ოთხი კოშმარი ზელენსკისთვის - მძიმე მდგომარეობა ფრონტზე, ახალგაზრდების გაქცევა, აშშ-ის პოზიცია და გრანდიოზული კორუფციული სკანდალი
„ოთხი კოშმარი ვოლოდიმირ ზელენსკისთვის“ - ასეთი სათაური აქვს ფრანგული გაზეთის „ლე ფიგაროს“ (Le Figaro) 19 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი - რენო ჟირარი, პოლიტიკური მიმომხილველი), რომელშიც გაანალიზებულია უკრაინის წინაშე მდგარი პრობლემები. პუბლიკაციაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის მქონე საკითხებს (უკრაინის არმიის მძიმე მდგომარეობა, რუსეთის სამხედრო გეგმები, ანტირუსული სანქციების სავარაუდო გაზრდა...), ისე ბოლო დღეებში კიევში მომხდარ სამთავრობო კორუფციულ სკანდალს, რომელმაც ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
იმ კორუფციული სკანდალის ფონზე, რომელშიც უკრაინელი მინისტრები აღმოჩნდნენ გახვეულნი და იმ შეტევის შედეგად, რომელსაც რუსეთის არმია უკრაინაში ახორციელებს, ვოლოდიმირ ზელენსკისათვის ძალიან მძიმე და რთული პერიოდი დადგა.
ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტი ვიზიტით საფრანგეთს ეწვია - მეცხრედ რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან. იგი ემანუელ მაკრონმა ძალიან თბილად მიიღო და თავის უკრაინელ კოლეგას შეიარაღების მთელი არსენალი შესთავაზა - სახმელეთო საარტილერიო სისტემებით დაწყებული, საბრძოლო თვითმფრინავებით დამთავრებული.
ევროპის ერთ-ერთ წამყვანი სახელმწიფოს ლიდერთან ესოდენ მაღალი დონის ურთიერთობა უდავოდ ის პოზიტიური მომენტია, რომლითაც დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის ტრაბახი შეუძლია, მაგრამ, როგორც იტყვიან, მედალს ორი მხარე აქვს: საფრანგეთში წარმატებული ვიზიტი უკრაინაში მომხდარმა კორუფციულმა სკანდალმა დაჩრდილა: ქვეყნის პრეზიდენტად ტრიუმფალური არჩევიდან ექვსი წლის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის განსაკუთრებით რთულ პერიოდში უხდება საქმიანობა - ოთხი კოშმარი ერთმანეთს დაემთხვა და მის წინააღმდეგ გაერთიანდა.
პირველი - ფრონტზე შექმნილი მძიმე სიტუაცია
ნოემბერში ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის არმიამ 134 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიპყრო - ეს ორჯერ მეტია, ვიდრე მთელ ოქტომბერში. თვითონ პრეზიდენტმა აღიარა, რომ უკრაინის არმია იძულებული ხდება მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი - ქალაქი პოკროვსკი დატოვოს. რუსეთის ჯარები წინ გაიჭრნენ ზაპოროჟიეს ოლქშიც - ისარგებლეს ამინდით, როცა უკრაინული დრონები უმოქმედოდ იყვნენ და მოტორიზებული (მსუბუქი და მძიმე ტექნიკით) შეტევა განახორციელეს.
რა თქმა უნდა, ლეგენდარული და გარდამტეხი ოპერაციები არ განხორციელებულა, მაგრამ დასავლელი ექსპერტები შეშფოთებულნი არიან - რუსეთის რეგულარულ იერიშებს უკრაინის თავდაცვის დარღვევა და ფრონტის ხაზის ჩამოშლა შეუძლიათ
ყოველ შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტს სწორედ ამის იმედი აქვს: ასე რომ არ იყოს, იგი დათანხმდებოდა თავისი ამერიკელი კოლეგის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რიგი სანქციების გაუქმების სანაცვლოდ.
უკრაინის არმიის ძირითადი პრობლემა დღეისათვის იმით გამოიხატება, რომ მას არ აქვს პირადი შემადგენლობის როტაციის ისეთი შესაძლებლობა, როგორსაც მისი მოწინააღმდეგე - რუსეთის არმია ფლობს. რასაკვირველია, რუსეთს დემოგრაფიული პრობლემები უმწვავდება, მაგრამ მისი მოსახლეობა, უკრაინასთან შედარებით, მაინც ოთხჯერ მეტია. რუსეთს აქვს ისეთი სტრატეგიული ტერიტორიული, დემოგრაფიული, ეკონომიკური რეზერვები, რომლებიც აკლია უკრაინას.
უკრაინის სამხედრო მრეწველობა მუშაობს. არმია ბრძოლას აგრძელებს, თავგანწირულ გმირობებს ავლენს და ოსტატურად მოქმედებს: სამამულო წარმოების დრონებითა და რაკეტებით დამანგრეველ დარტყმებს აყენებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს - სამხედრო აეროდრომებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს... მაგრამ უნდა ვაღიაროთ: უკრაინის არმია მძიმე საკადრო „შიმშილსაც“ განიცდის - არ ჰყოფნის პირადი შემადგენლობა, ანუ ცოცხალი ძალა ფრონტისათვის.
მეორე - არმიაში გაწვევის ასაკის შემცირება: „პრო“ და „ანტი“
როცა რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, 2022 წლის თებერვალში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა შემოიღო და მამაკაცებს - 18-დან 60 წლამდე - სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვება აუკრძალა. იმ მომენტში ხელისუფლების მიზანს ჯარისკაცების რეზერვის შენარჩუნება წარმოადგენდა. მაგრამ იმავდროულად ასეთმა ზომამ ბევრი უკრაინელი ოჯახი აიძულა თავიანთი შვილები, რომლებსაც 18 წელი ჯერ არ შესრულებოდათ, უცხოეთში გაეგზავნათ, საიდანაც ისინი უკან აღარ ბრუნდებოდნენ, ფრონტზე გაწვევის შიშით: სასკოლო გამოშვებები ძირითადად მხოლოდ გოგონებისაგან შედგებოდა, ვაჟები კლასებში თითქმის აღარ იყვნენ.
უკრაინაში სამხედრო სამსახურისათვის ჯარში გაწვევა 25 წლის ასაკიდან იწყება. როგორც ამას წინათ ჩატარებულმა საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა. არმიაში გაწვევის ასაკის შემცირება მოსახლეობაში უკიდურესად არაპოპულარული გადაწყვეტილება იქნებოდა: გამოკითხულთა 86,5% ასაკის შემცირების წინააღმდეგ გამოდის. რა თქმა უნდა, მომხრეებიც იყვნენ, მაგრამ მათი რაოდენობა ბევრად მცირეა, ვიდრე მოწინააღმდეგეებისა - სულ რაღაც 10%.
ახალგაზრდების გაქცევა-გადინების თავიდან ასაცილებლად და საზოგადოებრივი დაძაბულობის შესამცირებლად, 26 აგვისტოს უკრაინის მთავრობამ 18-22 წლის ასაკის მამაკაცების საზღვარგარეთ წასვლის აკრძალვა გააუქმა, რის შედეგადაც ქვეყნის ხელისუფლება „მეორე უკიდურესობაში“ გადავარდა: მოკლე ხანში უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში - ძირითადად გერმანიაში და პოლონეთში - ათეულ ათასობით უკრაინელი წავიდა, ანუ ისინი იქ მყოფ მილიონობით ლტოლვილ-დევნილ თანამემამულეებს მიემატნენ.
მამაკაცთა ასეთმა გადინებამ შექმნა შთაბეჭდილება, რომ უკრაინელი ახალგაზრდები უკვე აღარ განიცდიან ისეთ ენთუზიაზმს ქვეყნის დასაცავად, როგორიც ომის პირველ წლებში ჰქონდათ, როცა ისინი ათასობით ეწერებოდნენ მოხალისედ მტერთან საბრძოლველად. [შედარებისათვის: 1914 წელს 17-დან 19 წლამდე, ანუ გასაწვევ ასაკზე მცირე წლოვანების მქონე 50 ათასი ფრანგი ჩაეწერა ნებაყოფლობით არმიაში გერმანელი დამპყრობლების წინააღმდეგ საომრად].
მესამე - დასავლეთს ანტირუსული სანქციები ამოეწურა
კიდევ ერთი კოშმარი ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-დან ეწვია: სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, როცა მას ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა - დამატებით რის გაკეთება შეუძლია ამერიკას, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე აიძულოსო - უპასუხა, რომ თეთრმა სახლმა უკვე აღარ იცის, თუ რა ზომა უნდა მიიღოს დამატებით კრემლის მიმართ. ყველა ნაბიჯი ფაქტიურად გადადგმულია, ყველა ხერხი მოსინჯულია... მართალია, ბოლო დროს დონალდ ტრამპმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო რუსული ნავთობის ექსპორტის აღსაკვეთად და, შესაბამისად, რუსულ ხაზინაში შემოსავლების შესამცირებლად - კომპანიებს „ლუკოილს“ და „როსნეფტს“ სანქციები დაუწესა, მაგრამ ჯერ-ჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი არ ჩანს, კრემლის არმია უფრო გააფთრებით იბრძვის და ნელ-ნელა ისევ წინ მიიწევს... გარდა ამისა, აშშ-მა უკრაინას იარაღის უფასო პირდაპირ მიწოდება შეუწყვიტა - ამჟამად ვაშინგტონი იარაღს თავის ევროპელ (ნატოელ) მოკავშირეებზე აწვდის, ისინი ფულს იხდიან და უკრაინას უგზავნიან...
რამდენად შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა რომაელ პილატესავით „ხელი დაიბანა“ და უკრაინელთა დახმარება თავის ევროპელ მოკავშირეებს გადააბარა? ამას მომავალი გვაჩვენებს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ აგრძელებს სადაზვერვო მონაცემების მიწოდებას უკრაინისათვის, მათ შორის კოსმოსური ტანამგზავრებიდან მიღებულ მასალებისაც, მაგრამ განა ეს მუდმივად გაგრძელდება? ესეც კოშმარული და უპასუხო კითხვაა კიევისათვის.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ "ეომება" აიათოლა ამინდს - "ირანის ხელისუფლებამ ღრუბლების „დათესვა“ დაიწყო, წვიმის ხელოვნურად გამოსაწვევად“
და ბოლოს, მეოთხე: გრანდიოზული კორუფციული სკანდალი
ვოლოდიმირ ზელენსკის მეოთხე და მისთვის გადამწყვეტი კოშმარი რამდენიმე დღის წინ დაიწყო: უკრაინის მთავრობა ისტორიულად მასშტაბურ სკანდალში გაეხვია - პრეზიდენტის პირადი გარემოცვის წევრები, მისი მეგობრები და მინისტრები თურმე მილიონობით დოლარს იჯიბავდნენ უკრაინის ენერგოსტრუქტურების აღსადგენად მიმართული თანხებიდან... ამის წარმოდგენაც კი საზარელია იმ ფონზე, როცა უკრაინის მოსახლეობას არ აქვს ელექტრონერგია, სიცივით იყინება და წყლის ნაკლებობას განიცდის. თემურ მინდიჩი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის მეგობარია (იგი თავის დროზე ერთობლივი პროექტის „95-ე კვარტლის“ პროდიუსერიც იყო), ქვეყნიდან გაიქცა, თავი ისრაელს შეაფარა და დაპატიმრება ამ ეტაპზე თავიდან აიცილა. უკრაინა „მინდიჩგეიტის“ შედეგებს იმკის...
2025 წლის ივლისში პრეზიდენტის ინიციატივით, მიღებული იქნა კანონი, რომლის თანახმად, ანტიკორუფციული ბრძოლის დამოუკიდებელი ორგანოები - ეროვნული ბიურო და სპეცპროკურატურა პირდაპირ უნდა დაქვემდებარებოდა ქვეყნის მეთაურს, ანუ ვოლოდიმირ ზელენსკის. ამ ფაქტმა საზოგადოებრივი მღელვარება და და დასავლეთის უკმაყოფილება გამოიწვია - საპროტესტო აქციების შემდეგ უკრაინის ხელისუფლება იძულებული გახდა უკან დაეხია და აღნიშნული სტრუქტურებისათვის დამოუკიდებლად მოქმედების ფუნქციები დაებრუნებინა. სწორედ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური პროკურატურის ძალისხმევით მომზადდა და განხორციელდა ოპერაცია, რომელსაც კოდური სახელწოდება „მიდასი“ უწოდეს.
რასაკავირველია, კორუფციული სკანდალი ძალზე სახიფათო შედეგების მომტანია უკრაინის მმართველი პარტიის - „ხალხის მსახურის“ მთავრობისათვის: მომხდარი ფაქტი უკრაინის მოსახლეობაში უდიდეს ზიზღს იწვევს. სკანდალი ასევე ძალზე შემაშფოთებელია უკრაინის დასავლელი სპონსორებისათვისაც. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს კომიკოსი და პრეზიდენტობის კანდიდატი ვოლოდიმირ ზელენსკი ამომრჩეველს ორ მთავარ და ძირითად პირობას აძლევდა - რუსეთთან შერიგებასა და კორუფციის ამოძირკვას, გასაგები იქნება ამომრჩევლის ამჟამინდელი განწყობა: ქვეყანა უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ბუნებრივია, პირველი დაპირების რეალიზება მთლიანად პრეზიდენტზე არ იყო დამოკიდებული, მაგრამ მეორის შესრულება მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკის ნებას ექვემდებარებოდა. პრეზიდენტმა თავისი ძირითადი გამოცდა ვერ ჩააბარა.
მოამზადა სიმონ კილაძემ