რუსეთს დიდი კატასტროფა ელის: "პუტინი მარცხდება, კრემლი ჩინეთის ვასალი ხდება" - 7 ფაქტორი, რომელიც რუსეთს ჩამოშლის?! - კვირის პალიტრა

რუსეთს დიდი კატასტროფა ელის: "პუტინი მარცხდება, კრემლი ჩინეთის ვასალი ხდება" - 7 ფაქტორი, რომელიც რუსეთს ჩამოშლის?!

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით: „პუტინი ბოლო 150 წლის განმავლობაში ყველაზე უცნაურ ომში მარცხდება - უკრაინის კონფლიქტი ფარსად გადაიქცა“ (ავტორი - მარკ ბროლინი, პოლიტოლოგი), რომელშიც გაანალიზებულია რუსეთის ამჟამინდელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და უკრაინასთან ომში კრემლის მოსალოდნელი მარცხის მიზეზები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როგორც ცნობილია, ლორდმა ჰენრი პალმერსტონმა - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა - 1864 წელს დანიასა და გერმანიას (პრუსიას) შორის მომხდარ ომზე გაიხუმრა და თქვა: „ომის მიზეზი მხოლოდ სამმა ადამიანმა იცის, მაგრამ ერთი მოკვდა, მეორე ჭკუიდან გადავიდა, მესამეს კი ყველაფერი დაავიწყდა“. და თუ დანიისა და პრუსიის ომი თავის დროზე სტრატეგიულ აბსურდად შერაცხეს, მაშინ რუსეთ-უკრაინის ომმა აბსურდობის თამასა კიდევ უფრო მაღლა ასწია.

განვიხილოთ ომის ძირითადი მხარეების ქცევა-მოქმედება:

პირველი - ვლადიმერ პუტინის გუნდს იმედი ჰქონდა, რომ ძალისა და სტრატეგიული სამხედრო ხელოვნების დემონსტრირებას მოახდენდა და უკრაინას ელვისებურად დაიკავებდა. მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში? - აღმოჩნდა, რომ კრემლის მლიქვნელებმა, რომლებიც მე-19 საუკუნის რუსული იდეებით არიან შეპყრობილნი, არაფერი იციან დღევანდელი რეალური მსოფლიოს შესახებ. მათ ვერ გათვალეს ელემენტარული მომენტები, შესაბამისად, მიიღეს ის, რაც მოსალოდნელი იყო: მოსკოვის გავლენის სფერო შევიწროვდა ახლო აღმოსავლეთით, ცენტრალური აზიით და ევროპის ზოგიერთი ქვეყნით, ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრები გახდნენ, თვითონ რუსეთი კი ჩინეთის ვასალი ხდება. მოსკოვმა დაკარგა თავისი ნავთობის გასაღების დასავლური ბაზარი, კრემლის „ნაქებმა და ძლევამოსილმა“ არმიამ კი ოთხწლიანი ბრძოლებით უკრაინის მხოლოდ ნაწილი დაიკავა [ისიც რუსული მოსახლეობით]. ომმა რუსეთს უამრავი ადამიანური და ეკონომიკური დანაკარგები მოუტანა, თანაც არანაირი დამაჯერებელი მიზეზები არ არსებობდა იმისათვის, თუ რატომ დასჭირდა პლანეტის უდიდეს სახელმწიფოს დამატებითი კვადრატული კილომეტრები;

მეორე - უკრაინა და მისი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელთა გაკონტროლება და დამხობა ვლადიმერ პუტინს სურდა, არსებობენ და მოქმედებენ, თანაც - საკმაოდ წარმატებით.

მესამე - ევროპა, რომელსაც კრემლი ნავთობითა და გაზით კვებავდა და პუტინს ეგონა, რომ მხოლოდ ციმბირულ საწვავზე იქნებოდა დამოკიდებული, ამჟამად რუსულ ენერგომატარებლებს თითქმის აღარ იყენებს. ევროპა მიხვდა, რომ შეცდა, როცა ცივი ომის შემდეგ თავის სამხედრო ძალას ყურადღებას აღარ უთმობდა და ახლა ჩამორჩენას ინაზღაურებს;

მეოთხე - აშშ და დონალდ ტრამპი: პრეზიდენტი ცდილობს მშვიდობა დაამყაროს, მაგრამ წინააღმდეგობრივ ნაბიჯებს დგამს. იგი ხან ბერკეტების გამოყენებას ცდილობს, ხან უკან იხევს. არადა დღევანდელი რუსეთი ამჟამად ჯუჯაა ამერიკასთან შედარებით, რუსეთს მხოლოდ ატომური ბომბებით მოაქვს თავი, რომელთა გამოყენება მას არ შეუძლია...

ეს ყველაფერი რუსეთ-უკრაინის ომს იმდენად უცნაურს ხდის, რომ ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს, რომელიც აფასებს ლოგიკას და თანმიმდევრულ მოქმედებას, ჭკუიდან შეშლის.

ასევე დაგაინტერესებთ: გაიყინება თუ არა უკრაინა ზამთარში?! - ექსპერტის საგანგაშო პროგნოზი

"მესამე მსოფლიო ომი გვიახლოვდება!" - სკანდალური სტატია: ევროპული "პერლ-ჰარბორის" საფრთხე ანუ როდის "გაიღვიძებს" ნატო?!

"ევროპას თანამედროვე ჩერჩილი სჭირდება... ევროპის ლიდერებმა პუტინის ტირანიის წინააღმდეგ დიდი ბრიტანელი ლიდერის სულს უნდა მოუხმონ" (The Daily Telegraph)

როგორ დავამხოთ "იმპერატორი" პუტინი: "უკრაინამ ყირიმი ისეთ დღეში უნდა ჩააგდოს, რომ ის დაუსახლებელი და უსიცოცხლო გახდეს" - ბენ უოლესი

მოსალოდნელია, რომ მითი „რუსეთის ძლიერებაზე“ სულ მალე დაინგრევა. ამ მითის საფუძველზე ყოყოჩობდა კრემლი და ევროპას აშინებდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთი სულ მალე ისევ „დაიჩოქებს“ რამდენიმე მიზეზის გამო:

ა) რუსეთის სამხედრო ეკონომიკა უკვე „გადახურებულია“. სექტემბერში ინფლაციის დონემ 8%-ს მიაღწია, ფასები კვლავ მატულობს. ეკონომიკის გრძელვადიან სტაბილურობაზე ლაპარაკი ზედმეტია. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები 17%-მდე ასწია, რაც „ბანანის რესპუბლიკის“ მაჩვენებლებს წარმოადგენს;

ბ) იარაღი უპირველეს ყოვლისა: მოსკოვის 2025 წლის გეგმებით თავდაცვის ხარჯების ზრდა მთლიანი შიდაპროდუქტის 6%-მდე გამოყენებას ითვალისწინებს. ეს ისეთი დონეა, რომელიც ყველა დანარჩენ სფეროს და დარგს ზღუდავს და სამომავლოდ უმკაცრეს ეკონომიას გულისხმობს;

გ) რუსეთი სამუშაო ძალის დეფიციტს განიცდის: შეფასებები განსხვავდებიან, მაგრამ შედარებით სანდო წყაროების მონაცემებით, დაღუპული რუსების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა, ხოლო დაჭრილ-დასახიჩრებულების რიცხვმა - 1,1 მილიონ ადამიანს. ნატოს შეფასებით, მხოლოდ მიმდინარე 2025 წელს, დაახლოებით, 100 ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. საერთოდ, როგორც არ უნდა შეფასდეს დანაკარგები, ისინი მაინც ისეთი დონისაა, რომელიც მდგრად წარმოებას ვერ უზრუნველყოფს;

დ) ეკონომიკური ზრდა - ილუზია, რომელიც სამხედრო ხარჯების ზრდას ემყარება. რუსული სტატისტიკა ხშირად აქვეყნებს მთლიანი შიდაპროდუქტის პოზიტიურ მონაცემებს, მაგრამ ისინი განპირობებულია სახელმწიფო დაკვეთებით და ხელფასების მატებით, რისთვისაც ფინანსური რეზერვები იხარჯება. შეიძლება ითქვას, რომ რუსები დღეს შემოსავლების მატებით „ხარობენ და მთვრალები“ არიან, ხვალ კი საშინელ „ნაბახუსევ“ მდგომარეობაში ჩავარდებიან. უკვე არის ამის უტყუარი ნიშნები - ენერგომატარებლებით მიღებული შემოსავლები მცირდება;

ე) უმუშევრობის დონის შემცირება არ ნიშნავს იმას, რომ რუსული ეკონომიკის ტემპები მატულობს და ყველა შრომისუნარიანი მოქალაქე დასაქმებულია. უმუშევრობის ისტორიულად დაბალი დონე განპირობებულია სამუშაო ძალის - მუშახელის უკმარისობით. არმიაში სულ უფრო მეტი მოქალაქე მსახურობს, ბევრი საზღვარგარეთ გარბის და ომში წასვლას თავს არიდებს, რაც მუშახელის დეფიციტს იწვევს. საზღვარგარეთ გაქცევა „ტვინების გადინებასაც“ ნიშნავს. ქვეყანა ბევრმა ჭკვიანმა ადამიანმა დატოვა, რომელმაც თავისი კაპიტალიც თან წაიღო და - ჭკუა-გონებაც;

ვ) რუსეთის მოსახლეობის ჯანდაცვის დონე: რუსები ევროპაში ყველაზე ღარიბები და ავადმყოფები არიან - მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა ათი წლით ნაკლებია, ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით. ჯანდაცვის სისტემა ისეთია, რომელიც მოქალაქეთა სრულყოფილ მკურნალობას გამორიცხავს;

ზ) რუსეთის დამოკიდებულება ჩინეთზე: დღეს რუსეთის საგარეო ვაჭრობის 40% ჩინეთზე მოდის. პეკინი, რასაკვირველია, რუსული ნავთობის უდიდესი შემსყიდველია, მაგრამ ამერიკული სანქციების გამო, ჩინეთი სიფრთხილეს ამჯობინებს. თანაც რუსეთი ვერ იღებს იმდენ შემოსავალს, რასაც ადრე ევროპაში ნავთობ-გაზის ექსპორტით იღებდა.

მოკლედ, ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს, რეალობაში არ ცხოვრობს და მას გარემოცვა ილუზიებით „კვებავს“. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ზეწოლის გაძლიერება - რათა შეუძლებელი გახდეს რეალობის შენიღბვა და „სიბნელე ნათელით შეიცვალოს“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო