„წყალდიდობებით ომი“ ანუ დატბორე მტერი, რომ ვეღარ შემოგიტიოს - რატომ აუფეთქეს უკრაინელებმა რუსებს ბელგოროდის წყალსაცავის დამბა
ომში მოწინააღმდეგის შეტევების შესაჩერებლად ყველა ხერხი გამოიყენება, მათ შორის - არაორდინარულიც, ხელოვნური „წყალდიდობების“ მოწყობით. მტერმა იერიშის გაგრძელების ნაცვლად იმაზე უნდა იფიქროს, რომ მოდიდებულ წყალში როგორმე გადაურჩეს დახრჩობას...
შესაბამისად, მდინარეებზე დაგუბებული წყლის დიდი მოცულობების გასაშვებად დამბებისა და კაშხლების აფეთქების მრავალი შემთხვევა ახსოვს ომების ისტორიებს, მათ შორის - რუსეთ-უკრაინის ამჟამად მიმდინარე ფართომასშატაბიან ომსაც...
ომის დასაწყისშივე, 2022 წლის 26 თებერვალს, როდესაც უკრაინაში სხვადასხვა მიმართულებიდან შეჭრილი რუსეთის საოკუპაციაო არმია ჩრდილოეთ-დასავლეთის მხრიდან კიევს დაემუქრა, უკრაინელმა სამხედროებმა ააფეთქეს კოზაროვიცკის დამბა, რომელიც მდინარე ირპენს კიევის წყალსაცავისგან ყოფდა და დატბორეს 3 ათას ჰექტრამდე 20 კმ სიგრძის ფართობი, რამაც დიდი როლი შეასრულა რუსული ტანკებისა და ჯავშანმანქანების კიევზე შეტევის შეჩერებაში...
მეორეჯერ ხელოვნური „წყალდიდობა“ უკვე რუსმა ოკუპანტებმა მოაწყვეს, როდესაც 2023 წლის 6 ივნისს მდინარე დნეპრზე (ხერსონის ზემოთ) ააფეთქეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, რამაც დნეპრის მარცხენა სანაპიროს დიდი ხნით დატბორვა გამოიწვია, რითაც ჩაიშალა იმ დროისთვის დაგეგმილი უკრაინის არმიის დიდი კონტრშეტევის დაწყება, სწორედ ამ მიმართულებით, დესანტის გადასხმის სახით...
და აი, უკვე რამდენიმე დღეა, უკრაინა „ჰაიმარსების“ მართვადი რაკეტებითა და კამიკაძე-დრონებით მეოთხედ ურტყამს რუსეთის ბელგოროდის ოლქში მდებარე წყალსაცავის დამბის შლიუზებს და ისე დააზიანა ისინი, რომ წყალსაცავიდან წყლის დიდი მოცულობა უკონტროლოდ გამოედინება და ტბორავს მიმდებარე ტერიტორიას...
ბელგოროდის წყალსაცავი უკრაინის საზღვრიდან 12 კმ-ითაა დაშორებული, ხოლო უკრაინული საზღვრისპირა ქალაქ ვოვჩანსკიდან(რუსები მას ვოლჩანსკს ეძახიან) კი - 18 კმ-ით და სწორედ ეს, მანძილის ფაქტორი გახდა გადამწყვეტი იმისთვის, რომ უკრაინულმა არმიამ დეფიციტური „ჰაიმარსების“ რაკეტები გაიმეტა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე დამბის შლიუზების დასაბომბად...
საქმე ის არის, რომ უკრაინის ხარკოვის ოლქის ჩუგუევის რაიონის ქალაქ ვოვჩანსკზე (რომელიც რუსეთის საზღვრიდან ექვსი კმ-ითაა დაშორებული) პუტინის არმიამ შეტევა ჯერ კიდევ 2024 წლის 10 მაისს დაიწყო და მიუხედავად დიდი დანაკარგებისა,18 თვეა, ვერ მოახერხა ამ პატარა უკრაინული ქალაქის სრული დაპყრობა.
ასევე დაგაინტერესებთ: გლოვის დღე რუსებისთვის ანუ "ჩელიაბინსკის მეტეორიტი" უკრაინულად?! - რამ ააფეთქა საარტილერიო ჭურვების ქარხანა
დიდი ომი გაგრძელდება ანუ 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელსაც პუტინი არ დათანხმდება?!
მაგრამ ამ ეტაპზე, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეძლეს აღმოსავლეთით, ქალაქ კუპიანსკის თითქმის ალყაში მოქცევა და გაჩნდა დიდი საფრთხე მათი დასავლეთით, ხარკოვისკენ გაჭრისა, უკრაინის გენშტაბი შიშობს, რომ რუსი ოკუპანტები ჩრდილოეთიდან ვოვჩანსკზე გადამწყვეტი შეტევების დაწყებით არ გავიდნენ სამხრეთით და ამ მიმართულებიდანაც არ დაარტყან უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს...
ამიტომაც განხორციელდა უშუალოდ მტრის ტერიტორიაზე ბელგოროდის წყალსაცავის დამბის შლიუზების აფეთქება, რადგან იქიდან უკონტროლოდ გამოსულმა წყლის დიდმა მოცულობამ დაფაროს რუსული შებეკინოს მიმდებარე რაიონები, საიდანაც ხორციელდება უკრაინულ ვოვჩანსკზე შემტევი რუსული საბრძოლო დანაყოფების ლოგისტიკური უზრუნველყოფა...
თავად რუსი სამხედროები ავრცელებენ ფოტოვიდეოკადრებს, თუ ბელგოროდის წყალსაცავიდან გამოსულმა წყალმა როგორ წალეკა გზები და ისინი გაუვალი გახდა სამხედრო ტექნიკისთვის...
დაზიანებული წყალსაცავიდან წყლის დინება რამდენიმე დღეში შეჩერდება და წარმოქმნილი გაუვალი ტალახიც ადრე თუ გვიან ამოშრება, მაგრამ უკრაინულმა მხარემ მოიგო გარკვეული პერიოდი იმისთვის, რომ უფრო მომზადებული შეხვდეს რუსი ოკუპანტების შეტევების დაწყებას ხარკოვის მიმართულებით, თუკი რუსებმა მართლაც შეძლეს კუპიანსკის მთლიანად დაპყრობა...