რა ხდება უკრაინის ფრონტზე: ქართველი გენერალ-მაიორის პროგნოზი - "გერასიმოვი არ არის კარგი გენერალი, მას, სავარაუდოდ, უკრაინელი წარმოშობის ვიქტორ პოზნი - კვირის პალიტრა

რა ხდება უკრაინის ფრონტზე: ქართველი გენერალ-მაიორის პროგნოზი - "გერასიმოვი არ არის კარგი გენერალი, მას, სავარაუდოდ, უკრაინელი წარმოშობის ვიქტორ პოზნიხირი შეცვლის"

უკრაინა რუსულ ენერგოობიექტებსა და ნავთობგადამამუშავებელ ცენტრებზე შეტევას აგრძელებს. ახლახან უკრაინელებმა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. მანამდე ნოვოროსიისკის ნავთობგადამამუშავებელ ცენტრს დაარტყეს. არც რუსეთია გულხელდაკრეფილი - რამდენიმე დღეა, რაც რაკეტებითა და დრონებით მასირებულად უტევს კიევს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.… რა ხდება ფრონტზე, რა მნიშვნელობა აქვს ომში უპილოტო საფრენი აპარატების როლის ზრდას, როგორ მუშაობს რუსეთზე დასავლური სანქციები და ვის ამზადებს პუტინი რუსეთის არმიის ხელმძღვანელ ვალერი გერასიმოვის შემცვლელად. გვესაუბრება გენერალ-მაიორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე.

- რუსეთის ფედერაცია მუდმივ ფსიქოლოგიურ და მორალურ დარტყმებს აყენებს უკრაინას. იწყება ოპერაცია "ცივი ზამთარი" (ასე დავარქვათ), რა დროსაც რუსები შეეცდებიან დაარტყან უკრაინის არა მარტო სამხედრო ობიექტებს, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც. ეს გულისხმობს, რომ მათ უნდათ ენერგოსისტემები გამოიყვანონ მწყობრიდან, რაც უპირველესად მოსახლეობას ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად და ადეკვატურად მოახერხებს დასავლეთი სათადარიგო ნაწილების გაგზავნას ამ ობიექტების აღდგენისთვის, რათა დასახლებულ პუნქტებში შენარჩუნდეს სიცოცხლისუნარიანობა. ძირითადი დარტყმები მაინც ფრონტისპირა ქალაქებსა და რაიონებზე მოდის, მაგრამ კიევზეც არის დარტყმები. ეს რუსების ხელწერაა და არც უკრაინელებისთვისაა ახალი. მსგავსი რამ 2022 წლიდან ხდება სხვადასხვა მასშტაბითა და ინტენსივობით, რის გამოც უკრაინის ძალიან ბევრი მოსახლე შეიარაღებულია ინდივიდუალური გენერატორებით. შეიძლება არის დარტყმები, გარკვეული რაიონების გამორთვა, მაგრამ დასავლეთის დახმარებიდან გამომდინარე, უკრაინელები სწრაფად ახერხებენ ამ ობიექტების აღდგენას.

უკრაინელების დარტყმების შედეგად არც რუსეთია დალხინებული, სულ ახლახან ნოვოროსიისკის ნავთობგადამამუშავებელ ცენტრს დაარტყეს "ფლამინგოთი" ან "ნეპტუნით" (რაც შემდგომში გახდება ცნობილი). ეს არის ყველაზე მსხვილი ამ ტიპის ობიექტი შავ ზღვაზე და მნიშვნელოვანი ზარალია რუსებისთვის. უკრაინელებმა დაბომბეს რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც. ამის გარდა, რამდენჯერმე ჩაბნელდა ბელგოროდი, მოსკოვის მიდამოებშიც არის დარტყმები, როგორც უკრაინელები ამბობენ, მოსკოვის ცათამბჯენსაც კი მოხვდა რუსების გაშვებული ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა (რუსები ამბობენ, უკრაინული დრონი მოხვდაო, მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს. ყოველ შემთხვევაში, მოსკოვსაც კი არ სძინავს წყნარად).

- კუპიანსკისა და პოკროვსკის ხელში ჩასაგდებად გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს და როგორც ამბობენ, ეს ბრძოლები ომის ბედსაც გადაწყვეტს.

- ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მოდის, არის მონაცემები, რომ რუსებმა კვლავ მოახერხეს წინ წაწევა (როგორც რუსები ამბობენ). საუბარია კუპიანსკის დასავლეთ მონაკვეთზე და აპირებენ სამხრეთ-დასავლეთიდან ალყის შეკვრას, ვინაიდან ჩრდილოეთიდან, დობროპოლიედან მათ ჩაეშალათ შეტევები და ახლა მარცხენა ფლანგიდან აპირებენ ალყის დასრულებას. ჯერჯერობით აქ არ არის მნიშვნელოვანი წინსვლა, ერთადერთი, რუსები გრუშინოს მიმართულებით გადაადგილდებიან. მთავარი ისაა, აქედან პოკროვსკისკენ მიდის საკმაოდ მნიშვნელოვანი გზა - უკრაინელების მომარაგების ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი, რომელიც ცეცხლში იყო მოქცეული, თუმცა მაინც უკრაინელების მომარაგებისთვის გამოიყენებოდა.

მე არ დავაყენებდი ისე მძაფრად საკითხს, რომ პოკროვსკის აღება იქნება ომის ბედის გადამწყვეტი. რუკას თუ დავხედავთ, პოკროვსკი ერთი პატარა ჯიბეა რუსების განლაგებაში დარჩენილი. ეს არცთუ ისე დიდი ტერიტორიაა, რომელსაც უკრაინელები დაკარგავენ (და აქეთკენ მიდის საქმე), მაგრამ არის ერთი საკითხი: სანამ რუსები აქედან ხარკოვამდე მივლენ (საკმაოდ შორსაა), შეეცდებიან დონბასის ადმინისტრაციული საზღვრის გაკონტროლებას. თუმცა ეს რომ გააკეთონ, კიდევ არაერთი დასახლებული პუნქტიც უნდა გაიარონ, მერე მიადგნენ ძლიერად გამაგრებულ თავდაცვის რაიონს, როგორიცაა კრამატორსკი, სლავიანსკის კონგლომერაცია და ა.შ.

ექსპერტების გათვლით, რუსებმა ამ ტემპით თუ გააგრძელეს წინსვლა, თუკი უკრაინელებიდან შემაჩერებელი ფაქტორი არ იქნა, რუსებმა რომ გააკონტროლონ დონბასი, ამას 5 წელი დასჭირდება (საუბარია მხოლოდ დონბასზე).

რუსები ძალიან ნელა მიიწევენ წინ, ზაფხულის შეტევით დაწყებული, მათ უკრაინის ტერიტორიის 0,4% დაიკავეს, შესაბამისად, გასაგებია მათი სვლის ტემპი, მაგრამ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი: პოკროვსკის მიმართულება ძალზე მნიშვნელოვანი იყო ტრამპთან მოლაპარაკების წინ, როდესაც პუტინს უნდოდა გამარჯვებულის პოზიციიდან დაემტკიცებინა ტრამპისთვის, რომ რუსული ძალები აქტიურ წინსვლას აგრძელებენ და დაიკავებდნენ პოკროვსკის, ზელენსკი ცდილობდა არ მიეცა ამის საშუალება რუსეთისთვის და პირიქით, ტრამპისთვის ეჩვენებინა, რომ რუსები ვერ ახერხებდნენ წინსვლას. ეს იყო პოლიტიკურად ძალზე მნიშვნელოვანი რაიონი. მთლიანად ეს რაიონი დიდი ნაცრისფერი ზონაა, გაურკვეველია, სად გადის შეხების ან მოწინააღმდეგის წინა ხაზი, მისი ზურგი. ყველაფერი ათქვეფილია და ახლა მიმდინარეობს ნანგრევებიდან ნანგრევებზე ბრძოლა...

ასევე დაგაინტერესებთ: "თუ კაცს გვერდით კარგი ცოლი ჰყავს..." ანუ რუს ჯარისკაცებს ცოლებით სახელმწიფო უზრუნველყოფს - რისი ეშინია კრემლს?!

რუსეთს დიდი კატასტროფა ელის: "პუტინი მარცხდება, კრემლი ჩინეთის ვასალი ხდება" - 7 ფაქტორი, რომელიც რუსეთს ჩამოშლის?!

ნისლი და წვიმა - პუტინის არმია ცუდ ამინდს ფარული იერიშებისთვის წარმატებულად იყენებს...

მოწამლე მფრინავი, მოიტაცე МиГ-31 და მიიღე 3 მილიონი დოლარი - უკრაინული სპეცოპერაცია, რომელიც ჩავარდა?!

- გერასიმოვმა განაცხადა, რომ ნოემბრის შუა რიცხვებამდე აიღებდა პოკროვსკის...

- დიახ, და წყაროების ინფორმაციის თანახმად, სწორედ ამაზეა დამოკიდებული გერასიმოვის თანამდებობაზე დარჩენა-არდარჩენა, ასახელებენ კიდეც მის შემცვლელს, ესაა ვიქტორ ვიქტორის ძე პოზნიხირი. უკრაინული წარმოშობის გენერალი, რომელიც სუმის ოლქშია დაბადებული. გამოვა, რომ სირსკი რუსული წარმოშობისაა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მართავს, რუსებს კი შტაბში უკრაინული წარმოშობის გენერალი ეყოლებათ. რამდენჯერ იღებენ რუსები ერთსა და იმავე პოზიციას და მერამდენედ აცხადებს რუსული მასმედია, განადგურდა ესა და ეს პოზიციაო. ეს ნიშნავს, რომ გერასიმოვი არ არის კარგი გენერალი. ცუდია, რომ ამას წინათ ზელენსკიმ მთავარსარდლისთვის უცნაური განცხადება გააკეთა - თქვა, რომ პოკროვსკის და მირგრადის რაიონში მეთაურებს ევაკუაციის გადაწყვეტილება ადგილზე შეუძლიათ მიიღონ, რომ ის ვეღარ აიძულებს მებრძოლებს ნანგრევებისთვის დაიღუპონ. ეს არ არის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელის ადეკვატური განცხადება. ეს სამოქალაქო პირის განცხადებაა. ზელენსკიზე დიდი მორალური და ემოციური წნეხია, ის სამხედრო პირი არ არის და ესეც გასაგებია. მსგავსი სირსკის რომ ეთქვა, უფრო მძიმე მდგომარეობა იქნებოდა. ახლა კონცენტრაციაა პოკროვსკი-მირგრადის მიმართულებაზე. რუსებმა განაცხადეს, რომ ცოტა წინ წაიწიეს. არ გამოვრიცხოთ, რომ ეს არის კრედიტით გამარჯვება - წინასწარ განცხადება, ]დავიკავეთ ესა თუ ის ქალაქიო, და მერე იბრძოლო, რომ მართლა დაიკავო წარმატების ჩვენებისთვის.

წაიკითხე ვრცლად