აპოკალიფსის "აჩრდილი" მსოფლიოში: ტრამპი "ბოლო ჟამის" იარაღს გადასწვდა - პუტინმა "დიდი დონალდი" მაინც „წამოიკიდა“ თავისი „ბურევესტნიკითა“ და „პოსეიდონ - კვირის პალიტრა

აპოკალიფსის "აჩრდილი" მსოფლიოში: ტრამპი "ბოლო ჟამის" იარაღს გადასწვდა - პუტინმა "დიდი დონალდი" მაინც „წამოიკიდა“ თავისი „ბურევესტნიკითა“ და „პოსეიდონით“

დაუყოვნებლივ ვიწყებთ ბირთვული იარაღის გამოცდას-პუტინმა ტრამპი მაინც „წამოიკიდა“ თავისი „ბურევესტნიკითა“ და „პოსეიდონით“...

„უზარმაზარი დამანგრეველი ძალის გამო, მძულდა ამის გაკეთება, მაგრამ არჩევანი არ მქონდა! რუსეთი მეორე ადგილზეა, ჩინეთი კი - შორეულ მესამეზე, თუმცა 5 წელიწადში გაგვითანაბრდება. სხვა ქვეყნების მიერ პროგრამების გამოცდის გამო, დავავალე ომის დეპარტამენტს, რომ დაიწყოს ჩვენი ბირთვული იარაღის გამოცდა თანაბარ საფუძველზე. ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

და, მისი ეს განცხადება ერთგვარ პასუხად იქცა ბოლო დღეებში რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ ანონსირებულ ბირთვულძრავიანი და ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტის „ბურევესტნიკისა“ და წყალქვეშა ტორპედო-დრონის „პოსეიდონის“ გამოცდებთან მიმართებაში...

შეიძლება თამამად ითქვას, რომ...პუტინმა ტრამპი მარტივად „წამოიკიდა“ ბირთვულ თემაზე და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს ათქმევინა ის, რაზეც ეს ორი ბირთვული სახელმწიფო სამ ათეულ წელზე მეტხანს იკავებდა თავს-ბირთვული გამოცდების განახლებაზე...

პირველი ატომური ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოცდა ამერიკამ 1945 წლის 16 ივლისს განახორციელა, საბჭოთა კავშირმა კი 1949 წლის 29 აგვისტოს. მათ მოჰყვა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ინდოეთის,პ აკისტანის, ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული ბირთვული გამოცდებიც.

1963 წელს დაიდო ხელშეკრულება, რომელიც კრძალავდა ბირთვულ გამოცდებს ატმოსფეროში, წყლის ქვეშ და კოსმოსურ სივრცეში, დაშვებული იყო ბირთვული აფეთქებების მოწყობა მხოლოდ მიწისქვეშ.

1996 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ბირთვული გამოცდების სრულ აკრძალვაზე და ქვეყნებმა, რომლებმაც რატიფიცირება გაუკეთეს ამ ხელშეკრულებას, აიღეს ვალდებულება, რომ აღარ განაახლებდნენ ბირთვულ აფეთქებებს მიწისქვეშაც.

ბოლო ბირთვული გამოცდა საბჭოთა კავშირმა ყაზახეთის სემიპალატინსკის პოლიგონზე 1990 წელს ჩაატარა, აშშ-მა 1992 წელს, საფრანგეთმა და ჩინეთმა 1996 წელს, ინდოეთმა და პაკისტანმა 1998 წელს, ხოლო ჩრდილოეთ კორეამ პირიქით, 2006 წელს განახორციელა თავისი პირველი მიწისვეშა ბირთვული გამოცდა და მას შემდეგ კიდევ ხუთჯერ გაიმეორა.

ბირთვული გამოცდების შეწყვეტამდე აშშ-მა 1 054 ასეთი გამოცდის მოწყობა მოასწრო, საბჭოთა კავშირმა არანაკლებ 715, დიდმა ბრიტანეთმა 45, საფრანგეთმა 210, ჩინეთმა 45, ინდოეთმა და პაკისტანმა ექვსამდე, ხოლო ჩრდილოეთ კორეა 6 ბირთვული გამოცდის შემდეგაც ეტყობა გააგრძელებს ახალ მიწისქვეშა ბირთვულ აფეთქებებს.

ბირთვული საგამოცდო აფეთქებების მოწყობის აუცილებლობას ძირითადად ორი გარემოება იწვევდა-ახალი ბირთვული და თერმობირთვული ქობინების გამოცდები და ძველი ბირთვული იარაღის შემოწმება, თუ რამდენად ბრძოლისუნარიანი რჩებოდნენ ისინი დამზადებიდან წლების შემდეგაც.

ასევე დაგაინტერესებთ: "ბურევესტნიკის“ შემდეგ "პოსეიდონიც“- პუტინი ტრამპს ამჯერად უკვე ბირთვულძრავიანი წყალქვეშა დრონითაც აშინებს...

გადამღობი აეროსტატები კრემლის თავზე - როგორ ემსგავსება პუტინის მოსკოვი სტალინის დროინდელს

„წყალდიდობებით ომი“ ანუ დატბორე მტერი, რომ ვეღარ შემოგიტიოს - რატომ აუფეთქეს უკრაინელებმა რუსებს ბელგოროდის წყალსაცავის დამბა

"მფრინავი ჩერნობილი“ რუსეთს მართლაც გამოუცდია - პუტინი „ბირთვულ ხელკეტს“ ისევ სახიფათოდ „ათამაშებს“...

თუმცა, კომპიუტერული ტექნიკის განვითარებასთან ერთად, შესაძლებელი გახდა ამ ბირთვული აფეთქებების ვირტუალურად გამოთვლაც, რაც რეალური ბირთვული აფეთქებების განხორციელების აუცილებლობას აღარ მოითხოვდა.

1996 წლის ხელშეკრულების, ბირთვული გამოცდების სრული აკრძალვის თაობაზე, რატიფიცირება რუსეთმა 2000 წელს მოახდინა, თუმცა 2023 წელს ეს რატიფიცირება უკან გაიწვია ,ხოლო აშშ-ს ამ ხელშეკრულების რატიფიცირება საერთოდ არ განუხორციელებია, შესაბამისად თეთრ სახლსაც და კრემლსაც ხელ-ფეხი აქვთ გახსნილი მიწისქვეშა ბირთვული გამოცდების გასანაახლებლად და ამით არავითარ საერთაშორისო ხელშეკრულებას არ დაარღვევენ...

მაგრამ ამით, პირველ რიგში ჩვენი დედამიწა წააგეებს, მასზე მცხოვრებ ადამიანებთან, ფლორასა და ფაუნასთან ერთად, რადგან აშშ-სა და რუსეთის მიერ ბირთვული გამოცდების განახლება ნიშნავს იმას, რომ მათ სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ, უფრო მეტ სახელმწიფოსაც გაუჩნდება ეს საშინელი იარაღი და მსოფლიო კიდევ უფრო საშიში გახდება...

ოღონდ აქ რჩება ერთი პატარა იმედი-თავისი არაორდინალურობით ცნობილ პრეზიდენტ ტრამპს, როდესაც დაიმუქრა ბირთვული გამოცდების განახლებით, არ დაუკონკრეტებია თუ რა იგულისხმა მასში-სრული მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება,ბირთვული იარაღის გადამტანი რაკეტების გამოცდა თუ ბირთვული ქობინების სუბკრიტიკული გამოცდა,როდესაც მათ ინიცირების დონემდე არმისულ ფაზამდე ამოწმებენ...