეშე რჩება.

„სამნახევარი წლის განმავლობაში პირველად ხდება, რომ ომის შედეგად რუსეთის ეკონომიკა სერიოზულად ზარალდება“, - ამბობს ტიმოთი ეში, ბრიტანული „ჩეთემ ჰაუსის“ მეცნიერი-თანამშრომელი, - "ვფიქრობ, რუსეთში გარკვეული პანიკური განწყობილება სუფევს“.

საბანკო კრიზისის საფრთხე

რუსეთის ეკონომიკა მთელი ომის განმავლობაში საკმაო მდგრადობით გამოირჩეოდა - პროგნოზები, რომ ის საერთაშორისო სანქციების შედეგად ჩამოიშლებოდა, არ გამართლდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ კრემლი ბანკებს სამხედრო საწარმოების დაკრედიტებისაკენ უბიძგებს, რომელიც სახელმწიფოს სახსრებით არის უზრუნველყოფილი.

თუმცა ბოლო დროს რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კრედიტებით უზრუნველყოფაში პრობლემები გაჩნდა: როგორც ჰარვარდის ცენტრის ანალიტიკოსი კრეიგ კენედი თვლის, რუსული ბანკები ომს ისეთი თანხებით აფინანსებენ, რომლებიც სახელმწიფოს ბალანსზე არ აღირიცხება. „ეს არის ძალიან სახიფათო ვალები. არავინ იცის, როდის მოხდება დეფოლტი, როცა მათი დაფარვის დრო დადგება“. საქმე კოლოსალურ ფულს ეხება: კრეიგ კენედის ანალიზის თანახმად, სესხების 23% - დაახლოებით, 190 მილიარდი დოლარი, დაუფარავ კორპორატიულ კრედიტებს წარმოადგენს, შესაბამისად, მაღალია საპროცენტო განაკვეთებიც, რომელიც დღეისათვის 16,5%-ს შეადგენს.

რუსეთის უმსხვილესი ბანკის - „სბერბანკის“ აღმასრულებელი დირექტორის, გერმან გრეფის თქმით, „ვხედავთ, რომ ბევრ საწარმოს კრედიტების მომსახურებაში პრობლემები უჩნდება ანუ ეს ნიშნავს, რომ ბანკები მათ დაფინანსებაზე სამომავლოდ უარს განაცხადებენ“.

რუსი ტოპ-მენეჯერები კერძო საუბრებში ამბობენ, რომ საკრედიტო პორტფელები უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკა აცხადებს. Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის რიგმა მსხვილმა ბანკებმა ცენტრალურ ბანკს კონფიდენციალურად მიმართეს დახმარებისთვის. თავის მხრივ, როგორც ცენტრალური ბანკის მმართველი ელვირა ნაბიულინა აცხადებს, საბანკო სფეროში სისტემური კრიზისის ნიშნებზე ლაპარაკი გადაჭარბებულია, რუსული საბანკო სისტემა კარგად არის კაპიტალიზებული.

თუმცა აშკარაა, რომ რუსეთის რეზერვების მოცულობა თანდათან მცირდება. ჯერჯერობით მთავრობა ჯარში გაწვევას დიდი ფულის ფასად ახერხებს, მაგრამ ბრძოლის ველზე გამარჯვების ფულით ყიდვა ყოველთვის არ გამოდის. „მოსკოვი აცნობიერებს, რომ ახლოვდება ზღვარი, რომლის მიღმა უფსკრული იწყება“, - ამბობს კრეიგ კენედი.

რუსეთის მოქალაქეების შემოსავლები იზრდება, მაგრამ მათი ფული ინფლაციით და ფასების მატებით სწრაფად იხარჯება ანუ ჯიბე მოკლე ხანში უცარიელდებათ. რამდენ ხანს გაგრძელდება კიდევ მოჩვენებითი სიმშვიდე და ხომ არ მოასწავებს ეს ქარიშხალს?

კრემლი შეშფოთებულია

ვლადიმერ პუტინი ადრეც ყოფილა სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობების წინაშე - მაგალითად, გავიხსენოთ 2023 წელს ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო დაჯგუფების - „ვაგნერის“ დაუმორჩილებლობის ფაქტი. იმ დროს პრიგოჟინმა თავისი მიზნები ვერ განახორციელა - იგი მოსკოვისაკენ „ლაშქრობის“ დროს შეაკავეს, მისი გარემოცვა ჯერ „დაამშვიდეს“, ბოლოს კი „ბოლო მოუღეს“ – „ვაგნერის“ ლიდერი კი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

მიხეილ ხოდორკოვსკი მოსკოვისაკენ ლაშქრობას არ აპირებს: ციმბირის საპყრობილეში ათი წლის გატარების შემდეგ, როცა იგი 2013 წელს გაათავისუფლეს, იგი საზღვარგარეთ წავიდა, ხოლო 2022 წელს „ანტისაომარი კომიტეტი“ შექმნა. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მიხეილ ხოდორკოვსკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მაშინ აღძრა, როცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დიალოგი დაიწყო რუსულ დევნილ დემოკრატიულ ოპოზიციასთან.

როგორც მიხეილ ხოდორკოვსკი „დეილი ტელეგრაფთან“ საუბარში ამბობს, ФСБ-ის ბრალდება მოწმობს, რომ „კრემლი შეშფოთებულია ხელისუფლების გადაცემის პრობლემით“.

რა მოხდება, ხვალ რომ ვლადიმერ პუტინი მოკვდეს? მას ამჟამად აშკარა მემკვიდრე არ ჰყავს. „როგორი ხელისუფლებაა ამჟამად რუსეთში? პრემიერ-მინისტრი პირდაპირ ვლადიმერ პუტინმა დანიშნა. მოსამართლეებს ვლადიმერ პუტინი ნიშნავს. პარლამენტის წევრებს პუტინის რეჟიმი გაყალბებული არჩევნებით ირჩევს... ხელისუფლების მოულოდნელი შეცვლის შემთხვევაში, რუსული ოპოზიციის საერთაშორისო ლეგიტიმურობა შეიძლება, მნიშვნელოვან ფაქტორად იქცეს. სწორედ ამიტომ ცდილობს ვლადიმერ პუტინი ომის საწინააღმდეგო კომიტეტის დისკრედიტირებას და დაშინებას“, - ამბობს მიხეილ ხოდორკოვსკი.

მსგავსი თვალსაზრისი აქვს ანჯელა სტენტს, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ევრაზიული ცენტრის ხელმძღვანელს: „კრემლი მოსახლეობას აშინებს იმით, რომ თითქოსდა, დასავლეთს რუსეთის დაშლა-განადგურება სურს. ვლადიმერ პუტინის გარემოცვა ასეთ მეთოდს მაშინ მიმართავს, როცა რუსეთში სტაბილურობის დარღვევის სიმპტომები ჩნდება ხოლმე. როცა კრემლი გრძნობს, რომ სიტუაცია მწვავდება, ისინი, უბრალოდ, იწყებენ პროპაგანდას და ყველა კრიტიკოსს უცხოელ აგენტად ან ექსტრემისტად აცხადებენ“.

მიხეილ ხოდორკოვსკი ამბობს, რომ ეკონომიკური პრობლემები ქვეყნის შიგნით რეჟიმის შეშფოთებას ამ ეტაპზე არ იწვევს: „მოსახლეობა სირთულეებს ამჩნევს, მაგრამ უკმაყოფილება ჯერჯერობით სერიოზული არ არის. თუმცა დასავლურმა სანქციებმა რუსეთს მაინც გაუჩინა მნიშვნელოვანი პრობლემები. პირველი ისაა, რომ იზრდება ტექნოლოგიური ჩამორჩენა. რუსეთის ეკონომიკა სულ უფრო არქაული ხდება, მას არ აქვს არათუ საკუთარი ინოვაციების დანერგვის, არამედ - უცხოურის გადმოღების უნარი. მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ნაკლებად შესამჩნევია, მაგრამ 10-20 წლის შემდეგ ქვეყნის წინაშე სერიოზული პრობლემები დადგება. მეორე პრობლემაა რუსეთის სულ უფრო მზარდი დამოკიდებულება ჩინეთზე. ვლადიმერ პუტინის სამხედრო მანქანა, ძირითადად, ჩინეთთან თანამშრომლობას ემყარება. სი ძინპინს იოლად შეუძლია რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლა და ომის შეჩერება, თუ იგი ამას მოისურვებს“.

ჩინეთი რუსეთისათვის მაშველი რგოლია, პეკინი რუსულ ნავთობს ყიდულობს, მაგრამ სი ძინპინი ვლადიმერ პუტინს მხარს მთელი გულწრფელობით“ არ უჭერს - „ცისქვეშეთს“ თავისი ინტერესები აქვს. პეკინმა ისარგებლა სიტუაციით და რუსული ქვანახშირის იმპორტზე ტარიფები აღადგინა. ჩინეთმა გაავსო რუსეთი იაფი ფოლადით და ავტომობილებით. რუსული ავტომრეწველობა ძლივძლივობით უძლებს კონკურენციას: „ავტოვაზი“, რომელიც ყველაზე იაფი რუსული ავტომობილის მწარმოებელია, ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლას აპირებს, რადგან გაყიდვები ძალიან შემცირდა.

ბიუჯეტის კატასტროფული დეფიციტი

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც თავისი „აფეთქების წამს“ ელოდება: რუსეთის სახელმწიფო ფინანსები სატირალ მდგომარეობაშია. რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი სწრაფად მატულობს. მიმდინარე წლის დასაწყისში ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტი 5,7 ტრილიონი რუბლის დეფიციტით დაგეგმა, მაგრამ ახლა, როცა წლის დასასრული ახლოვდება, დეფიციტი ბევრად უფრო მეტი იქნება. ამის მიზეზია გაზისა და ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავლების შემცირება: ენერგორესურსებიდან მიღებული ფული, ერთობლიობაში, საბიუჯეტო შემოსავლების დაახლოებით ერთ მესამედს შეადგენს.

დასავლური სანქციების პირობებში, რუსეთის ხელისუფლება იძულებულია, თავის ნავთობზე იაფი ფასები დააწესოს - მყიდველების მიზიდვის მიზნით, მაგრამ გაიაფებასაც აქვს ზღვარი, რომლის შემდეგ ენერგომატარებლების გაყიდვა წამგებიანი ხდება.

გასულ წლებში მთავრობა აქტიურად სარგებლობდა ეროვნული კეთილდღეობის ფონდის რეზერვებით, ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად, მაგრამ მისი რეზერვები უსასრულო არ არის, მათაც აქვთ თავიანთი ზღვარი: ამჟამად ფონდის ლიკვიდური აქტივები 10 ტრილიონი რუბლიდან 4 ტრილიონამდე შემცირდა.

ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვა ხდება გადასახადების გადიდებით ან სახელმწიფო სესხების მოცულობის გაზრდით. რუსეთი ორივე წესით სარგებლობს, მაგრამ ომი „თავის შავ საქმეს მაინც აკეთებს“: გადასახდების მატება საფრთხესთან არის დაკავშირებული (ვაითუ, მოსახლეობის უკმაყოფილება გაიზარდოს), ხოლო ობლიგაციების (სესხის) გამოშვების მარგი ქმედების კოეფიციენტი მხოლოდ დროებითია, საბოლოო ჯამში, ის სახელმწიფომ მოქალაქეებს უკან უნდა დაუბრუნოს - უფრო ძვირად, ვიდრე თავის დროზე მიჰყიდა მოსახლეობას.

ასევე დაგაინტერესებთ: ზელენსკის დილემა ანუ ახლოვდება თუ არა კატასტროფა? - ტრამპი: "უკრაინამ უარი უნდა თქვას დონბასზე, რუსეთის სასარგებლოდ ან რუსეთი უკრაინას გაანადგურებს"

გაიყინება თუ არა უკრაინა ზამთარში?! - ექსპერტის საგანგაშო პროგნოზი

"მესამე მსოფლიო ომი გვიახლოვდება!" - სკანდალური სტატია: ევროპული "პერლ-ჰარბორის" საფრთხე ანუ როდის "გაიღვიძებს" ნატო?!

"ევროპას თანამედროვე ჩერჩილი სჭირდება... ევროპის ლიდერებმა პუტინის ტირანიის წინააღმდეგ დიდი ბრიტანელი ლიდერის სულს უნდა მოუხმონ" (The Daily Telegraph)

დროული დარტყმა დონალდ ტრამპისგან

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ „ქანჩების მოჭერის“ მომენტი სწორად შეარჩია - ახლა რუსეთისათვის სანქციები უფრო მტკივნეული იქნება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, როცა იგი მეორედ მოვიდა ხელისუფლებაში, მსოფლიო შოკში ჩააგდო - უკრაინაში ომია, დონალდ ტრამპი კი კრემლის მიმართ უფრო მეტ სიმპათიებს იჩენდა, ვიდრე - კიევის მიმართ. „პუტინი ჩემი მეგობარიას“ ფონზე დონალდ ტრამპმა რუსი კოლეგა ალასკაშიც მიიწვია და უმასპინძლა, მაგრამ მალე ტონი შეცვალა: მან ამ თვეში თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „კრემლს ომის დარეგულირება მოუწევს, მოსკოვს ეკონომიკური პრობლემები მოუმრავლდა“.

გასულ კვირაში დონალდ ტრამპმა ორ რუსულ ნავთობგიგანტ კომპანიას - „ლუკოილს“ და „როსნეფტს“ სანქციები გამოუცხადა. ეს პირველი ანტირუსული სანქციებია, ტრამპის მეორედ არჩევის შემდეგ. ინდოეთმა და ჩინეთმა რუსული ნავთობის შესყიდვის შემცირება გამოაცხადეს ანუ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება დროული და სასარგებლო აღმოჩნდა.

რუსეთის ეკონომიკურმა სისუსტემ დონალდ ტრამპს შეიძლება უფრო მეტის გაკეთების სტიმული მისცეს: მთავარი არგუმენტი, რითაც ტრამპი უკრაინაზე ზეწოლას ცდილობდა, იყო ის, რომ რუსეთი ძლიერია და ომს აუცილებლად მოიგებს. „თქვენ კოზირები არ გაქვთ“, - ეუბნებოდა იგი ვოლოდიმირ ზელენსკის. ახლა, როგორც ჩანს, კოზირები ვლადიმერ პუტინსაც აღარ აქვს.

მიხეილ ხოდორკოვსკის თქმით, თუ დონალდ ტრამპს ნამდვილად სურს ომის შეჩერება, მან კრემლზე ძლიერი ზეწოლა უნდა მოახდინოს: „ყველა დათმობა, რომელთა შეთავაზება შეიძლებოდა, უკვე შეთავაზებულია. უკვე დროა, აშშ-ის პრეზიდენტმა „ცუდი პოლიციელის“ ფუნქცია შეასრულოს“.

როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი სწორედ ამას აკეთებს - რუსეთის ეკონომიკა უფსკრულის პირას მიჰყავს. „მალე დადგება დრო და რუსული ეკონომიკა უეცრად დაინგრევა“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.

წყარო