"ჰოლივუდში დაჯილდოებას მართლაც არ ველოდი" - ვინ არის ქართველი მწერალი, რომელიც ერთ წელიწადში ჰოლივუდში ორჯერ დააჯილდოვეს
„გამარჯვებულ ავტორთა გალა დაჯილდოება გაიმართა ჰოლივუდში, სასტუმრო „დიდების ხეივანში” მდებარე, სასტუმრო "რუზველტში", ღონისძიება ძალიან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო. დიდი ენთუზიაზმით გავემგზავრე მასზე დასასწრებად და ეს ემოცია ახლაც არ გამნელებია...", ამბობს ნათია ხადური. მწერალი სამი წლის წინ ჩავიდა ამერიკაში საცხოვრებლად.

ნათია ხადურმა თავის თავბრუდამხვევი წარმატებები "კვირის პალიტრას" ამერიკიდან გაუზიარა...
- მოგეხსენებათ, ყველა ავტორი ოცნებობს წარმატებაზე, მაგრამ ჰოლივუდში დაჯილდოებას მართლაც არ ველოდი და მით უფრო, ასე მოკლე დროში. ერთ პროექტში გამარჯვებას მეორე მოჰყვა და ასე გაგრძელდა 2024 წლის ბოლოდან, 2025 წლის დასასრულამდე. ახლა უკვე ახალ პროექტებში ჩავერთე და ახალი წლიდან ახალ მიღწევებს ველი.

- გაგვიზიარეთ თქვენი ორი ძალიან საინტერესო ვიზიტის შესახებ ჰოლივუდში?
- პირველი, ეს იყო 2025 წლის პირველ აგვისტოს, როდესაც გადმომეცა სერთიფიკატი პირველი ადგილისთვის პოეზიის კატეგორიაში. ეს არის წიგნის ფესტივალების მასშტაბური პროექტი, რომელსაც საერთაშორისო შინაარსი აქვს და რომელიც სრულიად ამერიკის მასშტაბით ტარდება. რაღა თქმა უნდა, ამ ამბავმა ძალიან აღმაფრთოვანა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ფესტივალებში ოცდახუთამდე (აღარც ვითვლი) სხვადასხვა პრიზები მაქვს მოპოვებული ჩემი წიგნებით.
მოგეხსენებათ, რომ ოთხი წიგნი გამოვეცი და ოთხივე მონაწილეობდა ამ ფესტივალებში.

გამარჯვებულ ავტორთა გალა დაჯილდოება გაიმართა ჰოლივუდში, სასტუმრო „დიდების ხეივანში” მდებარე სასტუმრო „რუზველტში”, ძალიან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ღონისძიება იყო. დიდი ენთუზიაზმით გავემგზავრე მასზე დასასწრებად და ეს ემოცია ახლაც არ გამნელებია.

რაც შეეხება „მეორე ჰოლივუდს”, ეს იყო მასშტაბური პროექტის მიერ ორგანიზებული გრანდიოზული გალა ღონისძიება. მასზე დასასწრებად ავტორებმა უძლიერესი კონკურსი გავიარეთ და გალა დაჯილდოებაც მხოლოდ ფინალისტი ავტორებით იყო წარმოდგენილი.

"წლის ავტორის” ტიტულისთვის ალბათ 300-მდე ავტორმა მიიღო მონაწილეობა. მე ფინალისტის სტატუსს დავჯერდი, თუმცა აღვნიშნავ იმას, რომ ამ პროექტში ფინალისტობაც გამარჯვებას ნიშნავდა.

ღონისძიებას ესწრებოდა უამრავი ექსპერტი და ამ საქმის სპეციალისტი, რომლებიც თავიანთ სიტყვაში ერთხმად აღიარებდა, რომ დარბაზში მყოფი ყველა ავტორი იყო გამარჯვებული და განსაკუთრებული სამწერლო ნიჭისა და ოსტატობის მქონე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კინორეჟისორებიც. ეს იყო 2025 წლის 4 ოქტომბერს ჰოლივუდში, “დიდების ხეივანთან” მდებარე სასტუმრო „Loews Hollywood Hotel”.
წინა დღეს, 3 ოქტომბერს ჩაიწერა ტელეინტერვიუც, რომელიც ABC15-ზე გავა. ჩანაწერს, როგორც კი მივიღებ, მაშინვე გაგიზიარებთ.

ჯერ მარტო, ამდენი ბედნიერი ადამიანის ერთად ხილვა განსაკუთრებული სიხარული. ნამდვილად ღირსეულმა ადამიანმა, ავტორმა მიიღო ჯილდო ჩემს კატეგორიაში „თანამედროვე მხატვრული ლიტერატურა” და მე მას მთელი გულით ვულოცავ "წლის ავტორის" ტიტულს. მე კი ისეთი განწყობითა და ემოციით დავბრუნდი, რომ ჩემს თავსაც და ჩემს მკითხველსაც ხმამაღლა ვეუბნები, რომ წერას მხოლოდ ახლა ვიწყებ!

ახლა ვმუშაობ ავტობიოგრაფიულ, ძალიან საინტერესო შინაარსის წიგნზე. უფრო ზუსტად, ძალიან საინტერესო საქმიანობისა და ღირსეული ადამიანების ამბის თხრობაზე და შევეცდები, რაც შეიძლება მოკლე დროში, ახალი წიგნის დაბადებით გავიხაროთ ყველამ ერთად.
(სპეციალურად საიტისთვის)
წაიკითხეთ ინტერვიუ - გორიდან ჰოლივუდამდე...