პოკროვსკის ტრაგედია: რამდენიმე დღე ქალაქის დაცემამდე - როგორ იყენებენ რუსები "სოხუმზე ბოლო შეტევის" ტაქტიკას - კვირის პალიტრა

პოკროვსკის ტრაგედია: რამდენიმე დღე ქალაქის დაცემამდე - როგორ იყენებენ რუსები "სოხუმზე ბოლო შეტევის" ტაქტიკას

რით წააგავს უკრაინულ პოკროვსკზე რუსული შეტევების ტაქტიკა სოხუმზე ბოლო შემოტევას...

უკრაინის დონბასის ქალაქის - პოკროვსკის ტრაგიკული ბედი, სამწუხაროდ, გადაწყვეტილია - ის რამდენიმე დღეში დაეცემა (მის მეზობელ მირნოგრადთან ერთად), ისევე, როგორც ეს მოხდა სოლედარისა თუ ბახმუტის შემთხვევაშიც...

პოკროვსკს რუსეთის საოკუპაციო ძალები გასული წლის 1 აგვისტოდან უტევენ და მუდმივი იერიშების 460 დღის შემდეგ მოახერხეს მცირერიცხოვანი, მაგრამ მრავალი მოიერიშე ჯგუფებით ამ უკრაინული ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეღწევა და იქ ახლა ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს...

ერთი შეხედვით, უკრაინის არმიას ჰქონდა იმის რეზერვი, რომ პოკროვსკის დამცველებისთვის დამხმარე ძალები მიეშველებინა, ჯავშანტექნიკის ჩათვლით, მაგრამ ეს ვერ შეძლო იმის გამო, რომ რუსულმა კამიკაძე-დრონებმა მასობრივად „ჩაკეტეს“ლოჯისტიკის გზები პოკროვსკისკენ და ნადირობენ არათუ ტანკებსა და ჯავშანმანქანებზე, არამედ - თითოეულ იმ უკრაინელ მებრძოლზეც კი, რომელიც პოკროვისკენ ფეხით მალულად მიიპარება...

ფაქტობრივად, ეს არის საბრძოლო მოქმედების ზონაში მოწინააღმდეგის ახლო ზურგის ბლოკირება, რომ მან დამხმარე ძალები ვეღარ მიაშველოს თავისიანებს წინახაზზე.

ეს ყველაფერი კი ძალაუნებურად აჩენს პარალელს აფხაზეთის ომში 1993 წლის 16 სექტემბრიდან დაწყებულ სოხუმის ბოლო შეტევასთან, რასაც, სამწუხაროდ, მისი დაცემა მოჰყვა, ათიოდე დღეში...

აქ ორი ძირითადი პარალელის გავლება შეიძლება:

პირველი - 16 სექტემბერს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუხანათურად დარღვევის შემდეგ, აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილოეთ კავკასიელი დაქირავებულებისა და რუსი სამხედროების დაჯგუფებამ მდინარე კოდორთან ჩაკეტა ოჩამჩირე-სოხუმის საავტომობილო და სარკინიგზო ხაზი, რითაც ალყაში მოაქცია სოხუმი ანუ იზოლირებული იქნა გუმისთის ფრონტის ხაზი და შეუძლებელი გახდა მისი დამცველების ლოჯისტიკური მომარაგებისა და პირადი შემადგენლობის გადასროლა სახმელეთო გზით.

მეორე და მთავარი: სოხუმზე მოწინააღმდეგემ მანამდე რამდენიმე შეტევა განახორციელა, რომელიც მარცხით დამთავრდა. განსაკუთრებით კი - 1993 წლის 15-16 მარტის შემოტევა მდინარე გუმისთის გადმოკვეთის დროს, როდესაც მან მძიმე საბრძოლო დანაკლისი განიცადა. 16 სექტემბერს დაწყებული იერიშისას კი მოწინააღმდეგე მხარემ მოქმედების ტაქტიკა შეიცვალა და იმის ნაცვლად, რომ გუმისთაზე მთელი ფრონტით შემოეტია, აირჩია სოფელ შრომის მხრიდან და სხვა მიმართულებებიდან (მათ შორის სატელევიზიო ანძის მხრიდანაც) მცირე ჯგუფებით შემოღწევა სოხუმის განაპირა ქუჩებში, რაც, სამწუხაროდ, შედეგიანი აღმოჩნდა მათთვის.

j-1761899834.png

მცირე, 5-10 კაციანი მოიერიშე ჯგუფებით შეტევის ტაქტიკა რუსეთ-უკრაინის ომში „ვაგნერის“ დაჯგუფებამ დანერგა, როდესაც მსუბუქი შეიარაღებით აღჭურვილი ასეთი ჯგუფები მოტოციკლეტებისა თუ ელექტროველოსიპედების გამოყენებით სწრაფად გადაკვეთავენ ფრონტის „რუხ ზონას“, გადარჩენილები გროვდებიან და იწყებენ უკრაინელების თავდაცვითი პოზიციების იერიშს...

როდესაც საქმე უკვე ქუჩის ახლო ბრძოლებამდე მიდის, იქ არტილერიის ცეცხლის გამოყენება რთული ხდება, რადგან საკუთარი მებრძოლების დაზიანებაც შეიძლება აფეთქებული ჭურვების ნამსხვრევებით და ასეთ დროს, ძირითადად, მხოლოდ ავტომატები, ტყვიამფრქვევები და ხელის ყუმბარსატყორცნები გამოიყენება, რასაც ემატება რუსეთ-უკრაინის ომის „აღმოჩენაც“ - FPV-დრონებიც...

აფხაზეთის ომის დროს მართალია, კამიკაძე-დრონები არ არსებობდნენ, მაგრამ ქალაქში შემოღწეული მცირე მოიერიშე ჯგუფების მოქმედების ტაქტიკის გამოყენებამ მოწინააღმდეგეს საშუალება მისცა, სოხუმი დაეპყრო, მას შემდეგ, რაც გუმისთაზე „შუბლა“ შეტევებმა მას დიდი დანაკარგი მოუტანა და საწადელს ვერ მიაღწია.

ასევე დაგაინტერესებთ: ფაშინიანისა და ალიევის სამშვიდობო ხელისჩამორთმევის მიუხედავად,სომხეთიც და აზერბაიჯანიც აგრძელებს გამალებულ შეიარაღებას...

აპოკალიფსის "აჩრდილი" მსოფლიოში: ტრამპი "ბოლო ჟამის" იარაღს გადასწვდა - პუტინმა "დიდი დონალდი" მაინც „წამოიკიდა“ თავისი „ბურევესტნიკითა“ და „პოსეიდონით“

"ბურევესტნიკის“ შემდეგ "პოსეიდონიც“- პუტინი ტრამპს ამჯერად უკვე ბირთვულძრავიანი წყალქვეშა დრონითაც აშინებს...

გადამღობი აეროსტატები კრემლის თავზე - როგორ ემსგავსება პუტინის მოსკოვი სტალინის დროინდელს

რუსეთ-უკრაინის ომის პირველ ეტაპზეც რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობდნენ ასეთივე „შუბლა“ შეტევებისას ტანკებისა და ჯავშანმანქანების დიდი რაოდენობით გადაეთელათ უკრაინის დამცველების რიგები, მაგრამ ვერც კიევი აიღეს რამდენიმე დღეში და რამდენიმე თვეში, უკვე თითქმის ოკუპირებული ხარკოვიდან და ხერსონიდანაც კუდამოძუებულებს გაქცევაც მოუწიათ...

და სწორედ ამის შემდეგ შეცვალა რუსეთის გენშტაბმა უკრაინულ ქალაქებზე შეტევების ტაქტიკა - მათ პირდაპირ აღარ უტევენ, გვერდს უვლიან, ცდილობენ, ალყაში მოაქციონ და ამასთან - რამდენიმეკაციან, მაგრამ მრავალრიცხოვან მოიერიშე ჯგუფებს სხვადასხვა მიმართულებებიდან უსევენ მორიგ უკრაინულ ქალაქს, ისევე, როგორც ეს გააკეთეს 1993 წლის 16-27 სექტემბერს სოხუმის წინააღმდეგ...