სენსაციური განცხადება: "ტრამპის შეკავება მხოლოდ ჩრდილოეთ ევროპის მონარქიებსა და ინგლისის სამეფო სახლს შეუძლია" - რის გადაფარვას ცდილობს "დიდი დონალდი" "თეთრი ხმაურით" - კვირის პალიტრა

სენსაციური განცხადება: "ტრამპის შეკავება მხოლოდ ჩრდილოეთ ევროპის მონარქიებსა და ინგლისის სამეფო სახლს შეუძლია" - რის გადაფარვას ცდილობს "დიდი დონალდი" "თეთრი ხმაურით"

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ მირიან მირიანაშვილთან, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრის" 24 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა.

რუსეთის თემის გარშემო დასავლეთშიც და თვითონ აშშ-შიც ერთსულოვნება არ არსებობს. სერიოზული დაპირისპირებაა იმ ძალებს შორის, რომლებიც რუსეთის ფუნდამენტურ და სტრატეგიულ მარცხს უჭერენ მხარს, და იმ ძალებს შორის, რომლებიც მხოლოდ რუსეთის დასუსტებას ემხრობიან. თვითონ ტრამპის გარემოცვაშიც ორი მკაფიო ხაზი ჩანს: სტრატეგიული­ მარცხის პოზიციაზე დგანან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რესპუბლიკური პარტიის ნაწილი, მათ ალტერნატივად­ კი იკვეთება ტრამპი თავისი­ ოჯახით, საერთაშორისო ებრაული ლობითა და მათი წარმომადგენელი სტივ უიტკოფით, რო­მლებიც რუსეთთან ეკონომიკური "გადატვი­რთვისთვის" მზად არიან, სანაცვლოდ კი პუტინისგან ბუნებრივ სიმდიდრეებზე წვდომასა და საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეული უძრავი ქონების დაბრუნებას ელიან.

საქართველოში ზოგიერთი ამტკიცებს, თითქოს ტრამპმა საქართველო რუსეთს დაუთმო. ეს რომ ასე იყოს, საქართველოს ხელისუფლებას ამერიკიდან და ევროპიდან არც პოლიტიკური იგნორი ექნებოდა, არც ეკონომიკური ზეწოლა. პუტინსა და ტრამპს შორის საქართველოსთან დაკავშირებით არანაირი შეთანხმება რომ არ არსებობს, ამის დასტურია ბიძინა ივანიშვილზე ფინანსური წნეხიც. ფულს არ ართმევენ, მაგრამ წვდომასაც არ აძლევენ. ფინანსები მისია, სასამართლოებსაც იგებს, მაგრამ საკუთარ ფულზე ხელი მაინც არ მიუწვდება.­ ის მას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს და მართალიც არის - ეს მიზანმიმართული ფინანსური ბერკეტი მასზე ზეწოლის საშუალებაა.

- ივანიშვილი მზად არის, რომ ასეთ ზეწოლას გაუმკლავდეს?

- მას ამ ეტაპზე გამოსავალი არა აქვს, ამიტომაც არის, რომ მუდმივად, ხან აშკარად, ხან კულუარულად ტრამპის ადმინისტრაციისგან მის მიმართ მოთხოვნების ჩამოყალიბებას ითხოვს. ის კობახიძის პირით, პირდაპირ სვამს კითხვას - რა უნდათ მისგან, რას სთხოვენ? მისი მთელი ფინანსური რესურსი, როგორც ქონება, ისე ფული, რაც ქვეყნის გარეთ აქვს, ფაქტობრივად, მისთვის მიუწვდომელია. ბრმა და ყრუ უნდა იყო, ეს რომ ვერ გაიგო, ამიტომ შემიძლია პირდაპირ ვთქვა - ივანიშვილს აღარ აქვს არჩევანის თავისუფლება.

- გაქვთ მოლოდინი, რომ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მით უფრო მაშინ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ზელენსკის მოუწევს მისი გეგმის მიღება.

- ვფიქრობ, ომი არ შეწყდება და ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმაც,­ რომელიც ცხრა სხვადასხვა ვარიანტად არსებობს, კვამლივით გაიფანტება.­ ტრამპმა ეს თემა ერთი მიზეზით წამოსწია - მას სურდა ეფშტაინის ფაილების გამო დაწყებული სკანდალის მიჩუმათება. ძალიან კარგად იცის, რომ ეს გეგმა ვერ შესრულდება, მაგრამ უნდოდა მთელი მსოფლიოს საინფორმაციო დღის წესრიგი გადაეტანა ისეთ წინადადებაზე, რომელიც გამოიწვევდა ევროპის და მთლიანად დასავლეთის უკმაყოფილებას და ამ ხმაურის ფონზე ეფშტაინის მასალების მისთვის მტკივნეული თემა უკანა პლანზე გადაეგდო... და ეს ნამდვილად მოახერხა. სხვათა შორის, შოუმენის თვალით რომ შევხედოთ, ტრამპი ამ საქმეში მართლაც ძლიერია, პროპაგანდის კამპანიების მოწყობაში აბსოლუტურად უბადლოა. ახლა ეფშტაინი ვიღას ახსოვს? არად, 3-4 დღის წინათ ეს იყო მსოფლიოში ნომერი პირველი ინფორმაცია. მსოფლიო საინფორმაციო სივრცეს თავისი ფასი აქვს. მსოფლიოს მთავარი ხუთეულის ყურადღების ცენტრში რომ მოხვდეს, საჭიროა ისეთი მასშტაბის საინფორმაციო დატვირთვა, რომელიც დაახლოებით 30 მილიარდ დოლარს შეესაბამება. ტრამპმა სწორედ ასეთი სიმძლავრის ხმაური ააგორა, რათა ეფშტაინის ფაილების გამო დაწყებული სკანდალი გადაეფარა. ეს იყო "თეთრი" ხმაური, ოღონდ ისეთი მასშტაბითა და ორგანიზებულობით, რომ რამდენიმე დღით მთელი მსოფლიოს საინფორმაციო ველი მთლიანად შეივსო. დარწმუნებული ვარ, ზელენსკის კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ტრამპის "სამშვიდობო" იდეა რეალური გეგმა არ არის და მხოლოდ საინფორმაციო მიზანს ემსახურება... ერთადერთი ძალა, რომელსაც ტრამპის შეკავება შეუძლია, არის ჩრდილოეთ ევროპის მონარქიები, ინგლისის სამეფო სახლი და მასთან დაკავშირებული ქვეყნები. სწორედ მათი პოზიციაა, რომელსაც ტრამპი ანგარიშს უწევს. თუ ისინი არ დაეთანხმებიან მის შეთავაზებას, ტრამპი უკან დაიხევს.

წაიკითხე ვრცლად