"ეს მილიონად ღირებული შეკითხვაა": რაში ხედავს გამოსავალს ვიქტორ ყიფიანი?! - "არ დავიღალეთ ერთი და იმავე სურათის ყურებით? ისევ და ისევ იმავე პირების დ - კვირის პალიტრა

"ეს მილიონად ღირებული შეკითხვაა": რაში ხედავს გამოსავალს ვიქტორ ყიფიანი?! - "არ დავიღალეთ ერთი და იმავე სურათის ყურებით? ისევ და ისევ იმავე პირების დაპირისპირებით, იმავე სცენარებით?"

ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს ანალიტიკოსი ვიქტორ ყიფიანი დიდი გაურკვევლობის ფაზად მიიჩნევს. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო პროტესტი არ შეწყვეტილა მას შემდეგ, რაც პრემიერმა კობახიძემ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა დღის წესრიგიდან მოხსნა, ჯერ არ მიუღწევია იმ მასშტაბისთვის, რომ პოლიტიკურ შედეგზე გავლენა მოეხდინა. რატომ ვერ შეიტანა პროტესტმა ვითარებაში გარდატეხა, რა არის კრიზისის მიზეზი და როგორია გამოსავალი, ამ კითხვებს ვიქტორ ყიფიანი უპასუხებს.

- სამწუხაროდ, პარტიული არენა ხელოვნურად გასუფთავდა იმ პოლიტიკური სუბიექტების ნაწილისგან, რომლებზეც საზოგადოების დიდი ნაწილი ამყარებდა იმედს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ხალხი დღეს განეიტრალებულია, მაგრამ ნაწილობრივ ხელისუფლების, ნაწილობრივ კი საკუთარი მოქმედებების გამო, მათი სანდოობისა და კეთილგანწყობის ჯაჭვი გაწყვეტილია. შეიძლება ითქვას, ოპოზიციამ საზოგადოებას ვერ მისცა სანდო და მკაფიო მომავლის ხედვა, მოსახლეობას ჯერ არა აქვს განცდა, რომ "ქართული ოცნების" შემდეგ აუცილებლად უკეთესი იქნება. გაურკვევლობა ასევე მოდის დასავლეთის პოლიტიკისგან, განცხადება ბევრია, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები ჯერ კიდევ ბუნდოვანია. არ ვიცით, რა ზეგავლენა ექნება ამ მიდგომებს ჩვენს შიდა პროცესებზე. ეს არც დასავლეთის ბრალია და არც ქართველების გამორჩეულობის. როგორც ვაკვირდები, გლობალურ პოლიტიკაშია პრობლემა იმისა, რომ მოძებნონ ის რეცეპტი, ფორმულა, რომელი "გარე ან შიდა წნევის ზრდის" ხარჯზე დაგეხმარება მიზნის მიღწევაში. ეს მიზანი რა არის? ის საჭირო ცვლილებები, რომლებიც არა ვინმეს გემოვნების, არამედ ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარეობს. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც გაურკვევლობას ქმნის - პროტესტი, მიუხედავად სამოქალაქო გმირობის ფორმით გამოვლინებისა, მაინც არ არის ისეთი მასშტაბის, როგორსაც ყველანი ველოდით. ამასთან, გვქონდა მოლოდინი, რომ საჯარო სექტორის წარმომადგენლები უფრო აქტიურად გამოხატავდნენ პოზიციას მიმდინარე მოვლენებზე. ალბათ, გახსოვთ ღია წერილები 78-ე მუხლის შესახებ და ის ტალღა, რომელიც მაშინ აგორდა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამ პროცესმა გაგრძელება ვერ პოვა. ამიტომაც, მთელი სურათი ერთად რომ შევაფასოთ, შექმნილ მდგომარეობას მართებულად შეიძლება ვუწოდოთ გაურკვევლობა და მოლოდინის რეჟიმი.

- როგორ გგონიათ, რატომ ვერ ჩაერთო საჯარო სექტორი პროცესში უფრო აქტიურად? რას უნდა ველოდოთ?

- მიჭირს ზუსტად თქმა, რატომ ვერ გაგრძელდა ეს პროცესები, თუმცა ერთ მთავარ მიზეზს დავასახელებ: სამწუხაროდ, სამოხელეო კორპუსში ჯერ კიდევ სუსტია სახელმწიფო ინტერესების ერთგულებისა და სახელმწიფოებრივად ჩამოყალიბებული ტრადიციის განცდა. მე არ ვამბობ, რომ სახელმწიფო მოხელეები სახელმწიფოს მიმართ უარყოფითად არიან განწყობილი, მაგრამ როცა საქმე ეხება საერთო პოზიციის დაფიქსირებას და არა სამზარეულოში ჩურჩულს ან კერძო საუბრებს, ჩანს, რომ ამ კულტურის გაძლიერება გვმართებს. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, რისი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს, მე ხშირად მითქვამს: საჭიროა არა ზედაპირული, არამედ არსებითი განახლება, რაც აუცილებლად არ გულისხმობს მხოლოდ ახალ სახეებს, მნიშვნელოვანია ახალი მიდგომა და ახალი ხელწერა. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც ზოგისთვის არაპოპულარულია: იმ პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის ღვაწლმოსილმა პირებმა, რომლებმაც წლების განმავლობაში ზიდეს პოლიტიკური ტვირთი, დროა კრიტიკულად შეაფასონ საკუთარი როლი აწმყოშიც და მომავალშიც. თუ ისინი მიზნად ისახავენ მხოლოდ შედეგს და არა საკუთარ პოზიციას პროცესში, მათ უნდა შეძლონ მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯის გადადგმა, უნდა გადგნენ განზე და პროტესტში ჩაერთონ როგორც რიგითი მონაწილეები.

- ოპოზიციურ სივრცეში დღეს აშკარად ჩანს შიდა დაპირისპირება. რატომ ვერ ახერხებენ ოპოზიციური ძალები შეთანხმებას და ერთიანი მოქმედების გეგმის დასახვას, როდესაც ამის აუცილებლობაზე ყველა მათგანი საუბრობს?

- გარდა იმ ტრადიციული პრობლემებისა, რაც ჩვენში ხშირად არის, კერძოდ, გადაჭარბებული პირადი ამბიციები და პარტიებში აზრის თავისუფლების ნაკლებობა, კიდევ ერთი სერიოზული საკითხი ჩანს - ხშირად ოპოზიციური პარტიები, მიუხედავად იმისა, რომ ებრძვიან მმართველ ძალას, თვითონაც იმავე მეთოდებს იყენებენ და იმავე გზას იმეორებენ. თითქოს კრიტიკა მიმართულია ხელისუფლებისკენ, მაგრამ საქციელი და მიდგომა ისევ ძველ ჩარჩოებში რჩება. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ოპოზიციაში დემოკრატიის სულისკვეთების დეფიციტთან ერთად შეინიშნება მერიტოკრატიის არარსებობა, ანუ დაფასება ნიჭისა და უნარის მიხედვით. მეორე საკითხი, ალბათ, ჩემი აზრით, ის არის, რომ ოპოზიციამ თითქოს შეწყვიტა განვითარება, მისი არც მსოფლმხედველობა განახლებულა და არც მიდგომები. მხოლოდ უსამართლობაზე საუბარი საკმარისი არ არის. ხალხს სჭირდება ზუსტი პასუხი: რატომ უნდა სჯეროდეს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის უკეთესი იქნება, რომ უკეთესად ვიცხოვრებთ? დღეს ბევრი ამომრჩეველი ვერ ხედავს უკეთეს ალტერნატივას, არა იმიტომ, რომ მმართველი ძალა მოსწონთ, არამედ იმიტომ, რომ არა აქვთ ნდობა და არ იციან, როგორი იქნება ქვეყანა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. ოპოზიციამ უნდა წარმოადგინოს რეალისტური ხედვა: როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს ახალი მოდელი; რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს მოქალაქის წინაშე და მოქალაქეს სახელმწიფოს წინაშე; როგორ განახლდება საჯარო სამსახური და როგორი იქნება მათი მოვალეობები. გარდა ამისა, ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს, რომ რეგიონში ამდენი მნიშვნელოვანი რამ ხდება, ზოგჯერ ჩვენთვის სასარგებლო, ზოგჯერ კი საშიში და ამის უგულებელყოფა ოპოზიციის ერთ-ერთ სერიოზულ ხარვეზად უნდა ჩაითვალოს. ჩვენ ირგვლივ ვითარდება პროცესები, რომლებიც პირდაპირ ეხება საქართველოს მომავალს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის ნაწილი თითქოს თავის მცირე სივრცეშია ჩაკეტილი, ვერც საზღვრებს გარეთ იყურება და ვერც ამ ცვლილებებს აკავშირებს ქვეყნის საჭიროებებთან. ხანდახან ისე ჩანს, რომ ცოდნა არის, მაგრამ არც სურვილია და არც ძალისხმევა, რომ ეს ცოდნა საქმედ და ქვეყნის სარგებლად იქცეს.

ასევე დაგაინტერესებთ:"პროცესები შესაძლოა დომინოს პრინციპით განვითარდეს... რაც არ უნდა აპრავონ "ქოცებმა" გაზის ამბავი, ვიცით რა, როგორ რეაგირებს ბრიტანეთი ქიმიურ, ან ბიოლოგიურ შეტევებზე" - რას წერს გია ხუხაშვილი?

"საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდებათ, ხოლო ის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიის უკუსვლაზე, სანქციების ქვეშ მოხვდებიან" - გიორგი მელაშვილის ანალიზი

"ღარიბაშვილის „ქეისი“ გამოყენებული იქნება, რომ დაჭერის შიშით მეტად დაიმორჩილონ ისედაც ყველაფერზე ხელისმომწერი დეპუტატები" - ირაკლი მელაშვილი

მამუკა არეშიძის სკანდალური განცხადება: " უკრაინელები გვთხოვდნენ კონსულტაციებს, რათა ჩვენი შეცდომები არ გაემეორებინათ , არც ერთი ჩვენი რჩევა არ გაითვალისწინეს" - რატომ ინადგურებს სომხეთი ისტორიას?!

- ქვეყანაში და სახელდობრ ოპოზიციაში არსებული ამდენი გამოწვევის ფონზე, მით უფრო 28 ნოემბრისთვის დაანონსებული მასშტაბური აქციის წინ, ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის საჯარო დაპირისპირებას როგორ აფასებთ?

- არ დავიღალეთ ერთი და იმავე სურათის ყურებით? ისევ და ისევ იმავე პირების დაპირისპირებით, იმავე სცენარებით? არაფერია პირადი არც სააკაშვილის, არც მელიას წინააღმდეგ. უბრალოდ, იბადება კითხვა: ნუთუ თვითონაც არ დაიღალნენ ამ დაპირისპირებათა დაუსრულებელი გამეორებით? ხანდახან მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი უფრო იმაზეა გათვლილი, რომ საკუთარი ადგილი და უპირატესობა შეინარჩუნონ ქართულ პოლიტიკაში, თითქოს ისინი ერთადერთი მოთამაშეები არიან და სხვას ადგილი არ ეკუთვნის. სწორედ ეს ქმნის იმ მომაბეზრებელ წრეს, სადაც სულ ერთნაირი სცენებია და არაფერი იცვლება. თუ გვინდა ამ მოჯადოებული წრის გარღვევა, ეს პირველ რიგში მათზეა დამოკიდებული, ვინც ამ წრეში დგას. მათ უნდა განაახლონ პოლიტიკა, გადადონ გვერდზე საკუთარი და წინ დააყენონ ქვეყნის ინტერესები. თუ ამას შეძლებენ, ქართველი საზოგადოება ამას სწორად შეაფასებს.

- სწორად მიგაჩნიათ გახარიას გუნდის­ პოზიცია, გამიჯნოდა საპროტესტო აქციას?­

- ეს ეპიზოდიც ნათელი მაგალითია პოლიტიკური აზრის დაწვრილმანებისა. როდესაც პოლიტიკოსი ვერ ხედავს დიდ სურათს, ვერ აფასებს, რაოდენ დიდია მიზანი და საკუთარ რესურსსაც უაზროდ ხარჯავს, ჩემს ემოციასა და ფსიქოლოგიურ რესურსსაც უსარგებლოდ მაკარგვინებს.

- რაში ხედავთ გამოსავალს?

- ეს მილიონად ღირებული შეკითხვაა. ყველაზე მთავარი მაინც ერთი რამ არის, რომ შევძლოთ საზოგადოებისთვის იმედის დაბრუნება. ხალხს უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ ცვლილება უკეთეს მომავალს მოგვიტანს. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე მივიდა იმ ზღვრამდე, სადაც უიმედობა იწყება. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ზღვარი არ გადაილახოს, არ გადავიდეთ იმ სიბნელეში, საიდანაც დაბრუნება რთულია, თორემ ყველაზე მტკივნეული შედეგი იქნება არა მხოლოდ უკან გადადგმული ნაბიჯი, არამედ ის, რომ მთელი ჩვენი ბრძოლა უშედეგოდ დამთავრდება.

ხათუნა ბახტურიძე