მოულოდნელი დასკვნა პუტინზე: კრემლის ბინადრის ფსიქოლოგიური "ტრიუკები", სხეულის ენა და შეცვლილი ტაქტიკა - "მოხრჩობა სიყვარულით"
„ექსპერტმა ჯუდი ჯეიმსმა გააანალიზა რუსეთის პრეზიდენტის რეაგირება თავისი ამერიკელი კოლეგის შეთავაზებაზე, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრის დროს და მოულოდნელ დასკვნამდე მივიდა“, - წერს ბრიტანული გაზეთი „დეილი მირორი“ (Daily Mirror) სტატიაში სათაურით: „პუტინის „ძალაუფლების თამაშის ტექნიკა“ აჩვენებს რუსი ლიდერის დამოკიდებულებას ტრამპის სამშვიდობო გეგმის მიმართ“ (ავტორი - ლიამ დოილი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
„ჯუდი დეიმსის, სხეულის ენის ექსპერტის თქმით, კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების განსაკუთრებით თბილი მიღება მიუთითებს იმაზე, რომ რუსულმა და ამერიკულმა მხარეებმა, უკრაინაში თავიანთ მიზნებთან მიმართებით, საერთო მოქმედების ვექტორი იპოვეს.
დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინთან გულწრფელი დიალოგი აქვს, უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით“, - თვლის ექსპერტი, რომელმაც გააანალიზა თეთრი სახლის წარმომადგენლების ხაზგასმულად ხელგაშლილი მიღება მოსკოვში.
მიმდინარე კვირის დასაწყისში, სამშაბათს, დონალდ ტრამპის დესპანი სტივ უიტკოფი და სიძე ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ, რომ დონალდ ტრამპის დავალებით ვლადიმერ პუტინს შეხვედროდნენ და უკრაინის სამშვიდობო გეგმის შესახებ ესაუბრათ. აღსანიშნავია, რომ რუსი მასპინძლები ამერიკელ სტუმრებს წითელი ხალიჩით მოფენილი გზით შეხვდნენ, გულთბილად მიიღეს და პრესტიჟულ მოსკოვურ რესტორანში ძვირფასი სადილი გაუმართეს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, მათ ლოდინი მოუწიათ რუსეთის ლიდერთან შესახვედრად.
და მაინც, ერთგვარი უხერხულობის მიუხედავად, რუსები ამერიკელებს იმდენად მეგობრულად ექცეოდნენ, რომ ექპერტები დარწმუნდნენ: ამერიკელებმა და რუსებმა საერთო ენა გამონახეს მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა უარი თქვა „ძალის დემონსტრირების საკვანძო ტექნიკაზე“.
„დეილი მირორთან“ საუბარში სხეულის ენის სპეციალისტმა ჯუდი დეიმსმა შენიშნა, რომ ამერიკელებთან შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, თავის დიდ მაგიდასთან არ დამჯდარიყო. მისი განმარტებით, არსებობს ძალის დემონსტრირების საკვანძო ტექნიკა, რომელიც პუტინს ამჯერად არ გამოუყენებია: მას შეეძლო სტივი და ჯარედი მაგიდასთან მიეწვია და საკმაოდ მოშორებით დაეჯინა. ასეთ სიტუაციაში ამერიკელები იძულებულნი გახდებოდნენ, მიკროფონებით ესარგებლათ, რაც მათ ფსიქოლოგიურად სერიოზულ წამგებიან მდგომარეობაში ჩააყენებდა - მასპინძლის ძალაუფლების ჩვენებით. ვლადიმერ პუტინმა ბევრჯერ ისარგებლა ამ "ტრიუკით", რათა თავისი ოპონენტები დაემცირებინა, თუმცა ბოლო მოლაპარაკებებზე სიტუაცია საკმაოდ გულთბილი და არატრადიციული გამოდგა.
ასევე დაგაინტერესებთ: უკრაინის "მწვანე კარდინალი": რატომ შერისხა ზელენსკიმ თავისი "მარჯვენა ხელი" - 100-მილიონიანი კორუფციული სკანდალი, რომელმაც ერმაკის თანამდებობა შეიწირა
ჯუდი დეიმსმა დაამატა, რომ ადგილების განლაგება იმას მიუთითებს, რომ კრემლის ბინადარი ამჯერად ცდილობდა თავისი დომინირების ჩვენებას, რასაც ადრე სხვა ლიდერებთან აკეთებდა ხოლმე: „შეხედეთ: ვლადიმერ პუტინი ზის სტივ უიტკოფის პირდაპირ, რაც თავისთავად კონფრონტაციას გულისხმობს, თუმცა დააკვირდით იმასაც, რომ მოსაუბრეები დიდი გრძელი მაგიდის შუაგულთან დასხდნენ და არა - მის კიდეებთან, რაც იმას მიუთითებს, რომ ვლადიმერ პუტინი ძალის დემონსტრირებას არ ცდილობს“.
ექსპერტის განმარტებით, ვლადიმერ პუტინი თავისი სხეულის ენით მასპინძელსა და სტუმრებს შორის „კეთილგანწყობას“ აჩვენებს ანუ რუსი ლიდერი ამერიკელთა სტუმრობით კმაყოფილებას გამოხატავს. „ორივე მამაკაცის სხეულის ენა კეთილგანწყობილია: სტივ უიტკოფის სახეზე ნაოჭები მოჩანს, რომელიც მეგობრული ღიმილით ჩნდება. პუტინი კი, თავის მხრივ, მშვიდად და მეგობრულად ჩანს: მას ერთი ხელი მაგიდაზე აქვს დადებული, მეორე კი - თეძოზე. ლოყები აწეული აქვს და თვალის უპეებთან ნაოჭები მოუჩანს, რაც გულწრფელი ღიმილით არის გამოწვეული“.
თუმცა, იმავდროულად, ჯუდი ჯეიმსი ამბობს, რომ საბჭოთა დაზვერვის ყოფილი ოფიცერი იმით არის ცნობილი, რომ მისი სხეულის ენა მაცდურია და შეიძლება, შეცდომაში შეგვიყვანოს. გავიხსენოთ, რომ ალასკაზე ამერიკელი და რუსი ლიდერების შეხვედრაც გულთბილად ჩატარდა, მაგრამ სამიტს, საბოლოო ჯამში, მაინცდამაინც დიდი შედეგები არ მოუტანია.
„რა თქმა უნდა, რაიმე ღრმა დასკვნების გაკეთება მხოლოდ პუტინის სხეულის ენაზე დაკვირვებით შეცდომა იქნებოდა. რუსეთის პრეზიდენტის სიგნალები ხშირად ყალბია და წინასწარგანზრახული“, - ამბობს ექსპერტი, - „დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ალასკაზე თავდაპირველად თითქოსდა მეგობრობის ინტენსიურ დემონსტრაციას წარმოადგენდა, მაგრამ როცა პრეზიდენტების მოლაპარაკება დასრულდა, შედეგები ისეთი შთამბეჭდავი არ აღმოჩნდა, როგორსაც მსოფლიო ელოდა“.
ახლაც, ამერიკელი სტუმრების შეხვედრა მრავალსაათიანი იყო და მოსკოვის დროით ნაშუაღამევს დასრულდა. მოლაპარაკების დროს შექმნილი თავისუფალი ატმოსფეროს მიუხედავად, ამერიკელები საკმაოდ თავშეკავებულები იყვნენ შეფასებებში. პუტინის წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა მხოლოდ ის თქვა, რომ საუბარმა „პროდუქტიულად ჩაიარა“.
მოამზადა სიმონ კილაძემ