ეს არასოდეს წაგიკითხავთ: ქართული "პოლიტიკური ცირკი" 50 წლის წინ დაგეგმილი სპეცოპერაციის გაგრძელებაა?! - "მართვადი ქაოსის" რეჟიმი საქართველოში - კვირის პალიტრა

ეს არასოდეს წაგიკითხავთ: ქართული "პოლიტიკური ცირკი" 50 წლის წინ დაგეგმილი სპეცოპერაციის გაგრძელებაა?! - "მართვადი ქაოსის" რეჟიმი საქართველოში

ყველა მოვლენას, ცუდსაც და კარგსაც, საკუთარი ათვლის წერტილი აქვს, საიდანაც იწყება სიკეთის ან ბოროტების სათავე. რაიმე პრობლემის გადაჭრისთვის სწორედ ამ სათავის პოვნაა აუცილებელი. სად არის თუნდაც „4 ოქტომბრის პროვოკაციის“ სათავე? ან სად დაიწერა "მშვიდობიანი რევოლუციის" ლოზუნგი და მთელი ამ ავანტიურის სცენარი? ამ კითხვას პასუხი რომ გაეცეს, ცოტა შორიდან უნდა დავიწყო.

ორმოცდაათი წლის წინ, 1975 წლის გაზაფხულზე, კა-გე-ბეს მიერ დაგეგმილმა და განხორციელებულმა ერთმა სპეცოპერაციამ (რომელიც მაშინ შედარებით მცირე მიზანს, ქართველი დისიდენტების განეიტრალება-გადაბირებას ისახავდა), მნიშვნელოვნად იმოქმედა საქართველოს დღევანდელ სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. როგორ? ამას მალე შეიტყობთ. უფრო მეტიც, საბჭოთა კა-გე-ბეს ამ ოპერაციის ფარგლებში განხორციელებული ოპერატიული კომბინაციების შედეგად მიღებული რეალობა (დისიდენტური მოძრაობის გახლეჩა, პიროვნული დაპირისპირების პროვოცირება: ალბათ გახსოვთ, მაშინ „ეროვნულ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირების ამსახველი ფარული ჩანაწერების მუდმივი ტრიალი ტელევიზიით, და ბოლოს - ეროვნული მოძრაობის ყველაზე რადიკალური ფრთის გამარჯვება) საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შემდგომ აქტიურად იქნა გამოყენებული აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, სამხედრო დაპირისპირების პროვოცირებისთვის, ასევე, ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო ომის ინსპირაციისათვის. საქართველოში დღეს მიმდინარე „პოლიტიკური ცირკიც“ 70-80-იან წლებში სუკ-ის მიერ დაგეგმილ-განხორციელებული სპეცოპერაციების გაგრძელებაა.

დღეს მკითხველს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული - 1975-1978 წლების პერიოდზე, მათ შორის ზ. გამსახურდიას ე.წ. სატელევიზიო მონანიებისა და ქართველი დისიდენტების “საჩვენებელი სასამართლო პროცესების” შესახებ უნდა მოვუთხრო. ჩემს მიზანს არ წარმოადგენს ძველ ან ახალ პოლიტიკურ დისკუსიებში ჩაბმა და მტყუან-მართლის გარკვევა. მე მხოლოდ ზემოაღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებულ, კა-გე-ბეში დაგეგმილი და განხორციელებული ოპერატიული კომბინაციების შესახებ მოსაზრებებსა და სრულიად საიდუმლო საარქივო დოკუმენტების ანალიზს გაგაცნობთ, დასკვნები კი თავად მკითხველმა გააკეთოს.

იცით, რამდენი საერთოა საჭადრაკო პარტიასა და სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ ოპერატიულ-აგენტურულ ოპერაციას შორის? - ძალზე ბევრი: ორივე დეტალურად შედგენილ გეგმას ეყრდნობა, სადაც ყველა სვლა/მოქმედება წინდაწინაა გათვლილი; ორივე საქმეს პროფესიონალები აკეთებენ, მათ სწავლება/მომზადებას წლები სჭირდება და მათაც ფანატიკურად უყვართ თავისი პროფესია; ორივე საქმიანობის განუყოფელი ნაწილია უკვე არსებული გამოცდილების შესწავლა/გათვალისწინება, ამიტომაც გულმოდგინედაა გაანალიზებული ძველი საჭადრაკო პარტიები და ოპერატიული საქმეები, რათა საჭიროების შემთხვევაში ადრევე იცოდე, თუ რომელ სვლა/მოქმედებას რომელი მოჰყვება. ორივე საქმიანობისთვის ისტორია და დღევანდელობა, ძველი და ახალი - განუყოფელი ცნებებია. არსებობს ქრესტომათიული საჭადრაკო პარტიებიც (მაგ. „ნიმცოვიჩის დაცვა“) და, ასევე, სპეცსამსახურების ოპერაციები (მაგ. ოპერაცია „ტრესტი“), რომლებიც უკვე ათწლეულებია, რაც „კლასიკად“ ითვლება და დღესაც ხშირად მიმართავენ.

ორივე საქმიანობა კომბინაციებზეა აგებული. ხშირად ამბობენ: ჭადრაკი სპორტია თუ ხელოვნება? აი, სპეცსამსახურების ოპერაციები კი ნამდვილი „თეატრალური წარმოდგენაა“, რომელსაც სცენარისტი, რეჟისორი და მსახიობ-შემსრულებლები ჰყავს, სადაც მთავარი და დამხმარე როლები ადრევეა განაწილებული: ინფორმატორებს, აგენტ-პროვოკატორებსა და „სასარგებლო იდიოტებს“ შორის.

sachadrako-partia-1761631329.png

საჭადრაკო პარტიასა და სპეცოპერაციას კიდევ ის აქვთ საერთო, რომ ორივე შემთხვევაში, მოწინააღმდეგის მანიპულირებას და შეცდომაში შეყვანას დიდი ყურადღება ეთმობა. საჭადრაკო ენაზე ამას „საჭადრაკო მახეს“, ხოლო სპეცსამსახურების პრაქტიკაში - „ოპერატიულ კომბინაციებს“ უწოდებენ, რაც ასევე მახეა.

„საჭადრაკო მახე“ სვლათა რომელიმე კომბინაციაა, რომლის მიზანიც არასწორი სვლის გასაკეთებლად მოწინააღმდეგის პროვოცირებაა. ასეთ დროს წამგებიანი სვლის გაკეთება მართლაც დიდი ცდუნებაა, რადგან ის მეტოქეს სწორ გადაწყვეტილებად ეჩვენება, თუმცა სინამდვილეში ეს „მახეა“ და თუ იქ გაება, საჭადრაკო პარტიის ბედი უკვე გადაწყვეტილია. “ოპერატიული კომბინაცია” კი სპეცსამსახურის ოპერატიული მუშაობის ერთ-ერთი მეთოდი და რამდენიმე საიდუმლო ოპერატიულ-ტექნიკური და აგენტურული ღონისძიების ერთობლიობაა (კომბინაცია), რომელთაც ერთი სტრატეგიული მიზანი აკავშირებთ. “ოპერატიული კომბინაციის” დაგეგმვა, მიმდინარეობა, კოორდინაცია და კონტროლი ერთი ცენტრიდან ხორციელდება. “ოპერატიული კომბინაცია” ნიღბავს სპეცსამსახურის რეალურ მიზანს და ხელოვნურად ქმნის ისეთ პირობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს დასახული ოპერატიული ამოცანების სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტას. ეს მეთოდი გულისხმობს ფარულ ზეგავლენას ოპერატიული დამუშავების ობიექტზე და მის კავშირებზე, რათა სიტუაციების მოდელირებით შექმნას სპეცსამსახურისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემოება. რამდენიმე მცირე ღია და ფარული “ოპერატიული კომბინაცია”, როგორც წესი, არის ერთი, რთული ტაქტიკური კომბინაციის ნაწილი, მისი სტრუქტურული ელემენტი. ამ დროს მკაცრად უნდა იყოს დაცული აგენტურული და ოპერატიულ-ტექნიკური ოპერაციების რიგითობა და ყველა მათგანი ერთიანი გეგმით განსაზღვრულ დროში უნდა განხორციელდეს. უნდა აღინიშნოს, რომ “ოპერატიულ კომბინაციას”, როგორც კონკრეტული მიზნის მიღწევის მრავალსვლიანი და მრავალფეროვანი ოპერაციების ერთობლიობას, მსოფლიოს ყველა ქვეყნის სპეცსამსახური იყენებს. თუმცა წარმატებას მხოლოდ ისინი აღწევენ, ვისაც დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ოპერაციებისთვის შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსები გააჩნიათ.

ასევე დაგაინტერესებთ: დიდი სკანდალის "იურიდიული ექსკურსი" - როგორ ისჯება საქართველოში ფულის გათეთრება, უკანონო ქონებით სარგებლობა და ზეგავლენით ვაჭრობა

სტალინის საიდუმლო ცხოვრება: დიდი ბელადის აკრძალული წერილები - იყო თუ არა იოსებ ჯუღაშვილი საიდუმლო პოლიციის აგენტი?!

აგენტ-პროვოკატორები, საკრალური თარიღები ქართულ პოლიტიკაში და ისტორიის გაკვეთილები - როგორ ხდება პარტიებში ჯაშუშების შეგზავნა

"მაქსიმ გორკის გარდაცვალებისა და მისი არქივის ყველაზე საიდუმლო ნაწილის ხელში ჩაგდების შემდეგ, იოსებ სტალინს ხელ-ფეხი გაეხსნა: მას უკვე ჰქონდა საკმაო კომპრომატი პოლიტიკურ ოპონენტებზე და გორკიც აღარ იყო ცოცხალი, მისთვის, რომ "კოჭი ეგორებინა"

უნდა ვაღიაროთ, რომ ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციების დაგეგმვის დროს საბჭოთა სპეცსამსახურები უდიდეს ფანტაზიას ავლენდნენ და ახალ-ახალი “ოპერატიული კომბინაციებით” მათთვის სასურველ შედეგს ხშირად აღწევდნენ.

თუ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს "გარედან" შევხედავთ, კარგად დავინახავთ, რომ ჩვენი ქვეყანა სამ ათწლეულზე მეტია, "მართვადი ქაოსის" რეჟიმში იმყოფება.

picture2-1761631343.jpg

წლები გადის, ქართულ პოლიტიკაში კი, ძირითადად, ერთსა და იმავე სახეებს ვხედავთ. რომ გითხრათ, გაიზარდნენ და ასაკთან ერთად დაღვინდნენ-მეთქი, მოგატყუებთ. თუმცა უფრო ცუდია ის, რომ მთლიანად ჩვენი "პოლიტიკური ელიტაა" მძიმედ დაავადებული. დიაგნოზი: პოლიტიკური მაზოხიზმი. ჯერ დაუფიქრებლად, მოუზომავ-აჩქარებულები იტყვიან რაღაცას, ერთმანეთს "ერთგულებას შეჰფიცავენ", თან ძველბიჭურ-ქუჩურად დათქვამენ-დაიქადნიან (კულისებში, ალბათ, "დაიგინებენ" კიდეც) და მერე ამაოდ ცდილობენ იმ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას, რომელიც თავად შეიქმნეს.

საქართველოს პოლიტიკური პარტიების ერთგვარი "ნოუჰაუა" ძველბიჭურ-ქუჩური "შარმი", რაც გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოდის. ეროვნულ მოძრაობაში გარედან შემოტანილი და ჩანერგილი შეურიგებლობა და ურთიერთსიძულვილი, სამწუხაროდ, ძალზე სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. იქიდან მოყოლებული, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დამკვიდრდა პროვინციალური რადიკალიზმი: "დღესვე გადადგეს!", "ერთ საათს ვაძლევთ დროს! , თუ არა და, კარვებს გავშლით", "ქუჩაში ხალხს გამოვიყვანთ!" - და ბევრი სხვა ამისთანა "მარგალიტი". ეს კი პირდაპირი გზაა "რევოლუციური სცენარისკენ", რაც მხოლოდ ჩვენს მოწინააღმდეგეს აძლევს ხელს. ქართული ხასიათის მთავარი სისუსტეები: ამპარტავნობა, ამბიციები და სიზარმაცე ჩვენმა მტერმა მშვენივრად იცის და კარგადაც იყენებს.

1970-იანი წლების დასაწყისიდან მოსკოვი წარმატებით ნერგავდა თავის აგენტურას საქართველოში მოქმედ არალეგალურ დისიდენტურ ჯგუფებში. მართალია, ყველა ძირითად “შავ” ოპერატიულ სამუშაოს სახელმწიფო უშიშროების ადგილობრივი კადრები ასრულებდნენ, მაგრამ მოსკოვი მათ ბოლომდე მაინც არ ენდობოდა და საკავშირო სუკ-იდან მიჩენილი თანამშრომლების მეშვეობით მკაცრად აკონტროლებდა მათ მოქმედებებს (იმიტომ, რომ „ცენტრი“ ქართველ „ჩეკისტებს“ ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა, უკრაინელი თუ სომეხი ეროვნების „ჩეკისტებისგან“ განსხვავებით). შედეგად მოსკოვს დაწვრილებითი ინფორმაცია ჰქონდა საქართველოს დისიდენტურ, შემდეგ კი - ეროვნულ მოძრაობაში გაერთიანებული პარტიების, მათი ლიდერების, თვით ცალკეული წევრებისა და მათი ოჯახების შესახებაც. ეს პროცესი მოსკოვიდან, კა-გე-ბეს მთავარი შტაბიდან - “ლუბიანკიდან” იმართებოდა და მას მე-5 სამმართველოს უფროსი ფილიპ ბობკოვი ხელმძღვანელობდა.

pilip-bobkovi-1761631383.jpg

ფილიპ ბობკოვი

ფ. ბობკოვის ხელმძღვანელობით კა-გე-ბეს ოპერები “ავერბოვკებდნენ” საბჭოთა მწერლებსა და ჟურნალისტებს, მსახიობებსა და სპორტსმენებს, ექიმებსა და მეცნიერებს, მღვდლებსა და ათეისტებს, დისიდენტებსა და კომკავშირლებს, პროფესორებსა და სტუდენტებს. არ დარჩენილა სფერო, სადაც მათ აგენტები, სანდო პირები და ინფორმატორები არ ჰყოლოდათ. ფილიპ ბობკოვი 1995 წელს მოსკოვში გამოცემულ მოგონებებში ერთ, ჩვენთვის ძალზე საინტერესო ფაქტს იხსენებს:

“...ჯერ კიდევ სამოცდაათიან წლებში თბილისში ჩავფრინდი და შევარდნაძეს შევხვდი. მან გამსახურდიას დაპატიმრების საკითხი დასვა. მე წინააღმდეგი ვიყავი, რასაც იმით ვასაბუთებდი, რომ საქართველოს საზოგადოებამ ჯერ სათანადოდ არ იცის ამ პიროვნების დანაშაულებრივი ქმედებები. მას მხოლოდ იცნობენ, როგორც ახლახან გარდაცვლილი ქართული ლიტერატურის კლასიკოსის ვაჟს” .

კონსტანტინე გამსახურდია 1975 წლის 17 ივლისს გარდაიცვალა და ამის გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოთ, რომ ბობკოვისა და შევარდნაძის საუბარი 1975 წლის მეორე ნახევარში შედგა. ყურადღება მიაქციეთ ბობკოვის სიტყვებს: „საქართველოს საზოგადოებამ ჯერ სათანადოდ არ იცის ამ პიროვნების დანაშაულებრივი ქმედებები“. კა-გე-ბეს ერთ-ერთ ხელმძღვანელს მიაჩნდა, რომ ქართველი დისიდენტების მაქსიმალური კომპრომეტირებისთვის ჯერ მზად არ იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ მათი ყველა „გაფაჩუნება“ კარგად იცოდნენ, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დაპატიმრებას მაინც არ ჩქარობდნენ! მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები მეთოდურად გროვდებოდა, თუმცა მოსკოვში, “ლუბიანკაზე” მიაჩნდათ, რომ საზოგადოებრივი აზრი ჯერ სათანადოდ არ იყო მომზადებული, დისიდენტთა ამ ჯგუფის წინააღმდეგ და მათ დაპატიმრებასა და სასამართლო პროცესს შესაძლოა, უკურეაქცია გამოეწვია: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და სხვები უფრო პოპულარულები გამხდარიყვნენ. ამიტომ კა-გე-ბე ეძებდა მათი კომპრომეტირების ისეთ ფორმას, რომელიც უპირობოდ “გააშავებდა” მათ ქართული საზოგადოების თვალში და არ გააჩენდა მათდამი შეცოდების გრძნობას.

(პირველი ნაწილის დასასრული)